ძებნის რეზულტატი:
დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის მთავრობაში დაბრუნდა
რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. BBC წერს, რომ მთავარი მოულოდნელობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის დაბრუნებაა. ქემერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო 2010 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 13 ივლისამდე. მან ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა. ჯეიმს კლევერლიმ შსს-ს მინისტრად გადაინაცვლა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქემერონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება სუნაკის მიერ მიღებულ „ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, მას მიაჩნია, რომ პრემიერი ძლიერი და უნარიანი ლიდერია. ცნობისთვის, სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად ლიზ ტრასმა 2022 წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ ოფიციალური დოკუმენტი პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევად ითვლება. რიში სუნაკმა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ექვსი დღის შემდეგ დააბრუნა. ბრავერმანმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აგრესიულ მემარჯვენე მომიტინგეებს სამართლიანად შეხვდნენ მკაცრი პასუხით, ხოლო პალესტინის მომხრეები, ძირითადად, უგულებელყოფილნი იყვნენ. ოფიციალურად ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება.
საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 70 მლნ ევროს მიიღებს
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა "საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფანი დელფიმ. 70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია 35 მლნ ევრო და ითვალისწინებს: • ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას; • ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას; • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას; • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას. 35 მლნ ევრო გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს: • საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას; • პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; • შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს საქართველოს მელიორაციასთან ერთად.
ბორელი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს აანონსებს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ისრაელს და კიდევ 5 ქვეყანას ეწვევა. „ამ კვირაში გავემგზავრები ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში, რათა განვიხილო ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და დახმარების საკითხები, ასევე, პოლიტიკური საკითხები რეგიონის ლიდერებთან. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჰორიზონტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი,“ - წერს ბორელი X-ზე.
სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეციალურმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს
საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა 6-დან 10 ნოემბრამდე ერთობლივი წვრთნა ატიკაში, ნეა პერამუში გამართა. ერთობლივი ტრენინგი საბერძნეთ-კვიპროს-სომხეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია 2023 წლისთვის, რათა ხელი შეუწყოს მონაწილე ძალებს შორის ურთიერთგაგების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.
FT: აშშ-ის სანქციებმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ძირითადი პროექტი პირველად დააზარალა
შეერთებული შტატები რუსული თხევადი გაზის ექსპორტის შეზღუდვას ცდილობს. ნოემბრის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა რუსეთის პროექტზე (Arctic LNG 2), რომელსაც რუსული კომპანია Novatek-ი ხელმძღვანელობს. Arctic LNG 2 არქტიკაში, გიდანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომლის მიზანიც ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გატანაა. Reuters-ს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განუცხადა, რომ აშშ-ის სანქციები რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ფრანგული მწარმოებელი TotalEnergies (TTEF.PA) აქციონერია, არ წარმოადგენს დიდ რისკს ევროპის გაზის მიწოდებისთვის. TotalEnergies-ი 10%-იან წილს ფლობს Arctic LNG 2-ში. კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ფრანგული ნავთობის ფირმა საწარმოში, ლე მაირმა უპასუხა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა. „ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ვაფასებთ აშშ-ის გადაწყვეტილების შედეგებს. ამ საკითხზე ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ აშშ-ს ხელისუფლებასთან,“- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა. FT-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც LNG-ის რუსული პროექტი პირდაპირ სანქციების დაწესების შედეგად დაზარალდა. ევროკავშირს რუსული LNG-ზე სანქციები არ დაუწესებია. მიუხედავად იმისა, რომ მილსადენებით ევროპაში გაზის იმპორტი მკვეთრად შემცირდა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წელს რუსული LNG-ის რეკორდული რაოდენობა შეიძინეს. Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირის წევრებმა რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ხუთჯერ მეტი - 12,5 მილიარდი ევრო დახარჯეს, ვიდრე 2021 წლის იმავე პერიოდში. გაზისა და ნავთობის სფეროში მოგება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რაც მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.
ბრიტანეთის ელჩი: რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ელჩის შეფასებით, საქართველოს ნამდვილად აქვს NATO-ში-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა - რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე, მას ხელს შეუწყობს NATO-სკენ მიმავალ გზაზეც. „დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას,რომ თავად აკეთებთ არჩევანს. ასევე, არის ბევრი რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს და ეს რეფორმები აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება შემდგომ ნაბიჯებს, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებში ჩაერთვება, როგორც 12 პრიორიტეტში ჩაერთო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. მე ნამდვილად მიხარია, რომ პროგრესი მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრენიუსის“ ცნობით. ასევე წაიკითხეთ: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი
პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური ცნო. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს
გერმანია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ის გააართოვებს ასეთ დახმარებას ზამთრის თვეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში განაცხადა. გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელი ევროკავშირის გაფართოების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას, მან მოუწოდა რეგიონულ აქტორებს, გამოიყენონ ევროპული პლატფორმა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რადგან სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული რეგიონში რეალური მშვიდობითა და უსაფრთხოებით.
ნორვეგია უკრაინას $89,7 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ნორვეგია უკრაინას 89,7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინას და რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ ქვეყნებისთვის დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 10,7 მილიარდი კრონი (961 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ოსლომ კიდევ 75 მილიარდი კრონი (6,7 მილიარდი აშშ დოლარი) ტრანშების სახით, 2023-2027 წლებში დაგეგმა.
თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თენგიზ კიტოვანი იყო „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვრიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში, გენერალი. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი. 1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. ის საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა დუდას სურს, რომ მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირება სცადოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობას გადადგომა შესთავაზა. ახლად არჩეული პარლამენტი პოლონეთში პირველად შეიკრიბა. პრო-ევროპული პარტიების ალიანსმა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის პირობას დებს, საპარლამენტო უმრავლესობა 15 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა. სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს ხელისუფლებას, მაგრამ შესაძლოა, ეს პროცეს ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცენტრისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რომელიც მორავეცკის “კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მოკავშირეა, მორავეცკის სთხოვს, სხვა მთავრობის ფორმირებას ეცადოს და ორშაბათს საღამოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ხელახლა დანიშნავს. მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირების სურვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დააფიქსირა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ამ ნაბიჯს არასერიოზული უწოდეს. ტუსკი და მისი მოკავშირეები დუდას ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მისი კოალიცია ასევე პირობას დებს, რომ გააძლიერებს საგარეო ალიანსებს და უსაფრთხოებას მეზობელ უკრაინაში ომის დროს. პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება 10 ნოემბერს გააფორმეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.
ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი: საქართველომ საშინაო დავალების შესრულება უნდა გააგრძელოს
ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა, კლაუდია არპამ საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. „ვულოცავთ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯი მოსალოდნელია დეკემბერში და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ. საქართველომ უნდა გააგრძელოს საშინაო დავალების შესრულება. საქართველო გააგრძელებს ამ პრიორიტეტების შესრულებას, დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს დადებითი გადაწყვეტილება მიიღება“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტმა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი
ექსკლუზივი აშშ და ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ასევე, 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამას საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მოწმობს. Europetime დაინტერესდა, ბოლოდროინდელი გზავნილებისა და ნაბიჯების გათვალისწინებით, ხომ არ განიხილებოდა ხსენებული საკითხები ვაშინგტონში, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტზე, რომელიც ევროკომისიის დასკვნას უსწრებდა წინ და ერთგვარი საერთო გეგმაც ხომ არ არსებობს იქედან გამომდინარე, რომ “აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან საერთო ღირებულებების დასაცავად.“ სახელმწიფო დეპარტამენტიდან Europetime-სთვის მიწოდებული საპასუხო კომენტარით ირკვევა, რომ აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ამასთან, გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.“ “ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმები ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს,“ – ნათქვამი იყო განცხადებაში. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანიას სანქციები დაეკისრა. პრეზიდენტის ბრძანება 9 ნოემბერს გამოიცა. სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები: ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A; კვიპროსში დაფუძნებული Haberfield Limited, Alfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings Limited, Erasmony Limited, Rissa Investments Limited, International Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.
აშშ უკრაინას იორდანიისგან გამოსყიდულ 60 GEPARD-ს გადასცემს - მედია
უკრაინა ახლო მომავალში 60 ერთეულ Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ინფორმაციას ნიდერლანდების გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს. გერმანული წარმოების სამხედრო მანქანები 2013 წელს ნიდერლანდებმა იორდანიას 21 მილიონ ევროდ მიყიდა. უკანასკნელი ასეთი Gepard-ი ნიდერლანდებმა 2016 წელს გაყიდა. ახლა აშშ-მ გადაწყვიტა, 110 მილიონ ევროდ გამოისყიდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები იორდანიისგან და ისინი უკრაინას გადასცეს. უკრაინის ძალები Gepard-ს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად აქტიურად იყენებენ.
გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას მიაწვდის
გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.
მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, მოვიხსენიებთ სალომე ზურაბიშვილად
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს ჩინეთთან დაკავშირებული კომენტარის გამო აკრიტიკებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე აცხადებს, რომ „ზურაბიშვილი უხეშად არღვევს კონსტიტუციას.“ „სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხის ქმედებებით, თუ საუბრით ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს, თუ ოპოზიციონერებს. პრემიერი: პრეზიდენტის განცხადება სი ძინპინთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით. იმდენად დამზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში. რომ არა ჩვენი ეს გადაწყვეტილება, იმპიჩმენტის საკითხი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამ დარღვევის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა, რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, რომ მათი სახელით ვისაუბრო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში, როდესაც ასე უხერხულ საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხალხს და ხელისუფლებას,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას
ვაშინგტონმა და სეულმა ჩრდილოეთ კორეის შეკავების სტრატეგია განაახლეს
სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქმა პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინსა და სამხრეთ კორეის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შინ ვონ-სიკს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლა. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ხელახლა განიხილეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებას ისახავს მიზნად. სეულში მოლაპარაკებების დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა შეკავების განახლებულ სტრატეგიას (TDS) მოაწერეს ხელი. შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების გააქტიურებაზე, ასევე იაპონიასთან თანამშრომლობაზე, რათა შეაკავონ DPRK და მოემზადონ მისი მხრიდან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესახებ ახალ მონაცემებს ატლანტიკური საბჭოს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს. დოკუმენტი, რომელიც 100-ზე მეტმა ექსპერტმა მოამზადა, ფხენიანის სამხედრო მოქმედებების მზარდ საფრთხეზე მიუთითებს, მათ შორის, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისთვის, მათ შორის "ჰამასის“ ტიპის მოულოდნელი თავდასხმისთვის."
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სომხეთში მისიის გაფართოებასა და ვიზალიბერალიზაციაზე დისკუსიის გააქტიურებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, სომხეთში მისია გაზარდოს. ბორელის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის. „ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება და ამას ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე მძიმე შედეგები ექნება,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა და სომხეთის მოქალაქეებისთვის „ვიზა ლიბერალიზაციის ვარიანტი.“ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ეს გადაწყვეტილება ევროკომისიას შესაბამის დროში წარედგინება, რის შემდეგაც კომისიამ უნდა შეიმუშაოს წინადადებები გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ამ წინადადებებით გაირკვევა, რამდენად და რა ფორმით გაფართოვდება სომხეთში განთავსებული ევროკავშირის მისია (EUMA), და რა ტიპის დახმარებას მიიღებს ერევანი ბრიუსელისგან. ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, ბლოკის 27-ვე წევრმა უნდა გაუკეთოს რატიფიცირება.
დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ წინადადებებს წარადგენს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს. „თქვენ იცით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო ევროპულ საბჭოზე დავალებად მომცეს, რომ შემექმნა ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის მიმართ. ამაზე წევრ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ. მომდევნო თვის დასაწყისში, უკრაინაში, ჩვენი წინადადებების განსახილველად, მისიას გავგზავნი," - განაცხადა ბორელმა.