ძებნის რეზულტატი:

ბაიდენი: არასდროს ვყოფილვარ იმაზე მეტად ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი მომავლის მიმართ, ვიდრე დღეს ვარ

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, 2023 წელი ეკონომიკის გაზრდისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის ბრძოლისადმი მიმართულ სამუშაოს ეთმობოდა. „ამ ისტორიის ნამდვილი გმირები თქვენ, ამერიკელი ხალხი ხართ. ახლა, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ აღორძინების, განახლებისა და იმედის ისტორიებს. ამიტომ, არასდროს ვყოფილვარ იმაზე მეტად ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი მომავლის მიმართ, ვიდრე დღეს ვარ,“ - წერს ბაიდენი Twitter-ზე.  

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.

უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დავუჭიროთ მხარი - შვედეთის თავდაცვის მინისტრი

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ შვედეთმა უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალით უნდა დაუჭიროს მხარი. მანვე აღნიშნა, რომ საარტილერიო აღჭურვილობასთან დაკავშირებით ახლა რთული ვითარებაა. „შვედეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის შეძენა სჭირდება, როგორც თავისთვის, ასევე, იმისთვის, რომ მისი უკრაინაში გაგზავნა შეძლოს, ამისთვის ქარხნების სიმძლავრე უნდა გაიზარდოს. ჩვენ Archer-ის კარგი სამაგრები გვაქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ საბრძოლო მასალა არ იქნება,“ - აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.  

საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი და რაც მთავარია, მზარდი - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების გარდა, უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში უწყებამ უდიდეს პროგრესს მიაღწია, რაც გაზრდილ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება. „საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან დახმარება მიიღო. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. დახმარებას რასაც ახლა ვიღებთ, ათჯერ, ოცჯერ მეტია, რაც მთავარია მზარდია, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ასევე, გერმანიისგან მიღებული დახმარება“. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც ქვეყანას სამი წელია, ინტენსიურ დახმარებას უწევს თავდაცვისუნარიანობის განვითარების პროცესში: „ერთი კვირის წინ გერმანელებმა გრანტი დაგვიმტკიცეს, რაც მიმართულია ლოგისტიკური, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებების გასაძლიერებლად.“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო NATO-სთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებს და გააფართოებს. „იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება მისი ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით,“ - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია. „ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.  

2024 წელს ომის ტექნოლოგიები შეიცვლება - ზალუჟნი

ომის თვალსაზრისით, 2024 წელი განსხვავდება 2023 წლიდან, მათ შორის ტექნოლოგიური ცვლილების გამო. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზალუჟნის თქმით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დღევანდელი განვითარება იწვევს ტაქტიკის შეცვლას. მანვე აღნიშნა, რომ მტერიც ინარჩუნებს ტემპს და იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. „2024 წელი უნდა განსხვავდებოდეს 2023 წლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად იმავეს წავაწყდებით, რაც მე აღვწერე სტატიაში [The Economist–ისთვის – რედ.] შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ ეს პრობლემები და ვიპოვეთ გადაჭრის 90% იმ საკითხებზე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, მომავალ წელს უფრო ეფექტიანად ვიმოქმედოთ და რაც მთავარია, მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ჩვენი პარტნიორები დაგვეთანხმნენ და ასევე დაინტერესდნენ ამ კუთხით. ასე რომ, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ შემდეგი წელი განსხვავებული იქნება 2023 წლისგან,“ - განუცხადა ზალუჟნიიმ.  

საფრანგეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დასახმარებლად კიდევ ერთი გემი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დასახმარებლად, მეორე გემი გადასცა. ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა კლემენტ ბონემ განაცხადა.  „გემმა დატოვა ქალაქი დიუნკერკი. ის ხელს შეუწყობს მარცვლეულის ექსპორტს, რათა დაეხმაროს მსოფლიოს სურსათით უზრუნველსაყოფად. ჩვენი ვალდებულება არის ურყევი, ჩვენი სოლიდარობა არ შეჩერდება," - წერს მინისტრი X-ზე (Twitter). მას შემდეგ, რაც ივლისში, რუსეთი ცალმხრივად გავიდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებით დერეფანს იყენებს. დროებითი დერეფანი აგვისტოში გაიხსნა და მას შემდეგ უკრაინის პორტებში 38 გემი შევიდა, 30-ზე მეტი გავიდა. გემების უმეტესობას მარცვლეული ევროპასა და აფრიკაში გადააქვს. დერეფანი პირდაპირ არ მიდის ბოსფორის სრუტისკენ სწორი ხაზით, როგორც ეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დროს ხდებოდა, მაგრამ გემები NATO-ს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებით სარგებლობენ დამატებითი უსაფრთხოებისთვის.  

უკრაინის იერიშის შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში, ფეოდოსია ორმა რუსულმა გემმა დატოვა - მედია

ორმა რუსულმა გემმა ფეოდოსია დატოვა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იერიში მიიტანეს. იუწყება რადიო თავისუფლება/ევროპა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული სადესანტო გემი Novocherkassk-ი, რომელიც ფეოდოსიაში იყო განთავსებული უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ გემი არა დაზიანდა, არამედ, განადგურდა და არა დაზიანებული. დამოუკიდებელ რუსულ საინფორმაციო რესურს Agentstvo-ს ცნობით, თავდასხმის დროს სულ მცირე ორი ოფიცერი იმყოფებოდა სადესანტო გემზე Novocherkassk-ი. გემის მეთაურმა ნიკოლაი სტეპანენკომ Agentstvo-ს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინამ არაერთხელ დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მათ შორის, ჩაძირა ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა.“ ასევე, აღსანიშნავია დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა ფლოტის შტაბ-ბინაზე ოკუპირებულ ყირიმში, რომლის შედეგადაც, 30-ზე მეტი რუსი ოფიცერი დაიღუპა.  

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა. ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.  

თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ოლექსი დანილოვი: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% აღარ არსებობს

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმის დასტურია, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორია. „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის. ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები,“ - აღნიშნა დანილოვმა.  

ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, მოკვდა

ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. შესაბამისი ინფორმაცია ცხოველთა უფლებადამცველმა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა. ცხოველი თბილისში გადმოიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.  

ალიევმა და ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში შეხვდრა გამართეს. 26 დეკემბერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების სამიტი ჩატარდა. სომხეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. „განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა ბაღდასარიანმა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. ეს იყო ალიევისა და ფაშინიანის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციისა და მოგვიანებით, სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ორი ქვეყნის ლიდერები ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ორგანიზებით, ერთმანეთს ბრიუსელში, ივლისში შეხვდნენ. შემდეგ, დაგეგმილი შეხვედრები ბაქოს უარის გამო გადაიდო. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

70 წლის შემდეგ პირველად, პეკინში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდული სიცივე გასული კვირის შემდეგ ფიქსირდება. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა - 40 გრადუსს ცელსიუსს უდრის. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციით, 11 დეკემბრის შემდეგ 0-ს ქვემოთ ტემპერატურა ზედიზედ 300 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1951 წლის რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება.  ამავე პერიოდში პეკინში -10 გრადუსი ზედიზედ 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ჩინეთის პროვინცია ჰენანის მოსახლეობა სახელმწიფოსგან გამათბობლებით მომარაგებას ელოდება.  

უკრაინამ უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება - ზელენსკი

უკრაინამ როგორც დამოუკიდებლად, ისე უცხოელ პარტნიორებთან ერთად უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „უკრაინამ დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიპლომატების წინაშე მომავალი წლის ამოცანები უნდა დაადგინონ, კერძოდ, პარტნიორებთან შეთანხმებების შესახებ იარაღის წარმოებაზე, კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე. ზელენსკი: 2024 წელი თავდაცვის შიდა წარმოების მნიშვნელოვნად ზრდის დრო უნდა იყოს  

ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სააგენტოს ცნობით, თბილისში 28 დეკემბერს წვიმა და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა წლის ბოლომდე დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ახალი წლის დღეებში კი +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 27 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია, ხოლო 29-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 დეკემბრამდე ზოგან დროგამოშვებით მოთოვს, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28 დეკემბერს ძლიერი ქარი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან თოვლი და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. 28 დეკემბერს ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ხოლო 30-31 დეკემბერს და 2024 წლის 1-2 იანვარს კვლავ უნალექო ამინდი იქნება.

თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

უკრაინა 32 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 32 დრონი ჩამოაგდეს. „რუსმა დამპყრობლებმა, ოკუპირებული ყირიმის-ბალაკლავას და რუსეთის-პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეტევები განახორციელეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილები მონაწილეობენ.  

მამუკა ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიულად პარტნიორები ვიქნებით

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან თანამშრომლომაზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მან „ტვპირველის“ ეთერში გააკეთა. „არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხომ არ არის შანსი მელიასთან გაერთიანების, ასევე არსებობს ინფორმაცია, დიდი ცენტრი შექმნასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძემ ამ შეკითხვისაც უპასუხა. „არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პარტიას. ვეძებ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანი, ბიოგრაფია, წარსული ემთხვევა ჩვენს მიზანს, დეენემს. არასდროს ვყოფილვარ ხელოვნური გაერთიანების მომხრე, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს და ჩვენს პარტიას ვავითარებთ,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში  

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება 60%-მდე გაზარდა - IAEA

ირანმა კვლავ გაზარდა გამდიდრებული ურანის წარმოების მაჩვენებელი და მიაღწია თვეში ცხრა კილოგრამს. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იუწყება. ამასთან, Reuters-ის ცნობით, ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული საკმარისი ურანი იმისთვის, რომ სამი ატომური ბომბი 90%-მდე გამდიდრების პარალელურად შექმნას.  ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ მისი მიზანი ატომური ბომბის შექმნაა. 2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ირანმა განაცხადა, რომ IAEA-ს რამდენიმე ინსპექტორს ქვეყანაში აკრედიტაცია გაუუქმა. თუმცა, როგორც IAEA-ს დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, ირანში ბირთვული ენერგიის სააგენტოს პერსონალის დაახლოებით მესამედის საქმიანობა შეჩერებულია. 18 სექტემბერს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება. ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ IAEA-ს აქვს სერიოზული და გადაუჭრელი კითხვები ირანის არადეკლარირებულ ბირთვულ მასალებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რაზეც ირანი "ოთხ წელზე მეტია, არ პასუხობს. 2015 წელს ირანი შეუერთდა ერთობლივ სამოქმედო გეგმას (JCPOA) ე.წ. "ექვსთა ჯგუფთან", რომელშიც შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ. JCPOA ირანს ურანის მხოლოდ 3.67%-მდე გამდიდრების საშუალებას სამოქალაქო ბირთვული გამოყენებისთვის აძლევს. ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 90%-ია. 2018 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონმა გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლა და ირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების განახლება. ირანულმა მხარემ დაიწყო ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება და მარაგის იმ ზღვარზე მეტად ზრდა, ვიდრე ეს შეთანხმებით იყო დამტკიცებული. ვენაში მოლაპარაკებები JCPOA-ს აღორძინებაზე, რომელიც 2021 წლის აპრილში დაიწყო, არაეფექტური გახდა მას შემდეგ, რაც ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მზადყოფნა, გარკვეული ბირთვულ შეთანხმებას გარკვეული პირობებით დაუბრუნდეს.  

უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო

უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო. უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2024 წლის ივლისში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, კიევს სურს, მოისმინოს შეერთებული შტატების აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას. „ჩვენ ყოველთვის გვაქვს მაქსიმალური მოლოდინები, მაგრამ მხოლოდ ახლა დავიწყეთ პარტნიორებთან განხილვა ვაშინგტონის სამიტის შედეგების შესახებ. ეს დისკუსია დაიწყო უკრაინის ინიციატივით. ჩვენი მიდგომა იყო, რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ განხილვას, შედეგები მით უკეთესი იქნება,“ - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა. დეტალების გამჟღავნების გარეშე, მინისტრმა აღნიშნა, რომ დისკუსია "ძალიან ადრეულ ეტაპზეა.“ „რა თქმა უნდა, რადგან ეს არის საიუბილეო სამიტი და ჩატარდება ვაშინგტონში, ჩვენ დაგვჭირდება მოვისმინოთ აშშ-ის აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას, რადგან მათ აზრს აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება,“ - აღნიშნა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსის სამიტზე, ალიანსის წევრების მენტალიტეტში ცვლილება მოხდა, რაც გზას უხსნის უკრაინის რეალურ წევრობას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევანელოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ზედმეტი ბიუროკრატიით, ზედმეტი დოკუმენტებითა და დამატებითი პროცედურებით,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 დეკემბერს დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტისთვის ეფექტიანი მომზადება 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.