ძებნის რეზულტატი:

დანილოვის თქმით, კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, ოლექსი დანილოვის შეფასებით, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ მოლოდინი არ გაამართლა. დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტრშეტევაში წარუმატებლობა არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ომს წააგებს. დანილოვის თქმით, ბრძოლის ველზე ყოველთვის ფრიადოსანი ვერ იქნები, როდესაც მდგომარეობა რთულია. „მაისში ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს სურდა ომის სწრაფად დასრულება. იმედები იყო, მაგრამ არ გამართლდა. ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება. ის, რომ ორი წელია ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. „ადამიანები ხანდახან შეცდომებს უშვებენ, მთელი ცხოვრება ფრიადოსანი ვერ იქნები. ფრონტზე მდგომარეობა ძალიან რთულია, ომის ძველი სახელმძღვანელოების, მათ შორის NATO-ს, არქივში დაბრუნებაა საჭირო. ასეთი ომი, როგორიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეში არ ყოფილა,“ - განაცხადა დანილოვმა. აშშ-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში სამხედრო მრჩევლებს ხანგრძლივი ვადით განალაგებს  

განათლების მინისტრი: აუცილებელია, სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აუცილებელია, სკოლებში დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება.“ მინისტრის შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ერთი მხრივ ,მასწავლებელმა იცოდეს, რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვისა და ქვეყნისთვის. „უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარება, რა დახვეწა და გაუმჯობესება სჭირდება. მე-12 კლასში უკვე უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც იქნება მოაზრებული ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს,“ - განაცხადა ამილახვარმა. განახლება: განათლების და მეცნიერების მინისტრი დამატებით საუბრობს, რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა. „საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაში, ყველგან არის არა თუ ოჯახთან დაკავშირებული მიმართულებები, არამედ, არის ზოგადად ოჯახის პოლიტიკა. მე როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობდი, ჩვენ ვსაუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა, ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და მათ შორის, ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება. ეს დაეფუძნება პატრიოტულ, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახის ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ჩამოყალიბებას, ასევე, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რომელიც ასევე, თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებას და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის,” - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.  

უნგრეთის შემდეგ, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ავსტრიაც ეწინააღმდეგება - მედია

ვსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს. „არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს,“ - განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.  

პენტაგონიდან ცნობების გაჟონვის საქმე: 15 სამხედროს დისციპლინური სასჯელი დაეკისრა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვისთვის, 15 სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური სასჯელი დააკისრა. სამხედრო-საჰაერო ძალების ინსპექტორის გამოძიების შედეგების მიხედვით, გაჟონვის ერთადერთ ორგანიზატორად მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრი ჯეკ ტეიშეირი რჩება. მას ივნისში წარუდგინეს სისხლის სამართლის ბრალდება. ინსპექტირებამ დაადგინა, რომ ტეიშეირის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა არ მიიღეს საჭირო ზომები გაჟონვის თავიდან ასაცილებლად - იმ ბაზის ხელმძღვანელობამ, სადაც ტეიშეირი მსახურობდა, არ გამოავლინა საჭირო სიფხიზლე და არ მიიღო საჭირო ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს და თანამდებობიდან გადააყენეს იმ სადაზვერვო ესკადრილიის მეთაური, სადაც ჯერ ტეიშეირი მსახურობდა. ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა ასევე სადაზვერვო ჯგუფის მეთაურს. გარდა ამისა, აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტმა შეცვალა საიდუმლო მონაცემებზე წვდომის წესები. უკრაინის პრეზიდენტმ გამოცემა Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის და აშშ-ის რეპუტაციისთვისაც საზიანო უწოდა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პირადად მას მასალების გაჟონვის საკითხი თეთრ სახლთან არ განუხილავს. შეკითხვას, გამოიწვია თუ არა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვამ დაძაბულობა და ნდობის დაკარგვა უკრაინასა და აშშ-ს შორის, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პირადი გრძნობები არ ღირს იმად, რომ სახელმწიფო რისკის ქვეშ დააყენოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას რომ პუტინის წინააღმდეგ პირადი ომი ჰქონდეს და ბრძოლის ველზე მხოლოდ ორნი იყვნენ, ყველას ყველაფერს ღიად ეტყოდა, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარია და შესაბამისი პასუხისმგებლობა მართებთ. სხვა საკითხებთან ერთად, გაჟონილი დოკუმენტები უკრაინის ომსაც უკავშირდებოდა.  

დონალდ ტუსკი: ვერ ვუსმენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში ომით დაიღალნენ

პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ არ შეუძლია, იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც იმაზე საუბრობენ, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ. ტუსკის თქმით, „ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ შექმნილი სიტუაციით დაიღალნენ.“ დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი. უკრაინელები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა მაიდანზე დაიწყო და ისინი დასავლეთის სამყაროს საზოგადოებასთან შესაერთებლად იბრძვიან. მათ სურთ, რომ უკრაინა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს და ახლა ისინი სწორედ ამისთვის იბრძვიან,“ - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობა ფიცს 13 დეკემბერს დადებს. პოლონეთი უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 3,2 მილიარდით, მეექვსე ადგილზეა.  

შოთა არველაძე თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე თურქული კლუბის „კარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ დროისთვის გუნდი 15 ტურის შემდეგ 17 ქულით თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს და ევროთასების ზონას 9 ქულით ჩამორჩება. ბოლო კლუბი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნიდა, ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდი ჰალ სიტი იყო. გასული წლის სექტემბრიდან არველაძე კლუბის გარეშეა. ფატიჰ კარაგუმრუკი არველაძის სამწვრთნელო კარიერაში მეოთხე კლუბი გახდება ტრაბზონსპორის, კასიმფაშასა და კაისერისპორის შემდეგ. არველაძე უზბეკეთის “ფაქთაქორსაც“ წვრთნიდა, მანამდე კი მაკაბიში (თელავივი) მუშაობდა. „მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ,“ - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.  

ოკუპირებული აფხაზეთის „ომბუდსმენი“ კარბაიას საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვან უწყებებს მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის „სახალხო დამცველმა“ ანას ქიშმარიამ გალის მკვიდრის, თემურ (ვიტალი) კარბაიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიშმარიამ მიმართა „გენერალურ პროკურორს“, „შინაგან საქმეთა მინისტრს“, „გალის რაიონის პროკურორს“ და „რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს“ „მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში შეამოწმონ გავრცელებული ინფორმაცია და შედეგები წარუდგინონ ომბუდსმენის აპარატს.” „სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დაკავებულების მიმართ არაპროპორციული ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების დაუშვებლობაზე და ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს, პატივი სცენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ (ვიტალი) კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 44 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით ის კლინიკაში გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის „მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას“. განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს, დილით, გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც „გაუარესებული ჯანმრთელობის გამო“ ერთი დღით ადრე გადაიყვანეს გალის საავადმყოფოდან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო "აიაშარისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს "გალის რაიონის შსს-ს განყოფილებში შევიდა სატელეფონო შეტყობინება", რომ „გალის ბაზარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვინმე მოქალაქე ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა 30.08.1979 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები ვიტალი ივანეს ძე კარბაია 16:30 საათზე მილიციის სამმართველოს მორიგე განყოფილებაში გადაიყვანა.“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, კარბაიამ „გააგრძელა უცენზურო გამონათქვამები მილიციის თანამშრომლების მისამართით, მითითებებზე არ რეაგირებდა, პირადობის შემოწმებისა და განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ, კარბაია ვ.ი. მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის შლეგივით იქცეოდა და ცდილობდა თავის დაზიანებას, რასთან დაკავშირებითაც მოხდა მისი ტრანსპორტირება რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევისთვის“. მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე, „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ კარბაია ვ.ი. გაშვებულ იქნა,“ - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებაში. „შემდგომში არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. 2023 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან. გალის სამედიცინო დაწესებულებას კარბაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა", - ნათქვამია ე.წ. შსს-ს ინფორმაციაში, რომლის თანახმად, კარბაიას "გარდაცვალების ფაქტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ციტირებს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ცხედრის ექსპერტიზას, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა". საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, "საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი.“  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური 2.6734 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6684 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8886 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8752 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

უკრაინამ „უნგრეთისა და სლოვაკეთის დადებითი სიგნალები მიიღო“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არ არსებობს ევროკავშირის არცერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს უკრაინის ევროკავშირის ნაწილად ნახვა. კულებას თქმით, არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელსაც სურს გაწევრიანების პროცესის შენელება და ამ გაწევრიანების შედეგების უფრო ფრთხილად შესწავლა - ეს არის უნგრეთი, მაგრამ გუშინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან ხანგრძლივი საუბრის შედეგების მიხედვით, საფრთხე, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, აშკარად მოიხსნა. „მან დაადასტურა, რომ საკითხი ამგვარად საერთოდ არ დგას,“ - განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინულმა მხარემ მიიღო პირველი არასაჯარო და არაოფიციალური სიგნალი უნგრეთისგან, რაც შანსების ფანჯარაზე მიუთითებს. უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა მეორე დადებით პუნქტად მოიყვანა სლოვაკეთის საჯარო განცხადება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერის შესახებ. „დღეს არის ძალიან ფრთხილი სიგნალი უნგრეთიდან და ღია სიგნალი სლოვაკეთიდან, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთს გადაწყდება. ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ევროკავშირის სამიტი,“ - აღნიშნა კულებამ. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი მზადაა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევის რეფორმების გატარების ძალისხმევის შეფასების შემდეგ, მზად არიან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ, რაც ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე განიხილება. „თუმცა ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ჯერ კიდევ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი. ყველა საჭირო ზომა, არა მხოლოდ უნდა დამტკიცდეს, არამედ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა იურაი ბლანარმა. ბლანარმა კვლავ განმარტა სლოვაკეთის პოზიცია, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. „ამავდროულად, ჩვენ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, კერძოდ, განაღმვისა და ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხში. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა,“ - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სლოვაკეთმა მთავრობის ცვლილების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს. რაც შეეხება უნგრეთს, მათ ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ კულებას განცხადება „დადებითი სიგნალების“ შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის." „წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება თავად მკვლელობაში ბრალდებულმა მიიღო. თელავის რაიონული სასამართლოში 14 წლის შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და 28 წლის კაცის გადაწყვეტილებით, საქმე ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურის შუამდგომლობით სხდომა დახურულია. საქმე ეხება 14 წლის მოზარდს, აითაჯ შახმაროვას, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლა კაცმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული.  

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნეს - ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში გორლოვკასთან ახლოს, დაიბრუნეს ტერიკონი, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. ზელენსკი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, წერს, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიაზე ახლა უკრაინული დროშა ფრიალებს. „ჩვენი გმირები არიან მეფე დანილოს სახელობის 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, სამეფო ბრიგადის თავდასხმის ჯგუფი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, მან მოიგერია ერთ-ერთი ტერიკონი ჰორლივკას შიგნით და მტრის პოზიციები აიღო. ახლა ჩვენი დროშა ფრიალებს ტერიტორიაზე... "გორლოვკა უკრაინაა! დონბასი უკრაინაა!" - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.  

პაკისტანში აფეთქების შემდეგ 23 ჯარისკაცი დაიღუპა

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ექვსი კაცი სამხედრო ბანაკში ასაფეთქებელი სატვირთო მანქანით შეიჭრა, რის შენობა დაინგრა და სულ მცირე 23 ჯარისკაცი დაიღუპა. შესაბამის განცხადებას პაკისტანის არმია ავრცელებს. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში სხვადასხვა ოპერაციაში ორი ჯარისკაც, 21 ბოევიკთან ერთად დაიღუპა. პრემიე-რმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თავდასხმა დაგმო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანის ჯგუფმა, Tahreek-e-Jihad Pakistan (TJP), აიღო. მათი თქმით, პაკისტანის არმიაზე თავდასხმა მისმა ბოევიკებმა განახორციელეს.  

საფრანგეთის ელჩი: რუსეთს უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ 2008 და 2014 წლები აღარ განმეორდება

საფრანგეთი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს. შესაბამისი კომენტარი ელჩმა შერაზ გასრიმ სოციალუ ქსელში განათავსა. „საფრანგეთ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც ეს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციებით გამოხატა. საჭიროა, რუსეთს გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ 2008 და 2014 წლები აღარ განმეორდება,“ - წერს ელჩი. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

ჩეხეთმა უკრაინისთვის €4,7 მლრდ-ის მოცულობის სამხედრო ტექნიკის მიწოდება დაუშვა

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ჩეხეთმა უკრაინაში (117 მილიარდი კრონი) 4,7 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე ლიცენზია გასცა. „ამ ლიცენზიების წყალობით, უკრაინაში საჭირო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გრძელდება კერძო კომპანიებისა და დონორების მეშვეობით," - განმარტა ჩერნოხოვამ. ლიცენზიების გარდა, ოქტომბერში ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა, რომლის ღირებულებაც 22 მილიონი ჩეხურ კრონს შეადგენს.  

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მხარდამჭერებს აშშ-მ სანქციები დაუწესა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერისთვის აშშ 250-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებენ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიების მოხვდნენ. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 100-ზე მეტი პირი დაასანქცირა სანქციებისთვის გვერდის ავლისთვისა და რუსეთის სამომავლო ენერგეტიკული საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. „შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტების გამოყენებას ანგარიშვალდებულებისთვის უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვისა და მათთვის, ვინც აფინანსებს და მხარს უჭერს რუსეთის ომის მანქანას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

ზელენსკი: აშშ-ის სენატში მეგობრული და გულწრფელი საუბარი მქონდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში შეხვედრა გამართა. აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ „ძალიან ძლიერი“ შეხვედრა იყო. მისი თქმით, ზელენსკიმ „ძალიან დეტალურად გამოკვეთა“, თუ რა სჭირდება უკრაინას და როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს რუსეთის წინააღმდეგ დაცვაში უკრაინის დახმარება. „თუ ის მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც სჭირდება, ის გაიმარჯვებს. თუ წავაგებთ, პუტინი მოიგებს, და ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა შეერთებული შტატებისთვის,” - განაცხადა შუმერმა. „აშშ-ის სენატის წევრებს ვესაუბრე უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ასევე ვუპასუხე მათ შეკითხვებს,“ - დაწერა თავის მხრივ, ზელენსკიმ X-ზე (ყოფილი Twitter-ი). მან ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაში ლიდერობისთვის დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს მადლობა გადაუხადა.

"კითხვები თეორიულია" - მიშელი არ პასუხობს, შესაძლებელია თუ არა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პაკეტის დაშლა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რადიო თავისუფლების ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა. ჟურნალისტმა მას მოლდოვის მაგალითზე დაუსვა შეკითხვა: "მოლდოვამ განაცხადა, რომ უკრაინას არ გამოეყოფა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის. მიუხედავად ამისა, თუკი უნგრეთი და შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძელებს, განიხილავთ თუ არა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ერთად მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას, თუ ორიგინალი პაკეტის შენარჩუნებას ამჯობინებთ?" რაზეც მიშელმა ასე უპასუხა: "თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვემზადები ევროპული საბჭოს სხდომისთვის და მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა. ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დამატებითი ნაბიჯების გადადგმით, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია." ევროკავშირის ლიდერთა სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით." ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი. ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო. Guardian: ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული სახსრების ნაწილს განბლოკავს  

მედიის ცნობით, ფრედერიკ ბეგბედერი დააკავეს

პოლიციამ ფრანგიმწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დააკავა. პროკურორებმა AFP-ს დაკავების მიზეზი არ დაუკონკრეტეს, თუმცა მაუწყებელ Franceinfo-ს ცნობით, მწერალი  გაუპატიურების საქმეზე გამოძიების ფარგლებში იკითხება.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. „საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აზერბაიჯანმა უკრაინას 20 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

აზერბაიჯანმა უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენის მიზნით, კიევს 20 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. ენერგეტიკული დახმარების ჯამური მოცულობა 7,6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. ეს უკვე მესამე დახმარებაა, რომელსაც უკრაინა აზერბაიჯანისგან მიიღებს. ბაქომ უკრაინას მორიგი დახმარება ნოემბერში გაუგზავნა. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი.