ძებნის რეზულტატი:
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ზამთრისთვის საჭირო დამატებითი დახმარება გაუგზავნა
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინულ ძალებს ზამთრისთვის შესაბამისი დახმარება მიაწოდა. უკრაინელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთისგან 82000-ზე მეტი ჩაფხუტი, 25000 ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტი, 10000 ჯავშანი და 70000 ოპერატიული რაციონის პაკეტი მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „ზამთრის თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, კიევს მივაწოდეთ სხვადასხვა აუცილებელი ტანსაცმელი და ნაკრები,“ - ნათქვამია X-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი. „პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება,“ აცხადებს “ტავ ჯორჯია.“
აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა გაავრცელა. ინფორმაცია Europetime-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პრეპარატის 4 დოზა შემოვიდა. 2023 წლის აპრილში მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს, რაც წამლის გარდა, გულისხმობს ყველა სხვა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას. აქონდროპლაზიის მქონე ხუთი ბავშვი მედიკამენტს უახლოეს დღეებში მიიღებს
ენტონი ბლინკენი: უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს ანდრი ერმაკს ვაშინგტონში შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და ერმაკმა შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის მზადება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერება. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერმაკმა მადლობა გადაუხადა თეთრ სახლს, კონგრესის ორივე პალატას და ამერიკელ ხალხს უპრეცედენტო დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს დახმარება გადამწყვეტია უკრაინაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გამარჯვებასთან მიახლოებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა და უკრაინის აღდგენისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის შემუშავება. ენტონი ბლინკენ აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა. „უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრი ერმაკს ვაშინგტონში შევხვდი. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ მტკიცეა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის ამჟამინდელ ბრძოლაში და მომავალშიც,“ - აცხადებს ბლინკენი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ,“ - აღნიშნა გალანტმა. 13 ნოემბრის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს და რომ იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები. „საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
ზელენსკიმ და ზალუჟნიმ ფრონტის ყველაზე რთული მიმართულებები დაასახელეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ფრონტის ის მიმართულებები, სადაც სიტუაცია ყველაზე მძიმეა და აღნიშნა, რომ რთული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში - ავდეევკის, მარინკის, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს მოისმინა სამხედრო დაზვერვის და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელების, კირილო ბუდანოვის და ოლექსანდრ ლიტვინენკოს ანგარიშები. ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის და მომავალშიც ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორი უნდა იყოს სწორი პასუხი როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში. თავის მხრივ, ფრონტზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან. მათი სატელეფონო საუბარი 13 ნოემბერს გაიმართა. ზალუჟნის თანახმად, ყველაზე ცხელ წერტილებად რჩებიან ავდეევკის, კუპიანსკის და მარინკის მიმართულებები, სადაც სიტუაცია რთული, მაგრამ კონტროლირებულია. გენერალი ზალუჟნი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას გარკვეული მიმართულებებით, სადაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდალს კონკრეტული მიმართულებები არ დაუსახელებია. ზალუჟნი გენერალ ბრაუნთან განიხილა ზამთრის პერიოდისთვის არსებული გეგმები და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები, პირველ ყოვლისა ჭურვები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.
ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ნაკლებად ინტრუზიულად იმოქმედებს, როცა საქმე საავადმყოფოებს ეხება. „ჩემი იმედი და მოლოდინი არის, რომ საავადმყოფოებთან შედარებით ნაკლები ინტრუზიული ქმედება იქნება და ჩვენ ისრაელელებთან კონტაქტში ვრჩებით. ასევე, არის მცდელობა, რომ ეს პაუზა ტყვეების გათავისუფლებისთვის იქნას გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, კატარელებთან, რომ ჩაერთონ. ასე რომ, მე გარკვეულწილად იმედი მაქვს, მაგრამ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს. „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და მას სიცრუეს უწოდებენ. საავადმყოფოს ცნობით, შვიდი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი, თავს დერეფნებს აფარებენ.
2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, რუსეთიდან შემოვიდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2.7 მილიონი არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსულებიდან უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურია. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. „2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 15.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 74.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 46.0 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-ში და თბილისში, შესაბამისად, 1 174.7 ათასი და 1 081.9 ათასი ვიზიტი. 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.8 ღამე) 14.7 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 67.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს
აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ამასთან, გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.“ “ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმები ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს,“ – ნათქვამი იყო განცხადებაში. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს
NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, სეპარატისტული ტერიტორიების რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად შესაძლო გამოყენება, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც აჩვენებს, თუ რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებელია, რომ სეპარატისტული ტერიტორიები შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა სამხედრო ამოცანების მისაღწევად უკრაინაში. ასევე, ეს ქმედებები იყო იძულება, გადასულიყვნენ თავდაცვით პოზიციაზე, რადგან უკრაინელებს რეალურად აქვთ წარმატებები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე შეტევების დროს ყირიმში. შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს, რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, მედიასთან. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია: ვგმობთ რუსეთის განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე განმარტა, რომ ზურაბიშვილის განცხადება მხოლოდ პუტინს შეეხებოდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. „მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოსა და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები,“ - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციიც მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, პრეზიდენტის ინტერვიუს მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“... ჰკითხა ჟურნალისტმა ზურაბიშვილს. „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, პრეზიდენტი განმარტავს: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.“
დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს
დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს. მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება კომიტეტში უკვე შევიდა. დავით სერგეენკოს მიმართვას 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ამავე დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მას უფლებამოსილება შეუწყდება. დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა. პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა შეგახსენებთ, სერგეენკო უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შორის იყო. დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებით ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს. ის ასევე იკავებდა ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 18 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად „ხასიკო“). „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად „ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,“ - ნათქვაიმია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის 10 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი გადასცა. პაკეტში ასევე შედის სატვირთო მანქანები, სახმელეთო სათვალთვალო რადარი, ცეცხლსასროლი იარაღის 1,4 მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა. გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.
სტოლტენბერგი უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ს და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს. „კიევმა უნდა შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი ევროპაში, ამიტომ უკრაინის სათანადო მხარდაჭერა ალიანსის ინტერესებშია. დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა იგეგმება.„მოველით, რომ შეხვედრის დროს განვიხილავთ უკრაინაში არსებულ სიტუაცია, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ვითარება ბრძოლის ველზე მძიმეა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - განაცხადა სტოლტებერგმა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ჟურნალისტებთან.
მედია: რუსეთის ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან
რუსულ ავიაკომპანიები და აეროპორტები საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის სერვისების შვეიცარიულმა პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც aero დომენის ზონას მართავს. ამ დომენის ზონაში რუსეთიდან 200-ზე მეტი ვებგვერდი რეგისტრირებულია, რომელსაც დაახლოებით, 30 რუსული აეროპორტი (შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი) ასევე, 15 ავიაკომპანია იყენებს. საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონა aero 2002, წელს სპეციალურად ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეიქმნა. ამ დომენის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, კოსმოსურ და საავიაციო საწარმოებს, საავიაციო კლუბებს, ბილეთების გაყიდვის სისტემებს, თვითმფრინავის ეკიპაჟებს, სახმელეთო სერვისებს და ა.შ. ის ასევე საშუალებას აძლევს კომპანიებს, გააძლიერონ ბრენდის აღიარება და დაამყარონ ნდობა მომხმარებლებთან. ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს.
ერმაკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხიდი დაიკავეს მან ამის შესახებ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა. „მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ხიდი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ახდენენ ყირიმის დემილიტარიზაციას. ჩვენ დავფარეთ მანძილის 70% და ჩვენი კონტრშეტევა გრძელდება," - აღნიშნა ერმაკმა.
ერმაკი ვაშინგტონში: რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მომავალი წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება, გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. ერმაკმა შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ და უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიაწოდონ მანამ, სანამ რუსეთი ენერგოსისტემაზე თავდასხმებს დაიწყებს. „ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება,“ - აღნიშნა ერმაკმა ვაშინგტონში ვიზიტისას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.