ძებნის რეზულტატი:

საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები წარადგინა

საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა. საიას ინფორმაციით, საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საიამ იუსტიციის უმაღლეს სკოლას ჯერ კიდევ 2023 წლის 11 ივლისს, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - 2023 წლის 9 აგვისტოს მიმართა. როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, სარჩელის შეტანის დროისთვის, მოპასუხედ მითითებულ საჯარო დაწესებულებებს საია-სთვის არც უცნობებიათ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, მათ განცხადებები ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. „საია ხსენებული განცხადებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვდა ისეთ ინფორმაციებს, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეების/სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა, მოსამართლეების დანიშვნის ვადები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეების ვინაობა, საბჭოს სხდომების და მიღებული აქტების შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასში მონაწილე კონკურსანტების რაოდენობა, შეფასების ფორმები და სხვა. ბოლო წლების მანძილზე გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებში, სასამართლოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე მიუთითებენ, საუბრობენ, რაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გულისხმობს სისტემის მოდიფიცირებას გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით. გამჭვირვალობა სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მის საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო/იუსტიციის უმაღლესი სკოლა იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მათ პროაქტიულადაც აქვთ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს ანგარიშვალდებულების ნაკლებობასა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებების უგულებელყოფა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების დარღვევას და საზოგადოებას ფაქტობრივად აკარგვინებს სასამართლოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დაკვირვების შესაძლებლობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვარსკვლავების მატჩი ბათუმში - საქართველოს მილანის „ინტერის“ ლეგენდები ეწვევიან

საქართველოში ახალი პროექტი – „ლეგენდების სერია“ (Legend Series) იწყება, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო გრანდების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო ზეიმისა და სადღესასწაულო გარემოს შექმნას ითვალისწინებს. „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი, 2024 წლის მარტში გაიმართება – ბათუმში ვარსკვლავებით დაკომპლექტებული საქართველოს „ლეგენდების ნაკრები“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდის, მილანის „ინტერის“ ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდება. GEO 11-ის შემადგენლობაში ითამაშებენ, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი, ლევან კობიაშვილი, ყველა დროის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია. „ინტერის“ ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ლუიშ ფიგუ, ამ კლუბის ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო, რომელიც იმ „ტრებლის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელიც „ინტერმა“ 2010 წელს მოიგო.  „ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავი ღონისძიების ნაწილი ვიქნები და კიდევ ერთხელ ვითამაშებ საქართველოს ნაკრების მაისურით, ამჯერად შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, სადაც არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა ითამაშა. ჩვენთვის პატივია მილანის „ინტერთან“ დაპირისპირება და ვეცდებით, შესანიშნავ ფეხბურთელებს ღირსეული თამაში დავუპირისპიროთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით გულშემატკივარები, სპორტის მოყვარულები და ყოფილი ფეხბურთელები ძალიან გაიხარებენ. შევხვდებით მარტში,“ - ამბობს შოთა არველაძე. „მოხარულები ვართ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, სადაც „ინტერს“ 1970-იანი წლების შემდეგ არ უთამაშია. ეს მატჩი არის დიდი შესაძლებლობა, რომ დავბრუნდეთ საქართველოში, ჩვენი გუნდის ლეგენდებთან ერთად, რომელთაც ექნებათ შანსი, ითამაშონ გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ეს ღონისძიება ორ ქვეყანას შორის კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. მსგავი სპორტული მატჩები და ღონისძიებები არის შესაძლებლობა პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ახალი, ისე ძველი თაობის გულშემატკივრები,“ – აცხადებს ალესანდრო ანტონელო, მილანის „ინტერის“ კორპორატიული დირექტორი. „ინტერის“ კიდევ ერთი ლეგენდა, კლუბის დიდების დარბაზის წევრი ესტებან კამბიასო გულშემატკივარს დასამახსოვრებელ მატჩს ჰპირდება: „მოხარული ვარ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ვითამაშოთ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით. მე და ბევრ ჩემს თანაგუნდელს საფეხბურთო კარიერის პერიოდში არ გვქონია ამ ქვეყანაში სტუმრობის შესაძლებლობა. ამ ინიციატივის წყალობით კი, ჩვენ შევძლებთ ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მატჩმა ფანტასტიკურ გარემოში ჩაიაროს.“  

22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-21 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „18-21 დეკემბერს თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18 -21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება. ☁️ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ

„თუ ვინმეს იმის წარმოჩენა უნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და [რუსეთთან] რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის - დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს. დავითაშვილის თქმით, საქართველო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ დაარსების დღიდან მონაწილეობს და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილება. „ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე - დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ,“ - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, დავითაშვილის განმარტებით, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. „ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილი კომიტეტზე პოლიტიკურმა ჯგუფმა “ევროოპტიმისტებმა” დაიბარა.

ერევნისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი გაუმართაობის გამო, მოსკოვში დაბრუნდა - მედია

ერევნისკენ მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მისივე ცობით, თვითმფრინავის მოსკოვში დაბრუნების მიზეზი წინა შასის კონტროლის სენსორის გაუმართაობა იყო.   რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთში დაფუძნებული S7 Airlines-ის სამგზავრო ბოინგი 737 შერემეტევოს აეროპორტში დაეშვა.  

ოსტინი ისრაელშია

ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩაფრინდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა. ოსტინი ისრაელში თავდაცვის მინისტრ იოავლ გალანტს და პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდება. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ომის კაბინეტთან დაადასტურებს ამერიკის მტკიცე ვალდებულებას ისრაელის მიმართ. ასევე განიხილავს ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებს, რომელიც „ჰამასის“ განადგურებას ისახავს მიზნად. ოსტინმა აღნიშნა, რომ ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაძლებლობას ღაზის სექტორში.  

2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო. შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ უკვე გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად 2 წელიწადში სრულად გვექნება დაცული თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები და ა.შ. „ეს არასდროს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვე ამისკენ გადადგმული ნაბიჯები ამის გარანტიაა,“ - განაცხადა მინისტრმა იმედთან ინტერვიუში.  

დანია 2024-2033 წლებში ეროვნული თავდაცვისთვის 5,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

დანიის მთავრობამ ეროვნული თავდაცვის ჩარჩოს აღდგენის გეგმა წარმოადგინა. ქვეყანა 2024-2033 წლებში ეროვნული თავდაცვისთვის 5,7 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პულსენის განცხადებით, ეს თანხები ტექნიკის, სამშენებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პერსონალის შესყიდვას მოხმარდება.  

ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

2023 წლის 18 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. „პოლონეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისწრაფებების, ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აღიარებაა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასევე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველო წარმატებით იყენებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები,“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედია: ლატვია 1000-ზე მეტი რუსის დეპორტაციას გეგმავს

ლატვია განიხილავს 1000-ზე მეტი რუსის გაძევებას დროებითი ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად აუცილებელი ზომების შეუსრულებლობის გამო, იტყობინება ლატვიური საინფორმაციო გამოცემა Delfi ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ლატვიის ხელისუფლებამ წერილები გაუგზავნა რუსეთის 3000-ზე მეტ მოქალაქეს, რომ მათ მოუწევდათ ლატვიის დატოვება, რადგან ვერ დარეგისტრირდნენ რეზიდენტურის და ენის გამოცდაზე. ბალტიისპირეთის ქვეყანამ, რომელიც მე-20 საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა ბატონობის ქვეშ ცხოვრობდა, ბოლო დროს ასევე გააძლიერა დე-საბჭოთა და საზოგადოებრივი სფეროს დერუსიფიკაციის პოლიტიკა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსულენოვან უმცირესობასთან დაკავშირებით ლატვიის პოლიტიკას შედეგები მოჰყვება. „არ მგონია, რომ ასეთი პოლიტიკის გამტარებლებს ბედნიერება ეწვიოთ. ახლა არ ვიცი რამდენია, მაგრამ ლატვიაში, მგონი, 40% იყო რუსულენოვანი, ალბათ, ახლაც საკმაოდ ბევრია,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ უნდა შეიმუშაოს „სისტემური ზომები.“ მოგვიანებით, ლატვიის პრეზიდენტმა პუტინის მუქარას უპასუხა ცნობისთვის, ლატვიის მთავრობის 2023 წლის მონაცემებით, ლატვიის 1,8 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 23,7% ეკუთვნის რუსულ უმცირესობას. ლატვიის პარლამენტმა 2022 წელს მიიღო ცვლილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის წესებს ამკაცრებს. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა. ლატვიაში მცხოვრები რუსები ახლა ვალდებულნი არიან, გაიარონ ლატვიური ენის საბაზისო დონის გამოცდა. სექტემბერში მიღებული კანონი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის სკოლებში რუსული და სხვა უმცირესობების ენების სწავლების ენად გამორიცხვას. რუსეთმა ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ასეთ პოლიტიკას „რუსოფობია“ უწოდა. მაისში ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მოსკოვის გეგმები, გავლენა მოახდინოს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ადგილობრივი პრორუსული ორგანიზაციებისა და რუსული ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით.  

მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

12 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ შემზღუდავ ზომებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამო დაწესდა. საუბარია ირანზე, ჩინეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, რუსეთზე, სირიასა და სხვა სახელმწიფოებზე. 4 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ გლობალური სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სამი წლით, 2026 წლის 8 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. „კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასეევ, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი უერთდებიან საბჭოს გადაწყვეტილებას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მაგრამ ამ წლის მარტში ქვეყანამ გამოაცხადა, რომ კიშინიოვი სანქციების შესახებ ადრე მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას გადააფასებს. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირის სანქციების დაცვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც შეეხება სომხეთს, ერევანი სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს რუსეთთან დაშორების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთი „ორ სკამზე დაჯდომის მცდელობაში“ დაადანაშაულა, რადგან ერევანი დასავლეთთან ურთიერთობებს აუმჯობესებს. განახლება: განცხადების თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სანქციებს შეუერთდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ დროისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნები დოკუმენტში აღარ გვხვდებიან.  

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვლენილია სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა, ეს არის პროდუქცია, რომელიც ევროპიდან რუსეთში იგზავნებოდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სანქციების ასარიდებლად ქვეყნის გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. „მინდა, შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენი თვის წინ, მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი ბატონი ო’ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. არც ერთიფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას. ეს ასეც მოხდა. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1000-მდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ფინანსთა სამინისტრო და მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს,“ - განაცხადა პრემიერმა.  

FT: ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ საიმისოდ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცონ. შესაბამის ინფორმაციას Financial Times-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ევროკავშირმა შესაძლოა, გამოიყენოს ევროკავშირის 2007 წლის ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც წევრ ქვეყანას ხმის უფლებას ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო ართმევს. თუმცა გამოცემა იმასაც წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ბუდაპეშტზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. ლიეტუვამ უნგრეთს მიანიშნა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია, ევროკავშირი დატოვოს ევროკავშირის 26 სხვა წევრ ქვეყანას შეუძლია, რომ დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, რასაც დრო დასჭირდება და ეს მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება.  „უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში," - ამბობს დიპლომატი FT-სთან. შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა  

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის 155-ე ბრიგადის დანაკარგები უკრაინაში 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩეჩნეთში იყო - BBC

გასული წლის თებერვალში უკრაინის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადამ ცულ მცირე 234 მებრძოლი დაკარგა და ბრიგადის საერთო დანაკარგები მძიმედ დაჭრილი, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულების სახით, შეიძლება, 1,450 ადამიანს, აღემატებოდეს. BBC-ის რუსული სამსახურის თანახმად, 234 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის სახელები ღია წყაროებიდან Mediazon-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშით იყო იდენტიფიცირებული. ეს 4-ჯერ მეტია, ვიდრე ამ დანაყოფის დანაკარგები ჩეჩნეთში, ომის 10 წლის განმავლობაში. დაღუპულთა შორის სულ მცირე 18 რუსი ოფიცერია, მათ შორის ჯავშანტექნიკის სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი მოსკვიჩევი, ოთხი მაიორი და ხუთი კაპიტანი. წინა კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ, BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazon-ის ახალ ანგარიშში იყო ნათქვამი, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 39 424 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.  

ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი

ლიეტუვისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა არვიდას ანუსაუსკასმა და ბორის პისტორიუსმა ვილნიუსში მოაწერეს ხელი ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას. გეგმის მიხედვით, გერმანიის ჯარები ლიეტუვაში ეტაპობრივად, 2024 წლიდან ჩავლენ, განლაგება კი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება. მთლიანობაში, გერმანია აპირებს, რომ  ლიეტუვაში დაახლოებით, 5000 ჯარისკაცი განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა.  მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი. „აღმოსავლეთ ფლანგი ახლა აღმოსავლეთით გადავიდა და მისი დაცვა გერმანიის მოვალეობაა,“ - განაცხადა პისტორიუსმა თავის კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლიეტუვაში, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე, მის ახლო მოკავშირეს, ბელორუსს ესაზღვრება. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს. სამოქმედო გეგმა გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. გერმანული ბრიგადის ბირთვი ხუთი ბატალიონისგან შედგება, მათ შორის, სატანკო და საარტილერიო ჯგუფისგან. ლიეტუვაში ასეთი ბრიგადის განლაგების შესახებ მსჯელობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო და გერმანიამ ამასთან დაკავშირებით მზადყოფნა ივნისში გამოაცხადა. გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.

პრემიერმა ევროპულ გზაზე ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას,  ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის და ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს მადლობა გადაუხადა. „მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, 27-ვე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ, როდესაც, უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე და მე მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ. ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება. და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატების,“- განაცხადა პრემიერმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში

გერმანიის საელჩოს შეფასებით, „მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. გარდა ამისა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.“ გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან მიგრაციის შეთახმების საკითხებში, იოახიმ შტამპთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ. „ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ,“ - განაცხადა მინისტრმა ფეზერმა საქართველოში გამომგზავრებამდე.  

მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანეს

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა. „მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა, თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. სწორედ ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. გახსოვდეთ – პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ, ის ტყვეობაშია. არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი – ის ცოცხალია და იბრძვის. ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილსა და შიშს ეფუძნება,“ – განაცხადა აკუნინმა 2022 წლის მარტში. 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, აკუნინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მწერალი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ კამპანიებშია ჩართული.  

ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს იწყებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს დღეს საღამოს იწყებს. ინფორმაცია Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაუდასტურეს. კოლომინა საქართველოში ბოლოს მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში. ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან