ძებნის რეზულტატი:

უნგრეთის პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება - კულება

უკრაინის პრეზიდენტი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ორბანის ქმედებების მიუხედავად, ევროკავშირის დაფინანსება ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება. მისი თქმით, თუ ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ ეს თანხები კონსენსუსის მიღწევის გარეშე გამოიყოფა.  „ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება," - აცხადებს კულება. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო  

კონგრესმა აშშ-ის პრეზიდენტს NATO-დან გასვლის გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება აუკრძალა

კონგრესმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ხელს შეუშლის ნებისმიერ პრეზიდენტს, რომ NATO-დან შეერთებული შტატების გაყვანა სენატის ან კონგრესის აქტის გარეშე გადაწყვიტოს. სენატორების ტიმ კეინისა (D-Va.) და მარკო რუბიოს (R-Fla.) წინადადება შეტანილი იყო ყოველწლიურ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი სავარაუდოდ, ხელს მოაწერს.  დებულება ხაზს უსვამს კონგრესის ერთგულებას ალიანსის მიმართ. ბაიდენი ხშირად იმეორებს, რომ NATO ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „NATO მტკიცედ დაუდგა [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ] პუტინის ომს უკრაინაში და მზარდ გამოწვევებს მთელ მსოფლიოში,“- აღნიშნა კეინმა განცხადებაში. მან აღნიშნა, რომ კანონმდებლობა „ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ამ გადამწყვეტი ალიანსისთვის, რომელიც ფუნდამენტურია ეროვნული უსაფრთხოებისთვის.“ ის ასევე აგზავნის ძლიერ გზავნილს ავტორიტარებისთვის მთელ მსოფლიოში, რომ თავისუფალი სამყარო რჩება ერთიანი.“ რუბიომ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება იყო კრიტიკული ინსტრუმენტი კონგრესის ზედამხედველობითი ფუნქციისთვის.  

ევროკავშირმა უკრაინისთვის 1,5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების ტრანში დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების წლიური პროგრამის ბოლო ტრანში დაამტკიცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დარჩენილი 1,5 მილიარდი ევრო უახლოებს დღეებში გადაირიცხება. მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის ფინანსურ სტაბილურობას. „უახლოეს დღეებში ჩვენ გადავრიცხავთ 1,5 მილიარდ ევროს - წლევანდელი პროგრამის ბოლო ტრანშს," - განაცხადა ლეიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, 2023 წლისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 16,5 მილიარდი ევრო უკვე გადარიცხულია კიევში.  

ბენ კარდინი: ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, მოუთმენლად ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროპული საბჭოს მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას,“ – წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას, – იხსენებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის საბჭოს სამიტის პირველი დღის დეტალებს „საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი, მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ. ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ „ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება.“ ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე. Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა    

გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა

გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. შედეგად, თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა, უარყოფილი იყოს. გერმანიის მთავრობის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის. ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, ხსენებული გადაწყვეტილება იმის საუძველია, „რომ ახლა მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გაომოიყენონ ორივე ქვეყანასთან ისედაც კარგი თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.”  

უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს

ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას უკრაინის პროგრამის ვარიანტებზე იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ვეტო შენარჩუნდება. ბლოკის ყველა სახელმწიფოს, უნგრეთის გარდა, აქვს ვალდებულება, რომ ამისთვის თანხები გამოიმუშაოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს ბოლო სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან იყოს შეთანხმება, მაგრამ თუ ერთსულოვნებას ვერ შეძლებენ, მაშინ უნდა არსებობდეს სამუშაო გამოსავალი და ალტერნატივები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს.  „უკრაინას სჭირდება თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ინვესტორებისთვის," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ.  

პატრიარქი: დღეს გამორჩეული დღეა - გილოცავთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პატრიარქი საქართველოს ულოცავს „გამორჩეულ დღეს“ და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამასთან, ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. „დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. გილოცავთ და გლოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი,” - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა გადასცა, სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით გადასცა. დახმარების პაკეტში შედის 9 ერთეული Bandvagn 206-ის ტიპის (BV206) მრავალფუნქციური მანქანა; 8 ერთეული Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა. 2023 წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას დაახლოებით, 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა. რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, 18,1 მილიარდით, მეორე ადგილზეა. შოლცი: Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წლის ბოლომდე ამოქმედდება  

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ მედია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაზე დაყრდნობით წერს. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ანკეტაში წერია, რომ პატრიარქი კირილი იძებნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის და აგრესიული ომის წარმოებისთვის. აქვე მითირებულია ინფორმაცია ძებნილის აღკვეთის ღონისძიების შესახებ და წერია, რომ ის უნდა დააკავონ. პატრიარქ კირილს ბრალი დაუსწრებლად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება, ასევე აგრესიული ომის გაჩაღება და წარმოება. გამოძიების თანახმად, პატრიარქი „რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.“ პატრიარქი კირილი დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ჩეხეთის სანქცირებულ პირთა სიაშია. ესტონეთმა და ლიეტუვამ კი, მას თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს.

ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს - კახა გოგოლაშვილი

რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. ამასთან, ქვეყანას უფრო სტაბილური სახელმწიფოს იმიჯი აქვს. „ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი. ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.  ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას აქვს ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირისგან. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

პოლონეთის ახალი მთავრობა პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემსწავლელ კომისიას აუქმებს

პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიას შლის. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა. კომისიის წევრებს ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად, ვადა 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის წევრების საქმიანობას შეისწავლის. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის საქმიანობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრები სახელმწიფოს რესურსებს ფლანგავდნენ. პოლონეთის ყოფილი მთავრობა და მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანტონ მიცარევიჩი მიიჩნევდნენ, რომ 2010 წელს, პოლონეთში მომხდარი ავიაკატასტროფა მოსკოვის სპეცოპერაცია იყო. კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ. რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის მიზეზად პილოტის შეცდომა დაასახელა. საავიაციო კატასტროფების კვლევის ექსპერტის ფრენკ ტეილორის მოხსენების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა განადგურდა შიგნიდან აფეთქების შედეგად; იყო აფეთქების რამდენიმე წყარო; და, ხე, რომელსაც ლაინერი შეეჯახა დაცემის დროს, არ იყო ფრთის თავდაპირველი განადგურების მიზეზი.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს

ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთვება,“ - განაცხადა პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს, ასევე, ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას. „ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი პოზიციების დაკავება გვსურს აღმოსავლეთ ფლანგზე, NATO-ს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.  

2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ამერიკის დემოკრატიისთვის - გამოკითხვა

როგორც საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, პოლიტიკურად ძალზე პოლარიზებულ ქვეყანაში, ამერიკელები 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ საკითხზე შედარებით თანხმდებიან. ისინი იზიარებენ შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი მის მომავალზე. თუმცა, განსხვავდება მათი შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკული დემოკრატიისთვის. გამოკითხვაში, რომელიც 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, 1 074 ადამიანი მონაწილეობდა. ახალი გამოკითხვის ავტორია საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტიდ პრესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევითი ცენტრი (NORC). ირკვევა, რომ გამოკითხული ზრდასრული ამერიკელების უმრავლესობა, 62% თვლის, რომ ამერიკული დემოკრატია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, იმის მიხედვით, თუ ვინ მოიგებს მომავალ შემოდგომაზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. დემოკრატებში ასე 72% ფიქრობს, რესპუბლიკელებში კი 55%. გამოკითხულ ამერიკელთა დაახლოებით ნახევარი არც ახლაა კმაყოფილი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხით. 51% ამბობს, რომ დემოკრატია შეერთებულ შტატებში ან „არც ისე კარგად“ მუშაობს, ან „საერთოდ არ არის კარგ ვითარებაში". მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის შესახებ დასმულ კითხვაში, ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა მიმართულება ახდენდა უფრო მეტ გავლენას ამომრჩეველთა შეშფოთებაზე. უმეტესობა მთავარ მნიშვნელობას ეკონომიკურ საკითხებს (75%) ანიჭებს; შემდეგ მოდის დემოკრატიის მომავალი (67%); დაახლოებით იმდენივე წუხს სამთავრობო ხარჯებზე (67%) და სულ ოდნავ ნაკლები იმიგრაციაზე (66%). დემოკრატების 87% და დამოუკიდებელი ამომრჩევლების 54% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადა უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის დემოკრატიაზე. რესპუბლიკელებს შორის 82% თვლის, რომ დემოკრატია ჯო ბაიდენის მორიგი გამარჯვებით დასუსტდება. ამას დამოუკიდებელი ამომრჩევლის 56% ეთანხმება. ყოველი 10 ზრდასრული ამერიკელიდან 2 (19%) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში დემოკრატია „უკვე იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში“. რესპუბლიკელები (23%) უფრო ხშირად ამბობენ ამას, ვიდრე დემოკრატები (10%). ორივე პარტიაში შედარებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკული დემოკრატია საკმარისად მტკიცე და გამძლეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაუძლოს. ”ვფიქრობ, მემარცხენეების მხრიდან, აშკარაა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ისეთი პრეზიდენტის არჩევით, რომელიც აშკარად ავტორიტარულია, რომელსაც აშკარად სურს შეამციროს მთავრობის ანგარიშვალდებულება, რათა გააძლიეროს პრეზიდენტის ძალაუფლება და ამის გაკეთება ისე, რომ აღმასრულებელ შტოს ერთგვარი უპრეცედენტო წვდომა ჰქონდეს მოსახლეობასა და მთავრობის სექტორების მართვაზე,“ - ამბობს მაიკლ ალბერტუსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი. რაც შეეხება მეორე მხარეს, პროფესორ ალბერტუსის აზრით, "რესპუბლიკელები მარჯვენა ფლანგიდან, შეშფოთებული არიან მთავრობის ძალაუფლების გადამეტებით, “დიდი მთავრობით”თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეებით და სამთავრობო უფლებამოსილებით, იმოქმედონ გარკვეული გზით ან გაატარონ გარკვეული პოლიტიკა”. წყარო - ამერიკის ხმა  

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება პარაფირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება პარაფირებულია. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართული მხრიდან დოკუმენტის პარაფირება განახორციელეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ბრიუს შვარცმა. „ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში. საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გასული სამი ათწლეული ჩვენი ურყევი მეგობრობის დემონსტრირებაა და ეს ისტორიული დოკუმენტი ამ პარტნიორობის შედეგია. ვამაყობ, რომ ჩემი ოფისი მრავალი წელია წარმოადგენს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში ორი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას სათავეში უდგას. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოოდ ძალაში შესვლის პროცესი დამატებით სხვა ეტაპებსაც მოიცავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყანა ერთობლივად შეძლებს საჭირო პროცედურები უმოკლეს ვადებში შესრულებას,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ პარაფირების ცერემონიაზე. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას მიმდინარე წლის იანვარში, ამერიკულ მხარესთან თბილისში გამართული მოლაპარაკებები უძღოდა წინ.  

ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს დაიწყებს. პენტაგონის ცნობით, ოსტინი ისრაელში, კატარსა და ბაჰრეინში ჩავა. მოგზაურობა ასევე მოიცავს ვიზიტს USS Gerald R. Ford-ზე (ამერიკული ავიამზიდი), რომელიც ახლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადადგილდება. როგორც პენტაგონში აცხადებენ, ისრაელში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ ერთგულებას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ის ასევე განიხილავს ნაბიჯებს, რომლებსაც ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის შესამცირებლად დგამს. „საბოლოო ჯამში ისრაელის გადასაწყვეტია, თუ როგორ გადავიდეს ოპერაციების შემდეგ ეტაპზე, ოსტინი დაინტერესებულია, მეტი შეიტყოს მათი სამომავლო გეგმების შესახებ,“ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რაც შეეხება ბაჰრეინში ოსტინის ვიზიტს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას ეწვევა. შეერთებულ შტატებსა და ბაჰრეინს შორის დისკუსიების ნაწილი მოიცავს აშშ-ის ძალისხმევას, უზრუნველყონ მრავალმხრივი კოალიციები იმ აგრესიის საპასუხოდ, რაც გემებსა და გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. კატართან დაკავშირებით, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, კატარმა “ჰამასთან“ აშშ-ის კომუნიკაციის უზრუნველყოფის მხრივ, გადამწყვეტი როლი ითამაშა.   „ეს ძალისხმევა გადამწყვეტი იყო ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების უზრუნველსაყოფად. კატარი აშშ-მ  NATO-ს არაწევრ მოკავშირედ აღიარა, ის ასევე მასპინძლობს აშშ-ის ძალებს ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე. მდივანი სწორედ ამ ლოკაციას ეწვევა,“ - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.  

რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 30 დრონი განადგურებულია - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 30 დრონი ჩამოაგდეს. რუსების შეტევებს უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების მებრძოლები, ასევე, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები იგერიებდნენ. „სულ რუსების თავდასხმისას Shahed-136/131 ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი იყო გამოყენებული, რომელიც მტერმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით გაუშვა,“ - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამ“ არხზე.  

იაპონია თავდაცვის ხარჯებს 10%-ით ზრდის

იაპონიის მთავრობა მზადაა, 2024 წელს ბიუჯეტის გაზრდის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა დაამტკიცოს. ხარჯები (54,1 მილიარდი აშშ დოლარი) მიმდინარე განაკვეთებით, რაც დაახლოებით, 13,2%-ით მეტია მიმდინარე წლის ანალოგიურ ხარჯებთან შედარებით. მთავრობა ასევე გამოყოფს ფულს ჰიპერბგერითი რაკეტის შემუშავებისთვის, რომლის ფრენის დიაპაზონი 3000 კილომეტრია. გარდა ამისა, დაგეგმილია თანხების გამოყოფა Aegis-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი ორი ხომალდის ასაშენებლად და მიმდებარედ კუნძულების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.  

კიევზე შეტევის ფონზე, უკრაინაში აშშ-ის ელჩი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი რაც შეიძლება, მალე დაამტკიცონ

აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა 15 დეკემბერს მოუწოდა კონგრესს, მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის შესახებ "რაც შეიძლება, მალე" და აღწერა სიტუაცია, როგორც "გადაუდებელი." „მნიშვნელოვანია იმ მიღწევების უზრუნველყოფა და შენარჩუნება, რაც უკრაინელებმა აქამდე მიიღეს. და ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა,“ - აღნიშნე ელჩმა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში, კიევი დიდწილად იყო დამოკიდებული ვაშინგტონისა და ბრიუსელის საგარეო დახმარებაზე და უსაფრთხოების დახმარებაზე. აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში უყრის კენჭს უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შეტევის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აპირებს მხარდაჭერის მობილიზაციას და "პარტნიორებთან თანამშრომლობას უკრაინის თავდაცვაში ერთიანობის შესანარჩუნებლად", იმ ფონზე, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დაფინანსების პროცესს მზარდი წინაღობები ექმნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის 22-ე თვეში.  

ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხზე, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის პერსპექტივებზე, ბაქოში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჯოარაბეკ მირზამაჰმუდოვმა, უზბეკეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა და ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა. ერთობლივი კომუნიკე ენერგიის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ელექტროენერგიის ექსპორტზე ერთობლივი საწარმოს შექმნაზე და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე. ერთობლივი კომუნიკეს მიხედვით, პროექტში მონაწილეობა რეგიონში მდებარე მესამე ქვეყნებსაც შეუძლიათ.