ძებნის რეზულტატი:

პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრძანება გასცა, რომლის თანახმად, აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში დარჩეს. ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უკვე მესამედ უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზის სექტოში მიმდინარე ომის ფონზე. აშშ რეგიონში ორი ავიამზიდით არის წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა  "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ გაზარდა.  

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა

აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში შევიდა. მანამდე, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ 15 დეკემბერს, ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს. „ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში. სამხრეთ კორეის მაღალჩინოსანმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, ამ თვეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს. მეორე ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს პორტში შევიდა. ცნობისთვის, ამერიკული ავიამზიდი USS Carl Vinson პუსანის პორტში, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების გაზრდის მიზნით შევიდა.  

შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ

NATO-ს წევრების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები 2024 წლის 11 იანვარს, სტამბოლში, სამმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების განაღმვაა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად, ერთობლივი დანაყოფის შექმნას გეგმავდნენ.  

პუტინი: რუსეთი იქნება სუვერენული, ან საერთოდ არ იარსებებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, „ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს.“ „უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, - აღნიშნა პუტინმა . მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ მოწიფულობა და სტაბილურობა გამოავლინა. „ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ გამოავლინა სიმწიფე, ძალა და სტაბილურობა. ჩვენ ვუპასუხეთ გამოწვევებს, რადგან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად მივყვებით სუვერენიტეტის განმტკიცების გზას," - განაცხადა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოთხჯერ - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში - აირჩიეს. ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ მან უფლება მოიპოვა, კენჭი 2024 წლის არჩევნებშიც იყაროს.  

უკრაინის მასშტაბით უსაფრთხოების ცენტრები გაიხსნება

უკრაინის მასშტაბით უსაფრთხოების ცენტრები მალე ამოქმედდება, რათა შესაძლებელი გახდეს სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე სწრაფი რეაგირება და მოქალაქეების დახმარება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადა. კლიმენკომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების პროექტები იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ბოლო კონგრესის დროს განიხილეს. „ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ნებისმიერ რეგიონში,“ - აღნიშნა კლიმენკომ. მისი თქმით, სულ მალე სასწავლო დაწესებულებებში 500 პოლიციელი შეასრულებს თავის მოვალეობას. მოსალოდნელია, რომ ისინი უზრუნველყოფენ კანონის აღსრულებას, ურთიერთქმედებას სკოლის ადმინისტრაციასთან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უსაფრთხოების ცენტრები ასევე შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა, სავაჭრო ცენტრები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები. დასახლებებში უსაფრთხოების ცენტრები მოიცავენ პოლიციელებს, მაშველებსა და მედიკოსებს.   

მოლდოვა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტული დნესტრისპირეთის სიახლოვეს სამხედრო წვრთნას ატარებს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სიახლოვეს მოლდოვამ სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები 22 დეკემბრამდე გაგრძელდება. მოლდოვის არმიის განცხადებით, მანევრები ბულბოაკას საწვრთნელ ცენტრში ჩატარდება. 15 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების პროდასავლური სტრატეგია დაამტკიცა. ამ ინიციატივას ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიესალმა და მას უსაფრთხოებისკენ და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.  

გერმანიის შს მინისტრი საქართველოს ეწვევა

გერმანია და საქართველო ხელს მოაწერენ მიგრაციის ხელშეკრულებას, რომელიც შრომით მიგრაციას და, ამავდროულად, გერმანიაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას გაამარტივებს. ამის შესახებ Spiegel-ი წერს. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია კვირის დასაწყისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი საქართველოში გაემგზავრება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას. მსგავსი შეთანხმებები ასევე მზადდება მოლდოვასთან და რამდენიმე ქვეყანასთან. ფეზერმა განაცხადა, რომ ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის 8000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები. გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა  

იენს სტოლტენბერგი: კრემლი ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის ემზადება

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „არ არსებობს რაიმე ნიშნები იმისა, რომ პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, პირიქით, კრემლი ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის ემზადება. „კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს და არა მის შეწყვეტას. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი, რომ მისი აგრესია ამით არ დასრულდება,“ განაცხადა სტოლტენბერგმა სლოვაკეთის პრემიერის მასპინძლობისას. მან რობერტ ფიცო NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის ახალი პრემიერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება. მისმა მთავრობამ კიევს სამხედრო მხარდაჭერას უკვე შეუჩერა. როგორც NATO-ს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე მხარებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერისა და ალიანსის შეკავება/თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხები. კულება სლოვაკეთის ახალი მთავრობის მინისტრს პირველად შეხვდა  

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ბელგოროდის ოლქში, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევას ადასტურებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო 17 დეკემბერს წერს, რომ რუსეთის სოფელ ტერებრენოსთან, უკრაინის საზღვართან სამხედრო შეტაკებები დაფიქსირდა. ”კრემლის რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიერ ბელგოროდის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურდა რუსული ჯარების ოცეულის დასაყრდენი,” - წერს სამხედრო დაზვერვა (HUR), რომელიც დეტალებს არ აკონკრეტებს. ტერებრენო ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით, 2 კილომეტრში მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 600 ადამიანი ცხოვრობს. მანამდე რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა. მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო. „წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს," - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპერატიული სამსახურები შედეგების აღმოფხვრას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ხშირია ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ.  

პოლონეთში ამერიკული ბაზა ამოქმედდა

პოლონეთში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა ამოქმედდება. რეძიკოვოს საჰაერო ბაზა ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგდა. ეს არის ამ ტიპის მეორე ამერიკული ბაზა ევროპაში, პირველი კი, სამხრეთ რუმინეთში მდებარეობს. NATO-ს ცნობით, ამერიკული წარმოების Aegis სისტემები, ირანის  ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვას ისახავს მიზნად.  რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებული ბაზები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სარადარო ობიექტს თურქეთში, სამეთაურო ცენტრს გერმანიაში და ასევე, აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს. რეძიკოვოს ბაზა 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი გახსნა არაერთხელ გადაიდო. Aegis სისტემა შექმნილია სატელიტური სისტემებით რაკეტების გაშვების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. ალიანსი აცხადებს, რომ სისტემა დაიცავს მის წევრებს ირანიდან გაშვებული მოკლე და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებისგან. თუმცა, სისტემა ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ არ მუშაობს. რეძიკოვოს ბაზა კალინინგრადიდან (რუსული ექსკლავი ბალტიის ზღვაზე პოლონეთსა და ლიეტუვას შორის) დაახლოებით 150 კილომეტრში (93 მილი) მდებარეობს  Aegis სისტემა ასევე განლაგებულია ამერიკულ, იაპონურ და სამხრეთ კორეის გემებზე აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის რაკეტებისგან აშშ-ის მოკავშირეების დასაცავად.  

ესტონეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმა განაახლა

ესტონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მომავალი წლებისთვის ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის მოადგილემ ტუული დუნეტონმა და თავდაცვის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელესტ ვალანდერმა ესტონეთ-ამერიკის უსაფრთხოების თანამშრომლობის 2024-2028 წლების გეგმა გააფორმეს.  შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას მოკავშირეთა ქვედანაყოფების მასპინძლობაში, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთო ინტერესების რამდენიმე სხვა სფეროს. „ჩვენ ასევე დავადასტურეთ მხარდაჭერა უკრაინისადმი, ვიდრე არ აღდგება მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიზნის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის, აღჭურვის, რჩევისა და დახმარების საკითხებში," - აღნიშნა მდივნის მოადგილემ. ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობის პირველი შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. აშშ-მ მსგავსი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ლატვიასთან და ლიეტუვასთან ა გააფორმა.  

წინასწარი შედეგებით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის ბლოკი ლიდერობს

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი “სერბეთის პროგრესული პარტიის” კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში 49.84 პროცენტით ლიდერობს. ამის შესახებ სერბეთის საარჩევნო კომისიამ ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა. 17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 65 ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებს თან სდევდა დარღვევები. სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში და უარყო ოპოზიციის განცხადებები დარღვევებზე საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, პარტიას აქვს მონაცემები, რომ მან ხმების 47,1 პროცენტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ადგილზე, 23 პროცენტით გავიდა კოალიცია "სერბია ძალადობის წინააღმდეგ", ხოლო სოციალისტურ პარტიას ერგო 6,7 პროცენტი.  ვუჩიჩი პრეზიდენტია 2017 წლის მაისიდან. მან რუსეთთან კავშირები შეინარჩუნა. ამასთან, ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.  

ფხენიანმა 12 საათში ორი რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან, რომ დღეს, 18 დეკემბერს დილით, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ფხენიანის რაიონიდან გაშვებულმა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტამ 73 წუთში დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის კუნძულ ხოკაიდოსთან, ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში ჩამოვარდა. 17 დეკემბერს, საღამოს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაც, რომელმაც ზღვაში ჩამოვარდნამდე დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა. ბალისტიკური რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაგმეს და ფხენიანი კვლავ დაადანაშაულეს გაეროს რეზოლუციების დარღვევასა და რეგიონისთვის საფრთხის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციებით აკრძალული აქვს, მხოლოდ 2023 წელს 20-მდე გამოცდა ჩაატარა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა  

გენერალ ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

17 დეკემბერს, ღამით გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გენერალ ზალუჟნის და მისი რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს. გამოცემის წყაროთა თანახმად, საუბარია ვალერი ზალუჟნის ახალ სამუშაო კაბინეტზე, რომელსაც იქ გენერლის გადასვლამდე ამოწმებდნენ. ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენა BBC-ს უკრაინულ სამსახურს დაუდასტურა რამდენიმე წყარომ უკრაინის სამხედრო წრეებიდან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ვალერი ზალუჟნის კაბინეტში, არამედ, ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც „შესაძლოა, მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონოდ შეძენის და გამოყენების მუხლით. საქმეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 18 დეკემბერს დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფისში ნაპოვნია მოწყობილობა ფარული მოსმენისთვის. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებული ცნობით, „ტექნიკური მოწყობილობა“ აღმოჩენილია ვალერი ზალუჟნის „დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილზე.“  

პრეზიდენტ ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი 17 დეკემბერს, გვიან საღამოს დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში მოხდა, სადაც ჯო ბაიდენი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა. ტელეკომპანია ABC-ს და სააგენტო Reuters-ის ცნობით, შტაბიდან გამოსული პრეზიდენტი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როცა დელავერის სანომრე ნიშნიანი, „სედანის“ ტიპის ავტომობილი შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანას, რომელსაც გზაჯვარედინი ჰქონდა გადაკეტილი. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მძღოლი მათ მოთხოვნას დაემორჩილა და ხელები მაღლა ასწია. უსაფრთხოების სამსახურს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკვე იმყოფებოდა იმ ავტომობილში, რომლითაც პრეზიდენტი მგზავრობს. მოგვიანებით, მას ჯო ბაიდენი შეუერთდა და ისინი სახლში დაბრუნდნენ.  

გერმანია სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას განიხილავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის აუცილებლობა აღიარა და მის შეჩერებას შეცდომა უწოდა. „მე განვიხილავ ყველა ვარიანტს... ერთ დროს იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შეჩერების მიზეზები. მაგრამ ეს შეცდომა იყო," - განუცხადა პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს ინტერვიუში. თუმცა მისი განმარტებით, ახლა სავალდებულო გაწვევაზე დაბრუნება რიგი საკითხების გამო, მათ შორის, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზებით, რთულია. ამავდროულად, ის ამჟამად შვედურ მოდელს განიხილავს, სადაც სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელნი არიან როგორც კაცები, ასევე, ქალები, მაგრამ მათი მხოლოდ ნაწილია გაწვეული, გერმანიაში გენერალური გაწვევა 2011 წლის პირველ ივლისს გაუქმდა. აპრილში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ გერმანია არ აპირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას, რადგან ბერლინს ამის შესაძლებლობა და სახსრები არ გააჩნდა.  

რუსებმა საკუთარი “SU-25” ჩამოაგდეს, დიდი მადლობა მათ უკრაინელი ხალხისგან - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა თავისი SU-25 ჩამოაგდეს რუსმა საზენიტო მსროლელებმა რუსული “SU-25” მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამზე“ წერს. ”დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რუსული „სუ-25“ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჩამოუგია. ეს იყო რუსი საზენიტო მსროლელების მკაფიო და კოორდინირებული მოქმედებები, რისთვისაც დიდი მადლობა მათ მთელი უკრაინელი ხალხისგან! მინუს ერთი ოკუპანტების „სუ-25“ გაგრძელება იქნება,“ - წერს ოლეშჩუკი.  

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. „წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენმა ჯარმა კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების წლიური საქმიანობის შეჯამებისას, სამხედრო მოსამსახურეებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. „მინდა, დავიწყო მილოცვით, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი წარმატება, მივულოცო კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს ჯარს, რომელმაც კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესში დიდი როლი ითამაშა და მომავალშიც ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გასწია პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ სრული შემადგენლობით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არა თუ ჩამოვრჩით რაიმე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ, ჩვენი ქვეყანა სტაბილურად ვითარდება,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედის“ ეთერში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის  

EIB შუა დერეფანში საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის - მედია

ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) სურს, გამოიკვლიოს კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი კორიდორი) კონტექსტში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს თქმით, პროექტები მოიცავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოებას სამხრეთ კავკასიაში. „მდგრადი კავშირის შესახებ, EIB ყურადღებას გაამახვილებს შუა დერეფანთან დაკავშირებულ ოპერაციებზე, რომლებიც მჭიდროდ შეესაბამება ევროპის გლობალური კარიბჭის სტრატეგიას  -  ისინი ავსებენ EIB-ის არსებით მხარდაჭერას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანთან მიმართებით უკვე ურუნველყოფილია,“ - აღნიშნა წყარომ. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი