ძებნის რეზულტატი:
საქართველომ NATO-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო სწავლებას უმასპინძლა
საქართველომ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას - Maple Arch 2023 მეორედ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს NATO-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე. „ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება. „სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს. საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა. MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართულები. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიეტუვამ უნგრეთს მიანიშნა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია, ევროკავშირი დატოვოს
ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, არნოლდას პრანკევიჩიუსმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია მკვეთრად გააკრიტიკა. დიპლომატმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ თუ ის არ იზიარებს სხვა წევრების შეხედულებებს, მან ბლოკიდან გასვლა უნდა განიხილოს. „ერთი წევრის გარდა, ყველა დათანხმდა გაწევრიანებაზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას, ერთის გარდა, ყველა მიუახლოვდა გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მიწოდებაზე. ერთის გარდა, ყველამ ყველას მიულოცა სამიტის შედეგები, მაგრამ ის ერთი ტრაბახობს უკრაინის დახმარებაზე ვეტოს გამოყენებით. ვისურვებდი, რომ მას არასოდეს დასჭირდეს სხვების სოლიდარობა და არასოდეს გამოსცადოს მოკავშირეების ვეტო სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაზე. ევროკავშირი ძლიერია სოლიდარობისა და ურთიერთნდობის გამო. თუ მზად არ ხართ, რომ ამ ორიდან რომელიმე გაიზიაროთ, მხოლოდ ერთი სწორი გამოსავალია: ბლოკი დატოვეთ,“ - დაწერა არნოლდას პრანკევიჩიუსმა სოციალურ ქსელში. მან უნგრეთს უსურვა, არასოდეს განიცადოს ომი, რომელსაც ამჟამად უკრაინელი ხალხი გადის, არასოდეს დაბომბონ მისი ქალაქები, არ დაიღუპონ მისი მოქალაქეები და არასოდეს არ იყოს მისი ტერიტორიები ოკუპირებული აგრესორ სახელმწიფოს მიერ. უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს
FT: "დიდი შვიდეული" რუსეთის 300 მილიარდამდე დოლარის უკრაინისთვის გადაცემის პროცესს უახლოვდება
Finacial Times-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" (G7) წევრმა ქვეყნებმა გაააქტიურეს ძალისხმევა, რათა რუსეთის ცენტრალური ბანკის და სხვა წყაროების კუთვნილი 300 მილიარდამდე დოლარის ოდენობის, უცხოეთში განთავსებული ქონების უკრაინისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მასშტაბური დახმარების გამოყოფის პროცესს წინაღობები ხვდება. ოფიციალური პირების თქმით, ეს ქონება უკრაინის თავდაცვის და საბოლოო რეკონსტრუქციის დაფინანსებას შესაძლებელს გახდიდა. "'დიდი შვიდეულის“ წევრებს და შესაბამის პოზიციაში მყოფ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, გაყინონ რუსეთის სუვერენული ქონება, როგორც წინააღმდეგობის ზომა, რომელიც რუსეთს დაარწმუნებს, დაასრულოს თავისი აგრესია", - აშშ-ის მიერ შემუშავებული სადისკუსიო დოკუმენტის ეს ციტატა FT-ის სტატიაში გვხვდება. „ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ მოკლე ვადაა გადაწყვეტილების მისაღებად. მათ ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება, “დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრაზე იყოს განხილული,” - წერს FT. G7 დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიასა და აშშ-ს აერთიანებს.
ევროპას შესაძლოა, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დანაკლისის შევსება მოუწიოს - პისტორიუსი
თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიამ იცის, რომ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების შემთხვევაში, ბერლინს უკრაინის დასახმარებლად მეტი პასუხისმგებლობის აღება მართებს. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები და პარტნიორები "ყველაზე უარეს სცენარს" განიხილავდნენ, რადგან სამხედრო სიტუაცია უკრაინაში სულ უფრო და უფრო რთულდება, არის საბრძოლო მასალის ნაკლებობა და რესპუბლიკელები შეერთებულ შტატებში ბლოკავენ შემდგომ მხარდაჭერას. ამდენად, თუ ვაშინგტონი ახალ დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდება, ევროპას ცხადია, შესაძლოა, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დანაკლისის შევსება დასჭირდეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. შეიძლება, არსებობდეს სფეროები, რომელთა კომპენსირებაც ჩვენ უმალ არ შეგვიძლია. მაგალითად, თავდაცვის ინდუსტრიას თავისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად დრო სჭირდება,“ - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. „ახლა პუტინი მნიშვნელოვნად ზრდის იარაღის წარმოებას რუსეთში“, - განაცხადა პისტორიუსმა და გაიხსენა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ხარჯების ზრდა 60%-ზე მეტს აღწევს. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პუტინის მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ძალიან სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს. ინტერვიუს დროს პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოების გარანტიები თავიანთ კონტინენტზე, შეერთებულ შტატებზე მთლიანად დამოკიდებულების გარეშე. მან ასევე გაიმეორა, რომ სერიოზული კრიზისების გამო, გერმანიას სჭირდება შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ომის შემთხვევაში, ქვეყნის დაცვა შეეძლება. გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს
გიორგი კეკელიძის ,კვარას საქართველო" - წიგნი ნეაპოლში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში წარადგინეს
იტალიაში, ნეაპოლში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, ,,ფედერიკო მეორეში" - გიორგი კეკელიძის წიგნი - ,,კვარას საქართველო" - წარადგინეს. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც კეკელიძე ამბობს, წიგნი იტალიელებს, ხვიჩას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებსა და ადამიანებზე მოუყვება. მკითხველი კვარაცხელიების სოფელ ნაკიფუსა და „იქაურ ჯადოქრულ სამყაროზეც“ შეიტყობს. წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან. წიგნის გამოცემას მხარი დაუჭირეს საქართველოს საელჩომ იტალიაში და საქართველოს საელჩომ ვატიკანში. მედია-მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ცნობილი იტალიური გამოცემები Corriere della Sera; La Repubblica; Corriere dello Sport; Tele A; Napoli Today; Sport Italia; Napoli Magazine; Ermes TV ( ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი). წიგნი უკვე საქართველოს ეროვნული ბესტსელერია. იტალიამდე ის ჩვენს ქვეყანაში შემდეგი სახელწოდებით გამოიცა - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი."
ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია, მათ შორის, რამდენიმე მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა გადასცეს. ამის შესახებ ლიეტუვის მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ვისმენთ უკრაინის სასწრაფო თხოვნას და ვაგრძელებთ დახმარების გაწევას მითითებული საჭიროებების შესაბამისად. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ," - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა. სამინისტროს ცნობით, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის რეგულარული გაგზავნის გარდა, ლიეტუვა ასევე აქტიურად ამზადებს უკრაინელ ჯარისკაცებს, მკურნალობს მათ და რეაბილიტაციაში ეხმარება. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
უკრაინა 2024 წლისთვის იარაღის შიდა წარმოების გაზრდას გეგმავს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი მომავალ წელს იარაღის შიდა წარმოების გაზრდაა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და ხაზი გაუსვა უკრაინის ძალისხმევას, მეტი იარაღი აწარმოოს იმ ფონზე, როცა დასავლელი მოკავშირეებისგან მიწოდების ჯაჭვში გაურკვევლობა შეინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინა მომავალ წელს სამხედრო წარმოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,9 მილიარდი დოლარს გამოყოფს. „ჩვენი გუნდის მუშაობის ფოკუსი არის უკრაინაში იარაღის წარმოების ლოკალიზაცია, ერთობლივი კომპანიების შექმნა, ინვესტიციების ჩადება თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად,” - განაცხადა. მინისტრმა ბრიტანულ თავდაცვის კომპანიებს უკრაინელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. უმეროვმა აღნიშნა, რომ ამ კვირის დასაწყისში, კიევში გამართულ უკრაინულ-ბრიტანული თავდაცვის ინდუსტრიის ერთობლივ კონფერენციაზე, ბრიტანეთის თავდაცვის ზოგიერთი უმსხვილესი მწარმოებლის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვდა. მან განაცხადა, რომ უკრაინა ბრიტანელ მწარმოებლებთან პირდაპირი გარიგებებით არის დაინტერესებული. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ივან ჰავრილიუკმა მანამდე აღნიშნავდა, რომ ქვეყანა გეგმავს მომავალ წელს რამდენჯერმე გაზარდოს რაკეტების, იარაღისა და სხვა სამხედრო ტექნიკის წარმოება, განსაკუთრებული აქცენტით საჰაერო თავდაცვაზე.
კანდიდატის სტატუსი - ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ აგრესია, დექტრუქციული ქმედებები მარტივად განხორციელებადი არ იქნება ქვეყნებისთვის, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები აქვთ. რუსეთისთვის ეს არის ძლიერი გზავნილი რომ: „ეს ქვეყანა არის სრულიად ლეგიტიმურად ჩემი გავლენის სფეროში, რადგანაც ის მომავალი წევრია,“ ამიტომ, კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის, მის ტერიტორიულ მთლიანობას მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრან. ეს გზავნილი ასევე მიუვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და მათზეც ექნება გარკვეული გავლენა. რა თქმა უნდა, იქ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ სხვა ცნობებიც აღწევს მათთან - ის, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მათ განწყობებზეც იმოქმედებს,“ - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ვატიკანის სასამართლომ კარდინალი დამნაშავედ ცნო
ვატიკანის სასამართლომ 16 დეკემბერს იტალიელი კარდინალი, ანჯელო ბეჩიუ დამნაშავედ გაფლანგვასა და თაღლითობაში დამნაშავდე ცნო. მას ხუთი წლითა და ექვსი თვით მიუსაჯა პატიმრობა. ბეჩიუ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომელიც ვატიკანის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე ოდესმე წარმდგარა. 75 წლის ბეჩიუ ადრე პაპი ფრანცისკეს მრჩეველი იყო. მას პაპობის კანდიდატადაც განიხილავდნენ. საერთო ჯამში, ბეჩიუს და კიდევ ცხრა განსასჯელს, მათ შორის ფინანსისტებს, ადვოკატებსა და ვატიკანის ყოფილ თანამშრომლებს თაღლითობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გათეთრებისთვის ასამართლებდნენ. დანაშულს ყველა მათგანი უარყოფდა.
ქუვეითის ამირა გარდაიცვალა
ქუვეითის მმართველი ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ქუვეითის ამირა, ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ნოემბრის ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. შეიხი ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი ქუვეითს 2020 წლიდან მართავდა. ქუვეითის ახალი ამირა შეიხი ნავაფის ნახევარძმა, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი გახდება.
ფინეთის პრემიერი: საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება, ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ფინეთთან საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება, ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს. ორპომ ტერმინი „ჰიბრიდული თავდასხმა“ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების აღსაწერად პირველად გამოიყენა. „ვფიქრობ, ეს სწორი ტერმინია. რა თქმა უნდა, ეს ფინეთისა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. სამწუხაროდ, საზღვრები უნდა დაიკეტოს, რადგან რუსეთმა მისი ქცევა არ შეცვალა“, - განაცხადა პეტერი ორპომ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამას სიტუაცია მოითხოვს, ის რუსეთთან საზღვრის შესახებ სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არის. „სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით მუდმივი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ,“ - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს
ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას უნგრეთი ვეტოს დაადებს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს
რუსულ გაზზე გადასახადის გამო, უნგრეთი ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. Reuters-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე სატრანზიტო გადასახადს არ გააუქმებს. „მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას,” - განაცხადა სიიარტომ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.
საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - კახა გოგოლაშვილი კანდიდატის სტატუსზე
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროგრამების დაფინანსებები გაიზრდება. ამასთან, ევროპული ფონდები და ბანკები საქმიანობას გაზრდიან. „ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდებს ხარჯავს ევროკავშირი, შენდება გზები, ხიდები, გვირაბები; დაფინანსების საშუალებები, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები გაიზრდება,“ აღნიშნავს გოგოლაშვილი. ექსპერტის შეფასებით, ხელი შეეწყობა ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
თოვლის გამო, გზებზე შეზღუდვებია
ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. „დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოსა და მოლდოვას - პისტორიუსი
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპამ უკეთ უნდა დაიცვას თავი, რადგან ათწლეულის ბოლოსთვის შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები აღმოცენდეს, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების მოკავშირე შეერთებული შტატების ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანისკენ ინაცვლებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა შეინარჩუნოს მისი ძალისხმევა უკრაინაში, იმავდროულად, ემუქრებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოს და მოლდოვას. „ჩვენ, ევროპელებმა, მეტი უნდა ვიმუშოთ ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ რეგიონს დრო დასჭირდება საკუთარი იარაღის წარმოების გასაზრდელად.
ლიბიის მახლობლად გემი ჩაიძირა, დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი - გაერო
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აცხადებს, რომ ლიბიის სანაპიროებთან ეძებენ 61 მიგრანტს, რომლებიც სავარაუდოდ, მათი ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ. IOM-ის ცნობით, ბორტზე საერთო ჯამში, დაახლოებით 86 მიგრანტი იყო. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი, 25 ადამიანი გადაარჩინეს. მსხვერპლთა უმეტესობა, მათ შორის ქალები და ბავშვები ნიგერიიდან, გამბიიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ლიბია და ტუნისი ძირითადი პუნქტებია, საიდანაც მიგრანტები, სახიფათო გზას იტალიის გავლით ევროპაში ჩაღწევის იმედით გადიან.
თბილისში 12 250 აბონენტს გაზი შეუწყდა
თბილისში, დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კერძო კომპანიამ გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი მილი დააზიანა. გაზი არ მიეწოდება დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებისა და ათობით ქუჩაზე მცხოვრებ ასობით ოჯახს. გაზის მიწოდება 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
ზელენსკი საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებს. „ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიო ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა. მოახლოებული დღესასწაულების ფონზე გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა, შესაძლოა, შენელდეს, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომლებსაც შეუძლიათ ახლა დაგვეხმარონ და მომავალში მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ," აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა
ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეოს საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "აკვარელი" (1958), "აპრილი"(1961); მხატვრული ფილმები: "გიორგობისთვე" (1966), "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "პასტორალი" (1976), "ბასკთა ქვეყანაში" (1983), "მთვარის რჩეულნი" (1984), "პეპლებზე ნადირობა" (1999), "ყაჩაღები"(1996), "მშვიდობით მწვანე მდელო" (2000, საფრანგეთი); დოკუმენტური ფილმები: "ძველი ქართული სიმღერა" (1969), "თუჯი"(1964), "საპოვნელა" (1959). ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1999 - საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1996 - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის) 1995 - ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია 1993 - რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი" 1984 - საქართველოს სახალხო არტისტი 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1968 - ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის "გიორგობისთვე")