ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი გერმანისა და საფრანგეთს ეწვევა
გერმანიასა და საფრანგეთში 16-17 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს,“ -აცხადებენ ზელენსკის ადმინისტრაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, 17 თებერვალს, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და მის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებსა და ბიზნესმენებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა - 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზების გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა
68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ხათუნა კოტრიკაძე რამდენიმე ქართულ ფილმში ასრულებდა როლებს. პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა სოსო ჩხეიძის ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული". მაყურებელი მსახიობს იცნობდა შესრულებული როლებით, ფილმებში „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი.“ მან სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა. მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში, სოსო ჩხაიძის ფილმში - მეთხუთმეტე გაზაფხული შეასრულა.
ევროკავშირის ელჩი: 9 ნაბიჯზე მუშაობა მოითხოვს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. ელჩის თქმით, სწორედ ამიტომ, ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი ნაბიჯი, ნომერი მეცხრე, ზუსტად საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულ ჩართულობაზე საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ჩვენ ნამდვილად გვიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც აქცენტს აკეთებენ სხვადასხვა საკითხზე. ჩვენი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოძებნოს გზა, რათა მაქსიმალურად ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება. გასულ წელს დისკუსიების ძალიან პოზიტიური პროცესი დაიწყო ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე. სამწუხაროდ, პლატფორმის შიდა განვითარების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა პლატფორმა და ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა, რომლითაც, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, პლატფორმა და ასევე ყველა სხვა, რომელმაც დატოვა პლატფორმა, ჩაერთვება და შეძლებს მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის რიგით მეცხრე ნაბიჯი და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ყველა მისი განსხვავებული ფერითა და ფორმით მაქსიმალურად იქნება ჩართული, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე საკანონმდებლო პროცესში,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. „როგორც ევროკავშირი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა გასული წლის დეკემბერში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, ასევე საარჩევნო პროცესი იქნება თავისუფლი და სამართლაინი. მიხარია, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთოს/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით. ჩვენი წევრი ყველა ქვეყანა, რომელიც ეუთოს წევრია, მხარს დაუჭერს ამას,“ აღნიშნა ელჩმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ არჩევნები, არამედ საარჩევნო კამპანიაც წარიმართოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. „საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დანერგილია საარჩევნო ხმის მიცემა, გადაწყვეტილება თავად ქართველებმა მიიღეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოქროს სტანდარტი არ არსებობს. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ეს, ზოგს არა, ფაქტობრივად, უმრავლესობას არა. ამიტომ ამაზე ჩემს აზრს ვერ გამოვთქვამ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გვექნება არამხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, წარადგინოს თავისი პროგრამა, ჩაერთოს ამომრჩევლებთან და შეძლოს კონკურენციის გაწევა,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის შეკითხვების საპასუხოდ. ელჩს იმედი აქვს, რომ საარჩევნო კამპანიის პარალელურად, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე მუშაობა გაგრძელდება, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე გადავიდეს. „9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალ კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში დაესწრება ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რათა მომავალი გზები განიხილოს. იმედი მაქვს, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე, საქართველო შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ძალიან სწრაფად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომას საქართველოს მხრიდან, ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს. იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ნელ-ნელა მთავარი საკითხი ხდება, პარალელურად, 9 ნაბიჯის განხორციელებაზე მუშაობა გაგრძელდება. ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია, მაგრამ სამუშაო თავად საქართველოს მხრიდან უნდა შესრულდეს, რაც რასაკვირველია, მოითხოვს მთავრობის მხრიდან ინკლუზიურობას და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას, რათა არსებობდეს ეროვნული ერთიანობა ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის საკითხში,“- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია
„განკარგულებების გამოქვეყნებაზე ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე - ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიის შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების საერთაშორისოდ დადგენილი წესი და სტანდარტი არ არსებობს. „ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველა გადაწყვეტილება იყოს კანონის შესაბამისობაში სრულად. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. ნებისმიერი ინფორმაცია არასდროს მქონდა დამალული, დაფარული. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, გულწრფელად აგიხსენით - როდესაც მე კითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მომმართავდნენ და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო. ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ ამის ვალდებულება არ არსებობდა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს „ღია მმართველობის საბჭო“ და საქართველო შეუერთდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ჩემი პრემიერის დროს საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ასევე მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით ჩემი მთავრობა ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო მოწინავე პოზიციებზე. რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას, ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი და პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 3 წლის შემდეგ პირველად, მთავრობის განკარგულება 2024 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა.
მეუფე შიო: სამწუხაროდ, ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას
„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული, სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი აღთქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა - ღმერთთან და ასევე, ჩვენი - შეხვედრისა უფალ იესო ქრისტესთან. მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს, მან ეს ინება, მას სურს ყოველ ჩვენგანთან შეხვედრა და გვაძლევს კიდეც ამის შესაძლებლობას ეკლესიაში. ამიტომაც მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა ამ შეხვედრისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე, ვერ შევძელით მოგვეთხრო, თუ როგორ მოხდა ჩვენში, ჩვენს პირად სულიერ ცხოვრებაში ქრისტესთან შეხვედრა საიმისოდ, რომ მათ შემდეგ, როგორც სვიმეონ მიმრქმელს, გასჩენოდათ ეს ძლიერი სწრაფვა და მოლოდინი ღმერთთან შეხვედრისა. ჩვენს შვილებს, ბავშვებს, ძალიან ბევრი საცდური აქვთ ამ ცხოვრებაში, მოყოლებული ჩვილობის ასაკიდან, მათი მთავარი აზრი და სიტყვა რა არის? ეს არის „მინდა“. ეს ათასგვარი სურვილი, რომელიც მათ იპყრობს თვალით ნანახის თუ გაგონილის მეშვეობით, თუ სხვადასხვა ვნების საშუალებით, შურის, ვერცხლისმოყვარეობის თუ ამქვეყნიური წარმატების სურვილის და ა.შ. მეშვეობით, ავიწყებს მათ და აშორებს მთავარ ღირებულებას, მთავარ სურვილს, რომ უნდოდეთ ქრისტესთან შეხვედრა, მიისწრაფოდნენ მთელი თავისი გულით ამისკენ. ისე გამოდის, რომ ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული ისრულებს ხოლმე თავის გარკვეულ სანუკვარ სურვილებს, ამას ახმარს წლებს, ზოგჯერ ათწლეულებსაც, მაგრამ ამას აღწევს. მაგრამ რაც არის მთავარი, ის რჩება მისი ყურადღების მიღმა. ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. თუ ადამიანი ვერ შეხვდა უფალს ამ ცხოვრებაში, მაშინ მისი ცხოვრებაც ფუჭია, ამაოა, ცარიელია, უმადლოა და არავის სჭირდება, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება, რომელიც, ვიმეორებ, ადამიანმა უნდა შეასრულოს, ეს არის შეხვედრა ქრისტესთან. და როდესაც ეს შეხვედრა მოხდება, უნდა შეიყვაროს მაცხოვარი და სამუდამოდ დარჩეს მასთან მარადისობაში. აი, ეს არის მიზანი სულიერი ცხოვრებისა. ეს უნდა შევძლოთ ჩვენც, უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ.“
პრეზიდენტმა მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ვიზიტებში 48 ათასი ლარი დახარჯა - დეკლარაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მოგზაურობისთვის პირადი თანხა - 48 217 ლარი დახარჯა. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში აისახა. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო, საიდანაც 55 275 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა. 29 იანვრის მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე იყო: 27 ათას ევრომდე და 29 ათას დოლარამდე თანხა.
ქემერონმა და სიკორსკიმ აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს
დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს. დევიდ ქემერონმა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის პოლიტიკური ნება აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებიც დაარწმუნონ. „აშშ-ის სიძლიერისა და ძლევამოსილების გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დახმარების პაკეტი ფინანსური, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, უახლოეს თვეებში დაამტკიცოს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა. „მინდა, რომ ეს წარმომადგენელთა პალატისა და პირადად სპიკერის, მაიკ ჯონსონის მიმართ ჩვენს ერთობლივ მიმართვად განიხილოთ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე გაიტანონ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოში აშშ-ის მიმართ ნდობაზე გავლენას მოახდენს,“ - აღნიშნა თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო, რის შემდეგაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომლის სპიკერმაც, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს არ მიიღებს, რადგან ის აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს აღარ შეიცავს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, შუა დერეფანი, უსაფრთხოების გამოწვევები - დარჩიაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამასთან, წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა. აღინიშნა ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფომატის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის როლზე რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მარტის თვეში გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააპელაციომ გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთი და ლატვია უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც უკრაინას ათასობით დრონს მიაწვდის
გაერთიანებული სამეფო და ლატვია ერთობლივად უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც უკრაინისთვის ათასობით თვითმფრინავის მიწოდებას უზრუნველყოფს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დიდი ბრიტანეთი და ლატვია ერთობლივად უხელმძღვანელებენ საერთაშორისო კოალიციას უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უპილოტო თვითმფრინავების შესაძლებლობების ასაშენებლად,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა. როგორც კოალიციის წევრი, დიდი ბრიტანეთი გაზრდის და გაამარტივებს დასავლეთის მიერ უკრაინაში FPV თვითმფრინავების მიწოდებას.
უკრაინამ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსი მილიარდერსა და ბიზნესმენს ოლეგ დერიპასკას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. გარდა ამისა, SBU-მ დააკავა სამეწარმეო კომპანიების უკრაინელი ტოპ მენეჯერები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს ისკანდერის სარაკეტო სისტემების წარმოებისთვის ნედლეულს აწვდიდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს, მიუხედავად მათი გაყიდვის აკრძალვისა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დერიპასკა და მისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ბრალდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსებაში. „ამ დროიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე, სამთო კომპანიის მენეჯმენტი რუსეთს აწვდიდა ქანების საბითუმო პარტიებს ფოლადის დნობისთვის. უკრაინიდან მოპოვებულ ნედლეულს რუსი მილიარდერის კომპანიები ყიდდნენ აგრესორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე ბალისტიკური რაკეტების, კერძოდ, „ისკანდერების“ წარმოებისთვის. ნედლეულს ოკუპანტები ასევე იყენებდნენ მოიერიშე თვითმფრინავებისა და სარადარო სისტემების სერიული წარმოებისთვის. შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით. უკრაინული კომპანიის დირექტორისა და მისი კურატორის დანაშაულებრივი ქმედებები კლასიფიცირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით,“ ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. დერიპასკა, რომელიც პუტინის ახლო წრეს მიეკუთვნება, აშში-ს სანქციების ქვეშაა.
ესპანეთი უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას გადასცემს
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა, რამშტაინის ფორმატის მე-19 შეხვედრაზე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართა, უკრაინაში M113 ჯავშანტექნიკისა და სხვა აღჭურვილობის სწრაფი გადაცემის შესახებ განაცხადა. უკრაინაში გაიგზავნება M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარიულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი. „გარდა ამისა, რობლესმა გამოაცხადა სხვადასხვა იარაღის მიწოდება საჰაერო თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებისთვის," - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რობლესმა ასევე შეაფასა ესპანეთში უკრაინული სამხედრო წვრთნების ხარისხი, რომელიც Patriot, NASAMS და Hawk -ის სისტემების გამოყენებას, ასევე, წყალქვეშა განაღმვის დაგეგმვასა და ჩატარებას მოიცავს.
უკრაინას რეკონსტრუქციისსთვის $486 მილიარდი სჭირდება - მსოფლიო ბანკი
უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 486 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკომისიის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება გასული წლის ბოლოსთვის 75 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 486 მილიარდ დოლარს შეადგენს. „486 მილიარდი ამერიკული დოლარი წარმოუდგენლად დიდი თანხაა და, რა თქმა უნდა, ის რეალურ საჭიროებებს ასახავს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონულმა დირექტორმა, არუპ ბანერჯიმ. მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის უკრაინას ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების აღდგენისთვის 15 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. აღნიშნული თანხის მესამედი საერთაშორისო პარტნიორებისა და თავად უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ უკვე უზრუნველყოფილია. დარჩენილი ნაწილი კი ჯერ კიდევ დაუფინანსებელია. კვლევაში ნათქვამია, რომ ომმა ყველაზე დიდი გავლენა საცხოვრებელ, სატრანსპორტო, სავაჭრო, სამრეწველო, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე იქონია. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ომის შედეგად, ყველაზე მეტად დონეცკის, ხარკოვის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კიევის ოლქები დაზარალდა. კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.
მაკრონი და ზელენსკი უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას პარიზში მოაწერენ ხელს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 16 თებერვალს, ელისეის სასახლეში ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი იუწყება. „ეს შეთანხმება მოჰყვება იმ ვალდებულებებს, რომლებიც მიღებულია G7-ის ფორმატში, 2023 წლის ივლისში ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში,“ - აცხადებენ ელისეის სასახლეში. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერს ხელს. გაერთიანებულმა სამეფომ პირველი ასეთი შეთანხმება გააფორმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტის დროს, 12 იანვარს.
NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა
NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვუს მილიონი უპილოტო თვითმფრინავის მიწოდებას აპირებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული - ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ. NATO-ს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ NATO და უკრაინა ანალიზის, ტრენინგისა და საგანმანათლებლო ცენტრს ერთობლივად შექმნიან პოლონეთში. „ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, გააზიაროს რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილები და შექმნას სტრუქტურა, სადაც უკრაინული ძალები სწავლებას თავიანთ მოკავშირე კოლეგებთან ერთად გაივლიან.“ NATO-ს ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უწევენ სასწავლო მხარდაჭერას. გასულ ივლისში ვილნიუსში სამიტის დროს, მოკავშირეთა ხელმძღვანელობამ, უკრაინის არმიასა და NATO-ს სამხედროებს შორის უკეთესი თავსებადობა სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. „NATO-ს 20 მოკავშირე ასევე შეთანხმდა განაღმვის კოალიციის შექმნაზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. NATO-ს სხვა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გაიღეს 100 მილიარდი აშშ დოლარი,“აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ევროპარლამენტის არჩევნების წინ, TikTok დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
TikTok, ევროპაში არჩევნების წინ, ყალბი ამბებისა და ფარული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს. სოციალური მედიის პლატფორმამ განაცხადა, რომ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, Tiktok გახსნის ეგრეთ წოდებულ „ხმის ცენტრებს“ ადგილობრივ ენებზე, რაც სოციალური ქსელის აქამდე არსებული პრაქტიკის გაგრძელებაა. „შემდეგ თვეში ჩვენ გამოვუშვებთ ლოკალიზებულ Voting Hub აპლიკაციას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის, რათა ადამიანებს მარტივად შეეძლოთ ფაქტების გარჩევა მხატვრული ლიტერატურისგან,“ - განაცხადა კევინ მორგანმა, TikTok-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა. კომპანიის ინფორმაციით, TikTok-ს ევროპარლამენტის წევრების დაახლოებით 30% იყენებს. „ადგილობრივ ჩინოსნებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეს „საარჩევნო ცენტრები“ იქნება ადგილი, სადაც ჩვენს საზოგადოებას შეეძლება სანდო და ავტორიტეტული ინფორმაციის მოძიება,“ - განმარტა მორგანმა. კერძოდ, აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ევროპელების უკეთ ინფორმირება მოხდეს საარჩევნო პროცესის შესახებ. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
აზერბაიჯანი საქართველოს საზღვრამდე გზის გაფართოების სამუშაოს ასრულებს
აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე ბაქო-ალიათ-ღაზახის 130-კილომეტრიანი გზის განჯა-ღაზახის მონაკვეთზე მაგისტრალის 4 ზოლამდე გაფართოების პროექტი სრულდება. აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, მაგისტრალი, განჯა-ღაზახი-საქართველოს საზღვარი, რომელიც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელი ნაწილია, 27,5 მეტრამდე გაფართოვდა, ხოლო გზის საფარი 4-6 ზოლისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია. „მთავარი მაგისტრალი, ბაქო-ღაზახი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის გავლით გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასა და აზიას შორის როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საავტომობილო ტრანსპორტირების გაზრდაში,“ - წერია განცხადებაში. საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო სამ ლოტად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ და მეორე ლოტზე, ასევე, მესამე ლოტის ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო 2023 წლის 7 აგვისტოს 102 კმ საერთო სიგრძის განჯა-ღაზახბეილის მონაკვეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა გახსნა. ამ მონაკვეთზე 1b ტექნიკური კლასის გზის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რაც აზერბაიჯანის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების 2019-2023 წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სულ 67 მიწისქვეშა გადასასვლელი, 19 საგზაო კვანძი და 17 ხიდი გაკეთდა. ამჟამად სამშენებლო სამუშაო ღაზახბეილი-საქართველოს საზღვრამდე საავტომობილო გზის 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტის 102,2-130,15 კმ-ზე გრძელდება. მიმდინარეობს ახალი ნიადაგის დაგება, ასევე, წყალსადენების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ხიდების მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები ნატეხი ქვის საძირკვლისა და ასფალტობეტოვანი საფარის მოწყობაზე. პროექტის მიხედვით, საჭირო ადგილებზე ავტობუსის 28 გაჩერება დამონტაჟდება.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6453 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6483 ლარი იყო. ევრო 2.8395 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8339 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში.