ძებნის რეზულტატი:
სამხრეთ კორეა აშშ-სგან 20 მოიერიშე თვითმფრინავს შეისყიდის
სამხრეთ კორეამ „სტელსის“ ტიპის 20 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვის მიზნით, აშშ-სთან კონტრაქტი გააფორმა. ქვეყნის თავდაცვის შესყიდვის პროგრამის ადმინისტრაციის თანახმად, კონტრაქტი გაფორმდა ამერიკულ საჰაერო კოსმოსურ კომპანია Lockheed Martin-თან, რომლის მიხედვითაც, სეული (F-35A) სტელსის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს მიიიღეებს. კონტრაქტი ამ თვის დასაწყისში გაფორმდა და მიწოდება 2027 წელს დაიწყება. შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს რეგიონში, სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებს ამჟამად 39 F-35A გამანადგურებელი ჰყავს, რომლებიც 2019-დან 2022 წლამდე შეიძინა.
აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო
აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ჩამოაგდო 12 დრონი, 3 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და სახმელეთო შეტევის 2 ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა გაისროლეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან. აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.
რა გეგმა აქვს ევროკავშირს უკრაინის დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში
ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, „გეგმა B“ -ს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევისთვის გნკუთვნილ 50-მილიარდიან დახმარებას დაბლოკავს. ფინანსურ გარანტიებს მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნები უზრუნველყოფენ. Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, ეს გეგმა მსგავსია იმ სქემისა, რომელიც 2020 წელს, კოროვირუსული პანდემიის ფონზე ეკონომიკის მხარდასაჭერად დაიწყო, რაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ჩართულობას არ მოიცავდა. გეგმის მინუსი არის ის, რომ ის მოიცავს მხოლოდ სესხებს და არა გრანტებს, თუმცა, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ორმხრივ საფუძველზე გადაწყვიტონ, უზრუნველყონ დახმარება. კიდევ ერთი სარეზერვო ვარიანტი, რომელიც განიხილება, დაფინანსების სქემის გახანგრძლივებაა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა უკვე გამოყო 18 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ხელსაყრელი სესხების სახით. ეს მოითხოვს უმეტესი ქვეყნების თანხმობას. თუმცა ამ ეტაპზე ევროპელი მაღალჩინოსნების უმეტესობა მომხრეა, რომ 50-მილიარდიანი ძირითადი გეგმა შეთანხმდეს. ევროკავშირის ეს დამატებითი საბიუჯეტო პაკეტი მოიცავს არამარტო ოთხწლიან დახმარებას, არამედ, ასევე მოიცავს 4 მილიარდ ევროს სხვა პრიორიტეტებისთვის, მათ შორის, თავდაცვაში ინვესტიციებისთვის. უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს
ონკოლოგიური პაციენტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 8 დასახელების მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, NOVARTIS-ისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს. საუბარია 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტზე. „უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა.“ უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს. „ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის - უწყებამ, კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა „დაამტკიცა.“ „მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ, მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება,“ - ნათქვამია ე.წ. დოკუმენტში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა
ქარბუქი, ზვავსაშიშროება, შტორმი - 28 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 დეკემბერს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალინი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს,“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე. ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა
ვოლსკი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: ეს ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ „შეთანხმების“ რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოვლენებს აკვირდება და განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. „ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ. სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას
ორთაჭალაში ავტოავარიისას 11 ადამიანი დაშავდა
თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახა. დაშავდა 11 ადამიანი. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლი სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
15 წლის მოზარდმა იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს, შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგო კლინიკაში შიდა ქართლის დედათა და ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან გადაიყვანეს. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.
უკრაინამ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების 465 შემთხვევა აღრიცხა
გასული წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსეთის მიერ მომწამვლელ ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების 465 შემთხვევა დააფიქსირა. გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსული ძალები აძლიერებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, 81 შემთხვევა მხოლოდ დეკემბერში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ყველაზე ხშირად იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR და Drofa-PM. ასევე ხორციელდება საარტილერიო დაბომბვა ქიმიურად საშიში ნივთიერებების გამოყენებით. უკრაინის სამხედროებმა 14 დეკემბერს დააფიქსირეს რუსეთის მიერ ახალი ტიპის სპეციალური RG-VO გაზის ყუმბარის გამოყენება, რომელიც უცნობ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. რუსეთის საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა ახლახან დაადასტურა, რომ ისინი იყენებენ აკრძალულ ქიმიურ იარაღს სოფელ კრინკიში, რომელიც ხერსონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია. შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები. „პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „კეტამინი“, „ლიზერგიდი“ (LSD), „მეტამფეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „დიმეთილტრიფტამინი“, „პრეგაბალინი“, „ტრამადოლის“, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ და „ფსილოცინის“ შემცველი ნივთიერებები, ასევე, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი.“ ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, ორი სანადირო თოფი, ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე პრიმა, 18-273 პრიმა, 19-273 პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 282 ნარკორეალიზატორია დაკავებული.პოლიციამ ჯამში მთელი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 84 კილოგრამი „ჰეროინი“, 20 კილოგრამი „ალფა პვპ“, 9 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2,5 კილოგრამი „კოკაინი“, 4 კილოგრამი „მეფედრონი“, 2.5 კილოგრამი „მდმა“, ასევე, 304 კილოგრამი მარიხუანა, 4 ტონამდე „კანაფი“, 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები და 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, აქტიურად ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ კომპლექსურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,“ – აცხადებენ უწყებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა
მყინვარწვერზე დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.
პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას
საქართველოს პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ,“ - აცხადებს პრეზიდენტი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის „შეთანხმების “რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი
ომბუდსმენი: რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. ლევან იოსელიანის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა,“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
გერმანიამ იარაღის ექსპორტი 40%-ით გაზარდა
გერმანიის ხელისუფლებამ რეკორდული 11,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის ექსპორტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს. იარაღის მიწოდების ახალმა პროგრამამ 2021 წელს დაფიქსირებული (9,35 მილიარდი) წინა რეკორდი გააუმჯობესა. გასულ წელთან შედარებით ზრდამ კი, 40 პროცენტი შეადგინა. 4,15 მილიარდი ევრო, დამტკიცებული ექსპორტის მესამედზე მეტი, უკრაინაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისთვის წავიდა. გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა
Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს
Bloomberg-მა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განსაზღვა. მისი მიხედვით, 396-ე ადგილზე მყოფი ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს. მიმდინარე წლის 13 ივლისთან შედარებით, ივანიშვილის ქონება დაახლოებით $35 მილიონით გაიზარდა. მილიარდერების ინდექსში ივანიშვილი 411-ე ადგილიდან 396-ე ადგილზე გადავიდა. გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძენილი პრივატიზებული აქტივების გაყიდვით მიიღო. Bloomberg-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა ილონ მასკი $235 მილიარდით. ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ჩინეთი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს სანქციებს უწესებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინი ამერიკულ კვლევით კომპანიასა და ორ მკვლევარს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციებს უწესებს. უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ კვლევებისა და მონაცემთა ანალიტიკურ ფირმა Kharon-ს, მის დირექტორს ედმუნდ შუსა და ადამიანის უფლებათა მკვლევარს, ნიკოლ მორგრეტის ჩინეთში მოგზაურობა აეკრძალებათ. „კომპანიისა და ინდივიდუალური პირების ნებისმიერი აქტივი ან ქონება, რომელიც მათ ჩინეთში აქვთ, გაიყინება. ასევე, ისინი ჩინეთში ტრანზაქციების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ,“ - აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.
იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მისიას ასრულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება. „ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია. აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.