ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: ორბანს ვთხოვე, ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში და პასუხს ველი
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანსგან ელოდება, ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს, თუ რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში. ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტის მონაწილეებთან ერთობლივ პრესკონფერენციის დროს ზელენსკიმ ისაუბრა ორბანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ არგენტინაში შედგა. “ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებით ან განზრახ დაგეგმილი შეხვედრა იყო. დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული შეხვედრა უნდა დავაორგანიზოთ, ვინაიდან, საერთო საზღვრები გვაქვს, მეზობლები ვართ და უნდა ვილაპარაკოთ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მასთან წამოვწიე, სწორედ იმას ეხებოდა, რომ უნდა ვილაპარაკოთ, პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. სწორედ ამიტომ, უბრალოდ შეხვედრა გვჭირდება. ამ იდეისადმი ჩემს პოზიტიურ დამოკიდებულებას ვუჩვენებდი. მეორე, ვფიქრობ, რომ მართალი ვარ და გავაგებინე - ევროკავშირში უკრაინის წევრობის დაბლოკვის არანაირი მიზეზი არ აქვს. ვთხოვე ერთი მიზეზი მაინც დაესახელებინა. სამი არა, არც ხუთი, არც ათი, არამედ მხოლოდ ერთი მიზეზი და პასუხს ველი,” - განაცხადა ზელენსკიმ.
შოლცი: Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წლის ბოლომდე ამოქმედდება
ბერლინის მიერ ადრე დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში და 2023 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 13 დეკემბერს, იტყობინება RBC Ukraine. უკრაინამ გაზაფხულზე მიიღო ორი Patriot-ის სისტემა აშშ-დან და გერმანიიდან. შემოდგომაზე, შოლცმა პირობა დადო, რომ დამატებით პატრიოტ გაუგზავნიდა უკრაინას, რადგან მოკავშირეები ჩქარობენ ზამთრისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. შოლცმა აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 18,1 მილიარდით, მეორეა.
ერგნეთის შეხვედრაზე, გინტურის მკვლელების ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი დაისვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 116-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე. „ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, „სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული.“ თავის მხრივ, ოსურმა მხარემ, ირაკლი ანთაძის თქმით, დააყენა „დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით, რასაც გაეცა პასუხი და დასაბუთდა მათი უსაფუძვლობა." „ისინი შეეცადნენ, წარმოეჩინათ მკვლელობის ეს ბარბაროსული აქტი ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ და ყველა არსებულ ფორმატში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიების პრეროგატივაა მკვლელების იდენტიფიცირება. მისივე თქმით, "ოქროს მოწმემ", ლევან დოთიაშვილმა, ვერ შეძლო მკვლელების ამოცნობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი 5 მოქალაქის საკითხზეც და აღნიშნა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით "არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა." ქართული მხარის მოთხოვნა იყო მათი ოჯახებში დაბრუნება. ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას “ჯოჯოხეთური განადგურების“ შესახებ აფრთხილებს
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეას, დაუფიქრებელი ქმედებების საპასუხოდ, ჯოჯოხეთური განადგურებით ემუქრება. „ჩრდილოეთ კორეას მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - მშვიდობა ან განადგურება," - ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები ამ მშვიდობას ზიანს მიაყენებს, მათ მხოლოდ ჯოჯოხეთური განადგურება ელოდებათ." ეს განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სარაკეტო სარდლობა მოინახულა და განაცხადა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში სამხრეთ კორეა მტრის თავსა და გულზე სასიკვდილო იერიშს მიიტანს. სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები პარასკევს გამართავენ მოლაპარაკებებს ბირთვული შეკავების შესახებ, რაც ვაშინგტონის ვალდებულების ნაწილია, სეულს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მის გეგმებზე, ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც მათი 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან.
ზელენსკი: ჩვენ ვიბრძოლებთ დასავლეთთან ერთად ან მის გარეშე
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს დასავლეთის მხარდაჭერით ან მის გარეშე. „სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, 24 თებერვალს, ჩვენ ნამდვილად მარტო ვიყავით,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ნორვეგიაში, ოსლოში ვიზიტისას. „მაგრამ ჩვენ არ გავიქეცით, დავიწყეთ ბრძოლა, ასე რომ, როდესაც თქვენ ამბობთ, შესაძლებელია თუ არა დახმარების გარეშე... ეს შესაძლებელია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. „რა თქმა უნდა, დახმარების გარეშე ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ ვერ დამარცხდები, რადგან რადგან ერთადერთი რამ, რაც გაქვს - შენი სამშობლოა," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბორელი: დაპირებები უნდა შევასრულოთ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გაფართოებას ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკად მიიჩნევს. „ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები,“ – განაცხადა ბორელმა. ამასთანავე, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით. „საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით,“ განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
პრეზიდენტი: არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს
„ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის - არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს,“ მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, აურიოს გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მცდელობები 15 დეკემბერს უშედეგო აღმოჩნდება. „ჩვენ 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ველოდებით. ველოდებით იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი გამოწვევა. მართალია, კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ იქნება შესრულებული, იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე, ყველაფერს ცდილობს, რომ აურიოს ეს გეგმა. ეს მისთვის ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა, ეს სივრცე მართლაც შევა ევროპულ ოჯახში და ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა, ამიტომ არის მცდელობები, რასაც ვხედავთ დღეს, გუშინ. იმედი მაქვს, ეს უშედეგო აღმოჩნდება 15 დეკემბერს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება, ასევე, პოზიტიური არა მხოლოდ საქართველოსთვის, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ იქნება მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. იმიტომ, რომ ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის. ეს არის გზავნილი, რაც მინდა გავიდეს ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ასევე, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რამეთუ მათი გადაწყვეტილებები, ასევე, ამ დღეებში უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ, არცერთს - არც აქ ჩვენ, არც თქვენ იქ, სადაც ხართ, არ გვაქვს უფლება, რომ დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს. ამიტომ დღეს გზაჯვარედინია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე და იმედი მაქვს, რომ ორ დღეში ვიზეიმებთ, როგორც დავიწყეთ ზეიმი 8 ნოემბერს, გავაგრძელებთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
გადამწყვეტ სამიტამდე, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბკლოკა
ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამასთან, ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი. ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ევროკომისიის ცნობით, ამგვარად უნგრეთს შეუძლია, ქვეყნის განვითარებისთვის 10,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რომელზეც გაფართოების საკითხი განიხილება. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავს. იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი აცხადებს, რომ უნგრეთის ამჟამინდელი რეფორმები სრულად შეესაბამება შეთანხმებულ მოთხოვნებს. „ჩვენ მივიღეთ საკმარისი გარანტიები, რათა ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უნგრეთში გაძლიერდა,“ – განაცხადა ევროკომისარმა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს ისევ შეხვდებოდა ვიქტორ ორბანს. პარალელურად, ზელენსკი ელოდა ორბანის პასუხს კითხვაზე, რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში. რა შემთხვევაში გააუქმებს უნგრეთი ვეტოს უკრაინის დახმარებაზე ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.
მიშელი: ევროპული საბჭოს სხდომა რთული იქნება, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ევროპული საბჭოს სხდომა იქნება რთული, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ, მე ყველა მხარის კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნების იმედი მაქვს, რომ გავხდეთ უფრო ძლიერები, დავიცვათ ფუნდამენტური ინტერესები,“ განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე. ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი სხდომა იქნება კომპლექსური შეხვედრა და მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირისთვის. მას უნგრეთის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. „დღეს შევხვდები ვიქტორ ორბანს. თქვენ იცით, რომ მე ვმუშაობ დღე და ღამე, რომ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილებები, რადგან დღის წესრიგის საკითხები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ევროკავშირის პოლიტიკური პროექტის მომავლისთვის. ამიტომ, აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება, ყველა მგრძობიარე საკითხის და წუხილის გათვალისწინება, მაგრამ ამასთან, უნდა ვიყოთ ერთიანები და გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გაფართოების სფეროში. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. სწრედ ამას ავუხსნით დღეს ჩვენს მეგობრებს დასავლეთ ბალკანეთიდან, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება უნდა იყოს გათვალისწინებული. თქვენი იცით ჩემი პირადი შეხედულება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გაფართოებისთვის 2030 წლისთვის. ეს არის მკაფიო ამბიცია და ეს მოითხოვს ბევრ ძალისხმევას ორივე მხარეს. ევროკავშირში არსებობს ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ჩაწერილია შეთანხმებაში. ზოგიერთი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია ერთსულოვნება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ შეთანხმებებს, როდესაც ვცემთ პატივს კანონის უზენაესობას. შეიძლება, ვიდებატოთ იმის შესახებ, რომ ერთ დღეს შეიძლება, მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების წესის ადაპტაცია. ეს დებატი ჩვენ წამოვიწყეთ ლიდერებთან, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ვიყოთ ევროპის ერთიანობის დამცველები. ეს არის ევროპული საბჭოს როლი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის განსხვავებული მოსაზრებები, მნიშვნელოვანია, ყველას ვცეთ პატივი, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ უთანხმოების დაძლევა და ერთიანი პოზიცია. ჩვენ ძლიერები ვართ, როცა ერთიანები ვართ. არ წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ეს საბჭოს სხდომა იქნება რთული, მაგრამ მე არ ვნებდები, ბევრს ვიმუშავებთ და მე ყველა მხარის კოლექტიური პასუხისმგებლობის შეგრძნების იმედი მაქვს, რომ ჩვენ უფრო ძლიერები და გავლენიანები გავხდეთ, რომ დავიცვათ ფუნდამენტური ინტერესები ყველგან ევროკავშირში,“ – განაცხადა შარლ მიშელმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ.
დანია უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს: რას მოიცავს პაკეტი
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის თითქმის 1 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას ამზადებს. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მეორე სამიტის მონაწილეებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, მისი მთავრობა პარლამენტს ახალ სამხედრო პაკეტს წარუდგენს. მისი თქმით, თუ დანიის პარლამენტი დაამტკიცებს ამ პაკეტს, დახმარებაში შევა საბრძოლო მასალები, ტანკები, დრონები და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ან ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება ბრძოლის ველზე. „ახლა ომით გადაღლის დრო არ არის, როცა მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღე იბრძვიან,“ - ხაზგასმით აღნიშნა ფრედრიქსენმა. ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს. "ეჭვგარეშეა, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას, ვიდრე ეს საჭირო იქნება," - აღნიშნა დანიის პრემიერმა. დანია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველ პარტიას უკრაინაში 2024 წლის მარტ-აპრილში გაგზავნის.
პრეზიდენტის კამპანიას - „ჩვენი ხმა ევროპას“, სააკაშვილი და მარგველაშვილიც შეუერთდნენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის, პეტიციას ხელი თავადაც მოაწერა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. „მე მიმაჩნია ანომალიად, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს მოქმედი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკოსი. ინსტიტუტების პატივისცემა გულისხმობს არა უბრალოდ პოლიტიკოსების, არამედ ამ ინსტიტუტების დამკავებელი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობის მიცემას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. "ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" გავრცელებულ გზავნილში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერას ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები სიმბოლურად გადასცა.
ჯო ბაიდენი რესპუბლიკელებს: თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რესპუბლიკელებს, დაამტკიცონ დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის და ეს გააკეთონ სადღესასწაულო დასვენებამდე. ბაიდენმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას, დაფინანსების დაბლოკვასთან დაკავშირებით, მხოლოდ რუსი პროპაგანდისტები იწონებენ. „პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვა-სიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ,” - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ მან 13 დეკემბერს თეთრ სახლში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტს და განაცხადა, პუტინისთვის საშობაო საჩუქარი იქნებოდა, თუ უკრაინის დახმარება დაიბლოკება.
უნგრეთში მიიღეს სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნგრეთი ითვალისწინებდა მკაცრ ჯარიმებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ საარჩევნო კამპანიისთვის. გათვალისწინებულია, შეიქმნას სუვერენიტეტის დაცვის უწყება ფართო საგამოძიებო უფლებამოსილებით. რადიო თავისუფლების უნგრული სამსახურის ცნობით, კანონი ძალაში პირველი თებერვლიდან შევა. მიღებული ზომები ხელს შეუწყობს უნგრეთის პოლიტიკურ საქმეებში საგარეო ჩარევის თავიდან აცილებას. მაგრამ ადგილობრივი კრიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ცვლილებები შეზღუდავს კრიტიკას, ისევე როგორც რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. უნგრეთში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიების უცხოეთიდან დაფინანსება აიკრძალოს ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შორის კრემლისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილად ითვლება. ის არაერთხელ გამოსულა უკრაინაში ომის დასრულების მხარდაჭერით, თუნდაც ამას უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობები დასჭირდეს. უნგრეთი კიევს არ უწევს სამხედრო დახმარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ახლა არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
საახალწლო ღონისძიებებისთვის მოსამზადებელ პერიოდში, რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება. კერძოდ, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაიკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი. თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზონა ასევე, გათავისუფლდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე. აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან, ტ. შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით; აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით; რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან, ა. ჯორჯაძის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობა დასაშვები იქნება გ. ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით. 15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, განხორციელდება სატრანსპორტო მოძრაობის სრული შეზღუდვა და საპარკინგე ზონის გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები). რუსთაველის გამზირიდან - ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ნ. ვაჩნაძის (ლ. გუდიაშვილის შესახვევი) ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან (გ. ჭანტურიასა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან) თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება - ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ა. ფურცელაძის ქუჩებიდან. თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის ქუჩების გამოყენებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით. რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების - N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ; უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლისკენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
მეცოლა: ვიმედოვნებთ, არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, ევროკავშირის გაფართოება ორმხრივი სარგებელია
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერია. „ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება იყო ყველაზე წარმატებული და ძლიერი ინსტრუმენტი. ეს არის ორმხრივი სარგებელი ყველასთვის. ჩვენ ეს წარსულში ვნახეთ. დღეს ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ წრეზე სიარულს, რადგან თუ ჩვენ ვიძლევით იმედს, ამას თან უნდა ახლდეს ხელშესახები და კონკრეტული შედეგები. სხვა შემთხვევაში, იმედი გაქრება და მეორე, ამ სიცარიელეს შეავსებენ ისინი, ვინც ხელს უწყობს არასტაბილურობას ჩვენს უშუალო სამეზებლოში. ეს არცერთ ჩვენგანს არ სურს. ჩვენ დღეს და ხვალ გავაგზავნით მკაფიო შეტყობინებებს. როგორც მანამდე ვთქვით, ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციას პირველ რიგში უკრაინასა და მოლდოვაზე, ასევე საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდეგი ნაბიჯების განხილვას,“ – განაცხადა რობერტა მეცოლამ. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.
აშშ-მ „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ "ჰამასის" 8 „ოფიციალურ პირსა“ და მათ ხელშემწყობებს ახალ სანქციებს უწესებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ავრცელებს. 7 ოქტომბრის შემდეგ ეს სანქციების მეოთხე რაუნდია. „შეერთებული შტატები დღეს უწესებს სანქციებს "ჰამასის" რვა ოფიციალურ პირს და ფასილიტატორს მათი ქმედებების გამო, რომლებიც წარმოადგენენ ჯგუფის ინტერესებს საზღვარგარეთ და მართავენ მის ფინანსებს. ეს არის სანქციების მეოთხე რაუნდი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ "ჰამასის" 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის შემდეგ. ორ თვეზე მეტი ხნის წინ, "ჰამასმა" ღაზას ტრაგიკული ომი მოუტანა და ღაზაში ხალხის ტანჯვა გააძლიერა და გააგრძელა მის მიერ შექმნილი კრიზისის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ მჭიდროდ შევათანხმეთ ეს ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელიც პარალელურად მიზნად ისახავს "ჰამასის" რამდენიმე მთავარი ოფიციალური პირის დასანქცირებას. შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცედ დგანან ჩვენს ვალდებულებაში, გაანადგურონ ქსელები, რომლებიც მხარს უჭერენ "ჰამასის" დაფინანსების ნაკადებს, როგორც ჩვენი მუდმივი ძალისხმევის ნაწილი მისი ტერორისტული აქტივობის პრევენციისა და შეკავების მიზნით. ხაზინის დეპარტამენტი ატარებს ამ მოქმედებებს 13224 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად," - წერს მილერი.
სკანდინავიის ქვეყნების ლიდერები: პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ომს ვერ მოიგებს
ნორვეგია, დანია, ისლანდია, ფინეთი და შვედეთი ახლა უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გაუწევენ უკრაინას სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტორემ ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლადიმირ ზელენსკისთან და დანიის, ისლანდიის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, ხაზი გავუსვა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ერთიანობას სკანდინავიური ქვეყნების მოსახლეობას შორის,” - განაცხადა სტორემ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა „ძალიან სერიოზულია.” „ეს არის გადამწყვეტი დრო უკრაინის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის. მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ ზამთარს, ომის დროს მეორე ზამთარში, სასწრაფო დახმარებაა საჭირო. ხვალ, შვედეთის მთავრობა დაამტკიცებს ზამთრის პაკეტს თქვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, მტკიცე სკანდინავიური მხარდაჭერა გაგრძელდება,”- განაცხადა კრისტერსონმა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა თავის მხრივ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან და ახლა არის მომენტი, როდესაც უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდება - როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომავალ წლებში. „ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა ავიღოთ უსაფრთხოების გრძელვადიანი ვალდებულება. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ მას არ შეუძლია ამ ომში გამარჯვება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით," აღნიშნა ფრედერიქსენმა. ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით გამოყო 273 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ნორვეგიის მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული დახმარების ნაწილია. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. ზელენსკი ნორვეგიაში 13 დეკემბერს ჩავიდა. მანამდე ის ჯერ არგენტიაში და შემდეგ აშშ-ში იმყოფებოდა.
ხანგრძლივი დავის შემდეგ გერმანიის მთავრობა ბიუჯეტზე შეთანხმდა
13 დეკემბერს გერმანიის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ბერლინს არ დასჭირდა კონსტიტუციის გათვალისწინებული ნორმის დროებით შეჩერება, რომელიც ახალი ვალების აღებაზე ლიმიტს აწესებს. ამის გამო, გერმანიის საექსპერტო წრეების ნაწილში გაჩნდა შეშფოთება, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ევროპის წამყვანი ეკონომიკის ზრდა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიულ კოალიციას ჰქონდა არჩევანი - ერთი წლით შეეჩერებინა საკონსტიტუციო ჩანაწერი ვალის შეზღუდვის შესახებ და ახალი სუვერენული სესხი აეღო, ან დაახლოებით 17 მილიარდი ევრო სხვა საბიუჯეტო ხარჯებიდან დაეზოგა. შოლცის კოალიციას ეს გამოწვევა მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოემბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ბიუჯეტის კანონპროექტი დაბლოკა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულმა მოლაპარაკებებმა კოალიციის დაშლის ეჭვიც კი გააჩინა. თუმცა, ოთხშაბათს დილის 5 საათზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საინვესტიციო თანხები ბიუჯეტის სხვა სეგმენტების საფუძველზე მოიპოვონ და ახალი ვალი არ აიღონ. შოლცმა, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერია, თქვა, რომ ვალის შეზღუდვის შეჩერება შეიძლება კვლავ გახდეს საჭირო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მეტი დაფინანსება დასჭირდება რუსეთის აგრესიის ომში თავის დასაცავად. მან ეს განცხადება ევროკავშირის სამიტზე გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. სამიტზე კიევის მხარდაჭერა დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.
NATO-მ სამხედრო ბიუჯეტი 12%-ით გაზარდა
მოკავშირეებმა NATO-ს 2024 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტები ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე შეათანხმეს. სამოქალაქო ბიუჯეტი განისაზღვრა 438,1 მილიონი ევროთი, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი 2,03 მილიარდი ევრო იქნება, რაც 2023 წელთან შედარებით,18,2% და 12% ზრდას წარმოადგენს. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს დაფინანსების გაზრდა და გაფართოება მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტიანად გადაჭრას უსაფრთხოების საერთო გამოწვევები. „საერთო დაფინანსება მოკავშირეთა სოლიდარობასა და კოლექტიური ნების დემონსტრირებას ახდენს. ტურბულენტურ დროში, ჩვენ გვჭირდება ეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა ჯოანამ. 2022 წელს მადრიდის სამიტზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ, ალიანსში მეტი ინვესტიცია განახორციელონ. 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე თავდაცვის გაძლიერების შესახებ განაცხადეს. NATO-ს სამოქალაქო ბიუჯეტი ითვალისწინებს დაფინანსებას NATO-ს შტაბ-ბინისა და მისი საერთაშორისო პერსონალის, საოპერაციო და პროგრამული ხარჯებისთვის. სამხედრო ბიუჯეტი ფარავს NATO-ს სარდლობის სტრუქტურის შტაბ-ბინების, მისიებისა და ოპერაციების ოპერაციულ ხარჯებს მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება NATO-ს უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა (NSIP), ის მოიცავს სამშენებლო, მართვისა და კონტროლის სისტემის ძირითად ინვესტიციებს. NSIP-ის 2024 წლის ზღვარი იქნება 1.3 მილიარდი ევრო, რაც 30%-იანი ზრდა 2023 წელთან შედარებით.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა კარგია საქართველოს განვითარებისთვისაც - მიშელი
ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ევროკავშირის მსგავსად, აშშ-შიც საუბრობენ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.