ძებნის რეზულტატი:
სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ძალის დემონსტრირება შავი ზღვის რეგიონში“ - ბრიტანულმა დაზვერვამ რუსეთის მიზნები გააანალიზა
რუსული სამხედრო ძალების რეგულარული დარტყმები გველების კუნძულის მახლობლად მდებარე რაიონში, რომლის სიახლოვეს, 5 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ბომბდამშენი SU-24М ჩამოაგდეს, შეიძლება, დაკავშირებული იყოს კრემლის მცდელობასთან, ძალის დემონსტრირება მოახდინოს შავი ზღვის რეგიონში. ამ ვარაუდს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ბრიტანულმა დაზვერვამ რუსული SU-24М განადგურების ბოლო ფაქტი გააანალიზა. „2023 წლის ზაფხულიდან რუსეთი აგრძელებს კუნძულის წინააღმდეგ მაღალი რისკის შემცველ თავდასხმით ოპერაციებს,“ - აღნიშნა ბრიტანულმა დაზვერვამ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსი ოკუპანტები შესაძლოა, მსგავს მისიებს ძირითადად საინფორმაციო მიზნებისთვის ასრულებენ, რადგან „გველების კუნძული“ უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. რაც შეეხება უკრაინული მხარის განცხადებას SU-24М-ის ჩამოგდებაზე, საჰაერო ძალების მეთაურის მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, ბომბდამშენმა რაკეტისა და ბომბის ჩამოგდება ოდესის რეგიონის სამხრეთ ნაწილში სცადა. თავის მხრივ, უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ბომბდამშენმა ასევე ჩამოაგდო ნაღმები მარცვლეულის დერეფნის დასაზიანებლად. გარდა ამისა, უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ მტრის Su-24M-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა საავიაციო აქტივობა შეამცირეს. კუნძული ზმეინი უკრაინელებმა 2022 წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს. ასევე გაეცანით: რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
რატომ არის რუსეთ-უკრაინის ომში 2024 წელი საკვანძო
ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებში ხელსაყრელი პირობებით ჩართვა შეძლოს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის პირველმა მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან ფაინერმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ფაინერმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს. მან გაამჟღავნა, რომ ეს საკითხები განიხილებოდა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც შეერთებული შტატების, უკრაინისა და ევროპის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მთავრობები მონაწილეობდნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი შედგა, მაგრამ მოგვიანებით შეჩერდა. უკრაინის პირობით: მოლაპარაკებების განახლებისთვის რუსეთმა: მთლიანად უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. პისტორიუსი: დასავლეთის პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა, ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირების კომენტარენზე დაყრდნობით დაწერა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთთან უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვა, თუმცა არა საჯაროდ. სავარაუდოდ, ისინი უკრაინის მხრიდან რაღაც ქმედებებს ელიან. იმავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ეს მტკიცება და აღნიშნა, რომ რომ აშშ და ევროკავშირი ზეწოლას არ ახდენენ უკრაინაზე რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების თაობაზე. ზელენსკის თქმით, ფრონტზე ვითარება ჩიხში არ შესულა: უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას და დათმობებს არ აპირებს
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტო დაძლია. 162 ბულგარელმა დეპუტატმა კვლავ მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიკაციის კანონპროექტს, ხოლო 55 წინააღმდეგი წავიდა. პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს უკრაინაში ჯავშანტექნიკის გადაცემის განზრახვა, გაიმეორეს პრეზიდენტის თეზისები იმის შესახებ, რომ ჯავშანტრანსპორტიორი შეიძლება, ბულგარეთის საზღვრის დასაცავად იყოს გამოყენებული. ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნას ვეტო დაადო
ენტონი ბლინკენი: უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ამერიკული აუდიტორიისთვის“ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა. სახელმწიფო მდივანმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა. გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების თითქმის ნახევარს სურს, რომ უკრაინაში ომი სწრაფად დასრულდეს, თუნდაც ეს ნიშნავს ვლადიმერ პუტინისთვის მიწის დათმობას. რას ეტყოდით ამერიკის საზოგადოების იმ წევრებს, რომლებმაც შესაძლოა, დაგადანაშაულონ შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და გავლენის მოხდენის მცდელობაში? ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა ბლინკენს. „თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში განვახორციელეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ მიერ მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენს საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხი მიღწევა დაასახელა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ ისაუბრა იმ მიღწევაზე, რომელიც მისი შეფასებით, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია. „ვფიქრობ, პროგრესი იყო. ხანდახან მნიშვნელოვანია, გვერდიდან შევხედოთ, რეალურად რა მოხდა. უკრაინელებმა პუტინის მიერ მიტაცებული მიწის ნახევარი უკან დაიბრუნეს. ცოტა ხნის წინ მათ რუსეთის ფლოტი უკუაგდეს შავი ზღვის გასწვრივ და ამ პროცესის დროს მისი დიდი ნაწილი ჩაძირეს. ჩვენ გავხსენით გადაზიდვის ხაზი, ბრიტანული დაზღვევით, ამდენად, 200-ზე მეტმა გემმა მოახერხა მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი უკრაინიდან და ეს უკრაინის ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარა. და რა თქმა უნდა, ისინი არიან როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის კართან. ეს არის უზარმაზარი წინსვლა ამ ქვეყნისთვის მათ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია და მის მიმართ დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა. აშშ უკრაინასთან დაკავშირებით 2024 წლის გეგმაზე საუბრობს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ, ომის აქტიურად მხარდამჭერები არ დაიშვებიან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან. „რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები, რომელთაც კვალიფიკაცია აქვთ გავლილი, დარეგისტრირებული იქნებიან როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური სპორტსმენები. სპორტსმენებს, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ომს, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ,”- ნათქვამია განცხადებაში. არ დაიშვებიან სპორტსმენები, რომელთაც რუსულ ან ბელორუსულ შეიარაღებულ ძალებში ან სპეცსამსახურებში სამსახურზე კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.
კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს
უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება IOC-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ მოუწოდებს ყველა პარტნიორს, მკაცრად დაგმონ „ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის ოლიმპიურ პრინციპებს." კულებას თქმით, კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში და სწორედ ამას „აუნთო მწვანე შუქი“ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. „საბოლოოდ კრემლი ყველა რუს და ბელორუს სპორტსმენს გამოიყენებს, როგორც იარაღს თავის პროპაგანდისტულ ომში," - წერს კულება სოციალურ ქსელში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.
IRI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი: 2024 წლის არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივ ნიქსი ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე IRI და NDI ერთობლივი მისიის განხორციელებას გეგმავენ. ეს საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლების ვიზიტს გულისხმობს. IRI-ის წარმომადგენელი, ასევე, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სადამკვირვებლო მისიას ამერიკელი სენატორები და კონგრესმენებიც შეუერთდნენ. „ვვარაუდობთ, რომ ჯამში 40-დან 60 დამკვირვებლამდე გვეყოლება, რომლებიც, ვთვლით, რომ საკმარისი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად. მოკლევადიანი დამკვირვებლები რამდენიმე კვირით ადრე ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენი ვარაუდი და იმედია, რომ კონგრესის ორივე პალატის ორივე პარტიიდან კონგრესმენები და სენატორები ჩამოვლენ საქართველოში არჩვენებზე დასაკვირვებლად", - აცხადებს ნიქსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში. ასევე გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს ამერიკელ მაღალჩინოსანთან. აშშ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს მხარს უჭერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 14 ნოემბერს განუცხადა. „მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს
გერმანიის ელჩი საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები
გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები. უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებით იმუქრება, რაც სავარაუდოდ, საქართველოზე გავლენას მოახდენს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ორბანის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე გერმანელმა დიპლომატმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. „პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დარაღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული. მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია," - განაცხადა ფიშერმა.
უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები ექვს სექტორში მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ჯარებს შორის 77 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერი წარუმატებლად უტევს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკისა და ზაპორიჟიეს სექტორებში. მისივე თანახმად, ოპერატიული ვითარება უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კვლავ რთულია. მტერმა 27 სარაკეტო შეტევა განახორციელა. „სივერშჩინის და სლობოჟანშჩინის სექტორებში, მტერი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სასაზღვრო ზონაში, ახორციელებს აქტიურ დივერსიულ მოქმედებებს. დაახლოებით 15 დასახლება მოექცა მტრის საარტილერიო და ნაღმტყორცნების დაბომბვის ქვეშ. კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ცხრა თავდასხმა ხარკოვის ოლქის სინკივკასა და ივანივკის რაიონებში. ლიმანის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსული ძალების შეტევა. ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 10 შეტევა დონეცკის ოლქის ბოჰდანივკის, ივანივსკეს, კლიშჩიივკასა და ანდრიივკის რაიონებში. მარინკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას დონეცკის ოლქის კრასნოჰორივკის, მარინკის, პობიედის და ნოვომიხაილივკის რაიონებში, სადაც აგრესორმა 20 წარუმატებელი შეტევა განახორციელა უკრაინელი დამცველების პოზიციებზე. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 დეკემბრამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 337 220 რუსი დამპყრობელი, მათ შორის 990 ოკუპანტი 7 დეკემბერს,“ - ნათქვამია გავრცელევულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია უკრაინაში მისიას გაგზავნის
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) უკრაინაში მისიას გაგზავნის, რათა "უკრაინის საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინოს.“ საუბარია თავისუფალი ნავიგაციის უფლების განხორციელებაზე. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე რუსეთს, რათა ძირი გამოეთხარა ნავიგაციის თავისუფლებისთვის,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობა უკრაინის შავი ზღვის პორტებში და მის გარეთ დაბლოკა.
Guardian: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული სახსრების ნაწილს განბლოკავს
მოსალოდნელია, რომ ევროკომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს (10,7 მილიარდი აშშ დოლარი) გაყინულ სახსრებს განბლოკავს, იტყობინება Guardian-ი ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. სახსრები, რომელიც უნგრეთის მთლიანი შეჩერებული დაფინანსების დაახლოებით მესამედს შეადგენს, სავარაუდოდ, 12 დეკემბერს გამოიყოფა, იტყობინება მედიასაშუალება. უნგრეთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის შემდგომ მხარდაჭერას წინააღმდეგობას უწევს. წყაროებმა Guardian-ს განუცხადეს, რომ უნგრეთის სახსრების სავარაუდო განბლოკვა არ არის დაკავშირებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის „შანტაჟთან“, რომელიც დაემუქრა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვით. „ვაჭრობას ჰგავს, მაგრამ ასე არ არის,“ - აღნიშნა ერთ-ერთ დიპლომატმა. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უნგრეთის ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი დაახლოებით 22 მილიარდი ევრო, დემოკრატიის უკასვლისა და კანონის უზენაესობის კონტექსტში პრობლემების გამო გაყინა.
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის სასამართლო სისტემის 17 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის სასამართლო სისტემის 17 წევრის მიმართ, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორებისა და გამომძიებლების წინააღმდე სანქციები, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მონაწილეობის გამო დააწესა. სანქცირებული პირები პოლიტიკური აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და უფლებადამცველების წინააღმდეგ საქმეებში მონაწილეობდნენ. ბელოურის ორგანიზაციის - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 157-ე ადგილზეა. The World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, ბელორუსმა 142 ქვეყანას შორის 104-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა იყო. მისი სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში, დაბა ბაკურიანში იყო. მიწისძვრა 8 დეკემბერს, 20:00 საათზე დაფიქსირდა.
Reuters: ერაყში აშშ-ის საელჩოს ჭურვები ესროლეს
ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შვიდი ჭურვი ჩავარდა. Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო პერიოდის თავდასხმებს შორის, იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჭურვების სროლის შედეგად საელჩოს ტერიტორია უმნიშვნელოდ დაზიანდა და ინციდენტისას არავინ დაშავებულა. პირველი აფეთქება საელჩოს მახლობლად გამთენიისას მოხდა, რამაც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დააზიანა. პარალელურად, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა, სადაც ბაზირებული არიან აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო ძალები.
უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვი დააბრუნა თითქმის 20 000 გატაცებულიდან - ოლენა ზელენსკა
უკრაინის პირველის ლედის, ოლენა ზელენსკის ინფორმაციით, 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნველობას მოკლებულია. "რუსეთი ჩვენთან პირდაპირ კონტაქტს არ ამყარებს. ამიტომ, ბავშვები სახლში მიდიან მესამე ქვეყნების გავლით. ბევრი მზრუნველი ადამიანის შუამავლობით...ამიტომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიო თანამშრომლობა. გატაცებული ბავშვების გადასარჩენად დიდი იმედი მაქვს კოალიციის, რომლის შექმნაც კანადამ შემოგვთავაზა ერთი თვის წინ და რომელიც მალე უნდა ამოქმედდეს," ამბობს ოლენა ზელენსკა. მანვე აღნიშნა, რომ დაბრუნებულმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური, მატერიალური და სოციალური მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა, ზელენსკას თქმით, არანაკლებ რთულია, რომ მათ ჰქონდეთ სწავლისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია ოფიციალურად დადასტურდა - ლუბინეცი
ელჩი ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ჰერჩინსკის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი." ის აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროგრესის ნაწილად მიიჩნევს ანტიკორუცფიული ბიუროს შექმნას და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა ამბობს, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია." „დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაერო-ს კონვენციის მიღებიდან მე-20 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იურიდიულად სავალდებულო ანტიკორუფციული ინსტრუმენტია. კორუფცია ყველა ქვეყანას ეხება. ის ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას, ანელებს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდის არასტაბილურობას. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა შეგვახსენებს ამ გამოწვევების არსებობას და მათ გადასაჭრელად გაწეულ ძალისხმევას. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია. ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წინსვლას ადასტურებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება ამ წინსვლის ნაწილია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, რათა კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სტანდარტების პატივისცემა და დაცვა უზრუნველყოს. ერთად გავაგრძელოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,“ – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
აშშ სანქციებს უწესებს ათობით პირს ცხრა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო
აშშ-მ სანქციები დაუწესა ათობით პირს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავღანეთში, ჩინეთსა და ირანში, მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ადამიანის უფლებათა დაცვის დღის წინ, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დაუწესდა 20 ადამიანს - ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ცხრა ქვეყანაში. „აშშ-ის ხაზინამ და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ბრიტანეთთან და კანადასთან კოორდინირებული ქმედებების საფუძველზე, სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს 37 ადამიანს 13 ქვეყანაში,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. ეს ზომები მოიცავს სანქციებს „თალიბანის“ წევრების მიმართ, ქალებისა და გოგოების რეპრესიებთან მათი კავშირების გამო და ირანის დაზვერვის ორი თანამშრომლის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ხალხს იბირებდნენ შეერთებულ შტატებში თავიანთ სასარგებლოდ მუშაობისთვის.
ფულის გათეთრების საქმეზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში - ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში - მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში. გამოძიების ეტაპზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.