ძებნის რეზულტატი:

Bloomberg-მა 2023 წლის ყველაზე მდიდარი ოჯახები დაასახელა

გამოცემა Bloomberg-მა 2023 წლის 25 ყველაზე მდიდარი ოჯახის სია შეადგინა. სიას არაბთა გაერთიანებულ საამიროს, აბუ-დაბის მმართველი, ალ ნაჰაიანის ოჯახი ლიდერობს. შვიდი საამიროდან ერთ-ერთის შეიხთა დინასტიას მფლობელობაში $305 მილიარდი აქვს. სტატიის თანახმად, ალ ნაჰაიანის ოჯახი, ჯერ კიდევ ნავთობის ბიზნესის აყვავებამდე, ათწლეულების განმავლობაში მართავდა ტერიტორიას, რომელიც დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროს წარმოადგენს." მეორე ადგილს $259.7 მილიარდით, უოლტონების ოჯახი იკავებს. ისინი აშშ-ის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის მ აქციების პაკეტის 46%-ს ფლობენ. ერთი წლის განმავლობაში ოჯახის ქონება $35.2 მილიარდით გაიზარდა. სამეულშია ერმეს ოჯახი, რომელიც ფრანგული მოდის სახლის, Hermes-ის მფლობელია. მათი აქტივები $150.9 მილიარდს შეადგენს. ათეული ასეთია მარსების ოჯახი, საკონდიტრო კომპანია Mars-ის მფლობელები, $141.9 მილიარდი; ყატარის მმართველი ალ ტანის დინასტია, $133 მილიარდი; კოხების ოჯახი, ნავთობქიმიური კორპორაცია Koch Industries მფლობელები, $127.3 მილიარდი; საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი, $112 მილიარდი; ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Reliance Industries მფლობელი, $89.9 მილიარდი; მოდის სახლ Chanel-ის მფლობელი ვერჰაიმერების ოჯახი, $89.6 მილიარდი; საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტომპსონების ოჯახი, $71.1 მილიარდი; საერთო ჯამში მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები (25 ოჯახი) გასული წლის შემდეგ 1,5 ტრილიონი დოლარით გამდიდრდნენ.

თბილისის ორგანიზაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

თბილისის ორგანიზაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.  განცხადება პარტიის დატოვების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა 9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის წინ გააკეთეს. ნიკა მელიას პრესსამსახურის ცნობით, საუბარია სულ 300-მდე ადამიანზე. „სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან მძიმე, მაგრამ აუცილებელია,“ — თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბესო გაზდელიანმა. „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ. „ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შექმნილი ვითარება ყველას გვკარნახობს, რომ პოლიტიკური პროცესები არასწორად იმართება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩემი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვები, ბრძოლის მეთოდები და პარტიის მართვის გზები ერთმანეთს ასცდა. შესაბამისად, საჭიროდ და ლოგიკურად ვთვლი, რომ ვიყო იმ გუნდში, რომელიც ასახავს ჩემს ხედვებს და მიდგომებს. მე ვუერთდები იმ ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იქნება პლატფორმა სწორი, საღი და რაც მთავარია, ჩემთვის მისაღები ფასეულობების და ღირებულებების,“ — დაწერა მან სოციალურ ქსელში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ასევე დატოვეს დეპუტატებმა ახალციხის, კასპის, ხობის, ჭიათურის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოებში. ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში  

ბულგარეთის პრეზიდენტი: ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება და შემთხვევითი არ არის, რომ სერბეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი არის საერთო ინტერესების პროექტი. ამის შესახებ მან ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის

ალეივი: წელს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროპაში დაახლოებით, 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს

„ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტი იყო 2021 წელს. წელს ის დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეადგენს აზერბაიჯანის გაზის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტს. ალიევმა აღნიშნა, რომ ევროპაში გაგზავნილი გაზის მოცულობა 2027 წლისთვის უნდა გაორმაგდეს. „ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ ამ მიზნისკენ," - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.   

პრეზიდენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას დაღუპვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. „ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა. სამწუხაროა, რომ ასეთი მოვლენები ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავზეც ხდება,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.  

რუმინეთი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მიესალმება

რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას კასპიის რეგიონში რესურსების განვითარებისთვის, მტკიცედ არის ერთგული სამხრეთ გაზის დერეფნის პროგრესის და გაფართოების, ევროკავშირის ახალი ბაზრებისკენ. სამინისტროს ცნობით, კასპიის რეგიონი ამჟამად სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი აქტიური მხარდამჭერია „მწვანე დერეფნის“ პროექტის, რომელიც რეგიონული პარტნიორების მიერ (აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი) ჩამოყალიბდა. გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.  

სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაცია გაიმართა

სერბეთის ქალაქ ნიშში გაიმართა სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტის ინაუგურაცია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუმენ რადევი. ხაზის მშენებლობის პროექტი ნაწილობრივ ფინანსდება ევროკავშირის გრანტებით, 49,6 მილიონი ევროს ოდენობით, ასევე, 25 მილიონი ევროს ხელსაყრელი სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, რომლის ნაწილს სერბეთი დაფარავს. სერბეთის რესპუბლიკამ სამუშოსთვის 20 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. გაზის ინტერკონექტორი, რომელიც სერბეთისა და ბულგარეთის გაზის ქსელებს აკავშირებს, სერბეთსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს, რაც სერბეთს საშუალებას მისცემს, უფრო უსაფრთხო და სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს გაზის ქსელის სხვადასხვა სისტემიდან, განსაკუთრებით, აზერბაიჯანიდან.  სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.  სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. "მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ," - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალქის გარდაცვალებოს ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. როგორც უწყებაში განაცხადეს, საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა. „აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. „ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. გამომდინარე იქედან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი,” - აცხადებენ სუს-ში. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.  

მიტროპოლიტი შიო: ძალიან სახიფათოა რჯულისა და კანონების მხოლოდ გარეგნულად შესრულება, მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად

„ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ, რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 27-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა. „როდესაც გვინდა, შევასრულოთ საეკლესიო, თუ გნებავთ, საერო კანონები, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ მათ გარეგნულ მხარეზე. ასე გარეგნულად არ უნდა აღვასრულოთ ისინი, იმიტომ რომ ეს ძალიან სახიფათოა, მხოლოდ ფორმალურად, წესების აღსრულებით, მათ გაუაზრებლად, მათი შინაარსის გაუაზრებლად, შეიძლება, მივიდეთ იმ უგუნურებამდე და სისასტიკემდე, სადამდეც მივიდნენ დღევანდელ სახარებაში სინაგოგაში მყოფი მორწმუნეები. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ შაბათია შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი - შაბათისთვის.“  

გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს

გერმანიის შეიარაღებული ძალების არმიის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბროიერი აცხადებს, რომ გერმანიას შესაძლოა, თავდაცვითი ომი მოუწიოს, ამიტომ აუცილებელია NATO-ს მოკავშირის დასაცავად, გერმანიის შეიარაღებული ძალების მომზადებაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. „ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ერთ დღეს შეიძლება, თავდაცვითი ომის წარმოება მოგვიწიოს,“ - ამბობს ბროიერი.  მისი თქმით, რუსეთის გადაიარაღება და ვლადიმერ პუტინის ქცევა შეშფოთების მიზეზს იძლევა და გერმანელებს მოუწევთ შეგუება იმ აზრთან, რომ ერთ დღეს შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოთ. კითხვას, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი გაუმკლავდეს NATO-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ბროიერმა უპასუხა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. „დიახ. წერტილი. ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავი და დავიცავთ თავს," - განაცხადა ბროიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესვერი მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაზე და ჯერ კიდევ არასაკმარისად არის აღჭურვილი ეროვნული და სამოკავშირეო თავდაცვისთვის. მანვე აღნიშნა, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სწრაფ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს თითქმის შეუძლებელს ხდის.  

მირჩა ჯოანა: უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გახდებიან ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების ნაწილი

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ რუმინეთის მეზობლების ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების შემდეგ, რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთი საზღვარი და თავს დააღწევს ევროპის პერიფერიას. მან აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. „გეოგრაფიული თვალსაზრისით, უკრაინის ომი, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არაპირდაპირ, მაგრამ ძალიან პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახები ნაწილი. რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეზობელი პირველად გვეყოლება ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი, რუმინეთი გეოგრაფიულად ბევრად უფრო ევროპის ცენტრში იქნება,“ – განაცხადა მირჩა ჯოანამ რუმინეთის ტელევიზიის ცნობით.  

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.  

ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი “საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. „კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს,” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი. სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალქის გარდაცვალებოს ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა  

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბლინკენი: მოსკოვში, თეირანსა და პეკინში სხედან ერთადერთი ადამიანები, რომლებიც ბედნიერები იქნებიან, თუ კონგრესი უკრაინის დახმარებას არ დაამტკიცებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ბლინკენის თქმით, უკრაინის დახმარება აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  „ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ ამ დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას არ დაამტკიცებს კონგრესი, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. უკრაინისთვის ეს აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ მიაღწიეს საოცარ პროგრესს გასული წლის განმავლობაში რუსული აგრესიის მოგერიებაში, დაიბრუნეს ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიიტაცეს. მაგრამ ახლა ისინი სასტიკ ბრძოლაში არიან სამხრეთ და აღმოსავლეთში. თუ პუტინი შეძლებს წინსვლას დაუსჯელად, ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება,“ აღნიშნა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ცოტა ხნის წინ მედიის შეკითხვების საპასუხოდ ასევე ისაუბრა იმ მიღწევაზე, რომელიც მისი შეფასებით, უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია. „ვფიქრობ, პროგრესი იყო. ხანდახან მნიშვნელოვანია, გვერდიდან შევხედოთ, რეალურად რა მოხდა. უკრაინელებმა პუტინის მიერ მიტაცებული მიწის ნახევარი უკან დაიბრუნეს. ცოტა ხნის წინ მათ რუსეთის ფლოტი უკუაგდეს შავი ზღვის გასწვრივ და ამ პროცესის დროს მისი დიდი ნაწილი ჩაძირეს. ჩვენ გავხსენით გადაზიდვის ხაზი, ბრიტანული დაზღვევით, ამდენად, 200-ზე მეტმა გემმა მოახერხა მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი უკრაინიდან და ეს უკრაინის ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარა. და რა თქმა უნდა, ისინი არიან როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირის კართან. ეს არის უზარმაზარი წინსვლა ამ ქვეყნისთვის მათ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც მოსკოვის საერთაშორისო იზოლაცია და მის მიმართ დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად  

ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება. დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება. შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა. ევროკავშირის ლიდერები 14/15 დეკემბერს შეიკრიბებიან და გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც ამ პერიოდში გახდება ცნობილი.  

ზურაბიშვილმა 13 დეკემბრის ღონისძიებაზე, ელჩებთან ერთად, მოქმედი და ყოფილი პრემიერები მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისივე კამპანიის -  „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრის ქვეყნების ელჩებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეულთა შორის არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი პრემიერები, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრები. შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდისას გააკეთა. „13 დეკემბერს, აქ მოვა დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს შესახებ 14-ში, თუ 15-ში მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და მე მათ [ამ კამპანიის ფარგლებში] შეგროვილ ხელმოწერებს გადავცემ, გადავცემ ჩვენს ხმას, საზოგადოების ხმას, მათ შორის, თქვენს ხმასაც, რათა მათმაც დაინახონ, რომ ის ემიგრაცია, რომელიც დღეს მათ ქვეყნებში ცხოვრობს, როგორც უცხოელი, ან მათი ქვეყნის მოქალაქე, ისინიც გაერთიანებულნი არიან ამ საყოველთაო კამპანიაში. მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი აზრით, „ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება.“ „ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება. ჩვენც ვისურვებდით, რომ ძალიან მალე იმ მაგიდის ირგვლივ დავმსხდარიყავით და იქაც - ევროპაშიც გვქონოდეს ჩვენი ხმა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი ხელმოწერების კამპანიას იწყებს: ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში

გერმანიის მმართველმა პარტიამ რუსეთთან მიმართებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაშვებული შეცდომები აღიარა

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია შეცდომას უწოდებს რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას. პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ “შეცდომა იყო პუტინის სისტემისგან უფრო ადრე არდისტანცირება.” ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ, როლფ მიუტცენიხმა აღიარა, რომ სრულფასოვნად ვერ შეაფასა პუტინის იმპერიალისტური აზროვნება. „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის სწორად არ ვაფასებდით ბოლო წლების მოვლენეს,“ -  ნათქვამია პარტიის გამგეობის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტი შეცდომად აღიარებს იმ ვარაუდისადმი მიმხრობასაც, რომ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება რუსეთს დემოკრატიზაციას შეუწყობდა ხელს. ხსენებულმა პოლიტიკამ ის გამოიწვია, რომ გერმანია „ცალმხრივად დამოკიდებული გახდა რუსეთზე ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ.“ „ვიდრე რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების დაპყრობისა და ჩახშობის თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას მისდევს, არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების არანაირი ნორმალიზება. ვიდრე რუსეთში ფუნდამენტალურად არ შეიცვლება რამე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოება ორგანიზებული უნდა იყოს,” - აღნიშნავს მმართველი პარტია. პარტიის კონგრესზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმით მთლიანად გაანადგურა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგება. „ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, გერმანიის სოციალ-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ მოსკოვის მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების საფრთხის ვერშეფასებასა და უკრანისადმი დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანში. ახლა გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.

ზელენსკი: ორბანთან მაქსიმალურად გულახდილი საუბარი მქონდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა