ძებნის რეზულტატი:

BP წითელ ზღვაზე ყველა ტანკერის ტრანზიტს დროებით აჩერებს

ნავთობისა და გაზის გიგანტმა BP Plc-მა განაცხადა, რომ ჰუსიტების ბოევიკების მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმების ესკალაციის შემდეგ, წითელი ზღვის გავლით, ყველა გადაზიდვას შეაჩერებს. „წითელ ზღვაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების ფონზე, BP-მ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ყველა ტრანზიტი წითელ ზღვაზე,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიამ – Maersk-მა და Hapag-Lloyd-მა ორი დღის წინ განაცხადეს, რომ შეაჩერეს ტვირთების გადაზიდვა წითელი ზღვის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობისთვის. მანამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა არის ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო. იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ ორ გემზე მიიტანეს იერიში. ამასთან, თავდასხმის მიზეზად დაასახელეს ის, რომ გემებმა უგულებელყვეს იემენის საზღვაო ძალების განცხადება და ეს იყო პასუხი პალესტინელი ხალხის ჩაგვრაზე ღაზის სექტორში.  

ბულგარეთმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა

ბულგარეთის პარლამენტმა რუსეთის გაზზე სატრანზიტო გადასახადი გააუქმა. მანამდე, უნგრეთმა განაცხადა, რომ ამის გამო ვეტოს დაადებდა სოფიას მისწრაფებას, გაწევრიანდეს თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონაში. „ბულგარელებს მკაფიოდ ვუთხარით, რომ თუ ამას დიდხანს შეინარჩუნებენ, თუ უნგრეთის ენერგიით მომარაგების უსაფრთხოებას დიდხანს გამოუთხრიან ძირს, ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შესვლას შენგენში," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 16 დეკემბერს. რუსეთის გაზი უნგრეთში, სერბიასა და ავსტრიამდე ბულგარეთის ტერიტორიას გადის. „მე არაერთხელ ვუთხარი (უნგრეთის პრემიერ-მინისტრს) ვიქტორ ორბანს, რომ ეს გადასახადი არ არის მიმართული უნგრეთის წინააღმდეგ. მათ, ალბათ, აქვთ გარკვეული ეჭვები ან იყენებენ მას საბაბად (ჩვენს დასაბლოკად). მნიშვნელოვანია ამ დაბრკოლების მოხსნა და ვიცოდეთ, რომ უნგრეთთან ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრობლემები შენგენისთვის,“ განუცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა ტელეკომპანია Nova-ს.   

მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა

მოლდოვის პარლამენტი დსთ-ს ფარგლებში დადებულ კიდევ ორ შეთანხმებას აუქმებს. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს. საგარეო პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის პარლამენტის კომისიამ აღნიშნულ საკითხზე ორი საკონსულტაციო დასკვნა დაამტკიცა, იტყობინება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური. ამჯერად საუბარია დსთ-ში სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფებისა და კოლექტიური სამშვიდობო ძალების შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა კიევში, 1992 წლის 20 მარტს და ასევე, სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფების შექმნისა და ჩართვის დროებითი პროცედურის შესახებ ოქმს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, კიშინიოვმა დსთ-დან თანდათანობითი გასვლის შესახებ განაცხადა და უკვე გააუქმა ათობით ხელშეკრულება.  მოლდოვა დსთ-ს საწევრო გადასახადს აღარ გადაიხდის  

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

ლიეტუვა, შვედეთი და კანადა აპირებენ, შექმნან "საერთო ინტერესთა ჯგუფი უკრაინისთვის" (CIG4U) საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის სატრანსპორტო ინდუსტრიის აღდგენისა და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებას. ამის შესახებ უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი დერკაჩმა განაცხადა. მისი თქმით, ჯგუფის მუშაობის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტთან დაკავშირებული მატერიალური საჭიროებების მხარდაჭერა და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის ანალიტიკური მხარდაჭერა. პირველი პროექტები მიმართული იქნება უკრაინაში საგზაო და სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის მდგრად განვითარებაზე.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. ევროკავშირის განცხადებით, ახალი ზომები კიდევ უფრ მეტ დარტყმას აყენებს პუტინის უნარს, აწარმოოს ომი. ასევე, მე-12 პაკეტი კიდევ უფრო ართულებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას. ევროკავშირი აწესებს აკრძალვას რუსეთიდან ბრილიანტების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტზე, შეძენასა და გადაცემაზე. ეს აკრძალვა ვრცელდება რუსეთში წარმოებულ ბრილიანტებზე, რუსეთიდან ექსპორტირებულ ბრილიანტებზე, რუსეთში ტრანზიტულ საქონელსა და სხვა. პირველი იანვრიდან ევროკავშირი რუსეთში მოპოვებულ, გადამუშავებულ ან წარმოებულ არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს აამოქმედებს. პირველი მარტიდან კი, მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტზე ეტაპობრივი შეზღუდვები დაიწყება. სანქციების ახალ პაკეტშია შეზღუდვები რუსეთიდან ალუმინის პროდუქტების, მათ შორის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტზე. ევროკავშირმა ასევე დაავალა ევროპულ კომპანიებს, პარტნიორებთან კონტრაქტებში დათმონ რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის აკრძალვა. სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს თხევადი პროპანის იმპორტის აკრძალვას 12-თვიანი გარდამავალი პერიოდით. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

დანია და შვედეთი უკრაინას CV90-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემენ

შვედეთისა და დანიის თავდაცვის მინისტრები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება კიევისთვის შვედური წარმოების CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას ითვალისწინებს. „ჩვენ გამოვიყენებთ საწარმოო შესაძლებლობებს უკრაინაში ახალი CV90-ის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა. მიმდინარე წლის განმავლობაში შვედეთმა უკრაინას უკვე გადასცა 50 CV90-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა, რომლებმაც საბრძოლო მოქმედებების დროს მაღალი ეფექტიანობა აჩვენეს. კიევმა სტოკჰოლმიდან ამ აღჭურვილობის დამატებითი მიწოდება მოითხოვა. Combat Vehicle 90 არის შვედური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანა. CV90-ის სერიული წარმოება 1993 წელს დაიწყო. საერთო ჯამში, სხვადასხვა მოდიფიკაციით დამზადდა დაახლოებით 1170 მანქანა, რომელთა უმეტესობა ექსპორტზე გავიდა სხვა ქვეყნებში.   

ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა

გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Twitter-ზე (X) დაწერა. „ეს აშკარად არ არის ის სიურპრიზი, რომლითაც ბედნიერი ვარ. მცირე სიმპტომებით, მე იმედი მაქვს, მკურნალობის მსუბუქ კურსს გავივლი,“ - წერს შოლცი და აღნიშნავს, რომ სამუშაო მაგიდასთან საქმიანობას განაგრძობს. ბერლინში, COVID19-ით დაავადებულებს არ უწევთ იზოლაცია, მაგრამ მათ სხვებთან კონტაქტისგან თავშეკავებას ურჩევენ. შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი 14-15 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობდა.  

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ლევან იზორია დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან გამართავს. „აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ,” - წერია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში  

ევროკავშირი უკრაინის 50-მილიარდიან დახმარებაზე რიგგარეშე სამიტზე იმსჯელებს

პირველ თებერვალს ევროკავშირი რიგგარეშე სამიტს გამართავს, სადაც უკრაინისთვის დახმარების 50-მილიარდიანი პაკეტის გადაცემის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა. სამიტის მთავარი თემა მრავალწლიური ბიუჯეტის ცვლილებები იქნება. „ხუთშაბათს და პარასკევს მივხვდით, რომ უნგრეთთან ცოტა მეტი დროა საჭირო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მივიღოთ, რომელსაც სჭირდება MFF-ის (მრავალწლიური ფინანსური ჩარჩოს) მიმოხილვა, შეთანხმებისთვის,“- განაცხადა მიშელმა. გარდა უკრაინის დაფინანსებისა, 27-წევრიან ევროკავშირს ასევე აქვს შეთავაზებები მეტი ფინანსური მხარდაჭერისთვის მიგრაციისთვის, ბუნებრივი კატასტროფების დასაფარად, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა 14 დეკემბერს გადაწყვიტეს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა უნგრეთის ვეტოს გამო ვერ შეთანხმდნენ კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტზე.  

ფინეთმა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა

ფინეთმა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე შეთანხმება გააფორმა.  შეთანხმება ოფიციალურს ხდის უფრო მტკიცე კავშირებს ვაშინგტონთან, როგორც ამას აპრილში ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ითვალისწინებს. შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით, ვაშინგტონში იმყოფება ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი. ის დოკუმენტს მიესალმა. მინისტრმა დოკუმენტს ფინეთის და მთელი ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის მიმართ აშშ-ის ერთგულების მკაფიო სიგნალი უწოდა. „ჩვენ არ მოველით, რომ აშშ მოუვლის ფინეთის თავდაცვას, განვაგრძობთ ინვესტირებას ჩვენს თავდაცვაში და ვიყოფთ ტვირთს ჩვენს არეალში და მის მიღმაც," - აღნიშნა ჰაკანენმა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მეზობელ ქვეყანას NATO-ში მისი გაწევრიანების გამო დაემუქრა. აშშ-ს ფინეთის მასშტაბით 15 სამხედრო ბაზაზე ექნება წვდომა  

ორბანმა და ერდოღანმა საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა. როგორც ანკარაში განაცხადეს, ვიზიტის მიზანს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები მოლაპარაკებებს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გამართავენ, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და კულტურის საკითხებს მოიცავს. მოსალოდნელია რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებაც. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საჩუქრები - ცხენი და თურქული წარმოების ელექტრომობილი გაცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრების დღის წესრიგში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების საკითხიც დგას.  

ბრიტანული კომპანიები უკრაინას საარტილერიო სისტემების შეკეთებასა და დრონების წარმოებაში დაეხმარებიან

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავიანთი პირველი მისია უკრაინაში დაასრულეს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს, მათ შორის, ნაღმების საწინააღმდეგო გემების მოვლა-პატრონობის, საარტილერიო სისტემების შეკეთებისა და დრონების წარმოების შესახებ. ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ერთობლივი სავაჭრო მისია შედგა 13-14 დეკემბერს და ის ეფუძნებოდა დიდი ბრიტანეთის მუდმივდ მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისადმი, 2014 წელს უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ. შეხვედრის შემდეგ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრომ და BAE Systems-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას BAE Systems-ის იარაღის წარმოების ლოკალიზაციის შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და BAE Systems-ს შორის ასევე გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება შეკეთების, სათადარიგო ნაწილებისა და ახალი L119-ის მსუბუქი იარაღის წარმოებაზე თანამშრომლობის შესახებ.  

ლოიდ ოსტინი ისრაელში: ჩვენი მზადყოფნა არცერთმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. „ჩვენი მზადყოფნა არცერთმა ცალკეულმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს. ასე რომ, წითელ ზღვაში ჩვენ მრავალეროვნულ საზღვაო სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ, რათა ნავიგაციის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი დავიცვათ,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმები უნდა შეწყდეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, ეს თქვენი ომიც არის, რადგან თქვენ მსოფლიოში ცივილიზაციის ძალებს ხელმძღვანელობთ. ეს არის ბრძოლა ირანის ღერძის წინააღმდეგ, ირანის ტერორიზმის ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაკეტვით იმუქრება. ეს მთელი მსოფლიოს ნავიგაციის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს,“ - განუცხადა ნეთანიაჰუმ ლოიდ ოსტინს. ამასთან, ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს.  

ჩეხეთის პრეზიდენტი: 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვნახავთ

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ. პაველის თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს. „უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. პაველი რუსეთსა და აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა. „მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება, შედგეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი,“ - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.  

ზელენსკი ევროკავშირის ახალ სანქციებზე: აგრესორმა უნდა იგრძნოს, რომ ზეწოლა იზრდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას მიესალმა. „აგრესორმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს, რომ თავისუფალი სამყაროს ზეწოლა და აგრესიისთვის ფასი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია არსებული სანქციების რეჟიმების ეფექტიანად აღსრულება. ვერც აგრესორმა და ვერც რომელიმე კრიმინალმა, რომელიც მხარს უჭერს მას სანქციების თავიდან აცილებაში, ვერ უნდა შეძლოს შეზღუდვების თავიდან აცილება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-12 პაკეტი 18 დეკემბერს მიიღო.  

აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ აშშ-ს ხელმძღვანელობით ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. „ვაცხადებ ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაარსების შესახებ - ეს არის მნიშვნელოვანი ახალი მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივა გაერთიანებული საზღვაო ძალების ქოლგის ქვეშ და მისი 153 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წითელ ზღვაში უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ოსტინმა. მისი თქმით, ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც ქმნის არასახელმწიფო აქტორი საერთაშორისო წყლებში კანონიერად მცურავი სავაჭრო გემების მიმართულებით რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებით. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, შედის : გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი. „იემენიდან მომდინარე ჰუსიტების უგუნური თავდასხმების გამო შექმნილი ესკალაცია საფრთხეს უქმნის ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს. წითელი ზღვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არსებითია ნაოსნობის თავისუფლებისთვის და მთავარი კომერციული დერეფანი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას,“ - განაცხადა ოსტინმა. წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილის და ადენის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ოპერაციაში ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში ჰუთები თავს დაესხნენ ორ სატვირთო გემს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.  

ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, დღეს, 19 დეკემბერს, მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5,9 იყო. ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მხოლოდ განსუში განადგურებული ან დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.  

ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში დიმიტრი მედვედევის ვაჟი და ვლადიმერ პუტინის დისშვილი მოხვდნენ

ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში, 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა. ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები. სანქცირებული პირების სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი ანა ცივილევა, რომელიც ვლადიმერ პუტინის დისშვილია, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, იური ჩიხანჩინი, „ურალვაგონზავოდის“ დირექტორი ალექსანდრე პოტაპოვი, ბაშკირეთის ხელმძღვანელი, რადი ხაბიროვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრი და სხვა პირები. ევროკავშირში განმარტავენ, რომ ცივილევა დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

აშშ ევროკავშირის სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლას გავაგრძელებთ

„შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, G7-თან და სხვა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამკაცრდეს“. ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ „პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ცდილობს, თავი აარიდო სანქციებს.“ ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ორშაბათს, 18 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან ამ სანქციების შესახებ, ისევე როგორც ამ კონფლიქტის დაწყების დღიდან,” - განაცხადა მილერმა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე

ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კრისტოფერ სმიტს შეხვდა. ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მხარეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტის შედეგები განიხილეს და ორმხრივი შეთანხმებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობა განიხილეს. „ჩვენ მოუთმენლად ველით მიღწეული შეთანხმებების სწრაფ განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთის, რაც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს,“  აღნიშნა ანდრი ერმაკმა. რმაკმა ასევე ხაზი გაუსვა აგრესორ სახელმწიფოზე სანქციების ზეწოლის გაგრძელების მნიშვნელობას. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ აგრესორის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება როგორც უკრაინის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, ასევე, ქვეყანაში. „ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ ჩვენს დახმარებას, თუ მათ ექნებათ ჩვენი სამოქმედო გეგმის სრული გაგება. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ღია ვართ ჩვენი პარტნიორებისთვის და მთელი ჩვენი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთიანია ჩვენი შემდეგი ნაბიჯებისა და პერსპექტივების გასაგებად," - განაცხადა ერმაკმა. თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაცია, მათ შორის მზადება ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მეოთხე შეხვედრისთვის, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. ანდრი ერმაკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უკრაინის უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხს, როგორც ამას ითვალისწინებს G7-ის ერთობლივი დეკლარაცია, რომლის განხორციელებაში წამყვან როლს შეერთებული შტატები ასრულებს. ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, შეაქო შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ ეფექტიანობა, რომელიც უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს. მათ ხაზი გაუსვეს მისი მუშაობის გაგრძელებისა და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობას. მხარეებმა განიხილეს ევროპაში არსებული ვითარება და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობა ყველა მონაწილის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპაში საექსპორტო მარშრუტების განვითარებაში. მათ ასევე განიხილეს უკრაინის აღდგენის საკითხი. ანდრი ერმაკმა გაიმეორა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები, რომ უკრაინა მზადაა, ხელი შეუწყოს ამერიკული კომპანიების მუშაობას უკრაინაში, ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.