ძებნის რეზულტატი:

BBC: რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგი 2023 წელს ერთნახევარჯერ გაიზარდა

რუსეთის სამხედროების დანაკარგი უკრაინაში 2023 წელს ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია. BBC-სა და "მედიაზონის" ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, თვალს ადევნებენ რეგიონული ადმინისტრაციების, ნათესავებისა და მეგობრების ცნობებს, ასევე, საჯარო რეესტრების ინფორმაციას სამხედროების დაღუპვის შესახებ. არხის შეფასებით, დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება, სულ მცირე, ორჯერ მეტი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სეპარატისტთა სამხედრო ნაწილები არ შედის ამ მონაცემებში, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, 100 ათასს აჭარბებდეს, აღნიშნავს არხი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტამდე დანაკარგების ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს, წერს BBC. შეიცვალა დანაკარგების დემოგრაფიული შემადგენლობაც. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს, ფრონტზე დაღუპული რუსეთის ტიპური მოქალაქე 21 წლისა ხელშეკრულებით საფუძველზე მებრძოლი სამხედრო იყო. წელს, უკრაინაში დაღუპული რუსეთის ტიპური მოქალაქე არის 34 წლის მსჯავრდადებული, რომელიც ფრონტზე პირდაპირ კოლონიიდან წავიდა. დანაკარგების დიდი წილი მოდის უპირატესად ღატაკ რეგიონებზე, რომლებიც ბუნებრივი რესურსების უკმარისობას განიცდიან. მოსკოვი და კიევი არ ამხელენ თავიანთ დანაკარგებს ომში, ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. BBC-სა და "მედიაზონის" კვლევები დაღუპულთა რიცხვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი შეფასებაა. დასავლური დაზვერვის ერთ-ერთი უახლესი შეფასება დაღუპულთა შესახებ The New York Times-მა აგვისტოში გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, ომში 120 ათასამდე რუსი და 70 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.  

"ალტ-ინფოს" ლიდერების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა

თბილისის მერიის შენობის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი მარტინენკო [ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით] დააჯარიმეს. ეს მუხლი 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.  რაც შეეხება იმავე პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, მის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, [174-ე 18 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას]. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციულად შედგენილ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.  

ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა. რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტი, ასევე, უკრაინისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც თითქმის 3,100 გვერდია, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება. თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასევე საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის ეროვნულ სტრატეგიაზე. გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. სენატმა კანონპროექტი 87 ხმით 13-ის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატამ კი, 310-118-ის წინააღმდეგ მიიღო.  

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე); ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ. ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სლოვაკეთი უკრაინას სასწრაფო დახმარების 16 მანქანას გადასცემს

უკრაინა სლოვაკეთის რესპუბლიკიდან სასწრაფო დახმარების 16 მანქანას მიიღებს. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. სასწრაფო დახმარების მანქანები სრულად არის აღჭურვილი და მზად არიან ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის.  

დანილოვი SU-34-ების ჩამოგდებაზე: შესანიშნავი შედეგია, რადგან ეს თვითმფრინავები ჩვენს ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნიდნენ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები დიდი ხანია „ნადირობენ“ რუსულ SU-34 გამანადგურებელ ბომბდამშენებზე, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ თავდაცვის ძალებს სამხრეთ მიმართულებით, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა. „ჩვენ გვესმის, რაზეც ვსაუბრობთ. ახლა შეგვიძლია, გავამჟღავნოთ პატარა საიდუმლო, რომ მათზე „ნადირობა“ დიდხანს გაგრძელდა. ვინაიდან ეს თვითმფრინავები ხელს უშლიდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, გულწრფელად ვულოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამაში. შესანიშნავი შედეგი,“ - განაცხადა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში. როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა პარასკევს შუადღისას სამი რუსული SU-34 ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ სწორედ ამ თვითმფრინავებით ახორციელებენ დამპყრობლები თავდასხმებს მართვადი ბომბებითა და მართვადი რაკეტებით.  

NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს აშშ-მ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს - შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის გავლენები

Europetime გთავაზობთ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ სტრატეტგიას ეძღვნება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში 2022 წელს, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ფსონები და დასავლელი ლიდერებისთვის გადაუდებელი მოქმედებების საჭიროება გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის მიღმა არსებული მცდელობები შეიძლება, კარგი დასაწყისია, თავისუფლად განსაზღვრული სტრატეგია ჯერ არ ნიშნავს დადებით გავლენას ადგილზე - ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შეერთებული შტატები საარჩევნო წლის მიჯნაზეა, რომლის დროსაც, საგარეო პოლიტიკური დისკუსიები სავარაუდოდ, შენელდება. 2025 წლამდე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე რაიმე არსებითს არ ველით. შესაძლოა, უფრო რთული და ასევე, საჭიროც იქნება შავი ზღვის რეგიონული მოთამაშეების, ცნობილი მრავალფეროვანი ჯგუფის თანხმობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ დროებით გაერთიანებულნი არიან რუსეთის საფრთხის გარშემო, ეს ერთობა მოითხოვს გრძელვადიან, სტრუქტურირებულ და ყოვლისმომცველ მიდგომას ვაშინგტონთან, როგორც პატიოსან შუამავალთან, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ სტრატეგიას.თურქეთი შავი ზღვის შიგნით დამის გარეთ სრუტეებს აკონტროლებს, რითაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ ძალას თავის საზღვრებს გარეთ. ნებისმიერი ფართო რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიის უზრუნველყოფა ანკარის თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. შავი ზღვის რეგიონში, NATO-ს წევრი ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი - რა თქმა უნდა, ისარგებლებენ აშშ-ის გაზრდილი ყურადღებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. თუმცა ამ ქვეყნებს უკვე იცავთ NATO-ს მე-5 მუხლი და რუსეთი NATO-ს წევრის წინააღმდეგ რაიმე აშკარა სამხედრო ქმედებებისგან თავს შეიკავებს. უკრაინამ, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრი არ არის, ვაშინგტონისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო და დაამტკიცა, რომ რუსეთთან ბრძოლის ველზე ბრძოლა შეუძლია. უფრო მეტიც, რადგან ის რუსეთს ხელს უშლის ევროპის სხვა ტერიტორიებზე წვდომისგან, კიევი დასავლეთის მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს. შავი ზღვის რეგიონის პატარა, NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს  შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს. მოლდოვა კრემლის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ხოლო საქართველო, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასევე დაუცველია. სომხეთი ახლა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს გადააფასებს და დასავლეთთან უფრო ახლო ურთიერთობას განიხილავს. ერევნის ნებისმიერი მცდელობა, დატოვოს მოსკოვის ორბიტა, კრემლის მკაცრ პასუხს გამოიწვევს. შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანის სპეციფიკური საჭიროებები - ევროპული ნავთობისა და გაზის ძირითადი წყარო და რუსეთის მთავარი კონკურენტი - ასევე უნდა განიხილებოდეს შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით, საზღვაო ნაღმების და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ მონტრეს კონვენციამ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა შეზღუდოს, აშშ-ის მუდმივი ხელმძღვანელობა ზღვისპირა ქვეყნებს შორის უფრო დიდი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საყრდენები ყველაზე მეტს გვპირდება. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ძლიერ კერძო სექტორის კომპონენტს; სტრატეგიის განხორციელებისას ვაშინგტონმა უნდა შესთავაზოს მხარდაჭერა და წახალისება ამერიკულ კომპანიებს რეგიონში საქმიანობისთვის. უფრო მეტიც, რეგიონის ქვეყნებმა უნდა აჩვენონ კარგი მმართველობა და ინვესტირებისთვის თანაბარი თამაშის წესები დანერგონ. შეერთებული შტატები და მისი რეგიონული მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ეფექტიანი სტრატეგიული პასუხისთვის, თუ რუსეთი მავნე გავლენის ოპერაციებს, მათ შორის, სტრატეგიულ დეზინფორმაციულ კამპანიას განახორციელებს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი - Atlantic Council არნოლდ დუპუი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

უკრაინამ შესაძლოა, F-16-ების პირველი პარტია წლის ბოლომდე მიიღოს

F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან შეიძლება, დაახლოებით ერთ კვირაში, 2023 წლის ბოლომდე მიიღოს. პარასკევს, 22 დეკემბერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ ნიდერლანდების მთავრობა მოამზადებს პირველ 18 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს უკრაინაში მიწოდებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ რუტემ არ დაუზუსტებია F-16-ების მიწოდების ვადები, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნიდერლანდებმა, დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ უკვე აიღეს ვალდებულება უკრაინისთვის F-16-ების წლის ბოლომდე მიწოდებაზე," - წერენ ISW-ის ანალიტიკოსები. ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველი პარტიის გასაგზავნად მზადება დაეწყო. გარდა ამისა, 2024 წლიდან საფრანგეთი  F-16-ებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას შეუერთდება. რუმინეთში ნიდერლანდების დახმარებით, უკვე მოქმედებს F-16-ებისთვის მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, სადაც უკრაინელი სამხედროები მომზადებას გაივლიან.  

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

ზელენსკიმ 43 ფიზიკურ პირსა და 100-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ინტერესებს აზიანებენ. უკრაინული მედიის ცნობით, სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად არიან კვიპროსის, უკრაინისა და ლატვიის მოქალაქეები.  სანქცირებულთა სიაშია 43 პირი და 119 კომპანია. მათ შორის, "ავტოდელ გაზ", რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ოპერირებს. სანქცირებულ  კომპანიებს უკრაინის ტერიტორიაზე დაებლოკებათ აქტივები, შეუჩერდებათ სავაჭრო ოპერაციები და რესურსების ტრანზიტი ქვეყნის გავლით, ასევე, გაუუქმდებათ ლიცენზიები.   

უილიამ კორტნი: შუა დერეფნის გასწვრივ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს

საქართველოსა და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხაებით, შუა დერეფნის როლი იზრდება რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის, რუსეთის გავლით მიწოდების ბოლოდროინდელი გაზრდილი პოლიტიკური რისკის გამო.“ როგორც უილიამ კორტნიმ აღნიშნა, უკრაინის ომის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეზღუდა რუსეთის წვდომა ევროპის სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებებზე. „ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩინეთის ინვესტიციები ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვისთვის," - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. უილიამ კორტნის თქმით, დერეფანში მთავარი სირთულე ინტერმოდალური ტრანსპორტის ნაკლებობა და მაღალი ღირებულებაა. „საჭიროა მეტი გამტარუნარიანობა კასპიის ზღვაზე, ისევე როგორც საქართველოს შავი ზღვის პორტების საკონტეინერო პორტის გამტარუნარიანობა. შუა დერეფნის გასწვრივ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს. პრივატიზებულ სარკინიგზო სისტემებს შეუძლიათ, მეტი კერძო კაპიტალი და ტექნოლოგია მოიზიდონ, რაც უფრო ეფექტიანი, შეიძლება, იყოს,“ აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.  

უკრაინაში, 40 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს

უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ის ეჭვმიტანილია შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოყოფილი დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქურდობაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ოფიციალურმა პირმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სპეციალურ ექსპორტიორ კომპანიასთან, 1,5 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საარტილერიო ჭურვების ფასად შეძენის თაობაზე. უკრაინის უშიშროების პრესრელიზის თანახმად, ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. მოგვიანებით, იმავე ჭურვების მიწოდებაზე და იმავე მწარმოებელთან თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში განცხადეს, ოფიციალური პირი დააკავეს ბრალდებით, რომელიც კვალიფიცირებულია, როგორც უკრაინის არმიისა და სხვა სამხედრო ფორმირებების ლეგიტიმური საქმიანობის შეფერხება, რამაც ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია. ამ მუხლით ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირი დააკავეს, 2 პირს ბრალი წარედგინა

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა 1981 წელს დაბადებულ ი.შ.-ს. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ, 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

უკრაინა რუსული მართვადი რაკეტა Kh-59-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

დნეპროპეტროვსკის ოლქის დნიპროს რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მართვადი რაკეტა Kh-59 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობა ავრცელებს. დანილოვი SU-34-ების ჩამოგდებაზე: შესანიშნავი შედეგია, რადგან ეს თვითმფრინავები ჩვენს ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნიდნენ „დნეპროპეტროვსკის ოლქის დნიპროს რაიონში, საჰაერო სარდლობის აღმოსავლეთის ქვედანაყოფმა Kh-59-ს ტიპის ჰაერი-მიწა კლასის მართვადი რაკეტა გაანადგურა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იტალია აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის

იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა და მან 2023 წლის ოქტომბერში 881,2 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 800,5 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში იტალიის გაზის იმპორტმა აზერბაიჯანიდან, 7,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 4 მილიარდ ევროს აღემატება.  აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის.  

აშშ მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. აშშ-ის სახელმწფიო მდივნის შეფასებით, რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, NATO კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი. ბლინკენმა პირობდა დადო, რომ შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გაძლიერების ძალისხმევას. „2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს ხედვას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს. „პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს." ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას, მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.  

The New York Times: პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის

The New York Times ამერიკელ და საერთაშორისო მაღალჩინოსნებზე, ასევე, კრემლთან ახლოს მყოფი ორ რუს ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის.  ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთი წლით ადრე, 2022 წლის შემოდგომაზე, უკვე ჰქონდა მცდელობები, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებულიყო. მაშინ აღნიშნული განზრახვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინამ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში რუსული არმია გაანადგურა. გამოცემის წყაროების თქმით, პუტინი მაშინ სიგნალებს აგზავნიდა, რომ კმაყოფილი იყო დაპყრობილი ტერიტორიებით და მზად იყო მშვიდობისთვის. წყაროების თქმით, ახლა, მიუხედავად საჯარო რიტორიკისა, რომელშიც პუტინი იმეორებს, რომ ომის მიზნები არ შეცვლილა, პირად საუბრებში ის საკუთარ სურვილს გამოთქვამს - „გამარჯვება გამოვაცხადოთ და გავიაროთ.” გამოცემის წყაროების თანახმად, დასავლელი ოფიციალური პირები სულ მცირე სექტემბრიდან იღებენ ახალ სიგნალებს იმის შესახებ, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტით არის დაინტერესებული. ეს სიგნალები სხვადასხვა წყაროდან მოდის, მათ შორის, უცხოური მთავრობებისგან, რომლებსაც კავშირები აქვთ როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე, რუსეთთან. „ისინი [რუსები] ამბობენ: „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ”... იქ დარჩენა სურთ, სადაც ახლა არიან ბრძოლის ველზე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. ამავდროულად, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს შეცდომაში შეყვანის კრემლის ჩვეული მცდელობა შეიძლება, იყოს, და კომპრომისისთვის პუტინის რეალურ მზაობას არ გამოხატავს. ყოფილი რუსი მაღალჩინოსნები კი, აღნიშნავენ, რომ სრულიად შესაძლებელია, პუტინმა კვლავ შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება, თუ რუს სამხედროებს პროგრესი ექნებათ.  

ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა

ჩოხატაური-ბახმაროს გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოაშალა. ამის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა. ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ და Newsmaker-ი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელ, რაისა ნოვიცკიზე დაყრდნობით ავრცელებენ ოფიციალური წყაროს თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოლდოვაში შესვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 39 მოქალაქეს, რომლებიც „შევლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ“. მათ შორის ირაკლი ფირცხალავა 24 დეკემბერს ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის მიერ, რომელსაც მოლდოვაში ბანკებიდან მილიარდის მოპარვის საქმეზე 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში. 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს სანქციები დაუწესა. 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დიდმაც ბრიტანეთმა დაუწესა.