ძებნის რეზულტატი:

ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ დანებებისკენ მოუწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ისრაელის პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომლის თანახმად, ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი.“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ. 10 დეკემბერს, „ჰამასის“ ტელევიზიით გადაიცა მოძრაობის სამხედრო ფრთის პრესმდივნის აბუ ობეიდას განცხადება, რომ ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.  

ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მიმართა, მოუწოდონ „ჰამასს,“ დაყაროს იარაღი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში ომის დასრულებისთვის. მინისტრმა მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“, რათა დაყაროს იარაღი. „ისრაელის ბრძოლა უდანაშაულო პალესტინელების წინააღმდეგ კი არა, არამედ, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ წინააღმდეგ არის მიმართული,“ აღნიშნა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მხოლოდ პროკლამაციებით მოუწოდო მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება, წავიდეს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.  

ნეთანიაჰუმ „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო უკმაყოფილება გამოხატა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა მკვეთრად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს იმის შესახებ, რაც ითქვა ორ ლიდერს შორის კომუნიკაციისას. „ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მოსკოვის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში დაფიქსირებული პოზიციებით და "მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთსა და ირანს შორის სახიფათო თანამშრომლობას," ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო „კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზას სექტორში“. რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მ, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.  

უკრაინა: რუსეთის მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 8 რაკეტა განადგურებულია

საჰარეო ძალების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დედაქალაქ კიევის მიმართულებით რუსების მიერ დღეს დილით გაშვებული 8 რაკეტა გაანადგურეს. „საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რვა საჰაერო სამიზნე, რომლებიც დედაქალაქისკენ ბალისტიკური ტრაექტორიით მიფრინავდნენ,“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. დღეს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და დედაქალაქსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.  

შსს: 9 თვეში, განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა - 47 შემთხვევა გახსნილია. შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა. რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებებს - უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი - 36. ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.  

Reuters: ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის გახსნა სერბეთს საშუალებას მისცემს, რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს

სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა. მილსადენის გახსნის ცერემონიას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი ბულგარელი და აზერბაიჯანელი კოლეგები რუმენ რადევი და ილჰამ ალიევი დაესწრნენ. Reuters-ის ცნობით, ახალი მილსადენი, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან აკავშირებს, მიზნად ისახავს, შეამციროს სერბეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. სერბეთსა და ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ახლა აზერბაიჯანულ ექსპორტზე ექნებათ წვდომა. 15 ნოემბერს სერბეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაცია გაიმართა  

შსს: სქესობრივი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში სქესობრივი დანაშაულის 412 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 272 გახსნილია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ ინფორმაციაშია ასახული. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაუპატიურების 154 შემთხვევა დარეგისტრირდა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების - 54, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების - 22, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის - 86, გარყვნილი ქმედების კი - 96. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სქესობრივი დანაშაულის 396 შემთხვევა აღირიცხა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 4.04%-ით გაიზარდა.  

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. „მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის. შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას გააგრძელოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება, რა უნდა იყოს ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს, როგორ უნდა დაჩქარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება და როგორ გაიზარდოს თანამშრომლობა ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი და სინერგია სხვა რეგიონულ პოლიტიკასთან, როგორიცაა შავი ზღვის სინერგია. მინისტრები მიზნად დაისახავენ გააძლიერონ ვალდებულება 2024 წლის კონკრეტულ მიღწევებზე, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში“, - წერია ევროკავშირის ინფორმაციაში. მინისტრებს სიტყვით მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.  

თვითმფრინავი, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებები გადაჰქონდა, მოსკოვის აეროპორტში ავარიულად დაეშვა - მედია

ხანტი-მანსიისკი-მოსკოვის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავში 19 კგ რადიოაქტიური ნივთიერება იყო. იუწყება ტელეგრამ არხი Shot-ი. გავრცელებული ინფორმაციით, Utair-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 104 მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 01:00 საათზე სადესანტო მექანიზმის გაუმართაობის შესახებ სიგნალი გაგზავნა. „ბორტზე 19 კილოგრამი რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც სახიფათო ტვირთის კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ნებადართულია რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ,“ - აღნიშნავს არხი. მისივე თანახმად, საშიში ტვირთი არ დაზიანებულა.  

ფილიპინების საგარეო უწყებამ ჩინეთის ელჩს დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა

ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მწვავდება. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამ ქვეყნების გემებს შორის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის ელჩი გამოიძახეს. ფილიპინებისა და ჩინურ ნავებს შორის შეჯახებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ფილიპინურმა მხარემ პეკინს დიპლომატიური პროტესტი გადასცა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჩინეთის ელჩი ფილიპინებში შესაძლოა, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდეს. ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები მიმდიბარე წელს განსაკუთრებით დაიძაბა, რადგან ახალი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი, რომელმაც ბარიერის გარღვევის უფლება დაუშვა, ცდილობს, გააძლიეროს ურთიერთობები მოკავშირე შეერთებულ შტატებთან. ასეთი მცდელობები მოიცავდა აშშ-ის სამხედროებისთვის ფილიპინების ბაზებზე გაფართოებული წვდომის უფლების მინიჭებას ამ ნაბიჯს ჩინეთი აკრიტიკებდა და მას პროვოკაციულს უწოდებდა. ფილიპინებმა 2016 წელს დაადგინა, რომ ჩინეთის პრეტენზიას სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტეს ნაწილზე საფუძველი არ ჰქონდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩინეთი არ აღიარებს გადაწყვეტილებას.   

აზერბაიჯანი ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას ექვსჯერ ზრდის

ყაზახური ნავთობის ექსპორტმა აქტაუს პორტიდან 2023 წლის 11 თვის განმავლობაში 3,062 მლნ ტონა შეადგინა, რაც 50%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება Report KazTransOil-ი. აქტაუს პორტიდან ექსპორტისთვის ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა განპირობებულია ბაქოს პორტში გაგზავნილი ნედლეულის მოცულობის ზრდით, 205000 ტონიდან 1,238 მილიონ ტონამდე, რაც ექვსჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

ჩინეთის ელჩი: მჯერა, შემუშავდება გეგმა, როგორ დაჩქარდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ერთობლივი მშენებლობა და გაძლიერდეს შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინაცია

ჩინეთის ელჩი „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მშენებლობის დაჩქარებასა და შუა დერეფნის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერებაზე საუბრობს. ჭოუ ციენის თქმით, „საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ყველაზე ადრე გამოეხმაურა „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას და დღემდე მისი ძალიან აქტიური მონაწილეა.“ „მიმდინარე წლის ივლისში ჩინური და ქართული მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განავითარონ ინვესტიციები და ვაჭრობა ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტრანსპორტირება, კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, შუა დერეფნის მშენებლობისა და განვითარების მიმართულებით და სხვა, გამოიყენონ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ჩინური ნაწარმის დასავლურ ბაზარზე შეუფერხებელი ექსპორტისთვის“. ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის ხელმოწერილი „თანამშრომლობის გეგმა ერთი სარტყელი – ერთი გზის ერთობლივი მშენებლობის შესახებ“ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ორ ქვეყანას შორის მაღალხარისხიანი პროდუქტებით ვაჭრობის გაფართოება, ტურიზმის, ფინანსებისა და სხვა მომსახურებებით ვაჭრობის გაძლიერება, ჩინური კომპანიების წახალისება ისეთ დარგებში ინვესტიციების განხორციელებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, წარმოება და საინფორმაციო ტექნოლოგიები და ამ თანამშრომლობის შინაარსი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს „შუა დერეფნის“ მშენებლობას, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარების სტრატეგია, რომლის მიზანია საკუთარ თავზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის როლის აღება ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სხვა ქვეყნებთან ერთად. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთში და დაესწრო პეკინში გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო თანამშრომლობის სამიტს, რომელზეც პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა ჩინეთის მიერ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მაღალხარისხიანი განვითარების მხარდაჭერის რვაპუნქტიანი გეგმა. აქედან პირველია ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ბლოკმატარებლის განვითარება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა. როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობას, ასევე ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ექსპრესრკინიგზის გაფართოებას, ორივეს უდიდესი პოტენციალი აქვს შუა კორიდორის პროექტთან უფრო ღრმა ინტეგრაციისა. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის შესაბამისი ორგანოები შეიმუშავებენ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ერთობლივი მშენებლობის დაჩქარება, შუა კორიდორის ფარგლებში კოორდინაციის გაძლიერება და ამ მიმართულებით მიაღწევენ უფრო მეტ შედეგებს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივ მაუწყეველთან ინტერვიუში.    

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესის გვერდის ავლით ისრაელისთვის 14 000 ჭურვის გაგზავნის ნებართვა გასცა

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის 14 000 სატანკო ჭურვის მიყიდვა დაამტკიცა. პაკეტის ღირებულება $106.5 მილიონს შეადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არსებობს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიყიდვას, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. „შესყიდვა გვერდს აუვლის კონგრესის გადახედვას, რაც ჩვეულებრივ მოთხოვნაა უცხოური სამხედრო გაყიდვებისთვის. ეს ქმედება იშვიათია, თუმცა არა უპრეცედენტო, როდესაც ადმინისტრაციები ხედავენ იარაღის გადაუდებელ საჭიროებას კანონმდებლების თანხმობის მოლოდინის გარეშე. მინიმუმ ოთხმა ადმინისტრაციამ გამოიყენა ასეთი უფლებამოსილება 1979 წლიდან,“ იტყობინება Associated Press. 10 დეკემბერს ბლინკენმა კონგრესს მოუწოდა, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოთხოვნილი $106 მილიარდიანი დაფინანსების გეგმა მიიღოს.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ამის შესახებ ელინა ვალტონენმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება. ელინა ვალტენონმა აღნიშნა, რომ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო. „ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის,“ – განაცხადა ელინა ვალტონენმა. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.  

საჩხერის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.  

ჯოზეფ ბორელი: კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მედიას განუცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინა და ღაზის სექტორი. მას ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოსთან დაკავშირებით. ბორელის თქმით, კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. მან მოუწოდა ქვეყანას, გააგრძელოს ამ გზით სიარული. ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ეს კვირა წარმატებული საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, ბორელმა უპასუხა: „საქართველო კარგად მუშაობს. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან იყო ძალიან პოზიტიური. მე მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სიარული.“ „ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელორუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელორუსი, უკრაინა, ასევე კავკასიაში. კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა გავზარდოთ და როგორ უნდა დავტოვოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში, რადგანაც ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი, სადაც ცხელი წერტილები იზრდება,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

„ველოდები, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ნათელია, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს,“ ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. „დღეს მაგიდაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი დევს. პირველი არის უკრაინა, მეორე არის ომი შუა აღმოსავლეთში და მესამე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები. აუცილებლად ველი, რომ ამ კვირას საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მკაფიოა, რომ არამხოლოდ ხალხს სურს ძალიან ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ, ხელისუფლება ძალიან მკაფიო განზრახვაზე მიუთითებს. ეს ძალიან დადებითია და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გზაზე,“ - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. მან უნგრეთის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამოწვევა უწოდა.  

„ქართული ოცნება“ - 19%, ნაციონალური მოძრაობა“ - 4% - NDI-ის კვლევა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს: 47% - არცერთი; „ქართული ოცნება“ -  19%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 4%; უარი პასუხზე - 13%; სხვა პარტიები - 12%; არ ვიცი - 6%. უმცირესობათა დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობა უარს ამბობს, უპასუხოს პარტიების შესახებ კითხვას. ოპოზიციურ პარტიებს (გარდა ნაციონალური მოძრაობისა) თბილისში ოდნავ უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ. ქართული ოცნების მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI ან ინსტიტუტი) და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ახალი კვლევა, რომელიც ევროკომისიის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია - აღნიშნული მიგნება სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით არ განსხვავდება. უმეტესობის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, ქალთა უფლებებთან და განათლებასთან დაკავშირებით წინსვლაა, თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე იმასაც ამბობს, რომ კრიმინალთან და სიღარიბესთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესებულია. მეტიც, ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე. ამ კუთხით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ. მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის მანძილზე ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.  ახალმა კვლევამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ - განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ესენია: განათლება, ჯანდაცვა, უსახლკარო ცხოველები და მენტალური ჯანმრთელობა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებსაც უნდა ფარავდეს. რაც შეეხება უსახლკარო ცხოველებს, ნიშანდობლივ ძაღლებს, ეს საკითხი ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლად არის გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68 პროცენტი) აწუხებს, განსაკუთრებით თბილისსა და პატარა ქალაქებში. უმრავლესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ხოლო ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მაღალ საფასურს უკავშირდება. უმრავლესობის შეფასებით, დეპრესია და შფოთვითი აშლილობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (41 პროცენტი) ამბობს, რომ არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად. „კვლევა ნათლად აჩვენებს მოსახლეობის ერთსულოვან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ძლიერი და განვითარებული საქართველო. საქართველოს მოქალაქეების ეს ხედვა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალზე გადის. პოლიტიკურ წრეებში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნება პარტიულ სიმპათიებზე მაღლა დგას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მოსახლეობის საჭიროებებზე ფოკუსირდნენ და ხორცი შეასხან საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხედვას,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება - 62 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება. მონაცემების პარტიული მხარდაჭერის ჭრილში ანალიზი აჩვენებს, რომ ამ განწყობას “ქართული ოცნების” ყოველი მეხუთე, ოპოზიციური პარტიების ყოველი მეორე, ხოლო გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა იზიარებს. ამასთანავე, უმრავლესობა (53 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. „ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმიანობა მოსახლეობის მისწრაფებებსა და საჭიროებებს დაუკავშირონ. ეს კვლევა არის უმნიშვნელოვანესი შეხსენება ყველასთვის, რომ პოლიტიკოსები ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგნენ და საქართველოს მოქალაქეების საერთო ოცნებებსა და კეთილდღეობას ემსახურონ,” - განაცხადა ალან გილამმა. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.  

ევროკავშირში გაწევრიანებას 79% უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანებას 67% ემხრობა - NDI

2022 წლის შემდეგ, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ. NDI-ის კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი  - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. კითხვას, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - 79% ამბობს, რომ მისაღებია; 11% მიუღებელია; 9%-მა არ იცის. რაც შეეხება NATO-ს, ანალოგიური ფორმით დასმულ შეკითხვაზე პასუხები ასე განაწილდა: 67% მისაღებია; 18% მიუღებელია; 14%-მა არ იცის. მარტში ჩატარებული კვლევით, 73%-სთვის იყო მისაღები ალიანსში გაწევრიანება. მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. NATO-ს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში , ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა. NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა. 59% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს. ანალოგიურ ურთიერთობას აშშ-სთან, 34% ემხრობა. მეოთხეა თურქეთი - 18%-ით და NATO - 13%-ით. ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი  - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამავე კვლევით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს  80  ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი  - ეთნიკური უმცირესობების  დასახლებებში. ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს  ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება. უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა. ევროკავშირთან და აშშ -თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით მაღალია. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ლანდსბერგისი: ვიმედოვნებ, ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო

აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ. განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. „ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიპოვით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.