ძებნის რეზულტატი:
ნაუსედა: ჩვენი მეგობრებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო
ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მეგობარი ქვეყნებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო. გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა, ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეიმობთ და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი. აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის ჩვენი მეგობრებისთვის გაგზავნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მქონდა საშუალება, კომუნიკაცია მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, დავურეკე მას და ვუთხარი: თქვენ დაიმსახურეთ ეს გადაწყვეტილება, ბევრი ძალისხმევა გაწიეთ საჭირო რეფორმების გასატარებლად და თქვენ ამისთვის დაჯილდოვდით,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან გრძელი პროცესის მხოლოდ პირველი გვერდია, მაგრამ წიგნის კითხვისას პირველი გვერდის გადაშლაა საჭირო, თუკი გსურთ, შემდგომი გვერდებიც წაიკითხოთ,“- აღნიშნა ნაუსედამ.
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. „ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 - 30 მ/წმ-მდე. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა," - წერია გარემოს სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა
პარლამენტმა ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებასთან დაკავშირებით შსს-ის ინიციატივა დაამტკიცა. მესამე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება. ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება - სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები გაუქმდება
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე გაიცა. ცვლილებების მიხედვით, ამ დოკუმენტის მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ ახალ პირადობის მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები იქნება დატანილი. „პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მანამდე დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება. უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება იგეგმება
დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე - 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე - 20 მლნ ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი. მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან - 9 მლნ ლარი, პროცენტები - 3 მლნ ლარი, იჯარა - 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია - 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან - 18 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილია 70 მლნ ლარი, დასუფთავების შემოსავალი - 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.
რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. ძირითადი ბენეფიტი როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უმთავრესია, რომ კანდიდატის სტატუსი არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის შემდეგაც უკვე მოლაპარაკებები იწყება. ეს არის აღიარება იმისა, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგეს. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. „კანდიდატის სტატუსის მიღების ძირითადი მიზანი იყო, რომ საქართველო ახალ რეალობაში აღმოჩენილიყო - ჩვენ ვართ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე. ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი პრაქტიკული ინსტრუმენტები და ეკონომიკური თვალსაზრისი ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროგრამების დაფინანსებები გაიზრდება. ამასთან, ევროპული ფონდები და ბანკები საქმიანობას გაზრდიან. „ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდებს ხარჯავს ევროკავშირი, შენდება გზები, ხიდები, გვირაბები; დაფინანსების საშუალებები, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები გაიზრდება,“ აღნიშნავს გოგოლაშვილი. ექსპერტის შეფასებით, ხელი შეეწყობა ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ქვეყნის პოლიტიკური პოზიციები ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ყურადღება ყველგან იზრდება. „დღესაც შეგვიძლია, შევამჩნიოთ, როგორ შეიცვლება რეგიონში ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე იგრძნობენ, რომ საქართველო უკვე არის რაღაც დიდი, მძლავრი გაერთიანების ნაწილი და მათი მხრიდან ჩვენ მიმართ ინტერესი და დამოკიდებულება კიდევ უფრო შეიცვლება,“ - აღნინავს ანალიტიკოსი. სიგნალი საერთაშორისო აქტორებისთვის; ქვეყნის უსაფრთხოება ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ აგრესია, დექტრუქციული ქმედებები მარტივად განხორციელებადი არ იქნება ქვეყნებისთვის, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები აქვთ. რუსეთისთვის ეს არის ძლიერი გზავნილი რომ: „ეს ქვეყანა არის სრულიად ლეგიტიმურად ჩემი გავლენის სფეროში, რადგანაც ის მომავალი წევრია,“ ამიტომ, კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის, მის ტერიტორიულ მთლიანობას მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრან. ეს გზავნილი ასევე მიუვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და მათზეც ექნება გარკვეული გავლენა. რა თქმა უნდა, იქ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ სხვა ცნობებიც აღწევს მათთან - ის, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მათ განწყობებზეც იმოქმედებს,“ - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
რა პრიორიტეტები გაიწერა 2024 წლის ბიუჯეტში
საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის ბიუჯეტი მიიღო. კენჭისყრა დღეს, 15 დეკემბერს გაიმართა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ქვეყნის მომავალი წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. არსებული გათვლით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 5,2 პროცენტით, ინფლაცია (ფასები გაიზრდება) კი 2,8 პროცენტი იქნება. 2024 წელს: მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა 86 მილიარდი ლარი იქნება, ერთ მოსახლეზე 8,5 დოლარზე მეტი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ია, საგარეო ვალი კი 38%; ბიუჯეტის შემოსავლებად გათვლილია 21 942,3 მილიონი ლარი, ხარჯვითი ნაწილად კი 27 500 მილიონი. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტია 7 829,2 მლნ ლარი 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და 415 ლარი გახდება. მაღალმთიან რეგიონებში - 500 ლარი; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და 315 ლარი ხდება. მაღალმთიან რეგიონებში - 380 ლარი. სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრი 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი ხდება. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,7 მილიარდი ლარზე მეტი. გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის მატება. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2508 მილიონი ლარი იქნება. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია მასწავლებლების ხელფასების გაზრდა, სკოლებისა და ბავშვების მშენებლობა-რეაბილიტაცია. კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილია 472 მილიონი, რაც ასე გადანაწილდება: სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება -19,6 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 45 მლნ ლარი; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარი; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 97,9 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 45,2 მლნ ლარი; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 195,1 მლნ ლარი; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 51,4 მლნ ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მაღლბიუჯეტიანი უწყებაა. დაფინანსება განისაზღვრა 3400,7 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2423,3 მლნ ლარი, გრანტებში 18,4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში 959,0 მლნ ლარი. 801 მილიონი ლარია ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, საიდანაც 5 მილიონი დაიხარჯება შავ ზღვაში ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებზე. სხვა უწყებები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 688 მილიონი ლარი; ფინანსთა სამინისტრო - 114 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 414,7 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187,5 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 1380 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1260 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 210 მლნ ლარი; პროკურატურა - 63,2 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახური - 18 მლნ ლარი; სასამართლო სისტემა - 171,7 მლნ ლარი. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, საპარლამენტო განხილვების შემდეგ კი მასში ცვლილებები შევიდა.
ო’ბრაიენი: ამაღელვებელი მომენტია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის ამაღელვებელ მომენტად აფასებს. „შესანიშნავი ამბები ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის,“ – წერს ჯიმ ო’ბრაიენი. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
მსოფლიო ბანკი უკრაინას გრანტებისა და სესხების კომბინაციის საფუძველზე, დამატებით, 1,34 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაფინანსება უკრაინაში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამძლეობის საჯარო ხარჯების პროგრამის (PEACE) ნაწილია, რომელიც შექმნილია ქვეყნის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად. 14 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა სხვა მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინაში 39 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.
ლევან დავითაშვილი: მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს უერთდება
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიესალმება, რომ საქართველოს პრეზიდენტი „სახალხო ზეიმში“ მონაწილეობს. „ეს ყველა ქართველის ზეიმია, ქალბატონი სალომეც საქართველოს მოქალაქეა და მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე სახალხო ზეიმს უერთდება,“ აღნიშნა დავითაშვილმა. თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს. კითხვას, თუ რატომ ბლოკავენ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ოპტიმიზმს და იმედს მაინც ინარჩუნებს. დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი „გამომსვლელთა სიაში არ არის.“ პრეზიდენტი: პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი, ვუერთდები ამ ზეიმს
პრეზიდენტის თქმით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. თუმცა ცნობილია, რომ ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტის „ევროპული კამპანიის“ დასკვნითი ფაზა იყო, ყოფილი პრემიერ მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ დასწრებია. თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს.
პრეზიდენტი „სახალხო ზეიმზე“ სიტყვით ვერ გამოვიდა: „ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის“
საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. მან აღნიშნა, რომ „მადლობები არ სჭირდება.“ „არც მწყინს და არც მიხარია. მიხარია ის, რაც ხალხში ხდება. ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის, ამიტომ, გილოცავთ,“ განუცხადა მან მედიას თავისუფლების მოედანზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ელჩმა მიმართვა პრეზიდენტისადმი მისალმებით დაიწყო. შეკრებილებს მანამდე მმმართველი გუნდის ლიდერებმა მიმართეს. ლევან დავითაშვილი: მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს უერთდება
ევროკავშირის ელჩმა კანდიდატის სტატუსი მოქალაქეებს ქართულად მიულოცა: საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა. უცვლელად გთავაზობთ ამ მიმართვას: „გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?” წინ, საქართველო, წინ!“
ევროკავშირის ელჩი: ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა. უცვლელად გთავაზობთ ამ მიმართვას: „გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი. დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?” წინ, საქართველო, წინ!“
შარლ მიშელი ქართველ ხალხს: ჩემთვის გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პირადად მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება. „გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. პირადად ჩემთვის ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება, ვინაიდან, იმ მომენტში მაგიდასთან ჩემს კოლეგებს ვეუბნებოდი, რომ ეს გავაკეთეთ, გადავდგით ეს ნაბიჯი, პერსპექტივას ვხსნით, რაც ფუნდამენტური რამეა, ვინაიდან, ეს ევროკავშირის სახეს მომავალ წლებში, მომავალ ათწლეულებში შეცვლის, მაგრამ ეს ასევე, ამ ქვეყნებსაც შეცვლის. ამიტომ [ქართველი ხალხისადმი] პირველი მესიჯია - გილოცავთ, გვიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ... და მეორე მესიჯი: მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები,” - განაცხადა მიშელმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს: თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ
„გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა,“ - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციიდან საქართველოს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა გზავნილი აქვს საქართველოსთან და რას ურჩევდა ქვეყანას, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. „თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ და მოდით, ერთად ვიმუშაოთ,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა.
ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავდექით ცალ ფეხზე და ღირსეულად გავიმარჯვეთ
„ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე.“ „გილოცავთ, ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად, კიდევ ვიმეორებ და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. „14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს; ჩვენს მხარდამჭერებს; ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს; ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება; ევროკავშირის ელჩებს; ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში. ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა!“ - განაცხადა პრემიერმა. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. სცენაზე მიიწვიეს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირება 1,9%-ით, ტრანზიტი კი, 2,4%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, განაცხადეს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში. ტრანზიტი - 2,4%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. დეპარტამენტის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში BTC-ით ტრანსპორტირებული ნავთობის 82,7% - 22 მილიონ 854,5 ათასი ტონა (ზრდა 1,8%-ით - IF) აზერბაიჯანის ნავთობზე მოდიოდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 4,3 მილიარდ ბარელს შეადგენს BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
მიშელი: გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკისთვის გაფართოება მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციას ნიშნავს. ბრიუსელში, საბჭოს ორდღიანი სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში ღრმად გარდაქმნა ევროკავშირი. „ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. ეს მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დასავლეთს," - განაცხადა შარლ მიშელმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის