ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა დასრულდა

აშშ-ის მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა და საბრძოლო მასალების მართვისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გადაცემა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საბრძოლო მასალების უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას. ​„გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინაში ქალი სამხედროებისთვის სპეციალური ჯავშანჟილეტები შექმნეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქალისთვის ადაპტირებული პირველი ჯავშანჟილეტი დაამტკიცა. უკრაინის არმიაში მომსახურე ქალებს სპეციალურად შემუშავებული ჯავშანი პირველად გადაეცემათ. ჯავშნის წონა, რომელიც სულ მცირე 10,5 კილოგრამია, სხვა ანალოგებისგან არ განსხვავდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟილეტი ორეტაპიანი ტესტირების შემდეგ დამტკიცდა. საველე გამოცდების პირველი ეტაპის შემდეგ, დიზაინი დაიხვეწა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 40 000-ზე მეტი ქალი მსახურობს, მათგან 5 000 ფრონტის ხაზზეა  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა შეძლებს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და NATO-ს უძლიერესი წევრი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სამრეწველო კომპლექსი ვითარდება, ოდესმე უკრაინა შეძლებს NATO-ს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი იყოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვა - ასეთი მუდმივი განვითარების პირობებში - დროის განმავლობაში ნამდვილად შეძლებს მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი თავდაცვის კომპლექსების ტოპ-10-ში მოხვედრას. ეს უკრაინის ნამდვილი პოტენციალია. ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და NATO-ს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი გახდეს. ამისთვის ვმუშაობთ,” - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინის თავდაცვით კომპლექსში უკვე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც სახელმწიფოს უდიდესი მიღწევაა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას პარტნიორებთან, კერძოდ აშშ-სთან აქვს შეთანხმებები იარაღის ერთობლივად წარმოებაზე, სარემონტო ბაზის გაფართოებაზე, ახალი წარმოებების შექმნაზე, რომლებიც უკრაინაში იქნება განთავსებული.  

პერსონალის გაფიცვის გამო პარიზის ეიფელის კოშკი დაიხურა

პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ეიფელის კოშკი თანამშრომლების გაფიცვის გამო, სტუმრებისთვის დაიხურა. თანამშრომლების შეფასებით, მმართველი კომპანია მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, კოშკის ტექნიკურ უსაფრთხოებასა და რემონტს კი, საკმარის ყურადღებას არ აქცევს. ისინი გამოდიან გაფრთხილებით, რომ ტექნიკური პრობლემების იგნორირების შემთხვევაში, პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ეიფელის კოშკი, შესაძლოა, საერთოდ დაიხუროს. გაფიცვის ორგანიზატორმა პროფკავშირმა (CGT) განაცხადა, რომ აქციის მიზანია ფინანსური ხარვეზებით გამოწვეულ პრობლემებზე მმართველი კომპანიის ყურადღების გამახვილება.  

საპატრიარქო: დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი არა დროშის დაწვისთვის, არამედ, სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის მიიღო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. განცხადებას საპატრიარქო თან ურთავს საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, სხდომა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გაიმართა. საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ, მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია. „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა,” - წერია განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს, მათ შორის არის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერო პირებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სინოდალური კომისიის დასკვნით, დეკანოზი ცქიფურიშვილი წარსულშიც არაერთგზის იყო გაფრთხილებული დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის: "კომისიამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ, მასმედიის საშუალებით, ბოლო დროს, სასულიერო პირთა მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, სინოდალურ კომიისიაზე გამოცხადებამდე, დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, რისთვისაც არაერთგზის იქნა გაფრთხილებული წარსულშიც, შეუჩერდეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება," - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დასკვნაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ სხდომას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი. ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი. გავრცელებულ ვიდეოებში ისმის მუქარაც „ოცნების“ მისამართით, მინიშნებით - არჩევნებზე. სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე. შურუხიას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

საფრანგეთმა ორი აზერბაიჯანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

საფრანგეთი ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად წარდგენილ ბრალდებებს. საპასუხო ზომად საფრანგეთმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის ელჩი საფრანგეთში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ინფორმაცია მიეღო ამ ელემენტების შესახებ,” - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა  

უკრაინამ „შაჰედის“ ტიპის დრონის ანალოგის სერიული წარმოება დაიწყო

უკრაინამ რუსეთის მიერ გამოყენებული „შაჰედის“ მსგავსი კამიკაძე-დრონის სერიული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი აცხადებს. კამიშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია ათობით ასეთი კამიკაძე თვითმფრინავის წარმოება, მაგრამ გააგრძელებს მასშტაბის გაზრდას. „ახლა ჩვენ დავიწყეთ სერიული წარმოება. ჩვენ ვაწარმოებთ ათეულობით ამ თვითმფრინავს. მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებს ათასზე მეტი დრონის მიღებას. დრონების, რომლებიც იფრენენ 1000+ კმ მანძილზე,“ - აღნიშნა მინისტრმა.  

უკრაინაში საჰაერო თავდაცვის „ჰიბრიდული“ სისტემები ამოქმედდა

უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავეს სწრაფი ხუთი „ჰიბრიდული“ პროექტი, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.  სტრატეგიული მრეწველობის მინისტრ ალექსანდრე კამიშინის თქმით, „ასეთი გადაწყვეტილებების მთავარი უპირატესობა სწორედ სიჩქარეა. „ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შემუშავებას სამი-ოთხი წელი სჭირდება. ჩვენ კი, უკვე ვიღებთ მზა პროდუქტებს. არსებობს სხვადასხვა მოკლე, საშუალო და თუნდაც გრძელვადიანი პროექტი. ჩვენ არ გვინდა, კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს პარტნიორებს, არამედ, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი ბაზარი, სადაც ისინი ადრე ვერ შედიოდნენ. ჩვენ ვიღებთ საჰაერო თავდაცვის სწრაფ განახლებას და ისინი მიიღებენ შესაძლებლობას, რომ თავიანთი სისტემების ახალ ბაზრებზე ინტეგრირება შეძლონ.” მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი სისტემები უკვე მოქმედებს უკრაინაში, მომდევნო სისტემები კი, ყოველთვიურად საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად ჩავა. 7 დეკემბერს თეთრმა სახლმა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზებს შორის „თანამშრომლობისა და ერთობლივი წარმოების“ გაძლიერების გეგმების შესახებ გამოაცხადა. აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციაზე 350-ზე მეტი წარმომადგენელი აშშ-დან, უკრაინიდან და ევროპული ინდუსტრიდან ვაშინგტონში შეიკრიბა, რათა გაეუმჯობესებინათ თანამშრომლობა და წარმოება აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაეზარდათ იარაღის მთლიანი წარმოება. პენტაგონმა უკრაინას მიაწოდა ტექნოლოგიური მონაცემები FrankenSAM-ის ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების დასაწყებად. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, განაახლოს არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, საბჭოთა წარმოების და ზოგიერთ დასავლურ საბრძოლო მასალასთან მისი ინტეგრირება მოახდინოს.  

რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი სამხედრო დახმარება

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო დახმარების ახალი და მიმდინარე წელს ბოლო პაკეტი გამოაცხადა. ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვას და საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ნაღმების წმენდის აღჭურვილობასა და სამედიცინო მანქანებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, უახლესი დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს NASAMS და HIMARS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. აშშ უკრაინას ასევე უგზავნის 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger და TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე, Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; 15 მილიონზე მეტ ტყვიასა და სხვა აღჭურვილობა. აშშ-ის კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხს იანვარში განიხილავს დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისათვის დახმარების გაგრძელებას 2026 წლის ბოლომდე. ეს საშუალებას იძლევა, გადაურიცხონ უკრაინას 300 მილიონი დოლარი 2024 წლის 30 სექტემბრამდე ანუ ფინანსური წლის დასრულებამდე და შემდეგაც. პროგრამა შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის და არა ამერიკული მარაგებიდან სამხედრო ტექნიკის პირდაპირი მიწოდებისთვის. 6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ 175 მილიონი დოლარის პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. საერთო ჯამში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა კიევს 44,2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი და ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა.  

კიმ ჩენ ინმა სამხედროებს ომის მზადების დაჩქარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს, საბრძოლო მასალის წარმოებისა და ატომური იარაღის სექტორს აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციული ქმედებების დასაპირისპირებლად“ ომის მზადების დაჩქარება დაავალა. ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის მმართველი პარტიის მთავარ შეხვედრაზე ახალი წლის პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას, კიმმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი გააფართოებს სტრატეგიულ თანამშრომლობას "ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ" ქვეყნებთან. „მან დააყენა სამხედრო ამოცანები სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ომის მზადება,”- იუწყება სააგენტო KCNA. კიმ ჩენ ინმა შეხვედრის დროს ახალი წლის ეკონომიკურ მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წელი გადამწყვეტია ქვეყნის განვითარების ხუთწლიანი გეგმის შესასრულებლად.  

რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვამ 28 დეკემბერს ღამით ყირიმის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა და საოკუპაციო რეჟიმმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა. „გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა დრონების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ორმა რუსულმა გემმა ფეოდოსია დატოვა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იერიში მიიტანეს. იუწყებოდა რადიო თავისუფლება/ევროპა 27 დეკემბერს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული სადესანტო გემი Novocherkassk-ი, რომელიც ფეოდოსიაში იყო განთავსებული უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ გემი არა დაზიანდა, არამედ, განადგურდა და არა დაზიანებული. დამოუკიდებელ რუსულ საინფორმაციო რესურს Agentstvo-ს ცნობით, თავდასხმის დროს სულ მცირე ორი ოფიცერი იმყოფებოდა სადესანტო გემზე Novocherkassk-ი. გემის მეთაურმა ნიკოლაი სტეპანენკომ Agentstvo-ს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინამ არაერთხელ დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მათ შორის, ჩაძირა ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა.“ ასევე, აღსანიშნავია დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა ფლოტის შტაბ-ბინაზე ოკუპირებულ ყირიმში, რომლის შედეგადაც, 30-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.  

რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 8 დრონიდან 7 ჩამოგდებულია - უკრაინა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 8 დრონიდან 7 ჩამოაგდეს. „საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა, საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვეს.  

პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ სულ მცირე 5 წელი გეგმავს - მედია

Nikkei Asia-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მარტში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს. გამოცემის ცნობით, პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. „"ხუთწლიანი ომის" შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სი ძინპინის ამბიციებზე ჩინეთის ლიდერის პოსტზე მისი მესამე ვადის განმავლობაში, კერძოდ, საუბარია, ტაივანის ანექსიაზე,“ - წერს მედია. მისივე თანახმად, პუტინის განცხადების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მზადყოფნის სიგნალების შესახებ ცნობების დაუფიქრებლად მიღება არ უნდა მოხდეს. „პუტინს შეიძლება უბრალოდ სურდეს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნას ილუზია, რომ ის მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, რადგან თვლის, რომ ასეთი ატმოსფერო მის სასარგებლოდ იმოქმედებს კენჭისყრის დროს,“ - წერია სტატიაში.  

რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს - ელჩი

 რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს. „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის".  

ვგმობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოდ მიიჩნევს. უწყების პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. „აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა მილერმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი  

თურქეთის ელჩმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 2024 წლისთვის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მეზობელი ქვეყნის უდიდეს წვლილზე ისაუბრა. „ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, სამხედრო მრეწველობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები მიმოიხილეს. თავდაცვის სამინისტროში თურქ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გვარდიელებმა თურქეთში სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ. „სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი - საქართველო,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

როგორ აპირებს აშშ კიევის პოზიციების გაძლიერებას მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკებისთვის

Politico წერს, რომ შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინის მხარდაჭერის ახალ სტრატეგიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში უფრო სიღმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხი. ვაშნგტნი მოსკოვთან შესაძლლო მოლაპარაკების შემთხვევაში კიევის პოზიციების განმტკიცებას და უკრაინისთვის საუკეთესო პირობების შექმნას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გამოცემა Politico რამდენიმე ამერიკელ და ევროპელ მაღალჩიოსანზე დაყრდნობით წერს.  მედიის ცნობით, სტრატეგია მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ბარიერების მშენებლობას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და თხრილების გაძლიერებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელორუსთან. თეთრი სახლის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებს, რომ თავდაცვის მიმართულებით გადასვლა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციის განმტკიცებას მომავალ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, კიევი რუსეთთან მოლაპარაკების პირობად ასახელებს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის, 2014 წელს ანექსირებული ყირიმიდან. „უკრაინელების რუსეთთან მოსალაპარაკებლად საუკეთესო პოზიციაში დასაყენებლად შესაძლოა, უკრაინის NATO-ში მიღების პროცესის დაჩქარება გამოდგე,“ განუცხადა Politico-ს ევროპელმა დიპლომატმა. თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის და უკრაინის ჯარები თავდასხმას აგრძელებენ.  „სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები იწყება, მაგრამ თეთრ სახლს თავისი პოზიციებიდან საჯარო უკან დახევა არ შეუძლია ბაიდენისთვის პოლიტიკური რისკის გამო,“ განუცხადა თავის მხრივ, გამოცემას კონგრესის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით. Politico-სთან წყაროები ასევე ამბობენ, რომ სტრატეგიის ცვლილება შეერთებული შტატების მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ხელშესახები წარმატების გარეშე შეიძლება, გაართულოს ჯო ბაიდენის ხელახალი არჩევის კამპანია და სიტუაცია დონალდ ტრამპის სასარგებლოდ შეიცვალოს. ცნობისთვის, მანამდე The New York Times-ი წერდა, რომ პენტაგონი უკრაინას ურჩევს, 2024 წლის განმავლობაში გამოიყენოს სტრატეგია - „შეაჩერე და ააშენე“. გამოცემა წერდა, რომ ამის შემდეგ, ალბათ, 2024 ან 2025 წლის ბოლოს გაჩნდება რუსეთთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების რეალური შესაძლებლობა. The New York Times: პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის  

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა - Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. სააგენტო  Anadolu-ზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიაში შვიდი მანქანა მონაწილეობდა, მათ შორის, სამი ავტობუსი და სატვირთო მანქანა ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილზე, საქარიის პროვინცია დაგდიბის მახლობლად. ავარიის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია დაფარულია ძლიერი ნისლით და დაბალია ხილვადობა. საქარიის პროვინციის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ 57 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი

შსს-ს განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს.უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული გ.წ. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტები და 55 ვაზნა ამოიღეს. „ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული დ.ქ. და ამავე წელს დაბადებული მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა დ.ქ.- ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, რევოლვერი, 68 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. მ.გ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 3 პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.გ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული დ.კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი და ავტომობილების, ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 პისტოლეტი, 4 მჭიდი და 64 ვაზნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ზ.- სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 17 ვაზნა და მჭიდები კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია: პისტოლეტი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ხელყუმბარა, 8 მჭიდი, 730 ვაზნა და 17 დანა.ასევე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ნ.მ. რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და 2 მჭიდი.რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1985 წელს დაბადებული ზ.ნ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და 252 ვაზნა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული გ.ს. - ს საცხოვრებელ ბინაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 51 ვაზნა და 2 მჭიდი. ამავე დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. -ს საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,13 ვაზნა და 2 მჭიდი ამოიღეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველო თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული ვ.ა. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ვაზნა და მჭიდი.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.