ძებნის რეზულტატი:
აშშ და იაპონია დრონების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ - მედია
იაპონური გაზეთის Sankei-ს ინფორმაციით, აშშ და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ ახალი თაობის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები ერთობლივად განავითარონ. მედია წერს, რომ აშშ-იაპონიის თავდაცვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის პირველი შეხვედრა 2024 წლის შუა რიცხვებში გაიმართება. ამ სტრუქტურის ფარგლებში კოორდინაციას მოხდება იარაღისა და სამხედრო სისტემების, მათ შორის, ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაზე. ეს სადაზვერვო და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები გამიზნულია მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ოპერაციების მხარდასაჭერად, რომლის წარმოებასაც გაერთიანებული სამეფო, იტალია და იაპონია ერთობლივად აპირებენ. უპილოტო საფრენი აპარატები აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებით, რაც მთლიანი მისიის ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.
ლიეტუვა მომავალ წელს 3500 უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნას გეგმავს
ლიტველი ინსტრუქტორები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 3500 ჯარისკაცის მომზადებას გეგმავენ. წელს ლიეტუვის არმიის ინსტრუქტორებმა 2900 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს. არმიამ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები გადიან წვრთნას ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან ერთობლივ კურსებში მონაწილეობენ. სასწავლო პროგრამების მიხედვით, ეს კურსები გამიზნულია უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემული იარაღისა და აღჭურვილობის მართვასა და შენარჩუნების, სხვადასხვა დონის მეთაურების მომზადების უზრუნველყოფაზე. ლიტველი ინსტრუქტორები სამხედრო დახმარების მისიას უკრაინაში აპრილში შეუერთდნენ.
მინისტრი: 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ემატება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს.“ „როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები, დაახლოებით, 40%-ით მცირდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა. ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების, თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით, სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით დაიწყო. თუ 2013 წლისთვის, 75%-მდე გვქონდა ჯიბიდან გადახდები, დღეს უკვე, ეს მაჩვენებელი, სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში, 10%-მდე არის შემცირებული. მედიკამენტების შემთხვევაში ცოტა მაღალი გვაქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი კლებაა. საბოლოო ჯამში, როდესაც რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტზე გავრცელდება, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს კი სრულად დავფარავთ, ეს მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადებით იმუქრება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციით, განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. 19 დეკემბერს სლოვაკურ გამოცემა InfoVojna-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გამოიყენებს თავის ვეტოს უკრაინის NATO-ში შესვლის დაბლოკვის მიზნით, ვიდრე მას აქვს „სლოვაკეთის პოლიტიკურ სცენაზე გავლენის მოხდენის უნარი.“ „გასაკვირი არ არის, რომ პარტია, რომელიც სლოვაკეთის მთავრობაში უმრავლესობას ფლობს, არ ეთანხმება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი,” - განაცხადა ფიცომ. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, თუმცა ის პრინციპში არ არის უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი - თუ ქვეყანა ყველა პირობას შეასრულებს. პირველ ოქტომბერს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტიამ Smer-SD გაიმარჯვა, რომელსაც ფიცო ხელმძღვანელობს. ის იყო უკრაინის მხარდაჭერისა და NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მოწინააღმდეგე. სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუჩერა.
მოლდოვა დსთ-ს დატოვებას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს
მოლდოვის ხელისუფლება დსთ-ს ფარგლებში გაფორმებული თითქმის ყველა შეთანხმებიდან გამოსვლას 2024 წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა დოინა გერმანმა ტელეკომპანია Exclusiv-ის ეთერში ისაუბრა. „ჩვენ თითქმის ფინალურ ეტაპზე ვართ, მიზნად გვაქვს პროცესის დასრულება (დსთ-დან გასვლა - რედ.) 2024 წლის ბოლომდე დასრულება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი არ იქნება... ახლა ჩვენ ტექნიკურად ვარღვევთ დსთ-ს ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს,“- განაცხადა დეპუტატმა. გერმანელმა ასევე უპასუხა, მოაწერს თუ არა ხელს მოლდოვა დსთ-დან გასვლის დეკლარაციას, თუ ეს ავტომატურად მოხდება ყველა შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ. „ეს პროცესი სულაც არ უნდა დასრულდეს გაყვანის შესახებ რაიმე სახის განცხადებით ან საბოლოო პოზიციის გამოხატვით,“ - განაცხადა დეპუტატმა. მოლდოვამ დსთ-ს ფარგლებში კიდევ ორი შეთანხმება გააუქმა
პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა
პოლონეთის სახელმწიფო მედიის - საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობა დაითხოვეს. PolsatNews-ი იტყობინება, მთავრობის განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათზე უფრო ნაკლებ დროში, მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეარხებმა TVP Info-მ და TVP3-მ. TVPinfo-ს ვებგვერდი არ მუშაობს. ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მედია პროპაგანდის საშუალებად იქცა ხელისუფლებაში პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ყოფნის რვა წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციამ პირობა დადო, შექმნას ახალი მასმედია, რომელსაც უფრო გაწონასწორებული მიდგომა ექნება. 20 დეკემბერს პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო მედიისა და პოლონეთის პრესის სააგენტოს სამართლებრივი წესრიგის, მიუკერძოებლობისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ“. დადგენილებას მხარი დაუჭირა 244-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 84, 16-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში სეიმმა ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდა, მიიღოს საიმისო ზომები, რომ აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი მოქალაქეთა მხრიდან სწორ ინფორმაციაზე წვდომისა და სახელმწიფო მედიის ფუნქციონირების კუთხით. „სამართალი და სამართლიანობის“ პოლიტიკოსებმა მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ბევრი მათგანი, მათ შორის, პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, ტელეარხ TVP-ის შენობასთან, „დემოკრატიის დასაცავად“ გაემართა.
აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი გაათავისუფლა - Reuters
Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ, ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა. კერძოდ, ვენესუელის მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა. ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მიატოვა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეპოქისკენ გადადგმული ნაბიჯია. სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იყო დაკავებული, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.
საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რათა დავიცვათ ბავშვები და თავიდან ავიცილოთ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების კონტროლისთვის, რათა დავიცვათ ბავშვები და არამწეველები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მოსახლეობაში. პოპულაციურ დონეზე ელექტრონული სიგარეტი, როგორც სამომხმარებლო პროდუქტი, არ არის ეფექტიანი, თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებისთვის. სამაგიეროდ, არსებობს საგანგაშო მტკიცებულებები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი დაშვებულია ღია ბაზარზე და მოხდა მისი აგრესიული მარკეტინგი ახალგაზრდებში. 34 ქვეყანა კრძალავს ელექტრონული სიგარეტების გაყიდვას, 88 ქვეყანას არ აქვს დადგენილი მინიმალური ასაკი მის შესაძენად და 74 ქვეყანას კი - არ გააჩნია ამ მავნე პროდუქტის რეგულაციური ჩარჩო. „ბავშვებს ადრეულ ასაკში იზიდავენ და აბამენ მახეში, რათა დაიწყონ ელექტრონული სიგარეტის მოიხმარება, რითაც მათ შესაძლოა, განუვითარდეთ ნიკოტინზე დამოკიდებულება,“ - ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი. „მოვუწოდებ ქვეყნებს, გაატარონ მკაცრი ზომები, რათა თავიდან აიცილონ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება და დაიცვან თავიანთი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - მათი შვილები და ახალგაზრდები“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენის მასშტაბი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, დამტკიცებულია, რომ ის წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი კანცეროგენია, ზოგიერთი კი ზრდის გულის და ფილტვების დაავადებათა განვითარების რისკს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებამ ასევე შეიძლება მოახდინოს გავლენა თავის ტვინის განვითარებაზე და გამოიწვიოს სწავლის დარღვევები ახალგაზრდებში. მისმა ზემოქმედებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულ ქალებში ნაყოფის განვითარებაზე. ელექტრონული სიგარეტის ემისიების ზემოქმედება რისკის შემცველია პასიური მწეველებისთვისაც. „სოციალური მედიისა და ინფლუენსერების საშუალებით და არანაკლებ 16 000 არომატით, ელექტრონული სიგარეტი მიზანში იღებს ბავშვებს. ზოგიერთი ელ-სიგარეტი იყენებს მულტფილმის პერსონაჟებს და აქვს დახვეწილი დიზაინი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა თაობაში მისი პოპულარიზაციისკენ. ელ-სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი ბავშვებში და ახალგაზრდებში საგანგაშოდ იზრდება, იგი ბევრ ქვეყანაში ზრდასრულთა მოხმარების მაჩვენებელსაც აღემატება,“ - ამბობს რუდიგერ კრეჩი, ჯანმოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დირექტორი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეგიონში 13-15 წლის ასაკის უფრო მეტი ბავშვი მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. კანადაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 16-19 წლის ახალგაზრდებს შორის 2017-2022 წლებში გაორმაგდა, ხოლო ინგლისში (გაერთიანებული სამეფო) ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ჯანმოს განცხადებით, სოციალურ მედიაში ელექტრონული სიგარეტის შესახებ კონტენტის ზეგავლენის ქვეშ ხანმოკლე ყოფნამაც კი შეიძლება, გაზარდოს ამ პროდუქტის მოხმარების სურვილი და მის მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულება. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, მოგვიანებით ტრადიციულ სიგარეტის მოხმარების გასამმაგებული რისკის ქვეშ დგანან. აქედან ამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ელექტრონული სიგარეტების მოხმარების დაწყებისა და ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარების წინააღმდეგ, თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი მიდგომით და ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ: იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტი იკრძალება, აუცილებელია გაძლიერდეს რეგულაციების აღსრულება და გაგრძელდეს მონიტორინგი და ზედამხედველობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციების მხარდასაჭერად და ძლიერი აღსრულების უზრუნველსაყოფად; იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული სიგარეტის, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის მიმოქცევა (რეალიზაცია, იმპორტი, დისტრიბუცია და წარმოება) ნებადართულია, აუცილებელია მკაცრი რეგულაციების მიღება მათი მიმზიდველობისა და მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მათ შორის არომატების აკრძალვით, ნიკოტინის კონცენტრაციისა და ხარისხის შეზღუდვით და დაბეგვრით; „თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს ეფექტურობის საუკეთესო ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს და უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს და შეფასებას. მიმდინარე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდებული არ არის მთავრობებმა დაუშვან ელექტრონული სიგარეტების, როგორც სამომხმარებლო პროდუქტების გაყიდვა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით. ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სტრატეგიაში იყენებს ელექტრონული სიგარეტებს, უნდა აკონტროლოს პროდუქტზე ხელმისაწვდომობის პირობები, რათა დაცულ იყოს შესაბამისი კლინიკური პირობები და უნდა არეგულიროს პროდუქტები, მედიკამენტების მსგავსად (მათ შორის, მოითხოვოს მარკეტინგული ავტორიზაცია, როგორც მედიკამენტისა). გადაწყვეტილება თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნის მიღწევის შესახებ, თუნდაც ასეთი კონტროლირებადი ფორმით, უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინების შემდეგ, მოხმარების დაწყების რისკის და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სხვა დადასტურებული სტრატეგიების სრულად ამოწურვის შემდეგ. თამბაქოს ინდუსტრია მდიდრდება ჯანმრთელობის განადგურებით და იყენებს ამ ახალ პროდუქტებს, რათა დაიკავოს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან მთავრობებთან ერთად და მოახდინოს ლობირება ჯანდაცვის პოლიტიკის წინააღმდეგ. თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს და ხელს უწყობს ცრუ მტკიცებულებების გავრცელებას, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს პროდუქტები ამცირებს ზიანს, ახდენს მათ პოპულარიზაციას ბავშვებსა და არამწეველებში და, ამავდროულად, აგრძელებს მილიარდობით სიგარეტის გაყიდვას. საჭიროა ძლიერი გადამწყვეტი ქმედება, რათა თავიდან იყოს აცილებული ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ბავშვებში და მოზარდებში მისი გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მზარდი მტკიცებულებების საფუძველზე.“
მეთიუ მილერი: უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს ეწინააღმდეგება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი აშშ-ის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია უნგრეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომ ამოქმედდეს ახალი კანონი, რომელიც აღჭურავს უნგრეთის მთავრობას დრაკონული ინსტრუმენტებით, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იმ ადამიანების დასაშინებლად და დასასჯელად, რომლებსაც მმართველი პარტია არ ეთანხმება. „ეს ახალი კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არ შეესაბამება,“ - აღნიშნა მილერმა. უნგრეთში მიიღეს სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“
ვაშინგტონის სამიტი: NATO და აშშ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრობენ
2024 წლის NATO-ს სამიტს ვაშინგტონი უმასპინძლებს. NATO და აშშ მას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ თვალსაზრისითაც, რომ სამიტი საიუბილეოა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დიდი დროა და მოკავშირეები დეტალებზე საუბარს ერიდებიან, იენს სტოლტენბერგისა და ხავიერ კოლომინას შემდეგ, სამიტის შესახებ ასევე ისაუბრა NATO-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა. „2024 წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი 75-ე საიუბილეო სამიტით. მოუთმენლად ველით ჩართულობას არამხოლოდ NATO-ს მოკავშირეებთან, არამედ, ყველა ჩვენს პარტნიორთან მთელ მსოფლიოში და ვეძებთ გზებს ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა სმიტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე და პარტნიორობის მაგალითად იაპონია და კორეა დაასახელა. (ელჩი სმიტი ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა დელეგაციას ტოკიოსა და სეულში NATO-ს სხვა მუდმივ წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ისინი შეხვდნენ უამრავ ოფიციალურ პირს, პოლიტიკოსებს, სტუდენტებს, რათა განეხილათ, თუ როგორ შეუძლია NATO-ს გააძლიეროს ოფიციალური პარტნიორობა იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან საკითხებზე.) NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინახავიერ კოლომინა მომავალ სამიტზე საუბარას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება. „რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი,“ განუცხადა მან ქართულ მედიას 19 დეკემბერს. ვაშინგტონის სამიტის გეგმებზე მოკლედ ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერთან შეხვდრამდე. მან აღნიშნა, რომ ალიანსი პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. „ჩვენ მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე გამოვალთ გეგმით, რომ მომდევნო ათწლეულში მივაღწიოთ თავდაცვისთვის მშპს დანახარჯების 2%-ს. ჩვენ ამ გეგმებს ვაშინგტონის სამიტზე წარვადგენთ. მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ალიანსის ადაპტაციას; შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას; რეაგირებას სტრატეგიულ კონკურენციაზე. და კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვაშინგტონის განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია
ევროკავშირი უკრაინული სტარტაპების დასაფინანსებლად, 20 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს
ევროპის ინოვაციების საბჭოს (EIC) (Seeds of Bravery) პროგრამა 20 მილიონ ევროს (21,9 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინული ტექნიკური სტარტაპების მხარდასაჭერად გაანაწილებს. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო იუწყება. უკრაინულ ტექნიკურ სტარტაპებს ამჟამად შეუძლიათ, მოითხოვონ 10,000 ევროს გრანტი საკონსულტაციო სერვისებისთვის, რაც მათ ბიზნეს მოდელის ან ზრდის სტრატეგიის განახლებაში დაეხმარება. გარდა ამისა, Seeds of Bravery მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყებს ხუთ პროგრამას, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის ტექნიკური ინიციატივების ინტეგრირებას ევროკავშირის ინოვაციური ეკოსისტემაში. ამ პროგრამებით 10,000 ევროდან 50,000 ევრომდე გრანტია გათვალისწინებული. უკრიანული მედიის ცნობით, დაახლოებით 200 უკრაინული ტექნოლოგიური საწარმო 60000 ევროს განვითარების გრანტს მიიღებს. ეს კომპანიები ასევე მიიღებენ ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა, საკონსულტაციო მომსახურება და ბიზნეს მენტორინგი. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მხარი უნდა დაუჭირონ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ჩინეთში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, ჰეილონგიანგში, კუნიუანის მაღაროში მუშების გადამყვანი ეტლი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. 2023 წელს ჩინეთში ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებულმა ავარიებმა იმატა, ხელისუფლებამ უბედური შემთხვევების წინააღმდეგ საბრძოლველად უსაფრთხოების წესები გაამკაცრა.
დანიიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა. მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა, რომელიც JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება. პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა. „ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს.
სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ჩავიდა
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 20 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში - პერევსა და ქარძმანში ჩავიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. „ძალიან ხშირად დავდივარ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ვცდილობ გავიგო, თუნდაც იქ, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სერვისებს აწვდის მოსახლეობას და როგორია მათდამი დამოკიდებულება. დღეს შევხვდი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას. მათ იმ პრობლემებზე მომიყვნენ, რომელსაც აწყდებიან ყოველ ჯერზე, როცა საოკუპაციო საზღვარს კვეთენ. ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა. თუმცა, ასეთი მიმოსვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
საფრანგეთმა იმიგრაციის შესახებ კანონი მიიღო
საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას. თუმცა უცხოელები სახელმწიფო შემწეობის მიღებას საფრანგეთში ცხოვრების ხუთი წლის თავზე შეძლებენ, დასაქმებულები კი - 30 თვის შემდეგ. კანონპროექტი ასეევ ითვალისწინებს კვალიფიციური მუშახელისთვის საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვას. საუბარია ინდუსტრიებზე, რომლებიც განიცდიან მუშახელის დეფიციტს. არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კანონს უწოდეს „უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე რეგრესული“, რომელიც ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელების უფლებებსაც. პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს ხელმოსაწერად მაკრონს უახლოეს პერიოდში გადასცემენ. სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის გამოკითხვით, ფრანგების 70 % ახალ კანონს ემხრობა. მათ შორის 87% მაკრონის მხარდამჭერია. საფრანგეთში მცხოვრები, მაგრამ სხვა ქვეყნებში დაბადებული ემიგრანტების რაოდენობა 1946 წელს 5% იყო, 1975 წელს 7,4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს გახდა 8,5%, ხოლო 2022 წელს საფრანგეთის მთლიანი, 68 მილიონი მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა. როგორც Reuters-ი წერს, ექვს თვეში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი საკითხი სწორედ მიგრაცია იქნება. ფრანგი კანონმდებლების მიერ საიმიგრაციო კანონის დამტკიცებამ შეიძლება მემარჯვენეები გააძლიეროს და მათ დამატებითი ძალა შესძინოს. მარინ ლე პენმა საიმიგრაციო კანონპროექტის დამტკიცებას თავისი ულტრამემარჯვენე პარტიის "დიდი იდეოლოგიური გამარჯვება" უწოდა. მაკრონის სოციალ-ლიბერალური „აღორძინების“ პარტიის მემარცხენე წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას ვეღარ დაუჭერენ მხარს. რამდენიმე მინისტრი კი გადადგომით დაიმუქრა.
ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა აზერბაიჯანულ-თურქული საინვესტიციო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს. „როგორც ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც გაივლის ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ეს გააუმჯობესებს ჩვენს თანამშრომლობას სატრანსპორტო სფეროში. „შუა დერეფანი, ბაქოს საზღვაო სავაჭრო პორტი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გადის ჩვენს ქვეყანაში, რაც ქმნის უმოკლეს და ეფექტიან სატრანზიტო მარშრუტებს აზერბაიჯანიდან ევროპაში თურქეთის გავლით და პირიქით,“ - აღნიშნა ჯაბაროვმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ყირგიზმა კანონმდებლებმა ეროვნული დროშის შეცვლას მხარი დაუჭირეს
ყირგიზმა დეპუტატებმა 20 დეკემბერს საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ყირგიზეთის ეროვნულ დროშას ცვლის. პრეზიდენტის სადირ ჯაფაროვის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მზის ტალღოვანი ყვითელი სხივები წითელ ველზე, რომელიც გამოსახულია ამჟამინდელ დროშაზე, მზესუმზირას ჰგავს. ჯაფაროვი ახლა, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს კანონპროექტს, რომელიც, დეპუტატების თქმით, მზის სხივების „გასწორებით“ საშუალებას მისცემს, რომ დროშაზე არსებული გამოსახულება მზეს უფრო დაემსგავსოს.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვრთნები დასრულდა. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ზექი აქთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. წვრთნებში სამი ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. აკთურქის თქმით, წვრთნები ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.
ვინ არ დაუჭირა მხარი გაეროში რუსეთის რეზოლუციას
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მიერ წარდგენილ რეზოლუციას კენჭი უყარა. რეზოლუციას „ბრძოლა ნაციზმთან, ნეონაციზმთან და პრაქტიკის სხვა სახეობებთან, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს,“ 118 ქვეყანა მიემხრო, 49 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი, თავი შეიკავა. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა. წინააღმდეგ მისცეს ხმა საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ავსტრიმა, ალბანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა, ფინეთმა, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიმა, პოლონეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მკაცრად გმობს ნაციზმის, ნეონაციზმისა და რასიზმის სხვა ფორმებს, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. მაგრამ, მისი თქმით, რეზოლუცია არის საბაბი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი აგრესიული ომის გასამართლებლად. უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თითქმის ორი წელია, რუსი სამხედროები თავს ესხმიან განურევლად ყველას, მშვიდობიან მოსახლეობას, სიკვდილით სჯიან, აწამებენ აუპატიურებენ და მასობრივად ასახლებენ მათ და ეს ყველაფერი - ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საბაბად ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია დაასახელა.