ძებნის რეზულტატი:
ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია - ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია. კონფერენცია დღეს გაიხსნა და მას სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ელჩების კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, პარლამენტის და საპატრიარქოს წარმომადგენლები. შარშანდელ ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობის დარღვევა“ დაასახელეს.
მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურს ქართული მხარე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ააშენებს
ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა’’ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის დასრულების შემდეგ ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ,,მასდარის“ დირექტორის, მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია. „მასდარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი კომპანიაა განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობებია თქვენს ქვეყანაში. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, დღეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის გამომუშავების პროექტის განხორციელების მიმართულებით ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და რაც მთავარია, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ,“- აღნიშნა ,,მასდარის“ დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.
დმიტრო კულება: 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადადების მიზეზი უნგრეთი არ ყოფილა
ევროკავშირის ქვეყნები დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას უკრაინას 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, თუნდაც უნგრეთის პოტენციური ვეტოს პირობებში, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაიდო 2024 წლის დასაწყისისთვის და არა უნგრეთის ვეტოს გამო. კულებას თქმით, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთს დამატებით დროს აძლევენ და ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროს ნებისმიერ შემთხვევაში გამოყოფს. „მათ არ სურთ, ჰქონდეთ ისეთი სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მიღება მუდმივად მიიღება,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო
რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ იყო პრეზიდენტი მიწვეული ელჩების კონფერენციაზე. დარჩიაშვილის თქმით, ელჩების კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ხელისუფლების ორი შტო: საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდნენ შედეგის მისაღწევად და შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირმა მიმართ ელჩებს. „წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, მუშაობდნენ ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი,“ - განაცხადა მინისტრმა. ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია - ადმინისტრაცია
შალვა პაპუაშვილი: „ენგურჰესი“ ყველაზე კარგი მაგალითია, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი თანამოქალაქეების პირობებთან დაკავშირებით, არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ კონტაქტები უნდა არსებობდეს.“ მას მედიამ ჰკითხა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ზუგდიდში ჩასვლასა და „ენგურჰესის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ვინ წარმოადგენდა ქართულ მხარეს და რატომ ელაპარაკებიან მათ, როგორც ოფიციალურ პირებს.“ „ვერ გეტყვით, ეს არ გახლავთ პარლამენტის კომპეტენცია. რაც შეეხება ურთიერთობას, წლებია, მაგალითი არის „ენგურჰესი“, სადაც შესაძლებელია ტექნიკურ საკითხებზე საუბარი იმისთვის, რომ სოციალური პირობები იყოს შესაბამისი ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ვგულისხმობ ელექტროენერგიით მომარაგებას. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, რომ ურთიერთობები და კონტაქტები უნდა არსებობდეს,“ – განაცხადა შალვა შალვა პაპუაშვილმა.
გამიხარდებოდა, პრეზიდენტი ამბასადორიალზე რომ მენახა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი
საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ყველას შედეგი და ყველას ეკუთვნის მადლობა. „ეს შედეგი [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში. მე გამიხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,” — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა. რატომ არ მიიწვის პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება
საია: სასამართლომ შსს-ს გოგა რაზმაძის ნაცვლად სხვა თანამშრომლის დანიშვნა აუკრძალა
არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა ადამიანის დანიშვნა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა,“ - აცხადებს საია. გოგა რაზმაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია იცავს. „2023 წლის 12 ივლისს, გოგა რაზმაძემ, რომელიც იმ პერიოდისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო და იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც იგი საუბრობდა მის მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტებზე,“ - წერს საია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, 10 ნოემბერს, შსს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა გოგა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, “მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო.“ „შესაბამისად, გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას,“ - წერს საია. გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.
აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს. ელჩს პროტესტი გამოუხატეს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაქოს შეფასებით, არ შეესაბამებიან მათ დიპლომატიურ სტატუსს და ეწინააღმდეგებიან ვენის კონვენციას. ამასთან, საფრანგეთის ელჩს აცნობეს, რომ ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. ამ პირებს 48 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადაეცა. აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად, რა ქმედებამ გამოიწვია ბაქოს პროტესტი. ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს
სამხრეთ კორეამ რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის მთავრობა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ექსპორტის კონტროლს აძლიერებს და მნიშვნელოვნად აფართოებს იმ საქონლის სიას, რომლებიც ექსპორტის შეზღუდვებს ექვემდებარება. აკრძალული საქონლის საერთო რაოდენობა 1159 ერთეულამდე გაიზრდება. ცვლილებები, სავარაუდოდ, 2024 წლის დასაწყისში შევა ძალაში. ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული საქონლით ვაჭრობის წესების ცვლილებების შესაბამისად, სამხრეთ კორეამ დაამატა კიდევ 682 საქონელი, რომელთა მიწოდებაც აკრძალულია რუსეთსა და ბელორუსში, მათ შორის, მძიმე სამშენებლო ტექნიკა, ბატარეები, თვითმფრინავების კომპონენტები და ა.შ.
უკრაინაში საერთაშორისო ამანათებით დატვირთული პირველი მატარებელი ჩავიდა
უკრაინის ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა სარკინიგზო გზით ამანათები ჩაიტანა პირველად 2002 წლის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Ukrposhta-მ სატვირთო სარკინიგზო ვაგონებით ტრანსპორტირების გზით, საერთაშორისო ამანათი მიიღო. ამანათებით დატვირთული პირველი საცდელი მატარებელი კიევში ჩავიდა. ახალი სატრანსპორტო მარშრუტი შესაძლებელს ხდის, რომ კიევი არ იყოს დამოკიდებული საზღვარზე არსებულ ვითარებაზე, იტყობინება სახელმწიფო კომპანიის პრესსამსახური Facebook-ზე. „Ukrposhta და ესტონეთის ეროვნული ფოსტა Omniva, სლოვაკეთის Interport-თან და Ukrzaliznytsia-სთან (უკრაინის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი - რედ.) თანამშრომლობით აღწევენ ახალ ლოგისტიკურ გადაწყვეტას უკრაინაში საერთაშორისო ამანათების მიწოდებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. ოპერატორის თქმით, პირველი სატესტო მიწოდება სარკინიგზო გზითა და სამი ვაგონით, თითქმის 80,000 ამანათს მოიცავდა. გლობალური ბაზრებიდან, განსაკუთრებით, ჩინური ონლაინ მაღაზიებიდან ამანათების მიწოდებაში ესტონეთის მთავარი სატრანზიტო პარტნიორია. უკრაინული კომპანია განმარტავს, რომ ახლა პოლონეთთან და სლოვაკეთთან საზღვრებზე ბლოკადა და ღია მანქანების გამშვებ პუნქტებზე მნიშვნელოვანი რიგები გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო შეკვეთების მიწოდებაზე.
ბრიტანელი მინისტრი რუსული ხომალდის განადგურებაზე: ცდება, ვინც თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაფსის განცხადებით, ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო გემის განადგურება აჩვენებს, რომ მოსაზრება, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, არასწორია. „პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ისინი, ვინც თვლიან, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხშია, ცდებიან! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას,“ - წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა. უკრაინელები ოკუპირებულ ყირიმში რუსული სადესანტო გემის განადგურების შესახებ იუწყებიან
ცხადი პოზიცია გვაქვს ტაივანზე, დინამიკური ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან - დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს „ძალიან ცალსახა პოზიცია აქვს იმ საკითხებზე, რაც ეხება ჩინეთს, ტაივანს“ და „გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“ ასე უპასუხა მინისტრმა დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდების შემდეგ, შეიძლება თუ არა საქართველომ განიხილოს ტაივანელებისათვის ქვეყანაში შეშვების გამარტივება. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს ურთიერთობები დაიწყო არა დღეს და გუშინ, არამედ რამდენიმე წლის წინ. ამის მთავარი მიზეზი იყო რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვეხდინა ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება და ეს კონკრეტული შედეგი დაიდო: საქართველომ წარმატებით მოახდინა საექსპორტო პროდუქციის გატანა ჩინეთის ბაზარზე,“ - განაცხადა მინისტრმა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, ამ ურთიერთობის განვითარების შედეგად „ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.“ „ეს ურთიერთობები გრძელდება. კარგად თუ ადევნებით თვალყურს, ახლახან განვაცხადეთ დეკლარირებულად, რომ ურთიერთობებს ახალ სივრცეში ავიყვანთ. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, განვითარდეს შუა დერეფანი, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული როლი და ფუნქცია, რომ კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ აზია და ევროპა ერთმანეთს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარ პირობებში აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც არის დიდი მონაპოვარი ჩვენი ევროინტეგრაციის და გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების განვითარებას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მოუწოდებს, ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მისცეს ტაივანელებს
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6905 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9645 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9636 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ხვალ შევა ძალაში.
ტაივანმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამის ინფორმაციას ტაივანის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ დაწესებული სანქციების სია იმ მიზნით გააფართოვა, რომ რუსეთსა და ბელორუსში ისეთი საქონლის ექსპორტი არ აიცილოს თავიდან, რომლის გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება. „სანქცირებული საქონლის სია საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად გაფართოვდა,“ - წერია ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. გაფართოებულ სიაში ნახევარგამტარების საწარმოებელი მოწყობილობები შევიდა, რომლის მწარმოებელთა შორის ტაივანი ლიდერობს, ასევე, გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.
ოკუპირებულ სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების მოწინაღმდეგეები იკრიბებიან
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად 27 დეკემბრის გადაწყდა. რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ.პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს. მისივე თანახმად, ადგილობრივი ტელეგრამარხები წერენ, რომ ოპოზიციონერები, სავარაუდოდ, „პარლამენტის“ სხდომის ჩაშლას აპირებენ. „არსად არ წავალთ, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებოლდ არ გადაწყდება,“ - განუცხადა ადგილობრივი ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა ლეუან მიკაამ. ე.წ. პარლამენტთან და “სამთავრობო შენობების“ კომპლექსის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ადგილზე იმყოფება დე ფაქტო ე.წ შს მინისტი რობერტ კიუტი. მედიაში ვრცელდება ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას მიმართვა, ის ხალხს „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.“ „სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის, რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ ზომების მთელი სპექტრი, რომელიც მიმართულია ასეთი ზიანის თავიდან აცილებლად, მათ შორის მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ჩათვლით,“ - განაცხადა აგრბამ. მისი თქმით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ ვიდეოსათვათვალო მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს. მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას,“ - აღნიშნა არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით.
ზელენსკი: 2024 წელი თავდაცვის შიდა წარმოების მნიშვნელოვნად ზრდის დრო უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2024 წელი თავდაცვის შიდა წარმოების მნიშვნელოვნად ზრდის დრო უნდა იყოს. ზელენსკის თქმით, ახლა ასობით კომპანია უკვე ჩართულია ძირითად ინდუსტრიებში. „მადლობელი ვარ თითოეული კომპანიისა, რომელიც უზრუნველყოფს სასურველ შედეგს ჩვენი მეომრებისთვის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის რეგულარული შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ვადგენთ კონტრაქტებს და ბიუჯეტს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა ტიპის თვითმფრინავის, კერძოდ FPV-ის ტიპის დრონებისა და მათთვის საბრძოლო მასალის წარმოებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტებს უკრაინაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემენ.
ელჩი: NATO-ში საქართველო MAP-ით გაწევრიანდება თუ მის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს
NATO-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ NATO-ში საქართველო MAP-ით გაწევრიანდება თუ მის გარეშე, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. „მოგეხსენებათ, ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს NATO-ში გაწევრიანება, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა რა ფორმატით მოხდება, როგორ მოხდება, ეს იქნება MAP-ი, თუ MAP-ის გარეშე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს უკვე აქვს ყველა არსებითი ინსტრუმენტი NATO-ში წევრობისთვის. ეს არაერთხელ თქმულა უმაღლესი დონის შეხვედრებზე და, მგონი, როგორც NATO-ელები, ასევე ქართველები ამასთან დაკავშირებით ვყალიბდებით. მან ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზეც ისაუბრა და გაიმეორა ალიანსის წარმომადგენელთა პოზიცია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გზას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც უხსნის. ვაშინგტონის სამიტი: NATO და აშშ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრობენ „რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, მომავალი წელი გვაქვს ძალიან ამბიციური, რეალისტური და საქართველოსთვის კანდიდატობის მიცემა გზას უხსნის როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და არა მხოლოდ პრაქტიკულად, შინაარსობრივად იქნება გამართული ჩვენი თანამშრომლობის მექანიზმები, წინ გადადგმული ნაბიჯები გვექნება როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს მხრივ,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
უკრაინა: რუსი ოკუპანტების მტკიცების მიუხედავად, მარიუპოლის პორტი არ მუშაობს
მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ „რუსი დამპყრობლების განცხადებების მიუხედავად, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში საზღვაო პორტი არ მუშაობს.“ მან შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ოკუპანტები მარიუპოლს და მიმდებარე სოფლებს სამხედრო და ლოგისტიკურ კერად აქცევენ. უკრაინული მედია წერს, რომ 2022 წლის ზაფხულიდან, ოკუპანტები იპარავდნენ უკრაინულ მარცვლეულს, ლითონის ნაწარმს და გრანიტს, რომლებიც ზღვით გაიტანეს რუსეთში და დროებით ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
ინდოეთში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით, საღამოს 5:20 საათზე (ადგილობრივი დროით, 1150 GMT) მოხდა აფეთქება საელჩოს სიახლოვეს,“ განუცხადა Reuters-ს ისრაელის საელჩოს სპიკერმა. მისივე თქმით, ადგილობრივი პოლიცია და უსაფრთხოების ჯგუფები ინციდენტს იძიებენ. სხვა დეტალები უცნობია.
ზალუჟნი საუბრობს, რა ვითარებაა მარინკაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ქალაქ მარინკის გარეუბნებისკენ გადაინაცვლეს. მანამდე, მოსკოვმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს ქალაქი დაიკავა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არაფერია „რეზონანსული“ იმაში, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს ქალაქის გარეუბნისკენ, რომელსაც ქუჩა-ქუჩა ანადგურებდნენ რუსი სამხედროები ორი წლის განმავალობაში. შეკითხვას, მართლა დაიკავეს თუ არა რუსებმა მარინკა, ზალუჟნიმ უპასუხა, რომ „ვითარება ზუსტად ისეთივეა, როგორც ბახმუტში იყო.“ „ქალაქი ნადგურდება ქუჩა- ქუჩა, კვარტალ-კვარტალ და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია და ამიტომ, იმაში, რომ ჩვენ ახლა ქალაქის გარეუბნებისკენ გადავედით და ზოგან ქალაქის გარეთაც დავიკავეთ პოზიციები, არაფერია ისეთი, რასაც საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძლება, მოჰყვეს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის მიწის ყოველი გოჯი, „მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე.“ „ჩვენი მიწის ყოველ ნაწილს ვიცავთ. ყოველ ნაწილს. მაგრამ როდესაც ამ ვიწრო მონაკვეთზე, მტრის ჭურვები ამ ადგილის გადათხრას იწყვებს ქვებიანად, მიწიანად, ჩვენი მებრძლებიანად, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის… დღეისთვის ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა მებრძლებმა თავდაცვითი ზღვარი მოამზადეს ამ დასახლებული პუნქტის მიღმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს,” - განაცხადა ზალუჟნიმ. უკრაინა უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრეს