ძებნის რეზულტატი:

დუდამ ახალი მმართველი კოალიციის გეგმაზე პირველი ვეტო გამოიყენა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გადაწყვიტა, ვეტო დაადოს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც მომავალ წელს ქვეყნის სახელმწიფო მედიისთვის 3 მილიარდი ზლოტის (თითქმის 700 მილიონი ევროს) გამოყოფას ითვალისწინებს. დუდამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ცნობა X-ზე გაავრცელა. მისი განმარტებით, ხსენებულ საკითხზე შეთანხმება შეუძლებელია კონსტიტუციისა და დემოკრატიული კანონის პრინციპების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით. „სახელმწიფო მედია ჯერ სამართლიანად და კანონიერად უნდა აღდგეს,“ - წერს დუდა. მანვე განმარტა, რომ შობის შემდეგ ის დაუყოვნებლივ წარუდგენს სეიმს საკუთარ პროექტს. დუდამ მოუწოდა სეიმის სპიკერს შიმონ გოლოუნიას და სენატის სპიკერს მალგორზატა-კიდავა ბლონსკას, სასწრაფოდ მოიწვიონ ორივე პალატა, რათა განიხილონ და მიიღონ ეს კანონპროექტი ამ წლის ბოლოს. მანამდე დუდამ წერილით მიმართა პრემიერ -მინისტრ დონალდ ტუსკს სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენებასთან დაკავშირებით და მოუწოდა მას, „პატივი სცეს პოლონეთის სამართლებრივი წესრიგს.“ ტუსკმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ პოლონეთის სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენება სწორედ „საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და ზოგადად, წესიერების აღდგენას ისახავდა მიზნად.“  

ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ, პრაღის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტის შენობიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც შაბათ საღამოს პოლიციამ შენობაში ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. როგორც ჩეხეთის პოლიციის მიერ სოციალურ პლატფორმა ქსელ X -ზე გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, ინგლისურად მოლაპარაკე კაცმა ტელეფონით პოლიციას აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა. შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცდილობს, დაადგინოს იმ პირის ვინაობა, ვინც ბომბების არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გააკეთა. დღეს ჩეხეთში გლოვის დღე იყო. პრაღის კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა 21 დეკემბერს შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, რასაც 10 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ზელენსკი: რუსული მოიერიშეების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი გასაღები უკრაინაში ომის სამართლიანი დასასრულისთვის. „ამ კვირას ჩვენ კვლავ დავამტკიცეთ, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არამხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ, არამედ ფრონტზე მებრძოლი ძალებისთვისაც. რუსული მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან და რომლებიც მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ზომებისთვის ემზადებიან," - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 22 დეკემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ მიმართულებაზე სამი რუსული SU-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.  

თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

ბათუმში ძლიერმა ქარმა კორპუსებს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა

24 დეკემბერს, გამთენიისას, ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, წააქცია მაღალი, მრავალწლიანი ხეები და ელექტროგადამცემი და გარე განათების ბოძები; დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი კორპუსები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ბათუმის მერიის ცნობით, „მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები“ და ოპერატიულად მუშაობენ, რათა წაქცეული ხეებისგან და ბოძებისგან გზები გაწმინდონ. აჭარაში უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც. საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. რის შედეგადაც რამდენიმე რეისია შეყოვნებული. პრობლემები შეეხო ბათუმი-თბილისის რეისს, რომელიც 08:10 საათზე უნდა დაძრულიყო. „ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება,“ - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. რკინიგზის ცნობით, „სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ და საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.“ ცნობისთვის, სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც.  

პენტაგონი: ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ტანკერს დაარტყა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ირანიდან გაშვებულმა დრონმა ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერს დაარტყა. პენტაგონმა განაცხადა, რომ ხომალდ Chem Pluto-ზე დარტყმა ინდოეთის სანაპიროდან დაახლოებით 370 კილომეტრში განხორციელდა. ხომალდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დარტყმამ ტანკერს კონსტრუქციული დაზიანება მიაყენა, თუმცა არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. პენტაგონის ცნობით, ეს არის "ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი, იაპონიის კუთვნილი და ნიდერლანდებში მოქმედი ქიმიური ტანკერი". საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ განაცხადა, რომ გემი დაკავშირებული იყო ისრაელთან და საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიემართებოდა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან სამხრეთ წითელ ზღვაში, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის ზოლებში ხომალდსაწინააღმდეგო ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, არცერთი გემი არ დაზიანებულა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ხომალდმა USS Laboon-მა, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებს, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული და ამერიკული ხომალდისკენ მიემართებოდა. ჰუსიტები, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს, რისი მიზეზიც ღაზის სექტორში მიმდინარე ომია. თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, ბევრმა გლობალურმა გადამზიდავმა წითელ ზღვაში ოპერაციები შეაჩერა. 23 დეკემბერს, ირანის რევოლუციური გვარდია გიბრალტარის სრუტის დახურვით დაიმუქრა. ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, მოჰამად რეზა ნაყდიმ განაცხადა, რომ ირანი გიბრალტარის სრუტეს დახურავს და ხმელთაშუა ზღვაზე წვდომას აღარ დაუშვებს, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულების ჩადენას გააგრძელებენ.  

ესპანეთის შემდეგ, ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გერმანიასა და ავსტრიაშიც გაამკაცრეს

გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის განცხადებით, შობის ღამეს, ტაძარში ყველა შემსვლელს შეამოწმებენ. მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს თავდამსხმებს გეგმავენ. ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის დოზე 18 დეკემბერს გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. ესპანეთის შსს-მ შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.  

ტაივანი პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტაივანი 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს პოლონეთში უკრაინის ფონდის შესაქმნელად. ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ეს პროექტები მოიცავს უკრაინელი ხალხის ადგილობრივი ინტეგრაციის გაძლიერებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას და სხვა. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, პოლონეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. მსოფლიო აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ ხვდებიან პოლონელები უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. ტაივანი ასევე დგას ავტორიტარული რეჟიმის საფრთხის წინაშე და უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, დემოკრატიას უჭერს მხარს,“ განაცხადა ტაივანის ელჩმა პოლონეთში.  

პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების რეფორმებს გაეცნენ

საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებისთვის 2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს გაეცნენ. „2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ პარტნიორებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დიპლომატებთან ათწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მთელი წლის განმავლობაში, სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფს სტუმრობენ და მიმდინარე ღონისძიებებს ეცნობიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ისლანდია უერთდება ორ კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად

ისლანდიამ განაცხადა, რომ შეუერთდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში IT და ასევე, განაღმვის მიზნით შექმნილ კოალიციას. შესაბამისი განცხადება ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ორ კოალიციაში გაწევრიანების გარდა, ისლანდიამ ასევე გამოაცხადა დამატებითი 340 ათასი ევროს გამოყოფის შესახებ, როგორც NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილი უკრაინისთვის, სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. „IT და განაღმვის კოალიციაში შეერთებით და უკრაინის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტისთვის დამატებითი დაფინანსებით, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის არალეტალური მხარდაჭერას, რადგან ის ებრძვის რუსეთის უსამართლო და უკანონო შეჭრას,“ - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რამშტეინისთვის IT კოალიცია ესტონეთმა და ლუქსემბურგმა შექმნეს. მასში ამ ორი ქვეყნის გარდა ასევე შედიან ბელგია, დანია, ისლანდია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა და იაპონია. ლიეტუვამ განაღმვის კოალიციის შექმნის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ის ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ისლანდია უკრაინას უწევს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას, ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს, მსოფლიო ბანკისა და NATO-ს მეშვეობით. გასულ თვეში ესტონეთმა და ისლანდიამ უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო საველე ჰოსპიტალი გადასცეს.  

თეთრიწყლები-ვერონის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოს შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შეზღუდვებია  

ახალციხე-ნინოწმინდის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, გარკვეული მიმართულებით მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზეც. თოვისა და ლიპყინულის გამო, გზებზე შეზღუდვებია  

მოურინიო „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ: დამსახურებულად გავიმარჯვეთ

რომამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსები ნაპოლისთან 2-0 მოგებით გააძლიერა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მატჩის საწყის ეტაპზე უკვე მიხვდა, რომ ამ თამაშს მისი გუნდი მოიგებდა. „პირველი 5 ან 10 წუთის შემდეგ, გამარჯვების განცდა მქონდა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ - როდესაც ისინი ათ კაცამდე ჩამოვიდნენ, ჩვენ გვქონდა უპირატესობა და ამით კარგად ვისარგებლეთ. დღევანდელი გამარჯვება ნამდვილად დამსახურებული იყო. ჩვენ დღეს მოვიგეთ ნაპოლისთან, ახლა კი, იუვენტუსი გველოდება,“ - განაცხადა მოურინიომ. „ნაპოლის“ მწვრთნელი ვალტერ მაძარი: „გაძევებამდე ჩვენ უკეთ ვთამაშობდით. პოლიტანოს მაისურზე 15 წუთი ექაჩებოდნენ, მაგრამ მსაჯებზე არ ვსაუბრობ. ბელოტის მომენტს თუ არ ჩავთვლით, ნაპოლიმ ბევრად მეტი გააკეთა, მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და ვფიქრობდით, რომ ანგარიშსაც გავხსნიდით, მაგრამ შემდეგ თამაში ისე წავიდა, როგორც წავიდა. ორი თამაშის შემდეგ მკითხეს, რატომ არ ვცლიდი სათამაშო სქემას. პრეზიდენტთან შეთანხმებით გუნდში იმიტომ მოვედი, რომ 4-3-3 მომწონდა. თუ გუნდი უტევს და ბურთს ხშირად ფლობს, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზეა. თამაშის ხარისხი ცუდი არ არის, შარშანდელივით ვთამაშობთ, მაგრამ ფეხბურთელები ფორმაში ნაკლებად არიან." „რომასთან“ წაგების შემდეგ „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, სერია A-ში „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩში „რომას“ ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელის წინააღმდეგ თამაშის წესები რამდენჯერმე დაარღვიეს. ჯერ რასმუს კრისტენსენს ხოლო რამდენიმე წუთში ბრაიან კრისტანტეს, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. ეს ორი გაფრთხილება „რომას“ ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გადაჭარბებულად ჩათვალეს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა კი, ხვიჩა კვარაცხელია სიმულაციაში დაადანაშაულა.  

რა მიმართულებით ნარჩუნდება საავტომობილო გზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების განცხადებით, „ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.“ ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან უკრაინელებმა 14 გაანადგურეს

უკრაინა იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული დრონები მიკოლაივის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს. უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის ტერიტორიისკენ Shahed-ის 15 დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალები საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად რეგულარულად იყენებს ტაქტიკურ ავიაციას და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებს, აგრეთვე, მოძრავ საცეცხლე ჯგუფებს.  

მოლდოვის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარება 2024 წელს სურს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ 2024 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან 24 დეკემბერს კვირას გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. სანდუმ გაიხსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ახლახან გადაწყვიტეს მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, „ეს შეუძლებელი ჩანდა სულ რაღაც სამი წლის წინ.“ „ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა მოლდოვის ყველა ოჯახისა და ბავშვისთვის. და ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს გვაქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მთელ ქვეყანას მკაფიოდ ვუთხრათ, თუ რა გზას ვირჩევთ მოლდოვისათვის. მოვუწოდებ პარლამენტს, დაიწყოს რეფერენდუმის მოწყობა მომავალ შემოდგომაზე, რომელშიც გადამწყვეტი იქნება მოქალაქეების ხმა,“ -განაცხადა მაია სანდუმ. მან ასევე სთხოვა მოლდოვის მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას 2024 წლის არჩევნებში, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას „ევროპული ინტეგრაციის შესახებ მისიის შესასრულებლად.“  

ბორელი: დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, საჭიროა მთლიანი შესაძლებლობების მობილიზება, კურსის სწრაფად შეცვლა

„რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „არ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით“ და მას ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე სურს,“ განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Guardian-თან ინტერვიუში. ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. „მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“ „ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო, ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის,“ - აღნიშნა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინი შეცდა თავისი არმიის შესაძლებლობების შეფასებაში, შეცდა უკრაინის წინააღმდეგობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ნებასთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით. მაგრამ ის ისევ ისე ფიქრობს. ის მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილი არჩევნები შეიძლება, ისეთივე საბედისწერო იყოს, როგორც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. ბორელის თქმით, რაღაც უცნობის მიმართ ამომრჩევლის შიშმა, შესაძლოა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიმართ მათი მხარდაჭერა განაპირობოს. „მეშინია შიშის, მეშინია, რომ ევროპელები ხმას აძლევენ, რადგან ეშინიათ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შიში უცნობისა და გაურკვევლობის მიმართ წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც უსაფრთხოების რეაგირებას ითხოვს. ეს ფაქტია,“ - განუცხადა მან Guardian-ს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ არსებობს შეშფოთების რეალური და აღქმული მიზეზები, მაგრამ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ, წარმოადგინონ სიტუაციის ნათელი ანალიზი. „თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ვფიქრობ, ევროპული არჩევნები ისეთივე საშიში იქნება, როგორც აშშ-ის არჩევნები,“ - აღნიშნავს ბორელი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია. „შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არამხოლოდ უკრაინას, არამედ, თავად ევროპას და ჩვენ თუ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება,“ - აღნიშნა ბორელმა.   

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი ყოველთვის იყო იმპერია, ეს უცვლელია და საფრთხეა მისი მეზობლებისთვის

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“ „ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო, ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელი: ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის, პუტინმა ომის გაგრძელება გადაწყვიტა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. „მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორშ ომი ძალიან მძიმე ფასის გადახდას ითხოვს. „რთული დილა, ღაზაში ბრძოლის ძალიან რთული დღის შემდეგ. ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა,” - აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში, პარასკევიდან დღემდე 14 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.