ძებნის რეზულტატი:
ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
პარლამენტმა, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნა. ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ. „დღეს სწორედ სიმბოლურია, დღეებია დარჩენილი, რომ ევროპულმა საბჭომაც ზუსტად იგივე თქვას, რაც არის ბანალური ჭეშმარიტება, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპა და ყველა ამ გადაწყვეტილებას ველოდებით. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიას, მისი მაგვარი პოლიტიკოსების, არამხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, მანამდე, ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრები, მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანამდეც – იქნებოდა ეს სულხან-საბა, ფარსმან ქველი – ყველა ეს თაობა, ერთ რამეს გვაჩვენებს, როცა ვუყურებთ ისტორიას და სწორედ ამან ათქმევინა ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიას, რომ საქართველო, არის შემოქმედი ევროპისა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ჯილდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას გადასცა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გერმანიის შს მინისტრი: ოლიმპიადამდე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები საფუძვლიანად უნდა შემოწმდნენ
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ICO-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოლიმპიადამდე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები საფუძვლიანად უნდა შემოწმდნენ. „საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა შეძლონ იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების თანმიმდევრულად გაძევება, რომლებიც რაიმე სახით მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ დამპყრობლურ ომს ან რაიმენაირად დაკავშირებული არიან რუსულ მთავრობასთან და რუს სამხედროებთან,” - განაცხადა ფეზერმა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, სრულიად მიუღებელია, რომ უკრაინელ სპორტსმენებს უწევდეთ რუსებთან შეჯიბრება, რომლებიც მათი ქვეყნის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომს უჭერენ მხარს. „უკრაინამ და უკრაინულმა სპორტმა მსოფლიო სპორტისგან სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მომავალშიც უნდა მიიღონ,” - განაცხადა მინისტრმა. ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს. ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს. „რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს,“ - განაცხადა თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.
აშშ-ის არმიამ მაღალი სიზუსტის PrSM რაკეტების პირველი პარტია მიიღო
ამერიკის სახმელეთო ძალებმა მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების PrSM (Precision Strike Missile) პირველი პარტია მიიღო. PrSM არის ახალი თაობის სამხედრო იარაღი, რომელიც დიდ დისტანციებზე მაღალი სიზუსტის სროლისთვის გამოიყენება. მას სამიზნეების განეიტრალება 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლია. სამომავლოდ PrSM-მა ATACMS-ის ტიპის რაკეტები უნდა შეცვალოს. New York Times-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ერთეული ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გადასცა. ზელენსკიმ უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაადასტურა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოლენა ზელენსკა: მსოფლიო თუ დაიღალა უკრაინის დახმარებით, უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე. ზელენსკას თქმით, მსოფლიო თუ დაიღალა უკრაინის დახმარებით, ეს ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხე იქნება. BBC წერს, რომ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, პირველმა ლედიმ გამოხატა სერიოზული შეშფოთება დაფინანსების შეფერხების გამო. „ჩვენ ძალიან გვჭირდება დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ სიტუაციით დაღლა, რადგან თუ ამას გავაკეთებთ, მოვკვდებით. მსოფლიო თუ დაიღლება, ისინი ჩვენ, უბრალოდ, სასიკვდილოდ გაგვწირავენ. ძალიან მტკივნეულია იმის ნიშნების დანახვა, რომ დახმარების მგზნებარე მზადყოფნა შეიძლება, გაქრეს. ჩვენთვის ეს სიცოცხლის საკითხია. ამიტომ არის მტკივნეული ამის დანახვა,“ - განაცხადა ზელენსკამ. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. ბეჭდურ ვერსიაში კი ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს. პირველ ადგილზეა აშშ $46,3 მილიარდით; მეორეზე - გერმანია $1,18 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია.
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. „დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციების გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა. ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს!“,-აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.
საფრანგეთი სომხეთს დამატებით, €15 მილიონს გამოუყოფს
მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამატებითი დახმარების გამოყოფას პარლამენტმა მხარი 30 ნოემბერს დაუჭირა. "ეს დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სომხეთის წითელი ჯვრის და გაეროს სააგენტოების მცდელობებს, მიიღონ და დააკმაყოფილონ ამ განსაკუთრებით დაუცველი მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ფინანსური საჭიროებები. დახმარების ამ უკანასკნელი პაკეტით, ჩვენი საერთო კონტრიბუცია 2023 წელს 27.5 მილიონი ევრო გახდება. გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები გადაეცა სომხეთის მთავრობასაც და ფრანგულის საავადმყოფოები რამდენიმ პაციენტს მკურნალობენ, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკი არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა
არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაზე დასწრებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი შეხვედრა გამართა კაბო ვერდეს პრემიერ-მინისტრთან ხოსე ულისეს კორეია ე სილვასთან. შესაბამისი პოსტი ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განათავსა. უკრაინული მედის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სილვას უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 2022 წლის 2 მარტს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. სილვამ და ზელენსკიმ განიხილეს კონტინენტთან ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების საშუალებით. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში კონტაქტებს გააგრძელებენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება. მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. ზელენსკიმ მილეის გამარჯვება მიულოცა. ორმა ლიდერმა კენჭისყრიდან მალევე ტელეფონითაც ისაუბრა. მილეიმ აღნიშნა, რომ მან ზელენსკის უკრაინასა და ლათინურ ამერიკას შორის სამიტის მასპინძლობა შესთავაზა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ინაუგურაციას არგენტინაში რუსეთის ელჩი დიმიტრი ფეოქტისტოვიც დაესწრება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე ლიდერი, მათ შორისაა ესპანეთის მეფე ფელიპე VI, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც მილეის პოლიტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამჟამინდელი პრეზიდენტი ლულა. ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს
აშშ-მ უკრაინას ჯამში, ყველაზე მეტი, $46,3 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა
უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა. აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარების მოცულობა $46,3 მილიარდს შეადგენს. მეორეზეა - გერმანია $1,18 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოცემამ ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად
შსს ფონიჭალიდან, სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოს და მის გამტაცებლებს ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს. შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გატაცებული არასრულწლოვნის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა, ერთი თვის წინ, გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე.
მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება მტკიცედ დაცული დემოკრატიისა და თავისუფლებების მხარდამჭერი
დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევის წინაშეა. „დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, ხელმოწერიდან 75-ე წლისთავზე გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევების წინაშე დგას. გაერთიანებული სამეფო თავისი ყველა ქმედების სათავეში ღია საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას აყენებს. საქართველოში ვთანამშრომლობთ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ლბტქ+ თემთან, ეროვნულ უმცირესობებსა და რელიგიურ ლიდერებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა უფლებისა და თავისუფლების პატივისცემა. საერთაშორისო დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოში გაერთიანებული სამეფო მოწინავე იყო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხზე. ასევე, ბრიტანეთი უძღვებოდა სპეციალურ სხდომას სუდანის კონფლიქტში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ასევე მთავრობასა და პარლამენტთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს, უკეთ დაიცვან დემოკრატია, თავისუფლება და უზრუნველყონ იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. ჩვენ ერთად გავუმკლავდებით აგრესიას და ჩვენს წვლილს შევიტანთ უფრო სამართლიანი და თავისუფალი სამყაროს შექმნაში,“ – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.
საია: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციი შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს. სიას ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. „2023 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით მიენიჭოს. ეს დათქმები, მათ შორის, მოიცავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით საჭირო რეფორმებსა და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყანაში ადამიანების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს გამოწვევები შემდეგი მიმართულებებით შეგვიძლია შევაჯამოთ: მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაუარესდა და საფრთხის შემცველი გახდა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე პირთა მდგომარეობა. 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება. კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაულია. ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაში სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ამ დრომდე ერთხელაც არ არიას ნახსენები ლგბტ+ ადამიანები და მათი უფლებები,“ - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სრული შეფასება იხილეთ ბმულზე. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.
საჩხერის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ომბუდსმენი: 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა
საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში სხვადასხვა გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ომბუდსმენი გამოთქვამს სრულ მზაობას, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლოს. „2023 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75 წელი შეუსრულდა. 1948 წლის 10 დეკემბერს მეორე მსოფლიო ომის ბოროტების საპასუხოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი იქცა საყოველთაო უფლებების დაცვის იარაღად, თუმცა სამწუხაროდ ამდენი წლის შემდეგაც კი საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი. ტრადიციულად სახალხო დამცველი აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა. ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება წლებია საქართველოში დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესის და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები გარკვეულწილად ხარვეზიანი რჩება და ამასთან, განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელია. გამოწვევაა ისიც, რომ გასულ წლებში დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული გამოწვევები. ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული ცენტრალური და ადგილობრივი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების სერვისები არ არის საკმარისად მოქნილი და ეფექტიანი, მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება. არასრულწლოვანების ოჯახებისთვის პრობლემურია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებლის, საკვებისა და ბაზისური საჭიროებების პირადი მოხმარების ნივთების არქონა, რის გამოც ბავშვებს კვლავ უხდებათ სხვადასხვა მძიმე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება. ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, რაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტურად განხორციელებას საჭიროებს. აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება. ამ კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს 2023 წელს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის დამტკიცება. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი წლიდან წლამდე იზრდება და მათი 36%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამ პირობებში სამწუხაროდ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია აღსრულებადი და ეფექტური სამოქმედო გეგმა და არ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რაც ხანდაზმული მოსახლეობის ღირსეულ და ჯანსაღად დაბერების გარანტიებს შექმნიდა. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. გარდა ამისა, დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტები შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე. პრობლემურია ასევე სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. სამწუხაროდ, წელსაც აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები. ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დღემდე პრობლემაა ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადების/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. კვლავაც სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი მონაწილეობა; ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა და აღდგენა; მწირია სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს. ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს. 2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულდა მათი ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რაც შესაბამისად საჭიროებს გაუმჯობესებას. გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით დამატებით აღსანიშნავია კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კერძოდ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. ფსიქიატრიული დაწესებულებების უმთავრეს გამოწვევას დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ. სამწუხაროდ, შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი. მისასალმებელია, რომ გაიზარდა 2023 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა, სახეზე კვლავ არაერთი პრობლემა გვაქვს. მათ შორის, არ მომზადებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, კვლავ არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი და სხვ. რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. სამწუხაროა, რომ არა თუ არ მომხდარა ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება. თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში, ასევე აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც. გენდერული თანასწორობის მიმართულებით საგულისხმოა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას. 2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც. პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ შეესაბამება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემური ჩანაწერი. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანი რეაგირებაც. როგორც წესი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა დიდ წილად დამოკიდებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებაზე. ამ კუთხით, სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი გარანტიები. მათ შორის, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო მანდატი გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, აუცილებელია გადაიხედოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ნუსხა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დარჩეს მხოლოდ სამსახურის ძირითადი მანდატის შესაბამისი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციისა და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების კუთხით საქართველოს გენერალური პროკურატურის არსებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უკვე წლებია ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც, რომლის მიზანიც ინსტიტუციური მოწყობისა და მექანიზმის გაუმჯობესება უნდა იყოს. 2023 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა 8 ნოემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომლითაც საქართველოს 9 პირობა განესაზღვრა ორგანიზაციის წევრობის გზაზე. აღნიშნულ პირობებს შორის კვლავ შენარჩუნებულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხი. პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიცირებით განხორციელებული ზოგიერთი დადებითი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, როგორიც არის, მათ შორის, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების ზოგიერთი პროცედურის ახლებური რეგულირება, კვლავ შეუსრულებელია რიგი რეკომენდაციები, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა
უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა. მას გერმანია მოსდევს. აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარების მოცულობა $46,3 მილიარდს შეადგენს. მეორეზეა - გერმანია $11,8 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოცემამ ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.
LOVE STORY-ს ვარსკვლავი რაიან ო'ნილი გარდაიცვალა
მსახიობი რაიან ო'ნილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემსრულებლის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამის პოსტში მისმა შვილმა პატრიკ ო'ნილმა განაცხადა. Reuters-ი წერს, რომ გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. თუმცა გამოცემა წერს, რომ 2012 წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მაშინ ითქვა, რომ მოსალოდნელი იყო სრული გამოჯანმრთელება. კარიერა მან 60-იან წლებში საპნის ოპერა Peyton Place-ში შესრულებული როლით დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა ო'ნილს, მათ შორის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები, 1970 წელს მელოდრამა Love Story-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების მიზანია, მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას
პრემიერ-მინისტრის განცხადებოთ, ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას და მუდმივად ზრუნავს ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე. ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად; ემსახურება საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას სახელმწიფოს მიერ; უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას. სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე (2024-2026 წწ). ამ მიზნით აქტიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით და სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა გაგრძელდება სამოქმედო გეგმის შესრულების ეტაპზეც. ჩვენი მთავრობა მუდმივად ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც გულისხმობს სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს. ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან - ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს გზა დღითიდღე გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან - საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან,” - აღნიშნულია განცხადებაში.
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.
203-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფი პირველად ჩამოყალიბდა და შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ. „რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36-დან 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მათი ხელფასი წლის განმავლობაში 4218 ლარია. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.