ძებნის რეზულტატი:

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განადგურებულია „ჰამასის“ მთავარი გვირაბის ქსელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ მთავარი გვირაბის ქსელი გაანადგურეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მიწისქვეშა ქსელი დაკავშირებულია „ჰამასის“ „მაღალი თანამდებობის პირების“ სახლებთან, ოფისებთან და სამალავ აპარტამენტებთან. თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში გვირაბების შიგნით სკანირების შედეგად სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს. გვირაბი Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფმა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ გაანადგურეს. პალესტინის მოედანი ღაზის ქალაქა რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც „ჰამასის“ „უმაღლესი თანამდებობის პირები“ ცხოვრობდნენ.  

საერთაშორისო კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობა აღკვეთილია - უწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა, CITES-ის კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს. „მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის - გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა. აღნიშნული სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინამ და გერმანიამ „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ კონსულტაციების ახალი რაუნდი გამართეს

უკრაინამ და გერმანიამ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გამართეს, რათა უზრუნველყონ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითად კომპონენტებზე, წამოჭრეს მომავალი ორმხრივი შეთანხმების სამართლებრივი საზღვრების საკითხი და ასევე შეთანხმდნენ შემდგომი კომუნიკაციის გეგმაზე. უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის, იგორ ჟოვკვას თქმით, გერმანია ავლენს ლიდერობას უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში, „განსაკუთრებით 2024 წელს ფართომასშტაბიანი დახმარების გაგრძელების თვალსაზრისით“. „თქვენი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია, არის უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შეუცვლელი გარანტი ამ ორგანიზაციებში,“ - განაცხადა ჟოვქვამ. მანამდე უკრაინამ გამართა კონსულტაციების მეორე რაუნდი დიდ ბრიტანეთთან კიევის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ის იღებს სიგნალებს ევროკავშირისგან იმის შესახებ, რომ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებისას ევროკავშირსა და უკრაინას შორის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პრობლემები არ არის. G7-ს ქვეყნები ვილნიუსში NATO-ს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ ჩარჩო დოკუმენტზე. კონკრეტული ორმხრივი შეთანხმებები სახელმწიფოებთან, რომლებიც თანხმდებიან უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაზე, მოგვიანებით გაფორმდება. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ჩეხეთმა ხარკოვის რეგიონის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად, $10 მილიონი გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ ხარკოვის რეგიონში სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. თანხები მოხმარდება აღჭურვილობის შესყიდვას რეგიონის რამდენიმე ჯანდაცვის დაწესებულებაში - ხარკოვის მე-10 ქალაქის კლინიკაში, მათ შორის, ხარკოვის რეგიონში უკრაინის გადაუდებელი მედიცინის მთავარი სამმართველოს საავადმყოფოში. მხარდაჭერის პროექტი სამი წელზეა გათვლილი.  მანამდე ჩეხეთმა გამოაცხადა 2,5 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ უკრაინა-NATO-ს სატრასტო ფონდისთვის, არასამხედრო დახმარებისთვის.   

ჩინეთთან სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმება ამოქმედდა

„დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს, რომლებსაც ტვირთი სახმელეთო გზით გადააქვთ, შესაძლებლობა მიეცათ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სატრანსპორტო ოპერაციები განახორციელონ. ეს ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას, ასევე წაახალისებს ქვეყნებს შორის ვაჭრობას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას ახალ ბაზრებზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, როგორც „შუა დერეფნის“, ისე საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. „ჩვენი მიზანია აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის შეუფერხებელ მიმოსვლას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას. მსგავსი ინიციატივები ქართველი გადამზიდველებისთვის და  ექსპორტიორ-იმპორტიორებისათვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გურამ გურამიშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მისი თქმით, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არამხოლოდ სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით, არამედ, ის დადებითად აისახება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებშიც. „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების  შესახებ’’ გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას. 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო/საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდა  დაახლოებით 528.9 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით მეტია. პირდაპირი საავტომობილო მიმოსვლის განვითარება ხელს შეუწყობს აღნიშნული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას.  

ისრაელ-"ჰამასის" ომს, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი ემსხვერპლა - CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემებით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 61 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი, დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე,  დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.  

შვეიცარიამ უკრაინას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მედიაცია შესთავაზა

შვეიცარია მხარს უჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით და კიევს მედიაციის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა უკრაინაში ფელიქს ბაუმანმა Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა. „შვეიცარია მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ინიციატივას, როგორც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საშუალებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ სამუშაო ჯგუფს, რადგან ვგრძნობთ, რომ შვეიცარიას შეუძლია, კიევს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა, როდესაც საქმე ეხება მედიაციას ან ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ დებულებებს,“ - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, „ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი ზოგადად მთავრდება მოლაპარაკებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ და როდის სურს მოლაპარაკება რუსეთთან.” „ამასთან დაკავშირებით, შვეიცარია მზადაა, უზრუნვლყოს თავისი რესურსები, როცა მხარეები ამას მოისურვებენ," - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, იანვრის შუა რიცხვებში შვეიცარიაში გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი მშვიდობის ფორმულა განიხილება.  

სტოლტენბერგი: პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა, ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ გამოვიდა რუსეთის გავლენის სფეროდან. სტოლტენბერგი არ ელის ომის მალე დასრულებას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის NATO-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფების შეჩერება იყო, მაგრამ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკრაინა NATO-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი.“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დისკუსიებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის გადასაწყვეტია.   

წვიმა, ძლიერი თოვა, ზღვაზე შესაძლებელია 6 ბალამდე შტორმი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.  „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინისა და აშშ-ის ბირთვული რეგულატორები თანამშრომლობას აღრმავებენ

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციისა (SNRIU)და შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (აშშ NRC) წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. უკრაინული მხარის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაგრძელებას და გაღრმავებას, გამოცდილების გაცვლას და ურთიერთქმედებას უკრაინისა და შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს შორის ბირთვული დანადგარებისა და რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და და ზედამხედველობის საკითხებზე, გარანტიების გამოყენებას.  დოკუმენტი ითვალისწინებს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების შეფასების ნაწილში აშშ-ის პრაქტიკის შესწავლას, კერძოდ, მცირე მოდულური რეაქტორების განთავსებას, უკრაინის შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების გადახედვისა და განახლების მიზნით.   როგორც ცნობილია, სექტემბერში SNRIU და დიდი ბრიტანეთის ბირთვული რეგულირების ოფისი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც ინფორმაციის გაცვლას მოიცავს.  

დანიამ და აშშ-მ თავდაცვის სფეროში შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს

დანიამ და აშშ-მ თავდაცვის სფეროში შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს. დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონმა ბლინკენმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს რასმუსენმა აშშ-ში მოაწერეს ხელი.  ბლინკენის თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. „ჩვენი სამხედროები შეძლებენ კოორდინაციას უფრო ეფექტიანად, ვიდრე დღეს. ჩვენი ჯარები ერთად გაივლიან სწავლებას უფრო შეუფერხებლად და უფრო ხშირად. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს თავსებადობას, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ალიანსს, უკეთ დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა ხალხისთვის მთელ კონტინენტზე. დღევანდელი შეთანხმება ეფუძნება სამუშაოს, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ატლანტის ოკეანის მიღმა მოკავშირეებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე, ბალტიიდან შავ ზღვამდე,“ - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, დანია აგრძელებს წამყვან როლის შესრულებას იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინასთან პუტინის მიერ წარმოებული ომი მოსკოვისთვის სტრატეგიულ მარცხად დარჩეს. „დანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აიღო ვალდებულება, უკრაინისთვის მიეწოდებინა F-16-ები და მოამზადა უკრაინელი მფრინავები მათ სამართავად. ამ თვის დასაწყისში დანიამ პირობა დადო, რომ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკებს, დრონებს, საბრძოლო მასალას გადასცემს და ერთობლივად დააფინანსებს შვედური ჯავშანტექნიკის მიწოდებას - ეს ყველაფერი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და მისი დემოკრატია. ჩვენი ქვეყნები ერთად არიან მოწოდებულნი, რომ უკრაინას საშუალება მისცენ, დადგეს მტკიცედ - სამხედრო, ეკონომიკური, დემოკრატიული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ არის პრეზიდენტ ბაიდენის დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა ასეთი კრიტიკული და ამიტომაც გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას მის დასამტკიცებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. „ორივეს მტკიცედ გვჯერა ტრანსატლანტიკური კავშირის, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ალიანსის. დანია და შეერთებული შტატები არიან ახლო მეგობრები და ახლო მოკავშირეები - ახლა ჩვენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს ასევე გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას NATO-სა და სკანდინავიის რეგიონში. როგორც ახლა აღნიშნეთ, თქვენ მსგავსი შეთანხმებები გააფორმეთ ჩვენს სკანდინავიელ მეგობრებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ადრე თუ გვიან, მივესალმოთ ჩვენს ახლო სკანდინავიურ მეზობელს და ქვეყანას შვედეთს NATO-ში. ეს თავდაცვის შეთანხმება არის ნაბიჯი უფრო უსაფრთხო სკანდინავიის რეგიონისკენ. ეს არის ნაწილი იმ პაკეტისა, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო ორი წლის განმავლობაში - გავზარდეთ ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი, მივესალმებით ალიანსში ახალ წევრებს, ორმხრივ შეთანხმებებს. ეს გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიის განმსაზღვრელ მომენტში, როდესაც ის ყველაზე მეტად გვჭირდება. ბატონო მდივანო, ჩვენ მრავალი კრიზისის წინაშე ვდგავართ. რუსეთი კვლავ აწარმოებს სასტიკ ომს ევროპის კონტინენტზე; ტერორი ისრაელში; ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზის სექტორში. ასეთ დროს, მეგობრები ერთად უნდა იყვნენ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ,“ - აღნიშნა თავის მხრივ, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. დანიამ აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმებას მიაღწია 10-წლიანი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ამ თვეში ფინეთთან და შვედეთთან მოაწერა ხელი. შვედეთმა მსგავს შეთანხმებას დეკემბერში მოაწერა ხელი, ხოლო ნორვეგიამ, რომელსაც ასევე მოკლე საზღვარი აქვს რუსეთთან, 2021 წელს გააფორმა დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს აშშ-ის სამხედრო აქტივობა მის ტერიტორიაზე.  

ჩეხეთის შს მინისტრი: პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან

პრაღაში, უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. დაშავებულია 25 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის სამი მოქალაქე, კერძოდ, ორი - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ერთი ნიდერლანდებიდან. ჩეხეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა კიდევ სამი ადამიანი ქუჩაში დაჭრა. ჩეხეთის შს მინისტრი: მასობრივი სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღეა.  

სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თანხმლები საპარლამენტო დელეგაცია არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე. საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდება. მან ეკონომიკურ სფეროში ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა და ეკონომიკური კავშირები კვლავ იზრდება. ამ კონტექსტში ის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსთან“ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული პრობლემებს შეეხო და კმაყოფილება გამოთქვა ტრანზიტის გამარტივების მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე. თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში „საკმაოდ პოზიტიური პროცესები“ განხორციელდა. ალენ სიმონიანი რეგიონულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებს შეეხო და დაადასტურა სომხეთის ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების დღის წესრიგის მიმართ. ალენ სიმონიამა საქართველოს წარმომადგენელი მიიწვია სომხეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში, „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“, მონაწილეობისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც შესაძლოა, გახდეს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს  

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამასი პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 300 პირი, რომლებიც ტერორისტული დაჯგიფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, რეიდები ქვეყნის 32 პროვინციაში ჩატარდა. ყველაზე მეტი პირი დიდ ქალაქებში: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში დააკავეს. თურქეთის მთავრობა „ისლამურ სახელმწიფოს“ რამდენიმე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათ შორისაა თავდასხმები სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტზე 2016 წლის 28 ივნისს, როცა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.  

WSJ დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვინ „დაგეგმა პრიგოჟინის მკვლელობა“

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ.  კერძოდ, პატრუშევმა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო პუტინის გაფრთხილება პრიგოჟინის მზარდი გავლენით გამოწვეული საფრთხის შესახებ. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა მისი სიტყვები არ გაითვალისწინა, რადგან, კრემლის შეფასებით, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმებმა წარმატებას მიაღწიეს უკრაინის ბრძოლის ველზე. გამოცემის ერთ-ერთი ანონიმი წყაროს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თანახმად, ვითარება 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა. სავარაუდოდ იმ პერიოდში, პრიგოჟინმა პუტინს დაურეკა და უხეში ფორმით დაიჩივლა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების დეფიციტზე, რაც მძიმე დანაკარგებს იწვევს. WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, ნიკოლაი პატრუშევი იმ დროს პუტინის ოფისში იმყოფებოდა. სტატიის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა უგულებელყო პრიგოჟინის შემდგომი საჩივრები საბრძოლო მასალების მიწოდებაზე და ასევე - „ვაგნერის“ ლიდერის საჯარო კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან. ამასთან, 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინმა ამბოხება დაიწყო, პატრუშევმა ამაში დაინახა შესაძლებლობა, სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან „ვაგნერის“ ხელმძღვანელი და „მართვა საკუთარ ხელში აიღო.“ გამოცემა წერს, რომ პატრუშევმა პრიგოჟინის მოკვლის გეგმის შემუშავება მას შემდეგ დაიწყო, რაცლუკაშენკოს შუამავლობით მოხერხდა პრიგოჟინის დაყოლიება, გადაეყვანა დაქირავებული მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეაჩერებდა აჯანყებულთა დევნას. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ პუტინს მოგვიანებით აჩვენეს ეს გეგმა და ის წინააღმდეგი არ ყოფილა. დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მცირე ბომბი განთავსებული იყო კერძო თვითმფრინავის, Embraer-135-ის ფრთის ქვეშ. სწორედ ეს თვითმფრინავი გამოიყენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა 23 აგვისტოს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ თვითმფრინავი ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგადა დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანი. მათ შორის - პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური. თვითმხილველების მტკიცებით, თვითმფრინავის შიგნით აფეთქება მოხდა. კრემლი უარყოფს პრიგოჟინის სიკვდილში მონაწილეობას. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრებში ექსპერტიზამ ხელყუმბარების ფრაგმენტები აღმოაჩინა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 5 ოქტომბერს, „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა და რომ ამის შესახებ მას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა აცნობა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ალკოჰოლზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისში, ხუთი კილოგრამი ნარკოტიკი და 10 მილიარდი რუბლი ნაღდი ფული იპოვეს. Wall Street Journal-ი ადრე წერდა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი „ლიკვიდაციის მიზნით ჩაფიქრებული შეთქმულების“ შედეგად ჩამოვარდა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ფრენის მომენტში აფეთქდა, რაც, სავარაუდოდ, დივერსია იყო. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები ჩაცვივდა, ბულდოზერით გადაასწორეს, რაც საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.  

პატრიარქი: დიდად ვწუხვართ ჩეხეთში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთის პატრიარქს სამძიმას უცხადებს. „დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს, ჩეხეთში მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა.“ ჩეხეთის შს მინისტრი: პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან  

გაზის მიწოდება 8800-მდე აბონენტს შეუწყდა

დიდუბის რაიონში მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 8800 -მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგება შეუწყდა: რაფიელ აგლაძის ქ. 79, აკაკი წერეთლის გამზ. 117, 117ა, 117დ, 117-2, 117-3-ში მდებარე შპს “გლობალური ტექნოლოგიების” საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, აკ. წერეთლის გამზ. 128, 130, 132, 139, 141, 143, კოსმონავტების სანაპირო # 91-ში მდებარე შპს „მეგა დიდუბის”, წყალტუბოს ქ. 1, 2, 3, 4, 6-8-10, 12-14-ში მდებარე შპს „არბი გრუპი”-ს, 24, 25, 27, ალიო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, დიდუბის ავტოსადგურ „ოკრიბა”-ს ტერიტორიაზე არსებულ კვებისა და კომერციულ ობიექტებს, წერეთლის გამზ. 140, 141, 142-სა და 144-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შპს “ბი-ემ-სი გორგია”, რესტორანი “მირზაანი”, შპს “პროგრიფი”, შპს “თერგი XXI”, შპს “ბერმუხა”, სსიპ “ნოტარიუსთა პალატა”, სს “მაუდი”, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, „დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი’’, სს “თიბისი ბანკი”, შპს “მზიური”, შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია”, შპს ასა-ტური”, სს „სამთო”, პროკრედიტ ბანკი, დაცვის პოლიციის შენობა, შპს “სურები”, შპს “თეთრი ღამე”, შპს “მედკაპიტალი”, შპს “უშბა”, წერეთლის გამზ. 136-ში - #91 ბაგა-ბაღი, მირცხულავას ქ. 4-ში - # 22-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა “ცისკარი”, „ბესარიონ კობიძე”, შპს “დენტივერი XXI”, შპს “ბე-პე”, შპს “ ჯანმრთელი მომავალი”, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”, შპს “ფენიქსი”. წერეთლის გამზ. 95-ში – მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორანი “თეთრი სახლი”, “ძველი თბილისი”, საქართველოში წმინდა ელისაბედის სახელობის მონაზონთა კონგრეგაციის სათაო სახლის ფილიალს, სს „დიალოგს’, შპს „დიალოგს”, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დიღმის ხიდის მიმდებარედ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს”, შპს „ლუკოილ-ჯორჯია”-ს, ნონო გაფრინდაშვილის I შეს. 6-ში მდებარე შპს „ბოჰო სთეი”-ს, კარალეთის ქ. 4-ში – შპს „კ-4”-ს, სს დიდუბის ავტოვაგზალს, კარალეთის ქ. 5-ში მდებარე შპს „ოკრიბა”-ს, დიდუბის მეტროს სადგურის მიმდებარედ შპს „მ.ზ”-ს, ი.მ მარიამ ლაბაძე, აკ. წერეთლის გამზ. 147-ში მდებარე შპს „აგრონომს”, გიორგი ძამელაშვილი - მცირე და სხვა. ნაძალადევის რიონში- ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს „გრადბურგ დეველოპმენტი”-ს, შპს „სვეტი ჯგუფი”-ს, შპს „ბინექსი”-ს, შპს „ლაიფ მასტერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს „ატლასის” საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს „ოპტიმას” საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს "კ სამი”-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს „ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს „კიკვიძე-1-ის, შპს „კიკვიძე 2”-ის, შპს „ალფა რეზიდენსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს „ალაზანის” საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 2-ში მდებარე სს „უნივერსალი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ნინუას ქუჩაზე - შპს “ევროპარკს”, მექანიზაციის ქუჩაზე - სს “ავტოშემკეთებელს”, შპს “პლასფანს”, ერისთავის ქუჩაზე - „საქართველოს კარიტასს”, შპს “უნივერსალს”, შპს “ლ.თ.ბ”, შპს “ჯაოკენს”, შპს “გეორგიანას”, შპს “ლიტვური საცხობს” (1016), სამედიცინო კოლეჯს „პანაცეა”-ს, შპს “ოკეანიდა” – 1016, შპს “ევოლუშენ ჯორჯია” – მცირე, შპს “ევროპარკი” – 1016, გურამიშვილის გამზ. 2-ში - წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიას, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას”, შპს „ნილი”, შპს „ტკბილი ქვეყანა”, შპს „ანა ჯგუფი”, შპს „მითანა”, # 4 პურის ქარხანა, შპს „კოლხი”, შპს „ხაბაზი 77”, შპს „ლითენ თრიი”, შპს ,,ფაბრიკა 1900”, შპს „სოგური”, სს „კოლხეთი”, შპს „ჯორჯია”, შპს „ლაგი 98”, შპს „გლობალ თრეიდი”, # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს „საქართველოს რკინიგზა”, სს „მრეწვრკინიგზა”, ი/მ ნური გურიელიძე, შპს „პრემიერა. ტმ”, შპს „ჰაიდელბერგ ჯორჯია”, შპს „პურპროდუქტების საწარმო-შირაქი”, შპს „ჯეო-ემ-ტექსი” და სხვა და სხვა. სანზონა: თ. ერისთავის ქ. 1-ში მდებარე შპს „ჯაოკენი”-ს, ერისთავის I შეს. 2, ერისთავის I ჩიხში და ერისთავის ქ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, თ. ასევე ერისთავის ქ. 1-ში – სსიპ “საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია” (1016), შპს “გალერეა დიდუბე“ (გმპ # 320-ზე), შპს “ჩარხი ხაზი” (1001), შპს “ნიუ კლასიკი”, შპს “ზღაპარი” (1016), თ. ერისთავის ქ. 2-ში - შპს “ხალიბი” (1016), შპს “აქსისის სამშენებლო მასალები”(1016) შპს „სტანდარდს”, ერისთავის ქ. 3-ში მდებარე შპს “ჯონი ჭანტურიას სამედიცინო ცენტრი”, ერისთავის ქ. 1-ში მდებარე შპს „თბილისილამ”, შპს „კასტა”, ასევე ერისთავის ქუჩაზე – ყოფ. ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხვალ - 23 დეკემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვოთ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოსა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის, 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. მერიის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ 31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე. „აგრეთვე, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და შოთა მესხიას ქუჩებიდან, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროკავშირი უკრაინაში კიდევ 500 ელექტროგენერატორს აგზავნის

ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინაში კიდევ 500 ელექტროგენერატორს აგზავნის. კომისიამ აღნიშნა, რომ რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველი დატოვა, ამიტომ უკრაინაში ელექტროენერგიის კიდევ 500 გენერატორი იგზავნება. ამით უკრაინაში გაგზავნილი გენერატორების საერთო რაოდენობა 5500-ზე მეტს აღწევს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო უკრაინისადმი 6,1 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი დახმარების პაკეტის უზრუნველყოფა, რომელიც კერძოდ, მოიცავს გენერატორებს, გამათბობლებს და კარვებს. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ დამატებით გამოაცხადა 11,8 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (12,5 მილიონი ევრო) მოცულობის დახმარების შესახებ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ლიეტუვა ჯარისთვის კანადური წარმოების ახალ ოპტიკურ სამიზნეებს 34 მილიონ ევროდ შეიძენს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო კანადური წარმოების Raytheon Elcan Optical Technologies-ის ახალ ოპტიკურ სამიზნეებს არმიისთვის 34 მილიონ ევროდ შეიძენს. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი იუწყება. პირველი პარტია ლიეტუვაში 2024 წლის ზაფხულში, დანარჩენი კი, 2025 წლის შემოდგომამდე ჩავა. თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ახალი ოპტიკური სამიზნეები გააუმჯობესებს ლიეტუვის ჯარების სროლის სიჩქარეს, გააუმჯობესებს სამიზნეებზე დარტყმის უნარს დღე-ღამის მონაკვეთში. ასევე გაზრდის სამხედროების გადარჩენის შესაძლებლობებს. აღნიშნულია, რომ სამიზნეები გათვლილია 300 მეტრსა და მეტ მანძილზე სამიზნეებზე სროლისა და იერიშისთვის. შესყიდვები ხორციელდება NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს შესყიდვების მთავარ პლატფორმას ლიეტუვისა და NATO-ს სხვა ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტებისთვის. მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას იწყებს. ასევე, ლეიტუვის შეიარაღებული ძალები მომავალ წელს მიიღებს ამერიკულ Switchblade 600-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს. ამჟამად ლიეტუვას 60-ზე მეტი შესყიდვის პროექტი აქვს მხოლოდ შეერთებული შტატებიდან.