ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი პარიზში, „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით, მშვიდობის ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში 9 ნოემბერს გაემგზავრა.
ფაშინიანმა საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა: ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით
სომხეთის პრემიერმა საქართველოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. პარიზში მიმდინარე ფორუმზე, სადაც პანელურ დისკუსიაში ფაშინიანი საქართველოს პრემიერთან ერთად მონაწილეობს, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას. „მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება, საქართველოს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ,“ განაცხადა ფაშინიანმა პანელზე - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.” პარიზის მშვიდობის ფორუმი, რომელიც 10 ნოემბერს გაიხსნა, 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმში მონაწილეობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ლორენს მერედიტი: ბრიუსელიდან ძალიან მარტივი გზავნილით ჩამოვედი, დროა, გააორმაგოთ თქვენი ძალისხმევა
ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი საქართველოს ეწვია. ის საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. „ბრიუსელიდან ძალიან მარტივი გზავნილით ჩამოვედი. თქვენ ხედავთ, რომ თქვენი შრომა ფასდება. ახლა დროა, გააორმაგოთ თქვენი ძალისხმევა. კონსტრუქციული დიალოგი, რეფორმებზე დაუღალავი მუშაობა - ამას მოაქვს შედეგი. მოუთმენლად ველით ერთობლივად მუშაობას შემდგომ რეფორმებზე,“ - განაცხადა მერედიტმა ვიზიტთან დაკავშირებულ კომენტარში. მერედიტი თბილისში ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციიდან მესამე დღეს ჩამოვიდა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
პრემიერი: საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა, ორივე მეზობელთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური პარტნიორული ურთიერთობა
საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობის გარეშე არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ სამმხრივი შეხვედრა. მე მქონდა შესაძლებლობა და მე ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში ჩემი მოწვევით. სილქროუდის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება რომ სამმხრივი მოლაპარაკებით, დიალოგი გაგვემართა. ვფიქრობ ეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, ეს მიუთითებს რაზე, ეს მიანიშნებს იმაზე, იმ ნდობაზე რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის მხრიდან ჩემი მისამართით, ჩვენი მისამართით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად. მაგრამ ეს თავისით არ იქმნება, ამას სჭირდება მუშაობა ურთიერთობა. სჭირდება ნდობის გამყარება გაღრმავება, რომელიც მე ვფიქრობ ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვახერხეთ. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა პანელზეც, მე ღიად ვთქვი, რომ საქართველო რჩება მიუკერძოებელ ნეიტრალურ ქვეყნად რომელიც დაინტერესებულია იყოს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის გარეშე მეგობრებო არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა. ღარიბაშვილმა მაკრონთან გამართული შეხვედრის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებზე, იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამის თაობაზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა გამგზავრებამდე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზს უსვამს, რომ ბერლინი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოძებნოს დამატებითი გზები და ვარიანტები ეფექტიანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
პოლონეთში ოპოზიციური პარტიების კოალიცია ჩამოყალიბდა
პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება გააფორმეს. „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მიიღებენ. ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაშიხ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ არიან. 7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მათეუშ მორავეცკის დაავალა. მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს. მორავეცკის კოალიციისათვის სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება მოუწევს.
პრემიერისა და პრეზიდენტის გზავნილები “პარიზის მშვიდობის ფორუმიდან“
10 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.” სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავდა - “მულტიკრიზისიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე.” პრემიერმა ისტორიული მიღწევა უწოდა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. „მქონდა პატივი, 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა; 2 დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ. მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ისტორიული მიღწევაა! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას; ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით მივდივართ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ ეროვნულ - ასე ვთქვათ - გეგმას ვუახლოვდებით,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე უპასუხა შეკითხვას არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა „მიმდინარე ომებთან და კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში.“ „კითხვის ავტორმა აღნიშნა მიმდინარე კრიზისი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. საქართველო გმობს ტერორიზმს, ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. გავიმეორებ, რაც თავიდან ვთქვი, ქვეყნებს სჭირდებათ გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დასხდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ, ეს გახლავთ ჩემი საბოლოო პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე დისკუსიის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. „ჩვენ შეშფოთებული ვართ და გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ, საქართველო, სომხეთი მცირე ქვეყნები ვართ, მაგრამ ძლიერი ერები. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ერები მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ სტაბილურობა და აყვავება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ერს სჭირდება სიცხადე, პროგნოზირებადობა. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ, რა იქნება მომავალში. ვის შეუძლია, მოაგვაროს ასეთი ტიპის პრობლემები? დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, ზესახელმწიფოებს. ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, განვმეორდები, მათ სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და დავადასტურო, რომ საქართველო დაინტერესებულია, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენი მუხლმოუხრელი და ბრძნული პოლიტიკით. ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზეც გაამახვილა ყურადღება. „ორი წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მედიაცია, შუამავლობა. ეს იყო ერთ-ერთი პრეცედენტი მედიაციის, რომელიც შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც 15 ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანმა ქართული შუამავლობით და სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკა. საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს და ნდობა აქ გადამწყვეტია, რადგან თუ ვინმე შუამავლობას, მედიაციას სთავაზობს, ორივე მხარე უნდა ენდობოდეს მას. ნდობა თუ არ იქნება, არ იქნება წარმატებული შუამავლობა და დავოსში გავაკეთე განცხადება იანვარში. შეიძლება, მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს თანამშრომლობა. მოლაპარაკების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ დაისადგურებს მშვიდობა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და “ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის.“ „დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია მოუგვარებელი, კრიზისი და ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან? მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადი გარემო. ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს, მის დასრულებას ვერ ვხედავთ. ვხედავთ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზე საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში. მაგალითისთვის, ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გადაწყვეტილება არ ჩანს. მრავალი კონფლიქტი დავინახეთ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში. გადაწყვეტილება და პასუხი ყველა ამ კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა იყოს მიღწეული.“ „ჩვენ ვნახეთ კიდევ დიდი ომის დაწყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. გვინდა თუ არა, ვეცდებით თუ არა, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და კონფრონტაცია, სამწუხაროდ, ომი ყველა ჩვენგანზე ზეგავლენას ახდენს. ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინტერესია უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. „ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ომი არ არის საქართველოში. ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის. გამოწვევა ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რატომ ვაცხადებ ამას? რადგან არის ისეთი საკითხები, რომელსაც დაუყოვნებლივ ვერ მოვაგვარებთ. საჭიროა მოთმინება, ხანგრძლივი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამას უნდა მიჰყვე, უნდა იყო თანმიმდევრული აღნიშნული გეგმის მიღწევაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორ ხედავს ქვეყნის შემდგომ გზას. სალომე ზურაბიშვილმა მოდერატორის ამ შეკითხვას უპასუხა - მან გამოსვლა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო. „ორი დღის წინ, კომისიამ საბოლოოდ მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილება - მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%. არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან რეკომენდაციის გადაწყვეტილებამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა. ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის. ასე რომ, ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, რასაც მისი შეფასებით, დრო სჭირდება.“ „სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს. ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან [სად გადის მათი საზღვრები]. თუ მას [ევროპას] სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს [რომ მას საზღვრები გააჩნია],“ - განაგრძო პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც დრო მოვა; როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ყველა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად გადის მისი საზღვრები. „ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს, ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მანამდე განაცხადეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ევროკავშირი და ჩინეთი სამიტს გამართავენ
ევროკავშირი და ჩინეთი სამიტის გამართვას გეგმავენ. ეს ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-ს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა. გამოცემის ინფორმაციით, სამიტი 7-8 დეკემბერს ჩატარდება, თუმცა სპიკერი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. Bloomberg-ი წერს, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, ჩინეთში, პეკინის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში პირველ სამიტზე გაემგზავრებიან. ჩინეთს ჯერ საჯაროდ არ დაუდასტურებია შეხვედრის თარიღი ან მისი ჩატარების ადგილი.
ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის გამშვებ დანადგარებს უგზავნის
ლიეტუვამ უკრაინას მიწა-ჰაერის კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემების (NASAMS) გამშვებები გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტრომ ნორვეგიის მთავრობას „დამატებითი აღჭურვილობის ნაწილის შემოწირულობისთვის“ მადლობა გადაუხადა. ლიეტუვამ 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ NASAMS-ის ორ საჰაერო სისტემის დანადგარს უკრაინას უსაფრთხოების პაკეტის ფარგლებში "უახლოეს მომავალში" მიაწვდიდა. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ვილნიუსმა უკვე უზრუნველყო დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
ფინეთის პოლიციის ცნობით, დაზიანებულ Balticconnector-თან ნაპოვნი ღუზა სავარაუდოდ, ჩინურ გემს ეკუთვნის
ფინეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ გამოძიებამ ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმეზე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გაზსადენის მახლობლად ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ღუზა სავარაუდოდ, ჩინური NewNew Polar Bear-ის სატვირთო გემს ეკუთვნოდა. მანამდე, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის პოლიცია ასევე ვარაუდობდა, რომ Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია. ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმე: ჰელსინკისა და ტალინის გამოძიების ფოკუსში რუსული და ჩინური გემები მოექცნენ
Reuters: აშშ-ში ახალი თაობის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა პირველი ფრენა შეასრულა
აშშ-ში სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-21 Ryder-მა( Northrop Grumman) პირველი საცდელი ფრენა შეასრულა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი 10 ნოემბერს, ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით, 100 კილომეტრში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების 42-ე ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა. საჰაერო ძალებს ღონისძიების შესახებ არ დაუანონსებია, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, დახურულ ფრენას დაახლოებით, სამი ათეული საავიაციო ენთუზიასტი და მოყვარული ფოტოგრაფი ადევნებდა თვალს. საიდუმლო ბომბდამშენის პირველი საჯარო დემონსტრაცია დეკემბერში გაიმართა. თვითმფრინავი აშშ-ის საჰაერო ძალების განკარგულებაში რამდენიმე წლის შემდეგ იქნება. B-21 აგებულია მფრინავი ფრთის აეროდინამიკური სქემის მიხედვით, აქვს დაბალი რადიო ხილვადობა და შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება. B-21-ის აგების თანხა აშშ-ის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შევიდა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული წლის ბოლოს ხელი მოაწერა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სამხედრო ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თითქმის 80 მილიარდით მეტია, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით.
სუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი მოსკოვის ოლქში დრონით შეტევის შესახებ იუწყება
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა მოსკოვისა და სმოლენსკის ოლქების თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი შეაკავეს. მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კოლომნის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ 10 ნოემბერს, ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქებები საინჟინრო ბიუროს მახლობლად მოხდა, ეს არის სახელმწიფო თავდაცვის საწარმო, რომელიც სარაკეტო სისტემების წარმოებაშია სპეციალიზირებული. უკრაინული მედია, რომელიც ამის შესახებ იუწყება, წერს, რომ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს. უკრაინას 10 ნოემბრის სავარაუდო თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ცნობები გახშირდა 2023 წლის ზაფხულიდან, კიევი კომენტარს იშვიათად აკეთებს. ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო.
ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტთა სიაშია
ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ დაჯილდოების 2024 წლის ნომინანტთა სიაშია. ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს. „გამოქვეყნდა 2024 წლის „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტთა სია, რომელთა შორისაც ნომინაციაში „საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი“ მოხვდა ბრწყინვალე მუსიკოსის, ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა. ვულოცავთ ამ აღიარებას თითოეულ ორკესტრანტს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს, დაველოდოთ „გრემის“ დაჯილდოების საბოლოო შედეგების გამოცხადებას,“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. გამარჯვებულები 4 თებერვალს ლოს ანჯელესში დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. ცნობილი ბრაზილიელი კომპოზიტორი, პიანისტი ივან ლინსი გრემის მრავალგზის გამარჯვებულია. ლინსის მუსიკა ძალიან პოპულარულია. მას ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯორჯ ბენსონი, ბარბარა სტრეიზანდი, სტინგი და სხვები.
ზურაბიშვილი: ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ
"მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით განაცხადა. „უკვე წელიწადნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ (რუსეთს). თავიდან ბევრი ფიქრობდა რომ ეს (ომი) გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება... ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, (რომელიც სხვა სფეროდან იყო) სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს, მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, შემიძლია, შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გურიაში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს არარეალისტურია. ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“... ჰკითხა ჟურნალისტმა ზურაბიშვილს. „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, პრეზიდენტი განმარტავს: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.“ ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი მოლაპარაკებით დასრულდება, ამასთან საჭიროა, რომ რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს. „დიახ. იქნება მოლაპარაკება, რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, რომ დათანხმდეს, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას - მაშინ, როდესაც პრეზიდენტს წარმოუდგენია, რომ მოლაპარაკება ომის დასრულების შემდეგ იქნება, ხომ არ ფიქრობს, რომ ეს იქნება საბოლოო შეთანხმება, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებულ ყველა ტერიტორიას, მათ შორის საქართველოში, პრეზიდენტი განმარტავს, რომ „ვიდრე რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს, ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში.“
მაკრონის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს „დღეს, დე ფაქტო, მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და გამართლება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ ეს შეწყვიტოს,“ - განაცხადა მაკრონმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, ისრაელს მოუწოდებს რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვები შეწყვიტოს. შეკითხვას, არღვევს თუ არა ღაზის სექტორში ისრაელი საერთაშორისო სამართალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ.“
52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის ძალებმა კიევის მიმართულებით "ისკანდერის" ტიპის რაკეტა გაუშვეს
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 52 დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევს 11 ნოემბერს ისკანდერის ტიპის რაკეტებით შეუტია. სერგეი პოპკოს თქმით, რაკეტამ ვერ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს. „მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები! - განაცხადა პოპკომ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 11 ნოემბრის დილით, კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.