ძებნის რეზულტატი:
ყაზახეთს ჩინეთისთვის 10 მილიონ ტონამდე ნავთობის მიწოდება შეუძლია - ენერგეტიკის მინისტრი
ყაზახეთს შეუძლია, ჩინეთს 10 მილიონ ტონამდე ნავთობი მიაწოდოს. ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ ყაზახეთი და ჩინეთი განიხილავენ (Kenkiyak-Atyrau და Kenkiyak-Kumkol) ნავთობსადენების მონაკვეთების გაფართოების შესახებ პროექტს, რაც ქვეყნის დასავლეთ რეგიონებიდან ნავთობის გაგზავნას უზრუნველყოფს.„ამჟამად ყაზახეთი ჩინეთს აწვდის მცირე მოცულობას - 1 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტს, მაგრამ ქვეყანას აქვს დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობები. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ დამატებით შეგვიძლია, მივაწოდოთ 10 მილიონ ტონამდე წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა.
ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა
მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი ბატალიონის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმას დაეთმო, მეორე ეტაპი შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფების მიერ ბატალიონის შეფასებას მოიცავდა, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის შტაბის, საცეცხლე ქვედანაყოფების, ჰაერსაწინააღმდეგო გათვლების ერთობლივი მოქმედებების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი: კასპიის ზღვიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას
„კასპიის ზღვიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) მე-10 სამიტზე, რომელიც ასტანაში მიმდინარეობს. ერდოღანის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი უნდა განვითარდეს, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.“ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაც უნდა განვითარდეს.„ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას მთელი თურქული სამყაროს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ შემდგომი პერიოდი თურქულ ეპოქად ვაქციოთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
საქსტატი: წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა - რა გაძვირდა და გაიაფდა
2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციამ 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (7.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.4 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (1.1 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (6.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.2 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი კლება, რაც -0.42 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-24.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (15.3 პროცენტი), თევზეულზე (6.9 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6.0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.9 პროცენტი),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი შავ ზღვაზე კონტროლს თანდათან კარგავს - ზელენსკი
„რუსეთი თანდათან კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ, სადაც სამხედროების, დაზვერვის, უსაფრთხოების ძალების და ოფიციალური პირების ანგარიშები მოისმინეს. „მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე. შედეგები კარგია. რუსეთი ნელ-ნელა კარგავს კონტროლს შავ ზღვაზე და უკან იხევს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში... ჩვენ იქაც მივწვდებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში გამუდმებით მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაო, რადგან რუსეთი პერიოდულად იყენებს ნაღმებს სამოქალაქო გემების დასაზიანებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა აკონტროლებს მის წყლებს, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსული თვითმფრინავები ჰაერში კვლავ აქტიურობენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით
სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურმა სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, [ოთარ] ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით... მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება," - წერია მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ პოსტში. რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში "რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციაზე ვერ წამოაგებენ, მაგრამ საჭიროა კონსოლიდაცია და სამოქალაქო თავდაცვა „რუსული დივერსიული ჯგუფების, რუსების მოქმედებების და საინფორმაციო პროვოკაციების გარშემო.“
მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩატარდა. „დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში. პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება. ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Meduza: რუსეთში სასამართლოს გასვლითი სხდომა სტრიპტიზ-კლუბში გამართეს
სანქტ-პეტერბურგის კუიბიშევსკის რაიონულმა სასამართლომ, უკანონო განაშენიანების საქმეზე, გასვლითი სხდომა სტრიპტიზ-კლუბში გამართა. Meduza-ს ცნობით, ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება. ადგილზე სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მოსამართლე ირინა ვორობიოვამ მიიღო, რომელმაც შენობის უკანონო განახლების თაობაზე მიიღო საჩივარი. „მოსამართლემ გადაწყვიტა „ადგილზე გაერკვია, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე,“ - აღნიშნავენ პრესსამსახურში. საქმე ეხება სარეკონსტრუქციო სამუშაოს, რომელიც სავარაუდოდ, წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარდა.
გერმანიამ კადიროვის კრიტიკოსს თავშესაფარი მისცა
გერმანიამ ჩეჩენ მოხმად აბდურახმანოვს, უფლებადამცველსა და ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის ძმას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მანამდე მიუნხენის სასამართლომ მოხმადის მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორს განაჩენი გამოუტანა. თავშესაფრის მიცემის შესახებ თავად აბდურახმანოვმა Youtube-ის არხზე განაცხადა და გერმანიის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. იუწყება Kavkaz.Realii. მანამდე მას თავშესაფარზე ორჯერ უარი ეთქვა. მაგრამ 2021 წლის მარტში აუგსბურგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს, რომ აბდურახმანოვისა და მისი ოჯახის განმეორებითი განცხადება განეხილა. 2023 წლის აგვისტოში მიუნხენის უმაღლესმა რეგიონალურმა სასამართლომ ჩეჩენი ვალიდ დადაკაევი აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. „გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს,“ - წერს პრეზიდენტი და X-ზე ანალენა ბერბოკის სიტყვებს აზიარებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაფართოება არის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეოპოლიტიკური შედეგი. „ევროპაში ნაცრისფერ ზონებს ვეღარ ვუშვებთ. გაფართოება ასევე გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა ევროკავშირისთვის,“ - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის ჰაკობ არშაკიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. ამის შესახებ არშაკიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლემკინის ინსტიტუტის შეშფოთებას აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშების მონიტორინგისკენ მოუწოდა. „ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. არის თუ არა საფრთხე? უნდა აღინიშნოს გარკვეული პოზიტიური ცვლილება რიტორიკაში. ასევე დადებითი მოვლენაა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოების მიერ რეზოლუციების მიღება, პარლამენტების, მთავრობების და სხვადასხვა ორგანიზიის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ არის გარკვეული ცვლილებები რიტორიკაში,“ - განაცხადა არშაკიანმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და რეგიონში ზოგადი დაძაბულობა სუფევს. Politico 14 ოქტომბერს წერდა, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას. მოგვიანებით, ეს მოსაზრება სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. ანალენა ბერბოკი თავდაპირველად, 3 ნოემბერს ერევანში ჩავა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.
მედია: ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, შავი ზღვის წყალქვეშ ინტერნეტკაბელის გაყვანის ხარჯების 50% დაფაროს
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მზადაა, შავი ზღვის წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის ხარჯების ნახევარი დაფაროს. „ევროკავშირის (Global Gateway) პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის ქვეშ გასაყვანი ინტერნეტ კაბელი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. პროექტი ამ ქვეყნებს ჩვენთან დააკავშირებს. EIB მზად არის, დაფაროს მთლიანი ხარჯების დაახლოებით ნახევარი,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. Global Gateway-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი შავი ზღვის ქვეშ ელექტროკაბელის განვითარებას გეგმავს. პროექტი უნგრეთსა და რუმინეთს საქართველოსა და აზერბაიჯანთან დააკავშირებს და ბლოკის „მომარაგების უსაფრთხოებას“ გააძლიერებს. ევროკავშირი შავი ზღვაში წყალქვეშა ინტერნეტკაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ რუსეთზე გამავალ ხაზებზე დამოკიდებულება შეამციროს. 45 მლნ ევროს ღირებულების, 1100 კმ სიგრძის კაბელი, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების გავლით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კავკასიასთან დააკავშირებს. პროექტის მიზანია, რუსეთზე გამავალი სახმელეთო ბოჭკოვანი კომუნიკაციების ტრანზიტზე რეგიონის დამოკიდებულების შემცირება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად, 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად, 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს გამოიყო 20 მლნ, 50 მლნ კი 2024 წელს გამოიყოფა. „ჩვენი მხრიდან დასადები თანხები მობილიზებულია, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულს. ერთობლივად დავიწყებთ პორტის მშენებლობას მარტ-აპრილში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საფრანგეთი ყაზახეთს „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერების“ მიზნით, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
საფრანგეთი ყაზახეთს Ground Master 400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას France 24 ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგული მხარის განმარტებით, სისტემების ყაზახეთში განთავსება „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას“ მოხმარდება. საფრანგეთი მეხუთე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია ყაზახეთში, რითაც ჩინეთს უსწრებს. საფრანგეთის უპირატესობა ძირითადად, ქაშაგანის ოფშორული ნავთობის საბადოს მასიურ პროექტში ენერგეტიკული გიგანტის, TotalEnergies-ის ჩართულობამ გამოიწვია. გარდა ამისა, ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF ცდილობს ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას - ეს არის პროექტი, რომლის ბედიც წელს, რეფერენდუმზე გადაწყდება. მაკრონი ყაზახეთში პირველ ნოემბერს იმყოფებოდა. მის დელეგაციაში ასევე შედიოდა ფრანგული ურანის კომპანიის Orano-ს ხელმძღვანელი, რომელიც ყაზახეთში მაღაროს უკვე ფკლობს. საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 5,3 მილიარდ ევროს (5,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია. ყაზახეთი საფრანგეთს საჭირო ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწვდის. მაკრონი: საფრანგეთი მზადაა, შუა დერეფნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს ყაზახეთის პრეზიდენტმა მაკრონის ვიზიტს ისტორიული უწოდა.
სათამაშო ბიზნესი მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება
ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი მოგების 15-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. საქართველოს მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა 2024 წელს დამატებით, 400 მილიონი ლარის რესურსს გააჩენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, ასევე, 25 წლამდე მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. „2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია, ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს. საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგენთ ახალ ინიციატივას - სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები უნდა შევცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-ისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 %- ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად. ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები დამატებით ბიუჯეტში მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ამ ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა ერთის მხრივ გაკვირვება გამოვხატო, მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია, ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, უბრალოდ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და ასევე, 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქე არის ჩართული სათამაშო ბიზნესში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ დამატებით გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება დამატებით ამოღებული,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს 2024 წლიდან უფასოდ მიიღებენ
ქრონიკული დაავადებების მქონდე პენსიონერები მედიკამენტებს 2024 წლიდან უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია. „ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის დაახლოებით 400 ათასი პენსიონერი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია - 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას [აზარაშვილი] აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-იდან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაცია: ქირურგიული ოპერაციები, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
4 ნოემბრის დილამდე საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. 6 ნოემბრამდე კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში ღამის საათებში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. შემდგომში, 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. ხოლო 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერი: ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 2024 წელს, 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 2024 წელს, 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები ჯარისკაცები, სპეცსამსახურები ანუ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით, გაიზარდოს. ასევე, გვინდა მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი. ჩვენ 1200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას ამ ოჯახებს, დიდება ჩვენს გმირებს! ასევე, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. ჯამურად ეს დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიუჯეტში გათვალისწინებული 125 მილიონი ლარი ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მოხმარდება
ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. „ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროფკავშირის განცხადებით, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა. კერძოდ, განათლებისა და კულტურის პროფკავშირში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია. „დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების მატებას! ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ახლა უკვე გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა. მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები. დროა, ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და პირობებისთვის. მოგიწოდებთ ყველას დავუდგეთ გვერდში ამ ადამიანებს,“ - ნათქვამია პროფკავშირის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.