ძებნის რეზულტატი:

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევის შედეგები, 2024 წლის აპრილ-მაისში იქნება მზად - როლანდ პრაისი

მსოფლიო ბანკი რეგიონულმა დირექტორმა შავი ზღვის ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოკუმენტი მზად იქნება 2024 წლის აპრილ-მაისისთვის. პრაისის თქმით, საწყისი ნაბიჯი მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული არსებული ოპერაციის ფარგლებში მიმდინარეობს. „ეს კვლევა, რომელიც მოიცავს მთელ პროექტს, სავარაუდოდ, მომავალი წლის აპრილში ან მაისში დასრულდება. ის იქნება საფუძველი ან საფუძველი პროექტში შემდგომი ინვესტიციებისთვის. კერძოდ, საქართველო ამჟამად ამზადებს ოპერაციას. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი არის სერიის ნაწილი. ჩვენ ვგეგმავთ ამ კონკრეტული პროექტის წარდგენას საბჭოსთვის მომავალი წლის მარტისთვის,“ - განაცხადა პრაისმა. მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა ღონისძიებებმა, მათ შორის, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა გამოავლინა სხვა ქვეყნების მხრიდან მონაწილეობის მზარდი ინტერესი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არამხოლოდ ენერგიის ექსპორტზეა ორიენტირებული, არამედ, ციფრულ ინიციატივებზეც, რაც ხელს უწყობს ქვეყნების მდგრადობას იმ გზებით, რომლებიც ამჟამად არსებობს. „ეს არის მნიშვნელოვანი დრო, მნიშვნელოვანი მიღწევებით, როგორც შუა დერეფნის სამუშაოს, ასევე შავი წყალქვეშა ზღვის კაბელის პროექტის თვალსაზრისით,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.  

ზელენსკის უკრაინაში ევროპის თავდაცვის ცენტრის შექმნა სურს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის და აწარმოებს უფრო მეტ საბრძოლო მასალას, სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი დასავლური კომპანიების დახმარება, რომლებთანაც მას შეუძლია, ჭურვების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო სისტემების ერთობლივი წარმოება. გარდა ამისა, პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის იდეაზე, შექმნას თავდაცვის ცენტრი მის ტერიტორიაზე. ამისთვის, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მზადაა, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, გაამარტივოს ბიუროკრატიული პროცედურები და მომავალ საწარმოებს მიაწოდოს შეკვეთები. „ჩვენ მზად ვართ სწრაფად გადავწყვიტოთ და უკვე დავიწყეთ ამის გაკეთება, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს სისტემის შესაცვლელად, რადგან ომში ვართ," - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას.  

საჩხერის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.  

დარჩიაშვილი: საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არცერთი ქვეყანა არ არის. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოხერხდა და გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით ევროკავშირი მსჯელობს, როგორ დააახლოოს ქვეყნები, რომლებიც არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრები. ჩ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და პლატფორმაა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მექანიზმის საშუალებით საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ხელშესახები შედეგები მიიღო, რომლებიც გახდა საწყისი ძალიან საინტერესო განვითარებების. მთავარი გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე საქართველოდან, არის ის, რომ საქართველო მზად არის, მომავალში გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის რანგში თავისი კონტრიბუცია.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე, მრგვალი მაგიდის გარშემო ყველასგან მოდიოდა განწყობა, რომ ევროკავშირი საკმაოდ საინტერესოდ უყურებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს. „გზავნილები, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა ჩამოიტანეს იყოს, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა სწორედ ამ შესაძლებლობის, ამ პლატფორმის ფარგლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღონ კონკრეტული ხელშესახები შედეგები და გააგრძელონ მომავალში თანამშრომლობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც პლატფორმის მომავლის გარდა, იყო გზავნილები თითოეული ქვეყნიდან, თითოეული მინისტრისგან, რომ ისინი მიესალმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და მოლდოვისა და უკრაინისთვის მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს გვიქმნის ძალიან დიდ მოლოდინებს და დარწმუნებული ვარ, საბჭო სწორედ უახლოეს დღეებში, კვირის ბოლოსთვის მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, მე შემიძლია, დღეს ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო წევრი ქვეყნების ერთიანობა იყო საქართველოსთან მიმართებით და ეს გზავნილები ჩვენ მივიღეთ,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

ყაზახეთისა და თურქმენეთის პორტები რუმინეთის პორტ კონსტანცას, საქართველოს გავლით დაუკავშირდება

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია „ADY Container-ი, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია - COSCO SHIPPING Lines-თან თანამშრომლობით იწყებს ახალ სერვისს, რომელიც ყაზახეთის აქტაუს და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებს რუმინეთის კონსტანცის პორტთან დააკავშირებს.  „ADY Container“-ისა და COSCO Shipping Lines-ის თანამშრომლობისას ერთობლივი ტრანსპორტირება აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებსა და რუმინეთის კონსტანცის პორტს შორის სარკინიგზო და საზღვაო გზით განხორციელდება. საკონტეინერო მატარებლები აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებიდან საქართველოში, ბათუმის პორტამდე კასპიის ზღვისა და რკინიგზის გავლით გადაადგილდება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება COSCO Shipping Lines-ის მეშვეობით. ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი, აქტაუს და თურქმენბაშის პორტებსა და კონსტანცის პორტს შორის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობასა და ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებას სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებით ურუნველყოფს. საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან იწყება  

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება და დროის განახევრება შეუძლია

მსოფლიო ბანკი მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის განვითარებას. მსოფლიო ბანკმა ანალიზის ჩატარებით უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ანგარიში ყურადღებას ამახვილებდა აზერბაიჯანზე, ყაზახეთსა და საქართველოზე, როგორც შუა დერეფნის მთავარ აქტორებზე. „ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს. წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

როგორია პიროტექნიკის აფეთქებისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვს დაზიანებული აქვს სხეულის 10%, ასევე სასუნთქი გზები. „ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა," - ამბობს ქაშიბაძე. 10 წლის ბიჭი თბილისში გუშინ, 11 დეკემბერს კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რუსეთიდან ურანის იმპორტის ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსული ურანის იმპორტს აკრძალავს. კანონმდებლები ცდილობენ, მოსკოვზე ზეწოლა მოახდინონ უკრაინასთან ომის გამო, თუმცა კანონპროექტმა სენატის განხილვა უნდა გაიაროს და შემდეგ მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწეროს ხელი. ჯერ უცნობია, დოკუმენტს კენჭი წლის ბოლომდე ეყრება თუ არა. შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის იმპორტი გასულ წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ აკრძალა, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან კი, ფასის ზღვარი დააწესა. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის 15 მილიარდი ევროს მოზიდვას ცდილობს - FT

ბრიუსელი მიზნად ისახავს,  გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის სასარგებლოდ 15 მილიარდი გამოიყენოს. ეს საკითხი ბრისუელში 12 დეკემბერს განიხილება. წერს Finacial Times-ი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა დაახლოებით, 215 მილიარდი დოლარის აქტივები გააყინა რუსეთის ცენტრალური ბანკიდან. „საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იყოს უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ,” - წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა. Financial Times-ის ორი წყარო მაშინ ამბობდა, რომ ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაშია ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს. პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian

აშშ-ში ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წევრებმა და უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებმა ვაშინგტონში, ორშაბათს დაიწყეს ორდღიანი ღონისძიება, რომელსაც კონსერვატიული Heritage Foundation-ის ანალიტიკური ცენტრი უმასპინძლებს. „შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის მომავლის შესახებ დაძაბული დებატების ფონზე გაიმართება. სენატში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს გადაუდებელი ხარჯების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. უნგრეთის საელჩოსთან დაახლოებულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა: „ორბანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარება კონგრესში არ გავა. ამიტომ, ის ცდილობს, დაბლოკოს ევროკავშირის დახმარებაც,“ წერს The Guardian-ი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად  

ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა გააკეთეს. „ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წელია ახორციელებს, ათავისუფლებს რა ჩვენს მიწებს სომხეთის ოკუპაციისგან, დაიმსახურა ასეთი ტიტულის ტარების უფლება. მჯერა, რომ ამ მოსაზრებას ყველა აზერბაიჯანელი იზიარებს,“ - განაცხადა ბუდაგოვმა. 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრებმა რეგიონული როუმინგის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მონაწილეებმა როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას მხარი დაუჭირეს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი; ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი; ასევე, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს 2022-2023წწ. განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის იმსჯელეს ინიციატივის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობასა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე. დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობას. მინისტერიალის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს როუმინგის შესახებ რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებას.  მინისტერიალზე ევროკავშირის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს. ამასთან, ევროკავშირის და წევრი ქვეყნების  მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ; დადებითად შეფასდა ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით და გამოითქვა მზაობა საქართველოს შემდგომი დახმარებისთვის ამ პროცესში. მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმა მ/წ. 8 ნოემბრის ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც საქართველოს მიერ გაწეული ძალზედ ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აშკარა აღიარებას წარმოადგენს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები მხარს დაუჭერენ ევროკომისიის ამ რეკომენდაციას და 15 დეკემბერს კიდევ ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის ინდივიდუალური დამსახურებებისა და პროგრესის საფუძველზე, რაც გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მისი მხრიდან, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების პროცესში, მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მზადყოფნის გათვალისწინებით. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფორმატის ფარგლებში შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე და საქართველოს საფლაგმანო პროექტების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის მოსახლეობას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის. აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.  

ესპანეთის სახელმწიფო მდივანი: საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს

ევროკავშირის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. როგორც რიოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ესპანეთის, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარის წინადადება საქართველოს შესახებ დასკვნებში უნდა შეესაბამებოდეს კომისიის რეკომენდაციებს. „ვფიქრობ, რომ საბჭოში არ არის სირთულე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახავთ ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება კომისიის რეკომენდაციებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოსთვის საუკეთესოს იმედი მაქვს,“ – განაცხადა პასკალ იგნასიო ნავარო რიოსმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.

სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა. „ჩინეთი დიდი ხანია, რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს,“ - განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე. ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველია.  

მინისტრი: შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის

შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის. ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა. მინისტრის თქმით, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იყოს მიღებული. „ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს,“ – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.    

ლუქსემბურგელი მინისტრი: ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგნი არიან, შევახსენებ — ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგნი არიან, შეახსენებს, რომ ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. „ლუქსემბურგი ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა და როდესაც მე მოვუსმინე, არ მინდა პროვოკაციული ვიყო, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ამბობს: ვერ გავფართოვდებით, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება. მსურს უბრალოდ შევახსენო იმ ქვეყნებს, რომლებიც ამას აცხადებენ: შესაძლოა, დღეს ევროკავშირის წევრი არ ყოფილიყვნენ ჩვენ რომ იგივე მოსაზრება გვქონოდა, როდესაც ისინი კანდიდატები იყვნენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია“, - აღნიშნა ხავიერ ბეტელმა. უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციასთან და მიმდინარე კვირაში ვეტოს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ბეტელმა განაცხადა, რომ თუ ვეტო იქნება, ის უნდა იყოს დასაბუთებული. „როდესაც უნგრეთი გახდა წევრი, ჩვენ რომ დაგვესვა კითხვები, იყო თუ არა უნგრეთი საკმარისად მდიდარი ევროკავშირის წევრობისთვის, შესაძლოა, უნგრეთი დღეს წევრი არ ყოფილიყო. ასე რომ, ეს არის სოლიდარობის საკითხი, რათა დაინახო პარტნიორების პოტენციალი და დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ არ ვართ მარკეტში, რომ ვთქვათ : თქვენ გვაძლევთ, ჩვენ ვიღებთ და ჩვენ არ ვადგენთ ფასს. არის წესები და ჩვენ ამ წესებს უნდა მივყვეთ. თუ იქნება ვეტო, მინდა გავიგო, რატომ არის ვეტო, ის უნდა იყოს გამართლებული. მე ჯერ კიდევ ველოდები რეალურ მიზეზებს და არა სხვა მიზეზებს,“ - განაცხადა ხავიერ ბეტელმა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო მოახლოებულ სამიტსა და გადაწყვეტილებას, რომელიც, "ისტორიული მნიშვნელობისაა მთელი ევროკავშირის მომავლისთვის." „წინადადება მოუმზადებელია და ევროკომისიას თითქმის არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მთელ ასოციაციაზე," - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. ორბანის მოკავშირეები ვაშინგტონში, რესპუბლიკელებთან დახურულ შეხვედრას გამართავენ - Guardian  

აშშ-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში სამხედრო მრჩევლებს ხანგრძლივი ვადით განალაგებს

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო ლიდერები ეძებენ ახალ სტრატეგიას, რომლის განხორციელებაც, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. როგორც ამერიკული გამოცემა New York Times წერს, ახალი მიდგომისკენ სწრაფვა წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე ხდება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კრიტიკულ მომენტში ჩავიდა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე, კაპიტოლიუმში. „რესპუბლიკელთა მხარდაჭერა კიევისთვის ამერიკული ფინანსური დახმარების გაგრძელებისადმი შემცირდა. აშშ-ის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმაც კი გამოთქვა შეშფოთება, რომ თუ ომი მომავალ წელს გრძელვადიან ჩიხში შევა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უპირატესობას მოიპოვებს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვის განკარგულებაში ახლა მეტი ჯარი, საბრძოლო მასალა და რაკეტებია. მან გაზარდა ცეცხლსასროლი იარაღის უპირატესობა ბრძოლის ველზე, უპილოტო თვითმფრინავების ფლოტით, რომელთაგან ბევრი ირანის მიერ არის მოწოდებული. შეერთებული შტატები აძლიერებს უკრაინის მიმართ რჩევების მიცემას, მათ შორის, სამვარსკვლავიანი გენერლის გაგზავნით კიევში. ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო ოფიცრები აცხადებენ, რომ იმედოვნებენ, მომავალ თვეში ახალი სტრატეგიის დეტალებს შეიმუშავებენ. ამერიკელები უკრაინელებს უბიძგებენ კონსერვატიული სტრატეგიისკენ, რომელიც ფოკუსირებულია უკრაინის ტერიტორიის შენარჩუნებაზე, მომარაგებისა და ძალების შეგროვებაზე წლის განმავლობაში. უკრაინელებს კი, შეტევაზე სურთ გადასვლა, ხმელეთზე ან შორ მანძილზე დარტყმით, იმ იმედით, რომ მსოფლიო ყურადღებას მიიპყრობს,“ - წერს გამოცემა. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ფსონები უზარმაზარია. ახალი სტრატეგიისა და დამატებითი დაფინანსების გარეშე, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინას შეუძლია, ომი წააგოს. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პუტინი ფსონს დებს ამერიკის შემცირებულ მხარდაჭერაზე და მიუთითებს მის ბოლო განცხადებებზე, რომ თუ უკრაინას NATO-ს მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალა ამოეწურება, რუსეთი რამდენიმე დღეში გაიმარჯვებს. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინას ბრძოლა უფრო მკაცრი ბიუჯეტით მოუწევს. შეერთებული შტატების სამხედროების ნაწილს სურს, რომ უკრაინამ განახორციელოს სტრატეგია -  „შეაკავე და შეინარჩუნე“ - ფოკუსირება მოახდინოს ტერიტორიის შენარჩუნებაზე და 2024 წლისთვის იარაღის წარმოების უნარის განვითარებაზე. შეერთებული შტატები თვლის, რომ ეს სტრატეგია გააუმჯობესებს უკრაინის თვითკმარობას და შესაძლებლობას მისცემს კიევს, მოიგერიოს ნებისმიერი ახალი რუსული შეტევა.“ აღსანიშნავია, რომ ამერიკელები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გარკვეულ წარმატებაზე მიუთითებენ და მიიჩნევენ, რომ უკრაინას გარკვეულწილად შეუძლია, ამ წარმატებას დაეყრდნოს. „გენერალი კრისტოფერ კავოლი, ამერიკელი მეთაური ევროპაში, დიდ როლს თამაშობს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კოორდინაციით. პენტაგონმა ასევე გადაწყვიტა, უკრაინაში ხანგრძლივი დროით გაგზავნოს გენერალ-ლეიტენანტი ანტონიო აუგუტო, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას გერმანიაში მდებარე ბაზიდან ხელმძღვანელობს. გენერალი აუგუტო უშუალოდ იმუშავებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, რათა გააუმჯობესოს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული რჩევები,“ განაცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა. „მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არჩია, ქვეყანაში მუდმივად არ ჰყავდეს ამერიკელი სამხედრო მრჩევლები, გენერალ აუგუტოს ხშირი როტაცია კიევსა და მის გარეთ, ამ შეზღუდვის დასასრულისკენ მიისწრაფვის,“ - შენიშნავს NYT. „ამერიკელი ოფიციალური პირები ცდილობენ, მოამზადონ უკრაინელები მომავალი წლისთვის და ეუბნებიან მათ, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს, სავარაუდოდ, არ დაემთხვევა იმ სახის დაფინანსებას, რომელიც ვაშინგტონმა გასცა ომის პირველ ორ წელიწადში. მათ უნდა იბრძოლონ ჭკვიანურად და ეფექტიანად,“ - ამბობს მაიკლ კოფმანი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი თანამშრომელი, რომელიც უკრაინას ახლახან ეწვია. ის მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა და დასავლეთი სწორ ინვესტიციებს განახორციელებენ გრძელვადიანი სტრატეგიის განსახორციელებლად, მაშინ უკრაინამ შესაძლოა, ხელახლა გამოიყენოს თავისი უპირატესობა“.  

ხუნდაძე: სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. დეპუტატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება. „ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი შეიქმნას. ყოველდღიურად, არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს და გამჭვირვალე წესებს. ჩვენ არ გვსურს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო დამნაშავედ გამოვიყვანოთ. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში; საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ; ჩვენ უნდა დავადგინო წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებასა და აღადგენს ხალხის ნდობას; საჭიროა, შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ანალოგი,“ - განაცხადა ხუნდაძემ. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა, საქართველოში შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, „ფარას“ ევროპული ეკვივალენტი. „აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა გკითხოთ, არ მოგეწონათ? ტყუილად არ შეშინდეთ! ტყუილად არ შეკრიბოთ, კანონის წაუკითხავად გაპროტესტებისთვის, რუსთაველზე ხალხი და ნურც იმით დაკავდებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ დაამზადოთ და დაურიგოთ ახალგაზრდებს. ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემობრუნება თავიდან, ეს არის ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის EPP-ის ინიციატივა და მოკლე განმარტებითი მოწოდების ტექსტი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, „ფარას“ ევროპული ეკვივალენტის შექმნის შესახებ. ეს პრაქტიკულად, ამერიკულ-ქართულ-ევროპულ-რუსული კანონი, მხოლოდ, ერთი გამონაკლისით, ის რუსულია მხოლოდ საქართველოში. გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიანო, ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო; მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელია; იმასაც ამბობენ, რომ საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო; მათ ხალხის ნდობა სჭირდებათ და ხალხს მეტი ინფორმაცია მათზეო; ეს ყველაფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან თუ კარგად გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ?! ან თუ ვერ გაიგეთ, წაგეკითხათ მაინც და თუ წაუკითხავად დაგიკვეთეს პროტესტი, მაშინ ახალგაზრდებისთვის მაინც გეცდიათ, რომ 4 -გვერდიანი კანონი, რომელიც მხოლოდ 4 პუნქტისგან შედგებოდა, წაეკითხათ და არც მათ დასჭიდებოდათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა ქალაქის ცენტრში. არც იმ წესიერ ხალხს დასჭირდებოდა იმ ღამეს ბრძოლის ველზე ე.წ. სელფების გადაღება და სოციალურ ქსელში მტკიცებულებად განთავსება, რომ თქვენი მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ," - განაცხადა ხუნდაძემ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.  საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაიწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

15 დეკემბერს გამოიდარებს - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, 15 დეკემბერს გამოიდარებს - დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში 12-13 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, 14-15 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 15 დეკემბერს კი გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვაა მოსალოდნელი, 15 დეკემბერს კი გამოიდარებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერი: განათლების სისტემაში იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს, რაღაც ახლებური ხედვა ემსახურებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება, ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა წარმოადგინეს, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე.“ მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ეროვნული იდენტობა. დღეს პატივი გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ ესახება მთავრობას და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარება. ბატონმა გიორგიმ დანიშვნისთანავე ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დაამუშავა, წარმოადგინა თავისი ხედვა, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, სხვა სიმაღლეზე განათლების ყველა საფეხური და თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება სისტემაში, ვინაიდან, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. „500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი.“ „მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლების ზოგადად, უფრო მეტი ავტონომიურობა, როგორ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და გარკვეული უფლებების დელეგირება.  რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე, გვაქვს ხედვა, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა ის საქმე, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებით, ეს იყოს კარგად გააზრებული და რაც მთავარია, შედეგი მოიტანოს ყველა იმ ცვლილებამ, რომელსაც ვახორციელებთ. ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება, ძალიან ინტენსიურად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.