ძებნის რეზულტატი:

ევროკომისარი ვარჰეი: საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მიიღეს, არის ფუნდამენტური გაფართოების პოლიტიკის ნებისმიერი პროგრესისთვის, ასევე, გაფართოების წინსვლისთის. მისივე შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი წელი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის. „მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით არამხოლოდ საბჭოსთვის წინადადების წარდგენა, არამედ, ასევე გადაწყვეტილებებია მიღებული. ვფიქრობ, საბჭოს დასკვნამ დიდწილად დაადასტურა ყოვლისმომცმველი ანგარიში, რომელიც წარვუდგინეთ საბჭოს 10 კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით. პირველად ჩვენ გვაქვს 10 ქვეყანა, რომელთა შესახებაც ანგარიში მოვამზადეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ანგარიშები და რეკომენდაციები ქვეყნების დამსახურებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იყო საბჭოს მიერ. ეს ასევე აჩვენებს, რომ სამუშაო, რომელიც შესრულდა საბჭოსთან ერთად, შედეგებს იღებს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ეს ასახული ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყველა ველოდებით ამ კვირაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ვარჰეის თქმით, საქართველომ გრძელი გზა გაიარა, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვარჰეის თქმით, მისი გზავნილი საქართველოს ხალხისა და მთავრობისადმი არის, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის. „ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის,“ – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 8 ნოემბერს ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები.  

ზელენსკი კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ აშშ-ის დახმარება 2024 წელს გაგრძელდება

კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი, 2024 წელს გაგრძელდება. „მადლობელი ვარ აშშ-ის კონგრესის ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინისთვის უზრუნველყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. მე ვაცნობე სპიკერ ჯონსონს უკრაინის მიღწევების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებული მიწის ნახევრის გათავისუფლების, შავი ზღვისთვის ბრძოლაში გამარჯვებისა და ქვეყნის რეფორმირების შესახებ, რათა ის მომავალში თვითკმარი გახდეს. მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან დახმარება გაგრძელდება 2024 წელს,“ ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, Wall Steet Journal-ის ცნობით, ჯონსონმა დღეს გაიმეორა, რომ მან არაერთხელ სცადა თეთრ სახლთან დაკავშირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებოდა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია რესპუბლიკელთა შეშფოთებას. სხვა საკითხებთან ერთად, უფრო ცენტრისტი რესპუბლიკელები ცდილობდნენ სიცხადეს უკრაინაში გამარჯვების სტრატეგიაში და გარკვევას, მოიცავდა თუ არა გამარჯვება როგორც ყირიმის აღდგენას, რომელიც უკანონოდ ანექსირებულია რუსეთის მიერ 2014 წლიდან, ასევე დონბასის. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ თეთრ სახლს მსგავსი დეტალები არ მოუწოდებია. ჯონსონმა თქვა, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან იყო "კარგი", მაგრამ მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე, რომ საზღვრის საკითხი უნდა იყოს მთავარი აქცენტი და მოითხოვა თეთრი სახლისგან მეტი სიცხადე უკრაინის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჯონსონი ამტკიცებს, რომ თეთრმა სახლმა ვერ შეძლო მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება და ამ ეტაპზე ეს საკითხი სენატისა და თეთრი სახლის გადასაწყვეტია.  რას ითხოვენ რესპუბლიკელები რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

ბაიდენი ზელენსკის: აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლახან მოაწერა ხელი ბრძანებას უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ. ბაიდენი ამბობს, რომ დახმარების შეფერხება, პუტინისთვის "საშობაო საჩუქარი“ იქნება.  „ჩვენ ვაპირებთ, თქვენ გვერდით დავდგეთ,“ განუცხადა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მოკლედ ისაუბრა ოვალური კაბინეტიდან, სადაც მადლობა გადაუხადა ამერიკას და სხვა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მან თქვა, რომ „უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს“ რუსეთთან და კონკრეტულად ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება, რომელიც ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საკვანძოა.  

ბაიდენი: უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში და მთელი ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამის შესახებ ბაიდენმა სამშაბათს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს. კონგრესში და თავად ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას, ისევე როგორც მე, ესმის, რომ უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა ბაიდენმა. მას მიაჩნია, რომ „ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც თავს იკავებს თავისუფლების მხარდაჭერისგან.“ „სასწორზე დევს უკრაინის თავისუფლება, მაგრამ თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს, ყველას თავისუფლება თითქმის ყველგან იქნება რისკის ქვეშ. პუტინი გააგრძელებს წინსვლას და სხვა აგრესორები ყველგან შეეცდებიან ძალით აიღონ ის, რაც შეუძლიათ," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

ზელენსკი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას, დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს სრულ მხარდაჭერაში

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების კონგრესში, დაარწმუნეს ის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაში. ამის შესახებ ზეელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ბევრი ვილაპარაკე ორივე პარტიის წარმომადგენლებთან. დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს სრულ მხარდაჭერაში", - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ყოველთვის სჯეროდა მისი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის. „ვივარაუდოთ, რომ ასე გაგრძელდება და უკრაინა მარტო არ დარჩება ისეთი ავტოკრატიული ტერორისტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის თავისი ტერიტორიის დათმობას, რადგან მან უნდა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ძალადობისგან. „როგორ შეიძლება, უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე. ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ღმერთს და ეს ნამდვილად არ იქნება ქრისტიანული საქმე, რადგან ჩვენი ხალხი, ოჯახები, ბავშვები იქ ცხოვრობენ, ისინი უკრაინული საზოგადოების ნაწილია,“- განაცხადა ზელენსკიმ და უპასუხა კითხვას ომის დასრულების მიზნით შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ.  

რა შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ შტატები კიევს კიდევ 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს. მოგვიანებით პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საშუალებებს საჰაერო თავდაცვის სისტემის, არტილერიისა და მძიმე ტექნიკისთვის. მათ შორისაა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები AIM-9M, საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin-ი და AT-4 და სხვა. თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები. უკრაინის სამხედრო დახმარების მხრივ, პირველ ადგილზეა აშშ $46,3 მილიარდით; მეორეზე - გერმანია $1,18 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია.  

Reuters: რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის გამოყენებული ძალების 90%-მდე დაკარგა

Reuters-ი ამერიკული დაზვერვის მონაცემების მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა. ამერიკული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი სამხედროების მიერ მოსკოვის პირადი შემადგენლობისთვისა და ჯავშანტექნიკისთვის მიყენებულმა დანაკარგებმა რუსული სამხედრო მოდერნიზაცია 18 წლით უკან გადაწია. წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებით, რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა 360 000 სამხედრო მოსამსახურით დაიწყო. მას შემდეგ, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან 315 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლულ ან დაჭრილ იქნა, რაც სრული შემადგენლობის დაახლოებით 87%-ს შეადგენს. გამოცემის წყაროს თქმით, ხსენებულმა დანაკარგებმა რუსეთი აიძულა, სამხედრო გაწვევის სტანდარტები შეესუსტებინა და ნასამართლევი და ასაკიანი პირების გაწვევა მოეხდინა. „რუსეთმა ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის 1,300 ერთეული დატოვა, და დანაკარგების შევსება 1970-იან წლებში წარმოებული T-62 ტანკებით უწევს,“ - წერს Reuters-ი. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს ომს.  

ერევანი სამიტს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას - მედია

14-15 დეკემბერს სომხეთში, ქალაქ ერევანში, რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით, სამიტი გაიმართება. სომხური მედიის ცნობით, შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება იქნება სომხეთში, რომელიც გაეროსთან ერთად ჩატარდება. მათივე ცნობით, ერევნის შეხვედრას დაესწრება 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის ბოტსვანის და ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზიმბაბვეს, ესვატინისა და ლესოტოს ტრანსპორტის მინისტრები, მალავის ტურიზმის მინისტრი, საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები დ ტაჯიკეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანსპორტის მინისტრების მოადგილეები. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განსაკუთრებით გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებად ქვეყნებში. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ECE) აღმასრულებელი მდივანი ტატიანა მოლჩეანი, TRACECA-ს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი და WTO-ს (მსოფლიო სავაჭო ორგანიზაცია) გენერალური დირექტორის მოადგილე. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივნები, ასევე, გაეროს ოფიციალური პირები სიტყვით გამოვლენ ვიდეოზარის საშუალებით.  

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 9%-ით გაზარდა - მინისტრი

აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. მისივე თქმით „ევროპაში ექსპორტირებულია 10,85 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 8,7 მილიარდი კუბური მეტრი, საქართველოში – 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. „ამ პერიოდის განმავლობაში TANAP-მა თურქეთს 5,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).  

პრემიერი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის. როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. „პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი. საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის - ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- ნათქვამია წერილში. ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ასევე უგზავნის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს. „საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან,“ - წერს ღარიბაშვილი მიშელს.  

რუსული ძალების მიერ კიევის დაბომბვისას დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

რუსების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადგილზე წითელი ჯვარი მუშაობს, დაშავებულებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დაშვებულთა რაოდენობა 51-ია, რომელთაგან 6 ბავშვია. დაშავებულთა შორის ყველაზე უფროსი 80 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი 5 წლის არის. დესნიანსკის რაიონში ცეცხლი ცხრასართულიანი კორპუსის მე-7 სართულსა და შენობის ეზოში მყოფ 8 მანქანას გაუჩნდა, რის შემდეგაც იქ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. საცხოვრებელი კორპუსიდან 17 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 7 ბავშვია.  

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. გენერალური ასამბლეის მიერ 13 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციას, რომლის შესრულება სავალდებულო არ არის, მხარი დაუჭირა 153-მა ქვეყანამ. მომხრეებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, იაპონია, მექსიკა და ინდოეთი. წინააღმდეგი იყო 10, მათ შორის თავად ისრაელი და აშშ. თავი შეიკავა 23-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ, ლიეტუვამ, გერმანიამ, იტალიამ, უნგრეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. რეზოლუცია -  „სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და სამართლებრივი და ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულება“, მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვას, ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა რეზოლუციას, რომელშიც „ჰამასი“ ნახსენები არ არის, თვალთმაქცური უწოდა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხელს აძლევს მხოლოდ ტერორისტებს და სასიკვდილო განაჩენი იქნება უამრავი ისრაელელისა და თავად ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის. ამ პოზიციას მხარი დაუჭირა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა. მისი შეფასებით, საუკეთესო შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში - სახიფათო ისრაელელების და ასევე, პალესტინელებისთვის, რომლებიც იმსახურებენ „ჰამასისგან“ გათავისუფლებას და უკეთეს მომავალს. ისრაელსა და „ჰამასს“ (აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგფებად არის აღიარებული) შორის საომარი მოქმედებები 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.  

პრემიერი პედრო სანჩესს: არ ვეძებთ მოკლე გზებს - მტკიცედ გვაქვს განზრახული, დავაჩქაროთ აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს, პედრო სანჩესს წერილს უგზავნის. ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთი და ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს გვერდით დგომას გააგრძელებენ. „ნება მომეცით, გამოვხატო მადლიერება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი ქვეყნისა და პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი გვერდი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო და დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ყველაზე გულწრფელი მადლიერება გრანადაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის III სამიტის მასპინძლობისთვის, რომელმაც ყველას მოგვცა დროული შესაძლებლობა, განგვეხილა ევროპისთვის აქტუალური საკითხები. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ არ ვეძებთ მოკლე გზებს. ჩემი მთავრობა სრულად მობილიზებული რჩება და მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 2012 წლიდან საქართველომ ძლიერი ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომისთვის. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. 2022 წლის ივნისის შემდეგ საქართველომ ასევე გამოავლინა უძლიერესი ნება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებულია ევროკომისიის დასკვნაში, რაც ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენმა მთავრობამ მიაღწია კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც გადაიზარდა საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და პროგრესულად მოვსულიყავით თანხვედრაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შედეგად მოხარულნი ვიყავით ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს იმ დადებითი შეფასების საფუძველზე, რაც ასახულია ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკეში გაფართოების პოლიტიკის შესახებ და თანდართულ ანგარიშში საქართველოს შესახებ. კომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ესპანეთი და ევროკავშირი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის დასაყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რაც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით თქვენი ქვეყნისა და ევროკავშირისადმი გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ესპანეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება,“ - აღნიშნულია წერილში.  

სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს

სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. მოსკოვი სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟს განიხილავს, როგორც ბულგარეთის მტრულ ნაბიჯს, რომელიც “აუარესებს ორმხრივ ურთიერთობებს.“ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. წლების განმავლობაში კამათის და პროტესტის შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საბჭოთა არმიის ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ძეგლის დანგრევის მიზეზი, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ქანდაკებების ცუდი მდგომარეობაა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ცნობილია, რომ რესტავრირებული ბრინჯაოს ფიგურები სამუშაოს დასრულების შემდეგ მუზეუმში განთავსდება. Euronews-ის ცნობით, ძეგლის დემონტაჟის საკითხი 90-იანი წლების შუა ხანებიდან დადგა და ყველაზე მწვავედ ეს თემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაისვა.  

ერგნეთში, IPRM-ის შეხვედრაზე განხილვის თემა თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 116-ე შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმე იქნება. შესაბამისი განცხადება შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. „თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული. უნდა მოხდეს მკლელების მიმართ სამართლის აღსრულება, ყველაზე ლოგიკური გზაა მკვლელების გადმოცემა. [მკვლელები] იდენტიფიცირებულნი არ არიან, "ოქროს მოწმემ" ვერ ამოიცნო," - განაცხადა ანთაძემ. ანთაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 37 მოქალაქე. მათ შორის ხუთი პირველ ნოემბერს გამართული 115-ე შეხვედრის შემდეგ. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე​ ამბობს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციტენტი - მათ შორის, უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, რასაც წინ უძღოდა, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.  

აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე სანქციები მკაცრდება, შესაბამისი კანონი კი მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა. „კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მერმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან აღნიშნული კანონი. „გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კანონის მიხედვით: ა) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით; ბ) იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით; გ) მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.  

რა წერია საქართველოს შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გაფართოების შესახებ მიღებულ დასკვნაში

ევროკავშირის საბჭომ გაფართოების შესახებ დასკვნა მიიღო. დოკუმენტი მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ექვს პარტნიორს, თურქეთს და - პირველად - უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. საქართველოს შესახებ დოკუმენტი 11 პუნქტს შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ საბჭო ითვალისწინებს კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ; მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელის ამ საკითხზე ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად და შეუქცევადად, რათა შემდგომი ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ წინ წავიდეს. საბჭო დადებითად აღნიშნავს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. საბჭო მიესალმება კარგ საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობას და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, დამკვირვებელ ორგანიზაციებს და იხსენებს, რომ ეს ელემენტები საქართველოს აძლევს მყარ საფუძველს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებში წინსვლისთვის. რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძვლებს, საბჭო განსაკუთრებით აღიარებს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. საბჭო მთლიანობაში მიესალმება საქართველოს მზადყოფნას წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება.  საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი. გარდა ამისა, საბჭო იხსენებს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, თავისუფლად იმოქმედოს და აქტიური, ინკლუზიური და შინაარსიანი მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს უზრუნველყოფს რეფორმების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით. საბჭო ასევე ხაზს უსვამს დეზინფორმაციასთან; უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; მოუწოდებს საქართველოს, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიზნით.  საბჭო იმეორებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სასამართლო, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს. საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების სისტემური მიდგომით განხორციელებას. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, საბჭო იხსენებს, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მყარი ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად განახორციელოს ეუთო/ODIHR და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები. საბჭო იმეორებს, რომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების. ასევე, LGBT პირები უნდა დაიცვას დაშინებისგან, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან. საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რჩება მტკიცედ ერთგული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.  საბჭო ხაზს უსვამს მოლოდინს, რომ საქართველო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან შესაბამისობას არსებითად გაზრდის. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ქმედებების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის, რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების შემთხვევაში, რათა ამ ზომების გვერდის ავლა არ მოხდეს.  

პაველ ჰერჩინსკი: დღეს მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით - ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს. „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ - ელჩი ამ სახელწოდების პუბლიკაციის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა. „ევროკავშირი, სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას უკვე 10 წელია რაც მხარს უჭერს. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების ფლაგმანს წარმოადგენს. ამჟამად, ჩვენი თანამშრომლობის შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კონტექსტში ჩვენ მეოთხე ეტაპზე ვიმყოფებით. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საკვების უსაფრთხოების ჰოლიტიკურ მიდგომაზე ახდენს ფოკუსს. საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირის საკვები პროდუქციის ხარისხის რეგულაციებსა და სტანდარტებს. ევროკავშირთან დაახლოებამ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის განვითარების საშუალება მისცა და შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა,“ - აღნიშნა ჰაველ ჰერჩინსკიმ. ჰაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქციის მწარმოებელთა მდგრადობის შენარჩუნება. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო წუხილი, რომელსაც ვიზიარებთ და ევროკავშირის ყველა წევრმა და საქართველომ უნდა მოაგვაროს, არის სოფლებში თაობათა განახლება. სოფლის მეურნეობის სექტორი კონკრეტულ ყურადღებას საჭიროებს, რომ კვების პროდუქციის მწარმოებლების მდგრადობა შევინარჩუნოთ და უკან არავინ ჩამორჩეს. დღევანდელმა პუბლიკაციამ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმავოს, რათა სოფლის მეურნეობის მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას. ამის გაკეთება კარგი პრაქტიკით, ახალი ტექნოლოგიებით, და ბუნების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტით შეიძლება, რათა ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა, ნიადაგისა და წყლის მართვის გაუმჯობესება მოხდეს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით იხილავს. „საქართველოში ჩემ მიერ გატარებული დროის განმავლობაში მე ნამდვილად დავაფასე ქართული სოფლის მეურნეობა. საქართველო შესანიშნავი ხარისხის ხილს, ბოსტნეულსა და ზოგადად, საკვებ პროდუქტებს აწარმოებს და იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნულ პროდუქციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუპერმარკეტების თაროებზე გაზრდილი რაოდენობით ვიხილავ. ამ პროცესს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის რეფორმა უნდა დაეხმაროს და მაშინ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობას უახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ევროპულ ბაზარზე მის ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ეს როგორც ქართველ ფერმერებს, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაეხმარება. დღეს ჩვენ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, მის ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

"თბილისი - ევროპული ქალაქი" - დედაქალაქის საახალწლო სლოგანი დასახელდა

„თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. „16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს „საახალწლო სოფელი“. სოფელი განთავსდება ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონები. ამავე პერიოდში, „საახალწლო სოფელში“ მოეწყობა გასტრონომიული მარკეტი, სამეწარმეო მარკეტი, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ. „საახალწლო სოფელში“ დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს. მთლიანობაში, 23 ჯადოსნური, მხიარული, ახალი წლის ემოციებით სავსე საღამო გველოდება. გიწვევთ ოჯახებით, მეგობრებით, სტუმრებით 15 და 16 დეკემბერს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე, „საახალწლო სოფლის“ გახსნაზე. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იქნება ძალიან ლამაზი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.    

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზა დასრულდა

ევროკავშირმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზის (AA Facility) წარმატებით დასრულება აღნიშნეს. ევროკავშირის შეფასებით, ეს “მნიშვნელოვანი მიღწევა იმ უდიდეს ძალისხმევას უსვამს ხაზს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უკეთ განხორციელების კუთხით იყო გაწეული.“ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშემწყობი პროექტის განხორციელებით, ევროკავშირი და საქართველო მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას აღნიშნავენ. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სამუშაო იყო გაწეული ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველს კვლავ ასოცირების/თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები წარმოადგენს და სწორედ ამ ხელშეკრულებების განხორციელების მეშვეობით თქვენმა ქვეყანამ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება. გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში ხაზს უსვამს იმ პროგრესის მასშტაბებს, რომელსაც თქვენ ამ ვალდებულებების შესრულების კუთხით მიაღწიეთ. საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ხელშემწყობი პროექტი ამ პროცესში დაგეხმარათ,” აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ცერემონიაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს და მის სახელმწიფო ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობები ტრანსფორმაციის რთულ პროცესში აქტიურად ჩასართავად და ამ პროცესში წარმატებით ნავიგაციისათვის. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელშემწყობი პროექტი, აუცილებელი ცოდნის გაზიარებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის დახმარების გაწევის კუთხით,” - აღნიშნა ყარაულაშვილმა. პროექტის დახურვის ცერემონიალზე მოკლე ვიდეო კლიპი წარმოადგინეს, რომელშიც ხაზგასმული იყო AA Facility-ის მთავარი მიღწევები და წარმოდგენილი იყო ბევრი სხვადასხვა ბენეფიციარის მოსაზრებები. აღნიშნულმა მრავალწახნაგოვანმა პროექტმა საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ პროცესში გაუწია დახმარება. მან ხელი შეუწყო პოლიტიკის შემუშავებისა და კანონშემოქმედებით პროცესებს, მხარი დაუჭირა ინსტიტუციონალურ რეფორმებს და სტანდარტების გაუმჯობესებას, გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობა, გააუმჯობესა დონორთა კოორდინაცია, აამაღლა საჯარო მოხელეების ცნობიერება და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. „AA Facility-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, დაახლოებით, 140 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის მიერ 500-ზე მეტი ანალიტიკური და საგანმანათლებო პროდუქტი შეიქმნა. აღნიშნული ერთობლივი ძალისხმევის გაწევა, დაახლოებით, 400 სხვადასხვა სახის ინტერვენციით მოხდა, რაც ყველა ძირითად პოლიტიკის მიმართულებას მოიცავდა და რამაც სარგებელი 3000-ზე მეტ ქართველ სახელმწიფო მოხელეს და პროფესიონალს მოუტანა. „პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს შორისაა დახვეწილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელსაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მრავალწლიანი დაგეგმვის და ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აქტიურად შემოწმების ორმაგი ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა აქტიურ როლს ასრულებს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. AA Facility-ის მიერ გაწეული საექსპერტო დახმარება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან და დარგობრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსაც ფარავს. ამ მხრივ, პროექტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ხარისხის ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვის სისტემა, სურსათის უსაფრთხოება, მომხმარებელთა დაცვა, კონკურენცია, მეწარმეობა, საბაჟო კონტროლი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, დაბეგვრა, ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, საჯარო შესყიდვები, მშენებლობა, ჯანდაცვა და ა.შ. გარდა ამისა, AA Facility-მ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესებაში. აღნიშნული მხარდაჭერა თემატური მომხსენებლების მომზადებას, პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებით თემატური მოკვლევების ხელშეწყობას და კონკრეტული ნორმატიული აქტების დამტკიცების შემდგომ მათი აღსრულების კონტროლს მოიცავს. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების და ასევე საექსპერტო წრეების ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ AA Facility-ის ბენეფიციარები და დაინტერესებული მხარეები საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და სხვა პროფილური სამინისტროებიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, სამთავრობო უწყებებიდან და ასევე საქართველოს პარლამენტიდან (პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების სახით). ევროკავშირი, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით, კვლავ ერთგული რჩება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის პროცესისადმი. ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ხელშემწყობი პროექტის მეორე ფაზა (AA Facility), სხვა პროექტებთან შედარებით, ფლაგმანს წარმოადგენს,“ - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. „ის გზა, რომლის გავლაც ჩვენ ყველამ ერთად თითქმის 5 წლის წინ დავიწყეთ, ნამდვილად ისტორიული იყო საქართველოსთვის. AA Facility-ს გუნდი ბევრ თქვენთაგანთან (როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან) ერთად, მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდა. როდესაც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ვფიქრობ, სიამაყით ვივსები იმ ხელშესახები ცვლილებების ხილვით, რომლებიც პოლიტიკის დაგეგმვის, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კოორდინირების გაუმჯობესების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და სხვადასხვა სექტორში შთამბეჭდავი რაოდენობის საკანონმდებლო აქტის შემუშავებაში შეტანილი წვლილის სახით განხორციელდა.” განაცხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშემწყობი პროექტის (AA Facility) ხელმძღვანელმა, დოქტორმა იოლანტა ტაჩინსკამ.