ძებნის რეზულტატი:
სამხრეთ კორეა უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება
სამხრეთ კორეა უკრაინას უფრო მაღალი ხარისხის დრონების წარმოებაში დაეხმარება. ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ჩვენ გვაქვს კონტაქტი დრონების მწარმოებლებთან. იქნება უფრო მეტი დრონი და ისინი უფრო მაღალი ხარისხის,“ აღნიშნა სადოვმა უკრაინული მედიის ცნობით. ლვოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ კორეული ბიზნესი დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციებით. გარდა ამისა, სამხრეთ კორეელი პარტნიორების მხარდაჭერით, უკრაინაში კიდევ ერთი საავადმყოფო აშენდება.
ზელენსკი: უკრაინა მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებს დაიბრუნებს
უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ოკუპაციისგან ხერსონის გათავისუფლების პირველ წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „ყველას, ვინც ამჟამად მუშაობს ხერსონში ხალხის დასაცავად, ყველას, ვინც იბრძვის ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინისთვის და ყველას, ვინც იცავს უკრაინის სიცოცხლეს.“ „დღეს აღინიშნება ხერსონის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების პირველი წლისთავი. გმირი ქალაქი. ქალაქი-სიმბოლო. იმედის ქალაქი. ჩვენი ხალხის ქალაქი, რომელიც არ დანებდა მტრის ძალას და თავისი წინააღმდეგობით შთააგონებდა ყველას ჩვენს ირგვლივ და მთელ მსოფლიოს. ეს არის ჩვენი ლურჯი და ყვითელი დროშები, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს ხერსონის ქუჩებში და ბევრ სახლსა და ბინაში, რომ უკრაინა ერთია, ჩრდილოეთ საზღვრიდან ჩვენს ზღვამდე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
კვლევა: BMW-ს, Subaru-ს და Porsche-ს მძღოლებისგან „ავარიის ალბათობა მეტია“
გაერთიანებულ სამეფოში 400 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, ავტომობილების გარკვეული ბრენდები შეიძლება, დაკავშირებული იყოს უფრო აგრესიულ მართვასთან. მკვლევრების დასკვნით, სუბარუს, პორშეს და BMW-ს მძღოლები უფრო მეტად იყვნენ ჩართული სარისკო მანევრებში, ვიდრე Skoda-ს ან Hyundai-ს მძღოლები. სარისკო მანევრებში მოიაზრება სიჩქარის გადაჭარბება, წითელ შუქზე გავლა, გასწრება უწყვეტ ხაზებზე ან ქვეითთა გადასასვლელის იგნორირება. „ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი კომპანია ყოველწლიურად ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს მთელ მსოფლიოში თავისი მანქანების პოპულარიზაციისთვის. ასევე ვიცით, რომ ზოგიერთი მარკის ავტომობილი მოსწონთ მძღოლებს, რომელთაც სურთ, გაარღვიონ საზღვრები,“ პასუხობს კვლევის ლიდერი ავტორი, სოციალური მარკეტინგის პროფესორი ალან ტაპი შეკითხვას, ირჩევენ თუ არა აგრესიული მძღოლები გარკვეულ მანქანებს, თუ ბრენდები აუარესებენ სიტუაციას. კვლევას ავტომობილების მწარმოებლები - Porsche, Subaru და BMW გამოეხმაურნენ. Porsche-მ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებაზე და მოუწოდა მყიდველებს, მართვის უნარები სპეციალურ ცენტრში გაიუმჯობესონ. Subaru-ს „ფოკუსი უსაფრთხოებაზე აქვს გადატანილი.“ BMW-მ კი, აღნიშნა, რომ ერთგულია უსაფრთხოების მიმართ როგორც პროდუქტის შექმნის პროცესში, ასევე მარკეტინგში.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ ფარგლებში საველე სწავლებები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. „ამ მიზნით საწვრთნელი არეალი „ნორიოს“ ტერიტორიაზე სიმუალციური სცენარის მიხედვით მოწინააღმდეგის შეყოვნება-ბლოკირების ოპერაცია, დაჭრილის საჰაერო ევაკუაცია და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გათამაშდა. სწავლების მიმდინარეობას თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტები, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი აკვირდებოდნენ. „ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად ბატალიონის ლოჯისტიკური მარაგებით გადავსება განახორციელა. სწავლებაში მხარდამჭერი ელემენტები გაათამაშეს ასევე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2 ერთეული საზენიტო სარაკეტო კომპლექსმა “ATLAS.” წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლადმოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო და დაშავებულები ვაზიანში, მე-4 ქვითი ბრიგადაში გადაიყვანა. სწავლებაში მოწინააღმდეგის როლს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა თამაშობდა. ამავე სარდლობის შემფასებლებმა კი, სწავლება დადებითად შეაფასეს. საველე კომპონენტის მიზანს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის კოორდინირებულად მოქმედება და კრიზისული მდგომარეობის დროს ეფექტიანად მოქმედება წარმოადგენდა. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კანონი დაამტკიცა. „კანონის თანახმად, დამტკიცდა 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 5 ოქტომბერს დაამტკიცა. შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.
ბორელი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი დიდი ალბათობით, შემცირდება
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება სავარაუდოდ, შემცირდება, ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნები პოლიტიკურად მზად უნდა იყვნენ ამ ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად. „ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც გამოსცდის ევროკავშირს. პირველ რიგში, უკრაინა, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი. ჩვენ, ევროპელები, რომლებსაც გვაქვს ამის საშუალებები, მზად უნდა ვიყოთ, პოლიტიკურად, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება,“ - განაცხადა ბორელმა. სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს ისრაელის დახმარების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ. დაფინანსების შეფერხებამ აიძულა შეერთებული შტატები, დაეწყო კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაკადის შეზღუდვა, რადგან პენტაგონს მხოლოდ $1 მილიარდი აქვს დარჩენილი იარაღის მარაგის შესავსებად. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით უკრაინას 44 მილიარდი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწია. აშშ კრაინაში დახმარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
უკრაინასთან ომში თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ის შესაძლოა, საქართველოსაც დაემუქროს – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეფასებით, უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შესაძლოა, დაემუქროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თუ რუსეთს უკრაინასთან ომში გამარჯვების საშუალება მიეცემა, ევროპაში მივიღებთ ახალ იმპერიალისტურ ძალას, რომელიც, შესაძლოა, დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო და ყაზახეთი, ასევე, მთელ კონტინენტს," - აღნიშნა მაკრონმა. „რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, რასაც რუსეთი აკეთებს [უკრაინაში],” - განმარტა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ყველა ქვეყნის მოვალეობა უკრაინის მხარდაჭერაა. მაკრონის თქმით, უკრაინისთვის ჯერ არ მოვიდა დრო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად და მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დეკემბერი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან უკრაინა კონტრშეტევით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება.
ხორვატიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
ხორვატიის თავდაცვის მინისტრი, მარიო ბანოჟიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ავტროავარიის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტო ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის ბანოჟიჩი ავტომობილით ცუდი ამინდის პირობებში სატვირთოს უსწრებდა, როდესაც საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა, ბანოზიჩი კი, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მინისტრი ბანოზიჩი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გავათავისუფლე საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა აღმოსავლეთ ხორვატიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ პირველადი დასკვნების გამოქვეყნებისთანავე.
უკრაინამ ხარკოვის ოლქის სოფელზე კონტროლი აღადგინა - სასაზღვრო სამსახური
უკრაინულმა ძალებმა 11 ნოემბერს, ხარკოვის ოლქის სოფელ ტოპოლიზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერს. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს სოფელი ომის დასაწყისში რუსულმა ძალებმა დაიპყრეს. ხარკოვის ოლქი რუსული დარტყმების მუდმივი სამიზნე იყო.
Microsoft: რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
Microsoft-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ აქტიურად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს იმ ფონზე, როცა რეგიონში ისრაელ - „ჰამასის“ ომის გამო, რადგან რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ France24 წერს. ბრედ სმიტის თქმით, Microsoft-ი და მისი კონკურენტები დეზინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებითაც ებრძვიან. მას მშვიდობის ხელშეწყობაში ტექნოლოგიური გიგანტის როლზე, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე დაუსვეს შეკითხვა. სმიტმა აღნიშნა, რომ Microsoft-ი და სხვა კომპანიები დეზინფორმაციას ებრძვიან „ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული, შეცვლილი შინაარსის გამოვლენას.“ „ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ რუსული კამპანიის იდენტიფიცირებას, როგორც მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, ხალხისთვის ეთქვათ, რომ Covid-ის ვაქცინა არ გაეკეთებინათ,” - აღნიშნა სმიტმა. „დღეს ჩვენ ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში,“ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
რუსეთის განათლების სამინისტრომ კადიროვს ისტორიის გასწორებული სახელმძღვანელო გადასცა
რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და უფროსკლასელთათავის განკუთვნილი ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო, რესპუბლიკის მეთაურ, რამზან კადიროვთან პირადად განიხილა. მანამდე, სახელმძღვანელოში ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები ჰიტლერული გერმანიის საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ. კრავცოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კადიროვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. „სერგეი კრავცოვმა წარმომიდგინა ხელახლა გამოცემული სახელმძღვანელო მე-10 კლასელებისთვის. მასში ახლა უკვე გასწორებულია ყველა შეცდომა და ამოღებულია წინა გამოცემაში დაშვებული უხეში ფორმულირებები სტალინური რეპრესიების ქვეშ მყოფი მთელი ხალხების მისამართით," - წერს კადიროვი. რუსეთის განათლების სამინისტრომ ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი ცვლილებების ტექსტი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის ხალხების დეპორტაციის შესახებ აბზაცი დარედაქტირდა.
საგარეჯოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბ.მ., რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ისლანდიაში ვულკანის აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის შიში გამოიწვია. ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა (IMO) განაცხადა, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად, ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება, ნებისმიერ დროს ან უახლოეს დღეებში დაიწყოს. ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. რეიკიანესის ნახევარკუნძული სეისმურად ყველაზე აქტიური ტერიტორიაა ისლანდიაში. მიწისძვრები 2022 წლის აგვისტოში და მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა.
მედია: თურქეთის გადახდის სისტემა საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გეგმავს
თურქული გადახდის სისტემა „Turan Teknoloji Anonim Sirketi“ (Turan) საქართველოში გზავნილების სახით ფულადი გადარიცხვების დაწყებას გეგმავს, ამის შესახებ Trend-ს United Payment-ის აზერბაიჯანის მმართველმა დირექტორმა ედგარ აბდულაევმა განუცხადა. აბდულაევმა განმარტა, რომ კომპანია ლიცენზიის მიღებას „გადახდის სერვისებისა და საგადახდო სისტემების შესახებ“ კანონის შესაბამისად ელოდება. მედია წერს, რომ კანონპროექტი „გადახდის სერვისებისა და სისტემების შესახებ“ 2023 წლის 9 ნოემბერს ამოქმედდა. „აზერბაიჯანში ოპერირების ლიცენზიის მიღების შემდეგ, ჩვენ ფულადი გზავნილების განხორციელებას აზერბაიჯანიდან თურქეთსა და საქართველოში ვგეგმავთ. ჩვენ ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის გაშვებას მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სიმარტივე და მოქნილობა თითოეული ტრანზაქციის შესრულებისას, ხოლო გადარიცხვის პროცესი მაქსიმალურად მარტივია ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნა აბდულაევმა.
ვაზიანში საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს. ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას. სწავლება ბატალიონის საბრძოლო დონის ამაღლებასა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის წევრების სინქრონიზებული მოქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.
სომხეთმა ევროკავშირს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თხოვნით მიმართა
10 ნომებერს ბრიუსელში ფორუმი გაიმართა, რომელიც ერევნის სტრატეგიულ მომავალს მიეძღვნა. ღონისძიების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა. არმენ გრიგორიანმა ფორუმზე ("Strategic Future of Armenia: RA-Europe") სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თხოვნით მიმართა. მან ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მზადყოფნა დააფიქსირა. „სომხეთმა ცოტა ხნის წინ მიმართა ევროკავშირს, გაეფართოებინა თანამშრომლობა რიგ სფეროებში, თუნდაც, უსაფრთხოების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება შედეგები და შევძლებთ, მათზე საჯაროდაც ვისაუბროთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბრიუსელთან თანამშრომლობას, მაგრამ მუშაობის გააქტიურება, გაფართოება ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ,“ - განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს მართლაც ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. „გაიხსნა სხვადასხვა სახის ახალი შესაძლებლობები. ალბათ, სომხეთს უსაფრთხოების თემაზე ასეთი ინტენსიური დიალოგი დასავლეთთან, ევროპასთან არასდროს ჰქონია. სამხედრო სფეროში თანამშრომლობით, საფრანგეთთან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ გავაძლიეროთ უსაფრთხოების თანამშრომლობა როგორც კოლექტიურ ევროპასთან, ასევე, ცალკეულ ქვეყნებთან. უფრო მეტიც, მხოლოდ სამხედრო სფეროს არ ვგულისხმობ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას შეიძლება, ასევე ჰქონდეს უსაფრთხოების კომპონენტი, რამაც შესაძლოა, გააძლიეროს სომხეთის უსაფრთხოება. სომხეთი ამისთვის მზად არის,“ - განაცხადა გრიგორიანმა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ - მეუფე იაკობი
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს „სულისშემძვრელი ამბავი“ უწოდა. მისი თქმით, „ეს უბრალო ტრაგედია არ არის“. „შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? - იყო შაჰ - აბასი - 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი - 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა - არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა - ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი შეფასებით, თამაზ გინტური „ლაჩრულად“ მოკლეს და მათ არც სარწმუნოება აქვთ და არც კაცობა. მეუფე იაკობის თქმით, გინტურის საქციელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველები ერთად უნდა იდგნენ, სხვანაირად მტერი არ დამარცხდება. „ამან [კირბალში მომხდარმა] დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა... ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ... სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ. მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა. ის კირბალში მომხდარსა და ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ მკვლელობა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რითაც „ოკუპანტი შეეცადა, გავემწარებინეთ.“ მეუფე იაკობის თქმით, ჩვენი ერი არ დამარცხდება. „[თამაზ გინტურმა] მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით 11 ნოემბერს დაკრძალეს.
კანადა უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს
21-22 ნოემბერს კანადის ქალაქ ტორონტოში უკრაინის აღმშენებლობისადმი მიძღვნილი ბიზნეს კონფერენცია გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადა-უკრაინის სავაჭრო პალატა თავის ვებგვერდზე იუწყება. „კონფერენცია აჩვენებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენასა და მოდერნიზაციას სოფლის მეურნეობის, სამშენებლო/ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორებში,“ ნათქვამია ინფორმაციაში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება EDC-, EBRD-ისა და IFC-ს მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტებზე, რითაც უკრაინაში ინვესტიციით დაინტერესებული კანადური კომპანიების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.
პრეზიდენტი: მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია
საქართველოს პრეზიდენტმა RFI -სთან (Radio France Internationale) ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2014 წლის არჩევნები შანსია, ქვეყანა გადავიდეს დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც ემსგავსება კოალიციას. პრეზიდენტი: 2024 წლის არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება „საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში,” - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.