ძებნის რეზულტატი:

პრემიერი: თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს  აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს. თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  

უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩერდნენ – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, „დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებულები.“ „საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის. ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე,“ - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრამდე შენარჩუნდება - ამინდის პროგნოზი  

თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევა ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.  

სერბეთის პრემიერი: რუსეთის სპეცსამსახურები ოპოზიციის პროტესტის შესახებ გვაფრთხილებდნენ

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები სერბეთის მთავრობას ბელგრადში საპროტესტო აქციების დროს მოსალოდნელი არეულობების შესახებ აფრთხილებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ გაფრთხილება ჯერ კიდევ წინასაარჩენო კამპანიის პერიოდში მიიღეს და არაერთმა ელჩმა, კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმება დასავლეთის ქვეყნების ელჩები, არ დაუჯერეს და სერბეთის ხელისუფლებას ურჩიეს, სანდოდ არ მიეჩნიათ რუსეთის მონაცემები. „ჩვენ სპეცსამსახურებისგან მონაცემები გვქონდა, რომლებიც ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ. უპირველს ყოვლისა, რუსული უსაფრთხოების სამსახურმა მოგვაწოდა ეს ინფორმაცია,“  განაცხადა ბრნაბიჩმა. მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც ისაუბრა უცხოული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუმცა. არ დაუზუსტებია რომელ ქვეყანას გულისხმობდა. ბელგრადში აქციის მონაწილეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს  

NATO-ში ველოდებით, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი - კოლომინა

ხომ არ გეგმავს NATO არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას და ზოგადად როგორია თქვენი მოლოდინი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. „ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, არ ვაგზავნით არჩევნებზე დამკვირვებლებს, მაგრამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც შედგება NATO-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებისგან, აქვს შესაძლებლობა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოაგზავნონ საარჩევნოდ დამკვირვებლები. თუმცა, ეს არა NATO-ს, არამედ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტია. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ჩვენ, NATO-ში ველოდებით, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გადავეცით თქვენს ხელისუფლებას. ასეთი არჩევნების მოლოდინი გვაქვს საქართველოში, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში,“ - განაცხადა კოლომინამ. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს  

ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს

ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL Neftohim Burgas-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს, თუ კონკრეტული წინადადება იქნება მიღებული. Euronews Bulgaria-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ბულგარეთში, ჰუსეინ ჰუსეინოვმა განაცხადა. „თუ შეთავაზება იქნება ბურგასში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესაძენად, სოკარი (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) და ჩვენი მთავრობა მზად არიან განიხილონ ეს,“ აღნიშნა ელჩმა. მანვე განმარტა, რომ არსებითი განხილვისთვის უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, „რომელიც ჯერ არ არსებობს.“ LUKOIL-მა ბულგარეთში ოპერირება 1999 წლის ოქტომბერში დაიწყო და ბურგასის გადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, რომლის სიმძლავრე 8,8 მილიონი ტონაა.  

ლატვიამ ჩამორთმეული ავტომანქანები უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა

ლატვიამ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული თითქმის მილიონი ევროს ღირებულების მანქანები უკრაინას გადასცა. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში 903 453 ევროს ღირებულების 271 ჩამორთმეული ავტომობილი გადავიდა. მთავრობა ამზადებს დოკუმენტებს უკრაინაში კიდევ 34 მანქანის გადაცემისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 161 880 ევრო ღირს. უკრაინისთვის ჩამორთმეული მანქანების საჩუქრად გადაცემის შესახებ კანონი ლატვიის პარლამენტმა თებერვალში მიიღო.  

„ქოლცენტრების საქმეზე" პროკურატურამ ხუთი პირის მიმართ დევნა დაიწყო

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გავრცელებული განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. „საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ევროჯასთთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქტიური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით. აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო წლებში, საქართველის პროკურატურაში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  

პატრიარქი: 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო

„ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო,“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვაზე ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ ჩვენო სულიერო შვილებო, 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული გვაძლიერებდა ჩვენ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის. ჩვენთან არს ღმერთი,“ - აღნიშნა ილია მეორემ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.  

პრეზიდენტი პატრიარქს: ერის თქვენდამი სიყვარული და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს ქვეყნისა და თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში

„დაე, თქვენი ლოცვით, დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე,“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი. „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს, თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს. ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე, რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში. სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით, ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს. სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილში.  

TI-საქართველო: წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა

მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. „2023 წელს, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, შეიმჩნეოდა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევები. მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, განმარტავენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათ მიმართ მუქარა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გახშირებული შემთხვევები, დანაშაულების გამოუძიებლობა და დაუსჯელობა კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციისა და 2024 წლის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების პირისპირ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მმართველმა პარტიამ უზრუნველყოს შიშისგან თავისუფალი და უსაფრთხო მედიაგარემო, სადაც ჟურნალისტები დაუბრკოლებლად შეძლებენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოების სათანადო ინფორმირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობის დასრულებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.  

ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩადის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.  სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი დაესწრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) საბჭოს სხდომას, სამშაბათს კი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტს სანქტ-პეტერბურგში. ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ყირგიზეთში არ დაესწრო. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

მიტოპოლიტი შიო პატრიარქს: თქვენი განვლილი ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით, თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ..." - ამბობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წლისთავთან დაჯავშირებით. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 46-ე წლისთავს აღნიშნავს. ქართველ ერზე ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენი უწმინდესობა და უნეტარესობა მოავლინა. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელო და სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. 1977 წლის 25 დეკემბერი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის უდავოდ ეპოქალური მნიშვნელობის თარიღია.   „მახსენდება ის პერიოდი, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ამირჩიეს და ის კურთხეული დღე, როცა შედგა ჩემი ინტრონიზაცია სვეტიცხოველში. როცა კათედრაზე მოვიყარე მუხლი და ლოცვებს კითხულობდნენ ჩემს თავზე, კარგად მესმოდა ის პასუხისმგებლობა და სიმძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მარგუნა, მაგრამ ვიცოდი და თქვენც უნდა იცოდეთ, რომ როდესაც უფალი ადამიანს ჯვარს ანიჭებს, იგივე უფალი შველის მის ტვირთვაში და მეც მუდამ ვგრძნობდი ღვთის მარჯვენის შემწეობას,“ - იხსენებთ თქვენ და ჩვენც მოწმენი ვართ იმ ხილული საოცრებისა, როდესაც ღვთის შეწევნითა და თქვენი დიდი ღვაწლით საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის ურთულეს პერიოდში ეკლესიისგან დაშორებული ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნება დაიწყო. მას შემდეგ თქვენ დღითიდღე თავდაუზოგავად შრომობთ და ნათელ მაგალითს გვაძლევთ იმისა, „თუ ვითარ იგი ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სვლა, რომელ არს ეკლესია, ღვთისა ცხოველისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა.“   თქვენი სულიერი შვილები მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის ნაყოფს, რომელიც ეკლესიის ცხოვრების ყველა სფეროში გამოვლინდა:   სამღვდელო და სამონაზვნო დასის გამრავლება, ეკლესია-მონასტრებში მიმდინარე აღმშენებლობა, საგანმანათლებლო, მისიონერული თუ სოციალური საქმიანობა, ახალგაზრდობასთან მუშაობა და მრავალი სხვა კეთილი საქმე, რაც ეკლესიაში თქვენი ლოცვა-კურთხევით წარიმართება, მოწმობს იმას, რომ თქვენი უპირველესი საზრუნავი ყოველთვის იყო და არის - „სიტყვა იგი ღმრთისა, აღორძინდეს და განმრავლდეს რიცხვი იგი მოწაფეთა.“   თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი სიყვარულისთვის; თქვენი განვლილი ცხოვრების გზა, თქვენი პიროვნული თვისებები, სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თავმდაბლობა, სულგრძელება, მოთმინება, სიკეთე და მიმტევებლობა დიდი სულიერების ნათელი მაგალითია ყოველი ჩვენგანისთვის. სწორედ ამ თვისებების წყალობით თქვენ ქართველი ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურეთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ აღსაყდრების დღე. გისურვებთ უფლის შემწეობას, სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებლად ღვთისა და საკეთილდღეოდ ჩვენი ქვეყნისა. ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ, ისპოლა ეტი დესპოტა!“ მიტროპოლიტ შიოს ამ სიტყვებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.    

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან დამატებით, 1,3 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან გრანტებისა და სესხების კომბინაციით, 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. დაფინანსება უკრაინაში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამძლეობის საჯარო ხარჯების პროგრამის (PEACE) ნაწილია, რომელიც შექმნილია ქვეყნის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად. 14 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა სხვა მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინაში 39 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.  თბილისში შესაძლებელია, მცირე ნალექი აღინიშნოს. 28 დეკემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს. 28 დეკემბერს იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.  დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.  დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 29 დეკემბრამდე დროგამოშვებით მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.  ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 დეკემბრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.  კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 დეკემბრამდე ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. 28 დეკემბერს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29 დეკემბრამდე ზოგან მოთოვს. 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.  

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 5 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. აღნიშნული ელექტროსადგურების განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტზე, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. ქარის ელექტროსადგურთა პროექტებიდან ერთი იმერეთის რეგიონში განხორციელდება, რომლის დადგმული, სავარაუდო სიმძლავრე 103,5 მეგავატია, გამომუშავება კი 362 მლნ კვტ საათს მიაღწევს. პროექტისთვის საჭირო ინვესტიციის რაოდენობა 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ქარის მეორე ელექტროსადგურს, რომლის აშენებაც შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში იგეგმება, მისი დადგმული სიმძლავრე − 43,4 მგვტ, გამომუშავება − 148 მლნ კვტ სთ, ხოლო ინვესტიციის რაოდენობა 25,25 მლნ აშშ დოლარია. გარდა ამისა, 4,797 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7,8 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომლის სავარაუდო გამომუშავებაც 10,295 მლნ კვტ სთ იქნება. „ამ ეტაპზე სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და კვლევების კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მიმდინარეობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.  

საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რაგბის კავშირის ინფორმაციით, პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით, საქართველოს რაგბის კავშირი ისრაელის გუნდებს პროფესიულ გაძლიერებაში დაეხმარება. მორაგბეები ისრაელიდან წვრთნებს საქართველოში, ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაივლიან. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა როგორც კაცთა, ისე ქალთა სარაგბო გუნდებს მოიცავს. ანალოგიურ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირი უკვე უწევს ყაზახეთის და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს, ინტერესს გამოთქვამს პოლონეთიც. „ისრაელი და საქართველო - ორი მოძმე ქვეყანაა, მცირე, მაგრამ ძლიერი, ვფიქრობ ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი სარაგბო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და შედეგად ახალი ბიძგი მივცეთ მსოფლიო რაგბისაც. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების ტურისტულ პოტენციალსაც გაზრდის,“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ავჭალის სტადიონზე ევროპის სუპერ თასის ფინალი შედგა, რომელიც მესამედ ჩატარდა.  

უკრაინა შობას 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს

უკრაინა შობას 25 დეკემბერს პირველად აღნიშნავს. BBC წერდა, რომ უკრაინამ შობის დღესასწაულის აღნიშვნა 7 იანვრიდან 25 დეკემბრისთვის გადაიტანა, რაც ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია რუსეთისგან დისტანცირებისკენ. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა გასულ წელს დაუშვა. „დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ხალხის ლოცვა - დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა მიმდინარე წლის მაისში გადაწყვიტა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მაშინ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. თუ სამრევლოები უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, ძველი თარიღების შენარჩუნებას შეძლებენ. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ „უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანმიმდევრული გზა გაიარა და ყველა ეტაპზე მორწმუნეებთან კოსულტაციებს მართავდა, იკვლევდა როგორც დადებით, ასევე, ნეგატიურ გამოცდილებას. ამიტომ, გადაწყვეტილება კალენდრის ცვლილების შესახებ ყველა დონეზე მიიღეს,“ ამბობს დღეს, 25 დეკემბერს მიტროპოლიტი ეპიფანე. ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სადაც მორწმუნეებს ძველი კალენდრის შენარჩუნება სურდათ, ამის უფლება ახლაც ექნებათ. „თუმცა ვხედავთ, რომ ამ უფლებით დაახლოებით რვაათასხუთასიდან ასმა თემმა ისარგებლა: „როგორც ჩვენი წინაპრები წარსულში, ვზეიმობთ ქრისტეს შობას 25 დეკემბერს. არა იმიტომ, რომ ეს თარიღია მითითებული წმინდა წერილში. ბიბლიაში არაა ნახსენები ამის არც დღე, არც თვე. 25 დეკემბერი უძველესი, ტრადიციული თარიღია, ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებიდან. თუმცა ჩვენ ვზეიმობთ არა თარიღს, არა ერთგვარ დაბადების დღეს, როგორც ჩვეულ გარემოებებში, არამედ, ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს შობის მოვლენას. სწორედ მოვლენას და არა კონკრეტულ თარიღს აქვს პრინციპული და არსებითი მნიშვნელობა. უფალი მოდის სამყაროში და ხდება ძე ადამიანისა ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისთვის. უფალი მოდის კაცობრიობის დასახმარებლად. ჩვენ, როგორც ხალხს საომარ მდგომარეობაში, როგორც არასდროს, გვესმის დახმარების, დაცვის და მტერზე გამარჯვების აუცილებლობა.“ „ჩვენ გვჯერა, რომ მტერი დამარცხდება. რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, უკრაინელი ხალხის მხარეს. და სადაც სიმართლეა, იქ არის ღმერთი. და სადაც ღმერთია, იქ გამარჯვებაა.“