ძებნის რეზულტატი:

რომის პაპი: დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას

საშობაო გზავნილის თანახმად, რომელსაც Vatican News-ი ავრცელებს, რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიო მშვიდობისთვის ლოცულობს. „დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა ასევე ილოცა საჰელის რეგიონის, აფრიკის რქის, სუდანის, კამერუნის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთ სუდანის ხალხისთვის - ყველა ადგილისთვის, სადაც დაძაბულობა მაღალია, მაგრამ მშვიდობა შესაძლებელია კეთილგანწყობისა და მძიმე ძალისხმევით. მან „ილოცა ომის დასასრულებლად, რომელიც ანადგურებს ადამიანთა სიცოცხლეს ისრაელსა და პალესტინაში“. ასევე, რომის პაპმა დაასახელა სხვა ქვეყნები, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ახსენა ომით განადგურებული სირია, იემენი და ბრძოლა ლიბანში. მან ასევე ილოცა მშვიდობისთვის უკრაინაში. რომის პაპი: დღეს ჩვენი გული ბეთლემშია  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9636 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9614 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ხვალ შევა ძალაში.  

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - თავდაცვის მინისტრი

„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა დაემატა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ „არათუ გადინება, არამედ, სამხედრო საქმით დაინტერესების მაჩვენებელი დეკადების განმავლობაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზეც მაღალია.“ „წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესდა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, სწორედ იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, თუ როგორი სოციალური პირობები აქვს შექმნილი თავდაცვის უწყებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასეთი შედეგი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ოთხი წლის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და, სწორედ, ამის შედეგია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით მოქალაქეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

ლიეტუვა მზადაა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედროები გაგზავნოს

2024 წლის საერთაშორისო მისიების მანდატი, რომელიც ლიეტუვის სეიმმაა დაამტკიცა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ რეგიონს. სეიმის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში ნახსენებია სულ 13 საერთაშორისო ოპერაცია. ჯერ კიდევ ივლისში მთავრობამ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა, რაც ითვალისწინებდა „ლიეტუვის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას ზემოაღნიშნულ რეგიონთან, საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების ხელშეწყობას, რეგიონში ეროვნული თავდაცვის სისტემის ხილვადობის გაზრდას. „ასეთი მანდატით ლიეტუვა მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოების მიმდინარე ქმედებებში ან რეგიონში შესაძლო ახალ ოპერაციებში,“ - განაცხადა ლანდსბერგისმა. მან ასევე განმარტა, რომ 2024 წლიდან ლიეტუვა 60-დან 100 ადამიანამდე გაზრდისსამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სისტემის საჯარო მოსამსახურეების მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამზადებლად, სამხედრო სასწავლო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ.  

თურქეთი აცხადებს, რომ თავისი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში იერიშები მიიტანა

თურქეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა „საჰაერო ძალებმა 26 ქურთი მებრძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული დარტყმების შედეგად გაანეიტრალეს, შაბათ-კვირას ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხი იყო.“ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან ბრძოლის დროს 12 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რის გამოც ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და ოპერაციები დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა კვირას ასევე განაცხადა, რომ PKK-ის კიდევ 30 ელემენტი განეიტრალდა ჩრდილოეთ ერაყის რაიონში, სადაც თურქეთი ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს აწარმოებს. გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში, პროქურთული სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე 52 ადამიანი დააკავა. მათ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. თურქეთის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მეზობელ ერაყში, იქ დაფუძნებული PKK-ის ბოევიკების წინააღმდეგ შეტევის ფარგლებში. თურქეთმა საჰაერო თავდასხმები ჩრდილოეთ ერაყში ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ანკარაში სამთავრობო შენობებთან აფეთქებაზე  პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.  

ნეთანიაჰუ: ომი დასრულებასთან ახლოს არ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი დასრულებასთან ახლოს არ არის. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს. „ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და ის დასრულებასთან ახლოს არ არის. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთიანობა და ჩვენი მისიის დაცვა,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში რეზერვისტების ბრიგადა მოინახულა. „ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და დასრულებამდე გავაგრძელოთ,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.  

შავი ზღვის დაბინძურებისთვის ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება. შესაბამისი განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ კომენტარის დროს გააკეთა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმართულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება - 65 000-ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყით სარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას," - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. "შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას - 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე," - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზი გაიხსნა

დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა, ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი. შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობასა და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი  ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა. შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული   ქვეყნის, ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ ხელოვნების თითოეულ ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა, მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა  პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და, ხშირად, თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება,“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანძურის კვლევა და დაცვა, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი.  მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში ემიგრაციის ურთულეს პირობებში უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა დედაეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. საყოველთაოდაა ცნობილი მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს − ბატონ დავით ლორთქიფანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას, მე არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ  საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას,“ -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა; საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მათ შორის: ტიხრული მინანქრის ხატწერის იშვიათი ნიმუშები, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ანჩის მაცხოვრისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატები, დავით აღმაშენებლის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის ბარძიმი, თამარის ჯვარი და ა.შ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. 

ილია დარჩიაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, არის ჩვენი კონტროლის გარეთ

„ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს,“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეკითხვას ხავიერ კოლომინას ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებაში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

მთავრობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების გეგმას აქვეყნებს

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმას აქვეყნებს. როგორც ცნობილია, გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ არის დამტკიცებული. გეგმაში გაწერილია განსახორციელებელი აქტივოები, შესაბამისი ვადები და პასუხისმგებელი ორგანოები გასატარებელ ღონისძიებებზე: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება; შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე; თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა; ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით; ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა; დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება; ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა. გეგმა სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gov.ge/files/288_86884_123528_ActionPlanforEUs9steps.pdf  

ბაიდენი ამბობს, რომ პრეზიდენტები შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლისსამართლებრივ დევნას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტები შეიძლება, დაექვემდებარონ სისხლისსამართლებრივ დევნას. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ბაიდენი „ვერ ხედავს“ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ თეთრი სახლის ოფიციალურ პირებს აბსოლუტური იმუნიტეტი დევნისგან, როგორც ამას რესპუბლიკელთა ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებდა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან სავარაუდოდ, ჩაიდინა პრეზიდენტობის დროს. სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს შეიტანა. საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს. სასამართლომ გადაწყვეტილება არ განმარტა. როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატები აღნიშნავენ, აღნიშნული საქმის განხილვა სიფრთხილეს მოითხოვს და არა აჩქარებას. მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, გააჭიანურებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს.  

უკრაინამ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი შებნილთა სიაში შეიყვანა. ფრიდმანს ბრალი ომის დაფინანსებისთვის 5 სექტემბერს წაუყენეს. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ოლიგარქმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი რუბლი (22 მილიონი დოლარი) მოახმარა რუსულ სამხედრო მანქანას. საერთაშორისო სანქიცების ქვეშ მყოფი ფრიდმანი ფრიდმანი დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, მოგვიანებით კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უკრაინამ რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაცია მიმდინარე წლის ივლისში მოახდინა.  

სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მრჩეველი ემსხვერპლა - სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო დანაყოფის მაღალი რანგის მრჩეველი, რაზი მუსავი, ისრაელის საჰაერო თავდასხმისას სირიის დედაქალაქ დამასკთან ახლოს დაიღუპა. ამასთამ, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მუსავი თეირანსა და დამასკს შორის სამხედრო კოორდინაციის მიმართულებით მუშაობდა, ის იყო რევოლუციის გუშაგთა ყუდსის დანაყოფის ნაწილი. ირანული წყაროების ცნობით, მუსავი იყო სირიაში ამ ძალის ერთ-ერთი ვეტერანი მრჩეველი, ყუდსის ყოფილ მეთაურთან ყასემ სოლეიმანთან დაახლოებული პირი. როგორც ცნობილია, სოლეიმანი 2020 წლის იანვარში დაიღუპა აშშ-ის ძალების მიერ ბაღდადთან ახლოს განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.  

ზვავსაშიშროება, ქარბუქი, ინტენსიური თოვა - გზებზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბრამდე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 27-28 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა იკლებს, თუმცა 28 დეკემბერს მაღალმთაში ზოგან კვლავ ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.   

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა. ნეთანიაჰუ იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა. ის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. „ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვიდრე („ჰამასს“, რედ.) ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყების შესახებ გამოაცხადა.  

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, „ჩვენ რუსეთს ცოტათი უფრო ახლოს შევეჯახებით, ფაქტობრივად, ევროკავშირის საზღვრებზე, ძალიან ახლოს ჩეხეთთან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს.“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპის უსაფრთხოებისთვისაც მოაქვს სარგებელი. „უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ, რომელიც ასევე, ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ილესავს კბილებს,“ - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

უკრაინა უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრეს

ტავრიის ძალების ჯგუფის სპიკერმა უარყო რუსეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ  რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრეს. მისივე განმარტებით, ბრძოლები ქალაქისთვის გრძელდება. „ამჟამად ჩვენი ჯარისკაცები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმყოფებიან,“ - განაცხადა სპიკერმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. მარინკა, რომლის მოსახლეობა 2022 წლის თებერვალში დაახლოებით 9000 იყო, 2014 წლიდან არის ფრონტის ხაზის ქალაქი. ის მდებარეობს ავდიივკაი სამხრეთ-დასავლეთით, 30 კილომეტრში. დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს მრავალი თავდასხმა მარინკაზე, რადგან რუსეთი ემზადებოდა უფრო მეტი თავდასხმისა და დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ქალაქის აღების შესახებ.  

ირანი ისრაელს ემუქრება

დამასკოში ირანელი მაღალი რანგის პირის დაღუპვის გამო, ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ ისრაელი „დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“ „უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის,“ - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში. ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის განცხადებით, „ეჭვგარეშეა, რომ ეს ქმედება სიონისტური რეჟიმის იმედგაცრუების, უმწეობისა და უუნარობის კიდევ ერთი ნიშანია.“ სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მრჩეველი ემსხვერპლა - სახელმწიფო მედია  

G7-ის ქვეყნებმა უკრაინას ვალი გადაუვადეს

უკრაინის ოფიციალური კრედიტორების ჯგუფი G7-დან და პარიზის კლუბიდან შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მიერ ოფიციალური ვალის გადახდა 2027 წლამდე გადაიდო. იუწყება უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს ურთიერთგაგების მემორანდუმში ოფიციალური ვალის გადახდების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, გაგრძელდება 2022 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც სახელმწიფო და საჯარო გარანტირებული ვალების გადახდების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს დებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე გაფართოებული ფონდის პროგრამის (EFF) დასრულებას შეესაბამება. შეთანხმებას შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. „დღევანდელი შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ტვირთი ბიუჯეტზე სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულებამდე და დავზოგოთ უცხოური ვალუტის ლიკვიდობა სოციალური ხარჯების უზრუნველსაყოფად. ვალის გადახდის ეს ნებაყოფლობითი შეჩერება არის 122 მილიარდი აშშ დოლარის საერთაშორისო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის პარტნიორების მიერ,“ - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გევინ გრეიმ აღნიშნა, რომ მორატორიუმი უკრაინის საგარეო ვალის დაფარვაზე, 2027 წლამდე გაგრძელდება და რომ რესტრუქტურიზაცია 2024 წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლს შემდეგ, უკრაინა რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ებრძვის.  

მწერალთა სახლში, ლიტერატურულ კონკურს „მუზას” დაჯილდოებისას დაპირისპირება იყო

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მწერალთა სახლში ლიტერატურულ კონკურს „მუზას” დაჯილდოებაზე იყო მიწვეული, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დაუპირისპირდა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება,“ სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები. სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას,“ - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მისივე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ირაკლი კაკაბაძემ მომხდარის შემდეგ „ტვპირველთან“ განაცხადა, რომ წულუკიანს არ ესმის სფერო, რომელსაც ხელმძღვანელობს. „ყველაფერი სათქმელია, ჩემ თავს ვამტყუნებ, რომ აქამდე არ ვუთხარი… მან დღეს შეურაცხყოფა მიაყენა მწერალთა სახლში მყოფ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ეს არის ასაკოვანი ფაშიზმი, ფაქტობრივად, თქვა - „ვინც 50 წელს გადაცილებულია, ყველა უნდა მოვიშოროთ,” – განაცხადა კაკაბაძემ.