ძებნის რეზულტატი:

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსეთის ელჩი ტაშკენტში ოლეგ მალგინოვი ხუთშაბათს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საქმე ეხება პოლიტიკური პარტიის „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის“ თანათავმჯდომარის ზახარ პრილეპინის განცხადებას, რომლის თანახმად, ის რესპუბლიკის ტერიტორიის რუსეთისთვის მიერთებაზე საუბრობდა. უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მეგობარი ქვეყნის პარტიების ლიდერების ნაჩქარევი განცხადებები, სამწუხაროდ, არ შეესაბამება უზბეკეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის სულისკვეთებას. „მსგავსი განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ არის გავრცელებული რუსულ მედიაში, მიზანმიმართულად პროვოკაციული ხასიათისაა და მან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ხალხებს შორის დამკვიდრებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა მალგინოვმა განაცხადა, რომ პრილეპინის განცხადებებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციასთან.    

კობახიძე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე: „არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში"

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას საქართველო 2024 წლის დეკემბერში იმსახურებს. თუმცა კობახიძე აღნიშნავს, რომ „ეს პოლიტიკური საკითხია და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედს გამოთქვამს.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო ადრე შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მან უფრო გვიან მიიღო კანდიდატის სტატუსი. „არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება. შარშანაც გეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება. თუმცა პოლიტიკური საკითხია, ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა და მითუმეტეს, გვეკუთვნის ეს 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესები, ურთულესი პროცესები, მაგრამ ეს პროცესები ჩვენ მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება ეს, არის ცალკე საკითხი, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში. კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს, პრაქტიკაში არაფერი შეცვლილა, არაფერში არ ჩამოვრჩენილვართ. რეალურად, რაც შეეხება გაწევრიანებას, გაწევრიანების თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტულ პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, DCFTA-ს გაფორმების თაობაზე, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. იმიტომ, რომ ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, მითუმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც არის უკრაინაში და რაც გავრცელდა მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ ყველა თვალსაზრისით. ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მართალია გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

თავდაცვის ძალებმა სამი რუსული SU-34 გაანადგურეს - უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა პარასკევს შუადღისას სამი რუსული გამანადგურებელი SU-34 ჩამოაგდეს, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა.   „დღეს შუადღისას სამხრეთის მიმართულებით ჩვენ მივითვალეთ სამი რუსული SU-34 გამანადგურებელი,“ - დაწერა მან ტელეგრამ არხზე.   „მადლობა ყველას გაწეული სამუშაოსთვის,“ წერს ოლეშჩუკი.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას იწყებს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი 18 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „დღეს მე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, მოამზადოს საწყისი 18 F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი უკრაინაში მიწოდებისთვის,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. მისი თქმით, F-16-ების მიწოდება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. „ექსპორტზე ნებართვის გარდა, თავად გადაცემამდე კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შესრულდეს, მათ შორის, შესაბამისი სპეციალისტებისა და ინფრასტრუქტურის მზაობის მხრივ. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ნიდერლანდებმა არ შეამცირა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ვალდებულებები, რომელიც მიმდინარე რუსულ აგრესიაზე საპასუხოდაა საჭირო,” - წერს რუტე.  

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6882 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9614 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9430 ლარს შეადგენდა.  

პოლონეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი 22 დეკემბერს კიევში ჩავიდა. ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ.  სიკორსკი, რომელიც მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, დეკემბერში პოლონეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხელახლა დანიშნა ამ თანამდებობაზე. პოლონური მედია გამოცემა RMF24 იტყობინება, რომ სიკორსკი სავარაუდოდ, უკრაინელ კანონმდებლებთან ისაუბრებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, უცნობია, შეხვდება თუ არა ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სიკორსკი არის ევროკავშირის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკრაინას მას შემდეგ ეწვია, რაც ბლოკმა 14 დეკემბერს ქვეყანასთან ოფიციალურად დაუჭირა მხარი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.  

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზოს გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.  

აშშ დაასანქცირებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარებიან

შეერთებული შტატები ანტირუსული სანქციების დარღვევის გამო, მთელ მსოფლიოში ბანკებს ფინანსურ სისტემიდან მოწყვეტით ემუქრება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ფინანსურ სექტორში. ინფორმაციას მედია თეთრ სახლზე დაყრდობით ავრცელებს. კერძოდ, აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა, დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ ის გადასახადებით დაეხმარება რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს. განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.      

უკრაინამ კიდევ 66 დამცველის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 66 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაღუპული დამცველების დაბრუნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებულ გაერთიანებულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა. საკოორდინაციო შტაბმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და პირადად ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, იურგ ეგლინს გაწეული დახმარებისთვის.  

უკრაინამ საზღვაო დრონების გამოყენებით, შავ ზღვაში უსაფრთხოების ზონა შექმნა - მედია

უკრაიინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, საზღვაო თვითმფრინავების გამოყენების საშუალებით, უკრაინამ შავ ზღვაში 200-მილიანი უსაფრთხოების ზონის შექმნა შეძლო. ინფორმაციას RBC Ukraine ავრცელებს. მედიის ცნობითვე, ამ მიღწევას შეუწყო ხელი როგორც თვითმფრინავების გამოყენებამ, ასევე, სარაკეტო დარტყმებმა რუსეთის ფლოტის ობიექტებზე შავ ზღვაში და დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად. ამან აიძულა რუსები გაეყვანათ, გემები სევასტოპოლის ყურედან და შეექმნათ უსაფრთხო საზღვაო დერეფანი სავაჭრო გემებისთვის. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ შექმნა უნიკალური საზღვაო დრონი სახელად - Sea Baby. ამ დრონების წარმოება უკრაინაში მიმდინარებს, მაგრამ ქარხნები მიწისქვეშაა განთავსებული. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ამასთან, ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხ მიღწევას შორის სწორედ შავ ზღვაში კიევის წარმატება დაასახელა.  

უკრაინამ და მოლდოვამ საზღვრის გადაკვეთის გამარტივების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

უკრაინა და მოლდოვა განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის შესახებ შეთანხმებების განხორციელებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩეანს შორის ონლაინ შეხვედრისას ხელი მოეწერა რამდენიმე პროტოკოლს, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისა და ტვირთისთვის უკრაინა-მოლდოვის საზღვრის გადაკვეთის დროის გამარტივებასა და შემცირებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროტოკოლები გაამარტივებს მოლდოვასა და უკრაინას შორის საზღვრის გადაკვეთას როგორც საქონლისთვის, ისე ხალხისთვის და რომ ერთობლივი კონტროლი იძლევა საშუალებას, გაააქტიურონ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა“. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთობლივი საზღვრის კონტროლის ორგანიზება არის „საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის."  

Rheinmetall-მა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის რუმინეთისგან მსხვილი შეკვეთა მიიღო

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის მწარმოებელ Rheinmetall-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც Oerlikon GDF 103-ის საზენიტო საარტილერიო სისტემების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. Rheinmetall-ისთვის ეს არის პირველი დიდი შეკვეთა რუმინეთიდან, NATO-დან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. დაახლოებით 328 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი მოიცავს ოთხი სისტემის მიწოდებას, ასევე ტრენინგს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა მომსახურებას. ორი სისტემის მიწოდება იგეგმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და კიდევ ორის - ​​სამი წლის განმავლობაში. რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში, უკრაინისა და უნგრეთის საზღვრებთან ახლოს, რამდენიმე თვეა, Rheinmetall-ის სერვის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამხედრო ტექნიკის მოვლა-შეკეთება მიმდინარეობს.  

გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

გერმანიამ დღეს, 22 დეკემბერს, უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია განაახლა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ბერლინმა კიევს დამატებითი საზენიტო იარაღი Gepard-ი მიაწოდა. სამხედრო დახმარების სიაშია:10 ვექტორული დრონი; საბრძოლო მასალა Leopard 2A ტიპის ტანკებისთვის; 8 Zetros ტიპის სატვირთო მანქანა და სხვა აღჭურვილობა. დახმარება სამრეწველო მარაგებიდან გაიცემა და გერმანიის უსაფრთხოების გაძლიერების ფონდებიდან ფინანსდება. ზოგიერთი მიწოდება მოითხოვს მოდერნიზაციას ან ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. ასევე გრძელდება სასწავლო აქტივობები. გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, მეორე ადგილზეა. გასულ თვეში გერმანიამ გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რათა უკრაინას სამხედრო დახმარება 2024 წელს გააორმაგოს, რითაც მისი კონტრიბუცია 8 მილიარდ ევროს მიაღწევს.  

რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

უკრაინულმა თავდასხმის თვითმფრინავებმა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყეს. იტყობინება Ukrainska Pravda 22 დეკემბერს დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით. მანამდე, 22 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის მცდელობა შეაჩერეს. ერთი დრონი მოსკოვის ოლქის თავზე, ხოლო სამი დრონი სავარაუდოდ, კალუგის ოლქში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიდევ ოთხი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბრიანკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ მისი წყაროს ცნობით, უპილოტო თვითმფრინავებმა მიზანს მიაღწიეს. მოსკოვის, კალუგისა და ბრაიანსკის ოლქები, გავრცელებული ინფორმაციით, 19 დეკემბერს თვითმფრინავის თავდასხმის სამიზნე გახდა - რუსული მედია იტყობინებოდა, რომ სამი თვითმფრინავი კალუგის ოლქის თავზე, მეორე კი, ბრიანკის ოლქში ჩამოაგდეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა იმავე დღეს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ რუსეთის დედაქალაქის მახლობლად ჩამოაგდო დრონი, როდესაც ის ქალაქს უახლოვდებოდა, მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საახალწლო ფოიერვერკები გააუქმეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საახალწლო ფოიერვერკები გააუქმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის მერიამ მიიღო. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო ყველა პიროტექნიკური შოუ, რომელიც მანამდე ცხინვალის ადმინისტრაციამ დაგეგმა, გაუქმებულია," - განაცხადეს ე.წ. მერიაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრას და სრულმასშაბიან ომს დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის მსგავსად სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ. ცხინვალმა ფოირვერკის გაუქმებაშიც მოსკოვს მიბაძა, რადგან მანამდე მოსკოვის მერიამ საახალწლო პიროტექნნიკის შოუს გაუქმების შესახებ მოსკოვმა განაცხადა. ოკუპირებული რეგიონის კულტურის სამონისტროში აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ნაძვის ხე განათდება და გაიმართება კონცერტიც. ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.  

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება  გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იაპონია აშშ-ში Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის, რაც შესაძლოა, უკრაინას დაეხმაროს - BBC

იაპონია აცხადებს, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს აშშ-ში იარაღის ექსპორტის წესების შეცვლის შემდეგ გაგზავნის. BBC-ის ცნობით, თეთრი სახლი მიესალმა ამ ნაბიჯს. Patriot-ის რაკეტები ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იარაღია, რომელსაც აშშ უკრაინას აწვდის. შესაძლოა, იაპონური წარმოების რაკეტებმა ახლა აშშ-ის მარაგი შეავსონ.  WP: აშშ იაპონიას სთხოვს, გადასცეს უკრაინას რაკეტები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის  

ფილმი "20 დღე მარიუპოლში" "ოსკარის" მოკლე სიაშია

უკრაინელი ფოტოჟურნალისტისა და ომის კორესპონდენტის, მსტისლავ ჩერნოვის დოკუმენტური ფილმი "20 დღე მარიუპოლში", ამერიკული კინოპრემიის, "ოსკარის" მოკლე სიის ორ კატეგორიაშია. ფილმი პრემია "ოსკარის" პრეტენდენტთა სიებშია, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ნომინანტებს 2024 წლის 23 იანვარს გამოაცხადებენ. პრემიების გადაცემა 10 მარტისთვის არის დაგეგმილი. მსტისლავ ჩერნოვთან ერთად, ფილმზე ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა და პროდიუსერი ვასილისა სტეპანენკო მუშაობდნენ. ისინი მარიუპოლში 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩავიდნენ, როგორც Associated Press-ის კორესპონდენტები. ჟურნალისტებმა ყველაფერი გადაიღეს, რაც ქალაქში ხდებოდა, მათ შორის, მშვიდობიანი მცხოვრებლების მასობრივი დასაფლავებები, ჰუმანიტარული კატასტროფა ქალაქზე შემორტყმული ალყის გამო და რუსი სამხედროების ქმედებები. სწორედ მათ უჩვენეს მსოფლიოს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შედეგები. ჟურნალისტებმა მარიუპოლი მარტის შუა რიცხვებში ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით დატოვეს. დოკუმენტურ ფილმს ის ვიდეომასალები დაედო საფუძვლად, რომელიც ჩერნოვმა ქალაქიდან გამოიტანა. ჩერნოვმა, მალოლეტკამ და სტეპანენკომ უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრემია მიიღეს. მათ შორის, ჟურნალისტური პრემია Press Freedom Awards 2022-ი და ღონღაძის სახელობის პრემია. ფილმმა მსტისლავ ჩერნოვს მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოუტანა "სანდენსის" კინოფესტივალზე 2023 წლის იანვარში და ასევე, "პულიცერის" პრემია. ფილმის "20 დღე მარიუპოლში" ნახვა მსურველებს პლატფორმა Votvot-ზე შეუძლიათ.  

ზელენსკი პოლონელ მინისტრს: ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნის იმედი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვoლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინის ძირითადი სამხედრო საჭიროებები განიხილეს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნას. ასევე, გამოიკვლიეს პოლონური იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა, რომელმაც მისი ეფექტიანობა ბრძოლის ველზ უკვე აჩვენა. ზელენსკი და სიკორსკი შეთანხმდნენ, რომ ორმხრივმა ურთიერთობებმა ახალი იმპულსი უნდა მოიპოვოს და არსებული შეშოთება ურთიერთნდობითა და პატივისცემით უნდა გადაწყდეს. „ჩვენს ურთიერთობებში ახალი ფურცლის გახსნის იმედი გვაქვს. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით. მოხარული ვართ, რომ უკრაინაში გმასპინძლობთ. ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას უახლესი შესაძლებლობისთანავე ეწვევა,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. პოლონეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინაში 22 დეკემბერს ჩავიდა.  

საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თელავიდან 30 კმ-ში, კურორტ თორღვას აბანოსთან, დილის საათებში (დაახლოებით, 09:26 სთ-ზე) იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე კი, 15 კილომეტრს შეადგენდა.