ძებნის რეზულტატი:
სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა უკრაინის მხარდაჭერას ერთად გააგრძელებენ
NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგიკული მოვლენა უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე საშიში პრეცედენტი იქნება NATO-სთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, ავტორიტარი ლიდერები წახალისდებიან და ჩათვლიან, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სამხედრო ძალის გამოყენებით რაც უნდათ, იმას მიაღწევენ. „გეშინიათ თუ არა, რომ თუ ეს ომი უკრაინაში გაგრძელდება, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს, მაგალითად, უნგრეთის მხარდაჭერა შემცირდება, ან იქნებ სხვა ვითარება ვიხილოთ აშშ-ში არჩევნების შემდეგ? გაწუხებთ ის, რომ ევროპელებს მოუწევთ უფრო მეტი ტვირთის ტარება?“ მიმართა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან. ამდენად, ჩვენ თუ გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, იქამდე მისასვლელი გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის, რათა ხელი შეეწყოს გადაწყვეტას, რომელიც იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ელენე ნავერიანის ფილმი - „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალების პრიზიორია
რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოები დაიმსახურა. ფილმში შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაში გაიმარჯვა. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია რამდენიმე დღის წინ კი ამავე როლისთვის ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023", რომლის გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.
„დიდგორი 2023-ს“ ახალი კომპონენტი დაემატა
„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში გამართული საველე სწავლებები საზოგადოებრივი და მოხალისეთა ორგანიზაციების ჩართულობით პირველად თამაშდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023-ის“ ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია „კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების„ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს. „დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ ნოემბერს დაიწყო.
ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთ ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს. სწავლება ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. წვრთნები, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანგდონში ჩატარდება, კამბოჯის, ლაოსის, მალაიზიის, ტაილანისა და ვიეტნამის ძალების ჩართულობას მოიცავს. წვრთნები კონტრტერორიზმსა და საზღვაო უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.
ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს
ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს (David’s Sling) შეისყიდის. დაახლოებით, 317 მილიონი ევროს მოცულობის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების და დრონების გადატაცების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილის სისტემაა მსოფლიოში. მას შეუძლია, სამიზნე 300 კილომეტრში გადაიტაცოს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთი თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებას ცდილობს. 2023 წლის აპრილში ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა.
რასმუსენმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც, უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე NATO-ში გაწევრიანება უნდა შესთავაზონ
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო ალიანსს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა შეუერთდეს. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნაწილობრივი წევრობა რუსეთისთვის გაფრთხილება იქნება, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება. რასმუსენმა განმარტა, რომ უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების გეგმა კონფლიქტის გაყინვის სიმბოლიზებას არ მოახდენს. „მოვიდა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ გვჭირდება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც უკრაინა NATO-ს გულშია," - განაცხადა რასმუსენმა. ის ფიქრობს, რომ მე-5 მუხლი შეაკავებს რუსეთს NATO-ს შიგნით, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისგან. მან ასევე დაასახელა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც, უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზონ. უპირველეს ყოვლისა, NATO-ს შიგნით უკრაინა შეასრულებს ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ჯერ კიდევ აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ. „მეორე: ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნაცრისფერი ზონები სახიფათო ზონაა. ნეიტრალიტეტი სამყაროს ძველი გაგებით აღარ არსებობს. რუხი ზონები პუტინისთვის თავდასხმის ცდუნებად იქცევა." და ბოლოს, უკრაინის არმია ახლა ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიაა ევროპაში და ის იქნება აქტივი, მაგალითი სხვა ევროპული ძალებისთვის,“ - განაცხადა რასმუსენმა. ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან მუშაობდა ანდრი ერმაკთან ერთად, NATO-ს ბოლო სამიტის წინ, სადაც უკრაინის MAP-ის ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე გაწევრიანება გადაწყდა. რასმუსენი NATO-ს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში იყო. ალიანსი მომავალ ზაფხულს ვაშინგტონში, 75-ე საიუბილეო სამიტს გამართავს. რასმუსენის შეფასებით, უკრაინის გაწევრიანების გადავადება მომავალ წელს აღარ შეიძლება.
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია
გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს. ცნობას ადასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინაში 50-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ერმაკი აშშ-ში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის განხილვა და უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა. „მე მექნება შეხვედრები თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ - წერს ერმაკი X-ზე. ერმაკის თქმით, დღის წესრიგშია - უკრაინის პრეზიდენტის მშვიდობის ფორმულა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გაღრმავება და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თემა. 11 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი ერმაკმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის დროული მიწოდების აუცილებლობა განიხილეს.
პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა
პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა, რომელიც სამხრეთ კორეაში წარმოებული K2-ის ტიპის ტანკებით არის აღჭურვილი. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო. ახალი სატანკო ბატალიონი ბრესტის რეგიონში, ბელარუსთან საზღვარზე მდებარე დასახლებაში განლაგდება. „ჩვენ ვიცით საფრთხეების შესახებ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრემლის მმართველებმა დაიწყეს ომი, რადგან მათ სურთ რუსეთის იმპერიის აღდგენა... ამიტომ ვაძლიერებთ არმიას, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენს სამშობლოზე თავდასხმა .. ვაფუძნებთ ახალ სამხედრო ნაწილებს,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთიდან საფრთხის შემთხვევაში, ახალი ქვედანაყოფის ამოცანა იქნება ეფექტიანი ბარიერის შექმნა მტრის შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა
შოლცი: პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გამართვა შესაძლებელია ვლადიმერ პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს. Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ წარსულში იყო დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტთან და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა „რუსეთმა მოლაპარაკებების წინ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას: “გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.“ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორეა. უკრაინის მოკავშირეები უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიღმა რუსეთთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად მხარს არ უჭერენ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში წარადგინა, ოკუპირებული უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.
ISW ვარაუდობს, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმებს აძლიერებს
უკრაინა ოკუპირებულ უკრაინასა და რუსეთში, რუსეთის სამხედრო, ლოგისტიკური და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს. ამის შესახებ აშშ-ში დაფუძნებული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) თავის ბოლო შეფასებაში წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე სამი რუსი ოფიცერი დაიღუპა მელიტოპოლში 11 ნოემბერს ადგილობრივი პროუკრაინული წინააღმდეგობის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, იტყობინება უკრაინის სამხედრო დაზვერვა (HUR). ერთი დღით ადრე, HUR-მა განაცხადა, რომ უკრაინის ზედაპირული თვითმფრინავების თავდასხმამ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან ორი რუსული ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. ბოლო თავდასხმები ასევე მოიცავდა მოსკოვში „დანიშნული“ მარიონეტი ხელმძღვანელისა და ყოფილი სამხედრო მეთაურის, მიხაილ ფილიპონენკოს მკვლელობას 8 ნოემბერს ოკუპირებულ ლუგანსკში ან სარაკეტო დარტყმას ოკუპირებულ სკადოვსკზე 9 ნოემბერს, რამაც სავარაუდოდ, რამდენიმე მაღალი რანგის რუსი ოფიცერი გაანადგურა. The Washington Post 23 ოქტომბერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) და HUR, სავარაუდოდ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსული სამიზნეების წინააღმდეგ იერიშის დროს ათობით მკვლელობის უკან დგანან.
ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“ „საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია. 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.
საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.2 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 786.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 102.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ზრდამ 12.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმპორტი – 12 683.4 მლნ. აშშ დოლარი, ანუ გაიზარდა 17.8 პროცენტით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 580.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია. „საქსტატი“: იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა
პაველ ჰერჩინსკი: როცა საქმე ეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს - ევროინტეგრაციას, აუცილებელია, ვიხილოთ ყველას ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა
სრულიად აუცილებელია, რომ, სრულიად ბუნებრივი განსხვავებების მიუხედავად, როცა საქმე ეხება ნომერ პირველ პრიორიტეტს - ევროინტეგრაციას, ვიხილოთ ყველას ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა, ჯერ კიდევ აუცილებელი რეფორმების განხორციელების საუკეთესო გზების ძიება ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ წინსვლისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს. „დემოკრატიას თავისი წესები აქვს. ცხადია, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები განსხვავებულ თემებზე და ისინი წარმოაჩენენ ამ განსხვავებულობას, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც და უთანხმოებებიც აქვთ, თუმცა ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება პროგრესი ამ საკითხზე, რაც ყველასგან მოითხოვს ერთობლივ მუშაობას: მთავრობისა, რომელიც უნდა ეურთიერთოს ოპოზიციას; აგრეთვე ოპოზიციისა, რომელმაც ამ კონკრეტულ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს მმართველ უმრავლესობასთან. ეს არის სრულიად აუცილებელი,“ - აღნიშნავს ჰერჩინსკი. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
F16-ის უკრაინელი პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
რუმინეთი და ნიდერლანდები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. რუმინეთში, ფეტესტის სამხედრო საჰაერო ბაზაზე F-16-ის სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი ბუქარესტის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 150 კილომეტრში მდებარეობს. პილოტებისთვის სასწავლო კურსი სავარაუდოდ, ექვს თვეს გაგრძელდება. ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. ზელენსკი: ნიდერლანდების F-16-ები უკვე რუმინეთის სასწავლო ცენტრში არიან
პრემიერი: პრეზიდენტის განცხადება სი ძინპინთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მის უდიდეს როლს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე განმტკიცების პროცესში. „პრემიერ-მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითად შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, ხედვა და ეფექტური მმართველობის მიღწევები ჩინეთის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, ამავდროულად ჩინეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მასშტაბური რეფორმა, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის ინიციატივები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისა და დარეგულირების კუთხით. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი. პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას
გაერო ღაზის სექტორში 100-ზე მეტი თანამშრომლის დაღუპვას გლოვობს
გაეროს მუშაკებმა ღაზის სექტოში ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულ 100-ზე მეტ თანამშრომელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ნახევრად დაუშვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშები. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.
მმართველმა გუნდმა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულად გამოაცხადა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არის დახურული და არ განიხილება. „ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ. ერთი მხრივ, გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება. ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ. კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა. შესაბამისად, საკითხი, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო ბარიერი არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება," - განაცხადა ოხანაშვილმა. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და შეასრულოს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები. ირაკლი კობახიძემ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს, 13 ნოემბერს, კითხვას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება. „ირაკლი კობახიძის დაპირება, როდესაც იყო ბარიერთან დაკავშირებით, მაშინ რომ მიეცათ სტატუსი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას. არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა კახა კალაძემ. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პირობის შეუსრულებობაში ადანაშაულებს.
პისტორიუსი ადასტურებს, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს
გერმანია უკრაინას 2024 წლისთვის სამხედრო დახმარებას გაუორმაგებს და ამ მაჩვენებელს 4 მილიარდი ევროდან (4,3 მილიარდი დოლარი) 8 მილიარდ ევრომდე (8,6 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის. შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანულ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში გააკეთა. „ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ მასზე უარს არ ვამბობთ,“ - განაცხადა პისტორიუსმა, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილია ისრაელ - “ჰამასის“ ომზე. გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.