ძებნის რეზულტატი:

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.“ „პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

უკრაინამ განაში საელჩო გახსნა

ელჩის დანიშვნამდე უკრაინის საელჩო განაში რწმუნებულის დონეზე იმუშავებს. დმიტრო კულებას თქმით, რუანდა, მოზამბიკი და ბოტსვანა იქნებიან შემდეგი ქვეყნები, რომლებიც უკრაინის დროშას აღმართავენ უკრაინის ახალ საელჩოებზე. მთლიანობაში, უკრაინა აფრიკაში ათი ახალი საელჩოს გახსნას გეგმავს. „ეს აფრიკის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობისა და მსოფლიოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილი,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ უკრაინის ელჩების თანამდებობაზე 16 კანდიდატი შეარჩია. საკითხი განსახილველად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე წარედგინა.  

იაპონია მსოფლიოში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს კვლავ აამუშავებს

იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა. რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.   

უკრაინამ აფრიკიდან მარილის იმპორტი დაიწყო

უკრაინა იძულებულია, ტექნიკური მარილი აფრიკიდან შეიძინოს, რადგან ზაკარპატიის ოლქში მარილის საბადო სრული დატვირთვით არ მუშაობს. შესაბამისი განცხადება ზაკარპატიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა. ვიქტორ მიკიტამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკებას უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიციასთან“, რათა საბადომდე ცალკე რკინიგზის აშენება მოხერხდეს. ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას, საბადოს დამატებით შესწავლას და გვირაბის დასრულებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. ინვესტორმა ამ პროექტზე უკვე დახარჯა დაახლოებით 170 მილიონი გრივნა (დაახლოებით 4,5 მილიონი აშშ დოლარი). ბუშტინის საბადო დღე-ღამეში დაახლოებით, 45 ტონა ტექნიკურ მარილს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შეიძლება, 200 ტონამდე, რაც 600 ტონა მარილის ნარევს წარმოქმნის. ის გზის მოყინვის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. "ეს საკმარისია ზაკარპატიის ოლქისთვის და მეზობელი ოლქებისთვის. მაგრამ ტექნიკური მარილის ეს რაოდენობა ვერ დაფარავს ქვეყნის ყველა საჭიროებას," - ამბობს ვიქტორ მიკიტა. ამიტომ ტექნიკური მარილი ამჟამად აფრიკის ქვეყნებიდან მოგვეწოდება.  

რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 400-ზე მეტი უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ვადიმ ჰაცაიტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 400-ზე მეტი უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა. „დღეს ჩვენ რეგულარულად გვესმის მეორე მხრიდან (რუსეთიდან), რომ მათ არ სურთ მონაწილეობა (ოლიმპიადაში) დროშის გარეშე, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, რომ ეს არ არის სამართლიანი მათთვის. ჩვენ, როცა სრულმასშტაბიანი ომი მძვინვარებს, არის თუ არა სამართლიანი, რომ ჩვენი 400-ზე მეტი სპორტსმენი უკვე დაიღუპა და 500-მდე სპორტული ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად დავკარგეთ? ჩვენ ვკარგავთ ხალხს... სამართლიანია ჩვენთვის?" ამბობს ვადიმ ჰაცაიტი. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ოლიმპიურ თამაშებში დაახლოებით, 300-350 სპორტსმენით მონაწილეობდა. თუმცა თუ ახლა მათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ნეიტრალური დროშით მიეცათ, მათი რიცხვი საგრძნობლად ნაკლები იქნება - 50-80 კაცი. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას უკრაინელი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებში. უკრაინის NOC-ის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინელი სპორტსმენების წარმოდგენა ოლიმპიადაზე.  

აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ვაშინგტონში იწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის სომხურ სამსახურს. Europetime მის თარგმანს გთავაზობთ. _თქვენ ახლახან დაბრუნდით აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა? ო'ბრაიენი: ვფიქრობ, ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ორმა ქვეყანამ ისაუბროს ერთმანეთთან და მიაღწიოს პრაქტიკულ შეთანხმებებს. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ერთმანეთის მხარდაჭერა მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, მათი საერთაშორისო მისწრაფებების [მხარდაჭერის] ჩათვლით, [მაგალითად] აზერბაიჯანმა უნდა უმასპინძლოს გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციას, რისი უფლებაც მას ახლა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ასევე, სომხეთის საერთაშორისო მისწრაფებებისთვის. ამგვარი მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნორმალური ორმხრივი ურთიერთობის დამყარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მხარეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ორივე მხარემ გამოთქვა ამის ინტერესი. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სხვები, მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან  მშვიდობა უზარმაზარ სარგებელს მოიტანს.“ _ბაქოში თქვენი შეხვედრის შემდეგ, უწოდებდით თუ არა „ნორმალურს“ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს? უმასპინძლებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ წლის ბოლომდე? ო'ბრაიენი: რაც ჩვენ ვუთხარით ამ ორ ქვეყანას, არის ის, რომ ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს და ამას ისევ გავაკეთებთ, თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ ეს მათ დაეხმარება მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ შეხვედრისკენ, მათ განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად. წელს ალბათ, შეხვედრა ვერ მოესწრება, რადგან წლის ბოლომდე საკმაოდ მოკლე დროა დარჩენილი.    

მესამე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9763 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9645 ლარს შეადგენდა.  

ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანმა ისრაელი ნაცისტურ გერმანიას ადარებს. 2014 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი ღაზის სექტორთან ომის დროს „ჰიტლერის სულისკვეთების შენარჩუნებაში“ დაადანაშაულა. ერდოღანმა ისრაელის კრიტიკა მიმდინარე ომის დროს გააძლიერა. ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. „ღაზის სექტორში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს,“ - განაცხადა ერდოღანმა. საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა “ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.“ ევროკავშირი, აშშ  და ისრაელი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.  

კომუნიკაციების კომისია: “იმედის” და “რუსთავი 2-ის" შემოსავალი გაიზარდა, “მთავარი არხის” - შემცირდა

გასულ წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, რადგან მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სამაუწყებლო რეკლამა აუკრძალა. 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის მესამე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია. მეტწილად - “იმედისა” და “რუსთავი 2-ის" ხარჯზე. განახლებული მონაცემები ივლის-სექტემბრის პერიოდს ასახავს. მონაცმეები გასული წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული. ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, აქედან 23% - 3,5 მილიონი ლარი - მატებაა წინა წელთან შედარებით. ტელეკომპანიების შემოსავლები: “იმედი” - გაიზარდა 1,4 მილიონი ლარით; “რუსთავი 2” - გაიზარდა 1,1 მილიონი ლარით; “მთავარი არხი” - შემცირდა 0,2 მილიონი ლარით; POS TV - გაიზარდა 0,5 მილიონი ლარით; “ფორმულა” - გაიზარდა 0,4 მილიონი ლარით; “TV პირველი” - გაიზარდა 0,1 მილიონი ლარით. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი რეკლამა შევიდა “იმედში”. ამ არხის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 6,3 მილიონი ლარი გახდა. მეორე ადგილზეა “რუსთავი 2”, რომლის შემოსავალი 73%-ით გაიზარდა და 2,6 მილიონი გახდა.

რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრებთან ჰაუბიცებს განათავსებს

რუსეთის თავდაცვის კონგლომერატი Rostec-ი აცხადებს, რომ ახლო მომავალში თავის უახლესი ტიპის ჰაუბიცებს გამოიყენებს ბრძოლის ველზე, უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ჰაუბიცები საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე ისვრიან.  Rostec-ის განცხადებით, ახალი Coalition-SV-ის საარტილერიო ერთეულების გამოცდა დასრულებულია და უკვე დაიწყო მათი მასობრივი წარმოება. პირველი პარტიის მიწოდებას 2023 წლის ბოლომდე გეგმავენ. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Coalition-SV-ის ტიპის ჰაუბიცები უკრაინის ფრონტზე განალაგა.  

შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა – საია

საია-ს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა. ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საიას განცხადებით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, შსს-ის დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს (რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით, 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ის მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება. საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არ არის შესული. შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რომლის დროსაც, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა. გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა. სერგეი გავრილოვი კ,ი რამდენიმე საათში დაცვის წევრებმა პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წაიყვანეს. ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიწყო. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა. მათ მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს. 22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები გამოჩნდნენ, მალევე სამართალდამცავები ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. 21 ივნისს პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „სირცხვილია“ სამი თვის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

საქართველო და აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ

ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს (AREA) ცნობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილება. დისკუსია ონლაინ შეხვედრაზე AREA-ს დირექტორის მოადგილის კამრან ჰუსეინოვისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის ჯაბა ხმალაძის მონაწილეობით გაიმართა. როგორც AREA-ში აცხადებენ, მხარეებმა მთავრობის მიერ ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.  

რას ითვალისწინებს ცესკოს მიერ დამტკიცებული 2024 წლის სამოქმედო გეგმა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას. „საზოგადოების ინფორმირება და განათლება, სამართალწარმოების პროცესის განვითარება, მართვის ეფექტიანობის ზრდა, შესაძლებლობების განვითარება, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაცია საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესში - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესასრულებლად კონკრეტული აქტივობები დეტალურად არის გაწერილი სამოქმედო გეგმაში. აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა და მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგების განხილვასა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებდა. მანამდე კი გაიმართა ინტენსიური შეხვედრები ყველა სტრუქტურული ერთეულისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებთან. „წინ გვაქვს მნიშვნელოვანი წელი. არჩევნების მოდერნიზების პროცესში 2024 წლის პარლამენტის არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის უპასუხოს უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩართულ მხარეებთან, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მზად ვართ შევასრულოთ სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობები და უზრუნველვყოთ მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირება,“ - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა სხდომის დასრულების შემდეგ.  

მოსკოვის თეატრმა მწერალ ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა

მოსკოვის აკადემიურმა ახალგაზრდულმა თეატრმა (РАМТ) რეპერტუარიდან მოხსნა მწერალ ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი ყველა სპექტაკლი. რადიო თავისუფლების რუსული სამსასხურის ცნობით, სპექტაკლების გაუქმებას „საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრებით“ ხსნის. ამიერიდან ახალგაზრდულ თეატრში მაყურებელს აღარ უჩვენებენ სპექტაკლებს „ერასტ ფანდორინი“, „ინი და იანი. თეთრი ვერსია“ და „ინი და იანი. შავი ვერსია“. 18 დეკემბერს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა („როსფინმონიტორინგმა“) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა ლონდონში მცხოვრები რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი). რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის (დანაშაულები გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 და 207.3 მუხლებით). კომიტეტის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აპირებენ გრიგორი ჩხარტიშვილის ძებნილად გამოცხადებას. ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დიმიტრი ბიკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრას.  

სამინისტრო: სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ინსემინაციის მონაცემები ერთიან რეესტრში იანვრიდან აისახება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. ახალი წლიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც რეპროდუქციული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ, ინფორმაცია, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს. „ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს," - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მათივე ინიციატივით, კანონით უნდა დარეგულირებულიყო სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან - ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს.“  

ნეთანიაჰუ ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებს

ისრაელის პრემიერმა თურქეთის ლიდერის განცხადებას უპასუხა. „ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში, მსოფლიო რეკორდს ამყარებს, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს. ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ერდოღანი კი, მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

უკრაინის პროკურატურა ზაპოროჟიეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტს იძიებს

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ზაპოროჟიეს მახლობლად მტრის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438 – ე მუხლის მე-2 ნაწილით: ომის კანონებისა და წესების დარღვევა, განზრახ მკვლელობის თანხლებით. გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან სამხედრო შეტაკების დროს, ზაპორიჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ რობოტინოსთან, სამი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, სამივე დახვრიტეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა. უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. გასული თვის განმავლობაში ქსელში არაერთხელ გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ იმ უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ. უკრაინის ჯარების მიერ ზაპოროჟიეში მდებარე დასახლებულ პუნქტ რობოტინოს დეოკუპაციის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი. რობოტინის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულმა ჯარებმა შეტევა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით გააგრძელეს.  

პარტნიორების დახმარების დაგვიანების შემთხვევაში, გეგმა B გვაქვს - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი

უკრაინა ევროკავშირისა და აშშ-სგან დაფინანსების შეფერხების შემთხვევაში, რამდენიმე ვარიანტს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამუშავებს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. რა გეგმა აქვს ევროკავშირს უკრაინის დახმარებაზე უნგრეთის ვეტოს შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველი თვეების მოკლევადიან პერსპექტივაში მთავრობას აქვს ალტერნატიული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს დაფინანსების დაგვიანების შემთხვევაში. ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებობს სოციალური გადასახადების შეფერხების რისკი, რადგან მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს მხარდაჭერას უკრაინის მექანიზმის ფარგლებში თებერვალში და დაფინანსებას მარტის ბოლომდე გამოყოფს. „პარტნიორების მხარდაჭერა უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება,“ - აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ცნობილია, უკრაინამ მოიზიდა 42 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საერთაშორისო დახმარება, რამაც კიევს ყველა გადაუდებელი ხარჯის დაფინანსების საშუალება მისცა.  

მოლდოვის პრეზიდენტი: პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ შეაჩერებენ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. მას მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციას აგრესიის გავრცელება სხვა ქვეყნებზეც შეუძლია. ამის შესახებ სანდუმ რუმინულ პორტალ Veridica-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ყველას უნდა ესმოდეს, რომ პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ გააჩერებენ და თუ პუტინს არ გააჩერებენ, ფასი ყველასთვის გაცილებით მაღალი იქნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა. სანდუმ განმარტა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, არამხოლოდ კიევის ან კიშინიოვის, არამედ, ყველას ინტერესებშია და ამიტომ მას „დემოკრატიული სამყაროს ერთიანობის" სჯერა. სანდუ "იმედოვნებს, რომ უკრაინა ყველა საჭირო მხარდაჭერის მიღებას გააგრძელებს.  

ბლინკენი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთს ეწვევა - Axios

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ამის შესახებ Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.