ძებნის რეზულტატი:

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციი, „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.“ უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“   „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი.            

უკრაინა რუსული მართვადი რაკეტა Kh-59-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუმის რეგიონში, მართვადი რაკეტა Kh-59 გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული პოლიცია იტყობინება. „სუმის რეგიონში ღამით განადგურდა Kh-59-ის ტიპის მართვადი რაკეტა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც Ukrinform-ი იტყობინება, 16 თებერვლის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ნაღმტყორცნებითა და MLRS-ით სამჯერ მიიტანეს იერიში სუმის რეგიონის ერთ-ერთ თემში. დანილოვი SU-34-ების ჩამოგდებაზე: შესანიშნავი შედეგია, რადგან ეს თვითმფრინავები ჩვენს ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნიდნენ  

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის „ანტისატელიტური შესაძლებლობა“ არ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს

რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო შესაძლებლობების შექმნაზე მუშაობს, რომელიც შეიძლება, კოსმოსში გამოიყენოს. აშშ-ის ადმინისტრაცია მოსკოვის ამ გეგმებს ძალზე სერიოზულად ეკიდება. ამის შესახებ აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის იარაღზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან დედამიწაზე ფიზიკური განადგურების გამოსაწვევად.  „მინდა გარკვევით განვმარტო რამდენიმე რამ. პირველი, ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, რომელიც განლაგებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სწრაფვა ამ კონკრეტულ შესაძლებლობებზე შემაშფოთებელია, უშუალო საფრთხე არავის უსაფრთხოებას არ ემუქრება. ჩვენ არ ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის ან შეეძლოს ფიზიკური განადგურების გამოწვევა დედამიწაზე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით რუსეთის ამ აქტივობას.“ „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონგრესის წევრების, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ყველა თქვენგანისა და ამერიკელი ხალხის მაქსიმალურად ინფორმირებულობას. არაფერია პრეზიდენტი ბაიდენისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება. ეს მისი მთავარი პრიორიტეტია,“ აღნიშნა კირბიმ. დამაზუსტებელ შეკითხვას, საუბარია თუ არა ბირთვულ იარაღზე. კირბი ასე პასუხობს:  „მე არ ვაპირებ უფრო დეტალებში შესვლას. ეს არის ანტისატელიტური შესაძლებლობა, რომელსაც ისინი ავითარებენ. და ამის იქით ვერ წავალ.“ კირბის თქმით, მას ყველა დეტალის გასაჯაროება არ შეუძლია, მაგრამ რუსეთის ამ ქმედებებს ამერიკის შესაბამისი სამსახურები აკვირდებიან. თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ ეს განცხადებები აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კანონის მისაღებად სჭირდება. ცნობისთვის, კაპიტოლიუმში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გამართა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და აუცილებელია მისი დროულად მოგვარება. „ჩვენ გვქონდა ინფორმაციული შეხვედრა ჯეიკ სალივანთან. ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთი კვირაა, ვიცით. ჩვენ შეხვედრის მოთხოვნა გავაგზავნეთ პრეზიდენტთანაც. ეს ძალიან სერიოზული საქმეა. რაღაც ინფორმაციებმა გაჟონა. ვარაუდი ბევრია. ის, რისი თქმის უფლება გვაქვს, არის ის, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მასში ჩართულია რუსეთი. ეს არ არის საქმე, რომელიც შეიძლება, გადაიდოს. ეს არის ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სერიოზულად და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ,“ – განაცხადა მაიკ ჯონსონმა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა. ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით სერიოზული საშიშროების შესახებ განაცხადა. „ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. ველოდები, რომ მეტი გვექნება სათქმელი. ასე რომ, დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის უსაფრთხოებაზე. NBC News: რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.  

აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი

შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე წარადგინეს. ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს. „შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, მაგრამ 2012 წელთან შედარებით კვლავ მაღალია - TI საქართველო

შარშან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით მაინც გაზრდილია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უმთავრესად ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია. შარშან ჯამში რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. ფულადი გზავნილების ასეთი ზრდა რუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლამ გამოწვია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა. TI-ის 2006 წელი მოჰყავს მაგალითად, როდესაც რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ კი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11 552 კომპანია დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯამში 26 339 კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა რეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. TI-ის შეფასებით, კომპანიების რეგისტრაცია მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის გადმოვიდა. ტურიზმი და ფულადი გზავნილები ანგარიშის მიხედვით, „კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. 2022 წელს პანდემიის დასრულების და ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, შარშან კი 20.1%. რაც შეეხება მათ მიერ დახარჯულ თანხას, 2023 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 938 მლნ დოლარი დახარჯეს, 5.3%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. ტურიზმისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორების წილი 2022 წელს 25.3% იყო, 2023 წელს კი 22.8%-მდე შემცირდა. პირდაპირი ინვესტიციები 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია, აღნიშნულია ანგარიშში. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. ვაჭრობა რუსეთთან შარშან საქართველომ რუსეთში ექსპორტი 657 მლნ დოლარამდე გაზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო. რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ღვინო გამოირჩევა, რომლის მთლიანის ექსპორტის 65% რუსეთზე მოდის, ეს 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, TI-ს მიხედვით, რუსეთიდან იმპორტი 5%-ით 1.7 მლრდ დოლარამდე შემცირდა. შარშან რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა, მაგრამ 2021 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი მაინც 4-ჯერ არის გაზრდილი. შარშან წინა წელთან შედარებით ასევე შემცირდა ხორბლის და ფქვილის იმპორტი, თუმცა გაიზარდა რუსეთიდან გაზის შესყიდვა 15%-ით და რუსული გაზის წილმა ქვეყნის შიდა მოხმარებაში 20% შეადგინა. რეკომენდაციები რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა: რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება; რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში; სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.  

ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება - სააგენტოს განმარტება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე შესაძლებლობა აქვს, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს და ჯანდაცვითი რეკომენდაციები მიიღოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინას თურქული მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენა სურს

თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის განცხადებით, უკრაინა თვითმფრინავის ძრავზე მუშაობსუკრაინას სურს, თურქული მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავები (KAAN) შეისყიდოს და უკვე იცის, სად გამოიყენოს ისინი. ელჩმა განაცხადა, რომ ეს ახალი იდეა არ არის. მოლაპარაკებები ომამდე დაიწყო. უკრაინას ამ თვითმფრინავების ყიდვა მომავალში სურს. ბოდნარი დასძენს, რომ KAAN-ს აქვს სრული პოტენციალი, კონკურენცია გაუწიოს F-35-ს და F-22-ს და ეს არის მომავლის ამბავი. „თუ ჩვენ მოვახერხეთ მესამე მხარის გავლენის თავიდან აცილება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი უძლიერესი რეგიონში,“ აღნიშნავს ელჩი. ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია KAAN-ის ყიდვა მომავალში, ელჩი ამბობს, რომ უკრაინა არამხოლოდ იყიდის, არამედ გამოიყენებს მას.  

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა 16 თებერვალს, გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის „ორი მნიშვნელოვანი დღე იწყება.“ „გერმანიასა და საფრანგეთში პარტნიორებთან შეხვედრები, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინისთვის, ისევე როგორც ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამართლიანი უკრაინული პირობებით და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა,“ – აღნიშნა უკრიანის პრეზიდენტმა. ზელენსკი გერმანიასთან და საფრანგეთთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს.  

რას წერს გარემოს სააგენტო შოვისა და ნერგეეთის შესახებ ანგარიშებში

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის. უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება; მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად; ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს,” - ნათქვამია ანგარიშში. დასკვნები და რეკომენდაციები: მეწყრული სხეული განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე; 2. სოფ. ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია - ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული 13 პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება. აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა; 3. მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3- ია; 4. მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი; 5. მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს; 6. მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით; 7. სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები; 8. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტიანი.

აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას გააფორმებენ

აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად ემზადებიან. ყაზახური მედიის ცნობით, ხელშეკრულების განსახორციელებლად, რესპუბლიკის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს თანხებია გათვალისწინებული. „ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანდართული შეთანხმების პროექტი,“ - ნათქვამია დადგენილების პროექტში. აქვე აღნიშნულია, რომ „მხარეთა სამხედრო სადაზვერვო საქმიანობა არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ.“  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ.“ „თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნები ავლენენ. ამაზე ღიად ვლაპარაკობ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც აზიანებენ ურთიერთობებს, ჩვენს პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირესთან,“ - აღნიშნა ბჟანიამ. მისი თქმით, ბოლო წლებში „მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური ხასიათის ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, რომელმაც შესაძლოა, ბევრი სახელმწიფოს კონტურები შეცვალოს.“ „ბევრ ადგილას საბრძოლო მოქმედებებია, აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლიც 30 წელზე მეტხანს არსებობდა,“ - დაამატა ბჟანიამ. ე.წ. ოპოზიციურ პარტიაში - „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“ განაცხადეს, რომ ბჟანიას სიტყვები „თითქოს, აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ ძალებზე, სერიოზულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც დროის გამოცდას ღირსეულად გაუძლო.“ „ეროვნული ერთობის ფორუმი მსგავს განცხადებებს განიხილავს, როგორც სპეკულაციურ რიტორიკას, რომელიც ხელს არ უწყობს ქვეყანაში ისედაც დაძაბული მდგომარეობის სტაბილიზაციას.“ ბჟანიამ, „პარლამენტში“ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტიც შეიტანა.  

რუსი ოპოზიციონერი, პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.  უწყების ინფორმაციით, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყიდიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. უწყების ცნობით, „დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.“ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა უნდა დაადგინონ. პუტინს ნავალნის გარდაცვალებაზე უკვე მოახსენეს. ნავალნის ადვოკატმა, ლეონიდ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ადვოკატი პოლიტიკოსთან 14 თებერვალს, ოთხშაბათს იყო მისული. „ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა საკითხს ვარკვევთ. ადვოკატი ოთხშაბათს იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო,“ – აღნიშნავს სოლოვიოვი. 2023 წლის ბოლოს, ნავალნი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს. 2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მას რიგი ორგანიზაციები პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ. ნავალნის მოწამლვა 2020 წელს სცადეს, რის შემდეგაც, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა.  „ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მის გაჩუმებას. მისი დაკავება მხოლოდ ხაზს უსვამს ნავალნის მიერ წამოყენებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას, რომ ის მოწამლეს სახელმწიფო აგენტებმა, რომლებიც უმაღლეს დონეზე გაცემული ბრძანებით მოქმედებდნენ," - წერდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ და მას სინდისის პატიმარს უწოდებდა. თავის სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი."  

რუსი ნაციონალისტი და პუტინის კრიტიკოსი - ვინ იყო ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი - რუსი ნაციონალისტი, ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი და პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო. 44 წლის პოლიტიკოსმა კარიერა წლების წინ დაიწყო და სახელი ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა. მისი მთავარი მიზანი ვლადიმერ პუტინის შეცვლა და რუსეთში კორუფციის დამარცხება იყო. მოსახლეობაში მისი აზრები ხშირად იწვევს აზრთასხვადასხვაობას, თუმცა მისი რეიტინგი მუდმივად მზარდი იყო. ახალგაზრდა პოლიტიკოსის განცხადებები რუსეთის მოსახლეობაზე იყო მორგებული. ნავალნის საწყისები ალექსეი ნავალნი მოსკოვთან ახლოს, ბუტინში დაიბადა. ის განათლებით ეკონომისტი და იურისტი იყო. რუსეთის ფედერაციაში დამთავრებული აქვს ორი უნივერსიტეტი. ასევე, განათლება მიიღო ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იეილის უნივერსიტეტში. მისი მშობლები რუსეთში ბიზნესს ფლობენ. წლების წინ მისმა დედ-მამამ ქსოვილების ფაბრიკა დაარსა, რაც მოგვიანებით, წარმატებულ ბიზნესად იქცა. მისი ძმა ოლეგ ნავალნია, რომელიც რუსეთის სასამართლომ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე გაასამართლეს ალექსეი ნავალნიც, თუმცა მას პატიმრობა არ შეუფარდეს და პირობითი სასჯელი დაუწესეს. კრემლის მიერ კონტროლირებული გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ, კერძო გადამზიდავი კომპანია დააფუძნა. ძმა ოლეგთან ერთად, რომელიც ამ პერიოდში რუსულ ფოსტაში მუშაობდა, ივ როშეს და კიდევ ერთ კომპანიას გზავნილებზე მაღალი ფასები დაუწესეს და კომპანიას 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს. თუმცა, რუსულ გამოძიებას არავინ ენდობა და საქმეს თავად ნავალნიც პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა. ნავალნი მეუღლე იულიასთან და შვილებთან (დარია და ზახარი) ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. იულია ნავალნი მოსკოვში ცნობილი ეკონომისტია. ნავალნი პუტინის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედებების გამო არაერთხელ დააკავეს და ორჯერ მოწამლეს. “ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც,” - ამბობდა ნავალნი. ნავალნიმ, დაახლოებით, 20 წლის წინ, ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა და პატრია "იაბლოკოში" გაწევრიანდა. მალევე პარტიიდან წასვლა მოუწია. მიზეზი მისი ხისტი პოზიციები, ნაციონალისტური შეხედულებები და ქმედებები გახდა. ის პარტიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული "რუსული მარშის" ორგანიზებასა და საქმიანობაში, ასევე, სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ მოძრაობას. "რუსული მარში" ყოველი წლის ნოემბერში რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეროვნული ერთობის დღეს მართავდა. ათასობით ადამიანს ერთი ლოზუნგი აერთიანებდა -"ეს (რუსეთი) ჩვენი ქვეყანაა." ყველაზე მასშტაბური მარში რუსეთში 2006 წელს გაიმართა. ათასობით ადამიანი უკანონო იმიგრაციას აპროტესტებდა. მარში მერმა მალევე აკრძალა. ერთ-ერთი, ვინც მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს ეწინაღმდეგებოდა, ალექსეი ნავალნი იყო. ის ითხოვდა აქციებზე ნებართვის გაცემას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე. “ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის,” - ამბობდა ალექსეი ნავალნი. მისი ქმედებები და განცხადებები ხისტი და მკვეთრად ნაციონალისტურია, რის გამოც ის საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალექსეი ნავალნი 2011 წელს მოექცა. მანამდე, მისი ცნობადობა რუსეთში 10 პროცენტსაც არ შეადგენდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, მისი რეიტინგი იზრდებოდა. რეიტინგის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კორუფციასთან ბრძოლამ. ნავალნის რეიტინგი და ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა დასავლეთშიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ნავალნის მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლა იყო. უფრო კონკრეტულად, მისი მიზანი იყო, დაესრულებინა პუტინის მმართველობა და ქვეყანაში რეალური რეფორმები გაეტარებინა. ალექსეი ნავალნი ფიქრობდა, რომ პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი უნდა ყოფილიყო. ის ასევე თვლიდა, რომ ქალებს და კაცებს კანონით დაცული თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, ის სექსუალური უმცირესობების საკითხებზეც მუშაობდა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი ახალი თაობის რუსებში მკვეთრად იზრდებოდა. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ალექსეი ნავალნის ცნობადობა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება - პერიოდს, როცესაც მან "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" დაარეგისტრირა და მის მუშაობას სათავეში ჩაუდგა. “ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია: თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს და არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს,” - ალექსეი ნავალნი. მისი და შესაბამისად, ანტიკორუფიული ფონდის მთავარი სამიზნე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებია. მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და საზოგადოებას გაუზიარა ისეთი მსხვილი კომპანიების შესახებ მამხილებელი ინფორმაცია, როგორიცაა - "როსნეფტი". ნავალნის გადაღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი, რომლითაც ის ცდილობდა, რუსებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ იყენებენ ბოროტად სახელმწიფო თანამდებოებებს მოხელეები და როგორ იპარავენ ფულს საზოგადოების ხარჯზე. ნავალნი ხშირად ეუბნებოდა თანამოქალაქეებს, რომ ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელშია და არა მთავრობებში. მის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა დმიტრი მედვედევის შესახებ მომზადებულმა ფილმმა, სადაც ის მედვედევის ქმედებებს აღწერდა და მას სხვადასხვა დანაშაულში ამხელდა. სწორედ ამიტომ, ნავალნი მაშინ ათასობით ადამიანთან ერთად მედვედევის გადადგომას ითხოვდა, მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ფილმი, სახელად "ჩაიკა" არამხოლოდ მედვედევის, არამედ, მასთან დაახლოებული პირების და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობას უკავშირდება. კორუფციული ფონდის საქმიანობა კრემლისთვის რომ მიუღებელი იყო, წლებია, ნათლად ჩანდა. ნავალნი არაერთხელ დააკავეს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი, ნავალნის წარდგენილ ფაქტებს მოგონილსა და ტყუილს უწოდებდა. ის, რომ პუტინის რუსეთისთვის ნავალნისა და ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობა მიუღებელია, არაერთი გადაწყვეტილებებით დასტურდება. კრემლმა ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი “უცხოელ აგენტად” შერაცხა და ფონდში არაერთი შემოწმება ჩაატარა. ნავალნის, მიმდინარე გამოძიების გამო, მოსკოვის დატოვებაც კი, ეკრძალებოდა. წარუმატებელი (გაყალბებული) არჩევნები სკანდალური გამოძიებების ფონზე, ნავალნის რეიტინგი როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ ეტაპობრივად გაიზარდა. მიუხედავად მისი მზარდი რეიტინგისა, მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. არჩევნები რომ გაყალბდა და დარღვევებით გაიმართა ამას ბევრი ფაქტი და საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს თავად ნავალნიმაც თქვა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა, როგორც ყოველთვის, კრემლმა წინააღმდეგობა ვერ აიტანა, აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა. მიუხედავად არაერთი მარცხისა, ნავალნი ბრძოლას განაგრძობდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მას მონაწილეობა აუკრძალეს, მიზეზი “კრიმინალური” წარსულია, თუმცა ნავალნის მიმართ წარმოებულ საქმეებში ნათლად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები. “ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში,” - ალექსეი ნავალნი. ალექსეი ნავალნის ასი ათასობით მხარდამჭერი ჰყავდა და ის დანებებას არ აპირებდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და აქციები, რომელსაც ის სათავეში უდგას, არაძალადობრივია, თუმცა კრიტიკული და მასშტაბური. მიუხედავად იმისა, რომ მასზე და მის მხარდამჭერებზე პოლიტიკური დევნა და ზეწოლა ხორციელდება. სასიცოცხლო საფრთხე პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთში ხშრად აქტივისტების სიკვდილით მთავრდება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეების გრძელი სია წლიდან წლამდე იზრდება. მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტიკოვსკაია, მოწამვლით მოკლეს იური ჩეკოჩიხინი, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და შედეგად, მოკლეს ალექსანდრე ლიტვინენკო. საწამლავით სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში. სიკვდილს ორჯერ გადაურჩა თავად ალექსეი ნავალნიც. ერთხელ, როგორც თავად ამბობს, ციხეში მოწამლეს, თუმცა ის მალევე გამოჯანმრთელდა. მას რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს რეაქცია, დღემდე უცნობია. ის კიდევ ერთხელ მოწამლეს. კომაში მყოფი ნავალნი გერმანიაში გადააფრინეს სამკურნალოდ. გერმანელი ექიმები ფიქრობდნენ, რომ ნავალნი გადარჩებოდა. მისი მეუღლე და მეგობრები კი, ამბობდნენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კრემლმა მოწამლა. ოჯახი და ნავალნის მხარდამჭერები საქმის გამოძიებას ითხოვდნენ. გერმანელი ექიმები ადასტურებდნენ, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლეს. ამ დასკვნას ისინი პაციენტის ორგანიზმში გარკვეული ნივთირებების აღმოჩენაზე აფუძნებენ. გერმანიის კანცლერი და სხვა დასავლელი ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები რუსეთს დროული ქმედებისკენ, გამოძიების დაწყებისა და დამნაშავეების გასამართლებისკენ მოუწოდებდნენ. კრემლში უარყოფდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს. მეტიც, ამბობდნენ, რომ მთავარი ოპოზიციონერი არავის მოუწამლავს და მისი კომაში ჩავარდნა ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ განაპირობა. საგარეო პოლიტიკა ალექსეი ნავალნის მიზანი დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთში რეფორმების გატარება და ევროპასთან და ამერიკასთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების ქონა იყო. ნავალნი ერთადერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა პუტინისა და კრემლის პოლიტიკას უკრაინაში, კერძოდ კი, პროპაგანდას ყირიმის ანექსიაზე, რომელსაც კრემლი ავრცელებს. ნავალნის ცნობილი და პოპულარული გამონათქვამები: “პატარა წიგნს ვკითხულობდი. მას რუსეთის კონსტიტუციას უწოდებენ. აქ წერია, რომ რუსეთში ძალაუფლების ერთადერთი წყარო ხალხია. ასე რომ, ვინ არის ძალა აქ?” “ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია, თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს, რატომ არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს”. “ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის.” “ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც”. “ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში”. “როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შანსს ვიღებთ, მე მზად ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე და წამყვან პოზიციაზე. მათ შორის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.” წყარო - ამერიკის ხმა მასალა გამოქვეყნებულია 2020 წლის აგვისტოში.  

„რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ მათ ნავალნი ციხეში მოკლეს“ - გამოხმაურებები

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსის თქმით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა და ეს ფაქტია. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს," - განაცხადა რინკევიჩსმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა," - დაწერა რიში სუნაკმა.  „ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველას დედამიწის გარშემო, ვინც ყველაზე ბნელ ვითარებაში იბრძვის დემოკრატიისთვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება,“ წერს თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მისი ფიქრები ნავალნის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა. „ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე ძლიერმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის მოსახლეობასთან არის, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა,“ – წერს მეცოლა. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ,“ - ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და აღელვებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინისთვის სულ ერთია, ვინ მოკვდება, მთავარია, თავისი პოზიცია შეინარჩუნოს. ამიტომაც არ უნდა დავზოგოთ არაფერი. პუტინმა უნდა წააგოს, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა. ჯოზეფ ბორელი: შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით, მკაფიო ვიყოთ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწის, ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება გავრცელებული განცხადებით აღიარებს, რომ ნავალნი ციხეში მოკლეს. ის ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება თავიანთი წყაროებით ჯერ არ მიუღიათ. „რუსეთის ხელისუფლება აქვეყნებს აღიარებას, რომ მათ ალექსეი ნავალნი ციხეში მოკლეს. ჩვენ ამის დასადასტურებლად ან იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, რაიმე საშუალება არ გვაქვს,“ - წერს ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ნავალნის ადვოკატი იამალის ნახევარკუნძულისკენ გზაშია. სოფელი ხარპი, სადაც კოლონია მდებარეობს, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილშია. კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფებოდა, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ "იუკოსის" თანამფლობელი პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

გროზნოში პუტინის სახელობის მიკრორაიონს აშენებენ

გროზნოში აშენდება ახალი საცხოვრებელი კვარტალი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელი დაერქმევა. „კავკაზ. რეალიის“ ცნობით, ამის შესახებ 15 თებერვალს ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. ჩეჩენ ხალხს, მადლიერების გამო "სურდა, რომ კვარტალს პუტინის პატივსაცემად დარქმეოდა მისი სახელი". რუსეთის ლიდერს კი კადიროვმა "დიდი, ბრძენი, შორსმჭვრეტელი, მამაცი, მტკიცე და საყვარელი" პრეზიდენტი უწოდა. პუტინის სახელობის მიკრორაიონი გროზნოში უკვე არსებული პუტინის ცენტრალური გამზირის გაგრძელებაზე აშენდება. გროზნო მერიამ მანამდე განაცხადა, რომ პუტინის სახელობის მიკრორაიონის პირველი 65 სახლის ექსპლუატაციაში მიღება 2026 წელს იგეგმება. გროზნოს მერიას სურდა პროექტში ინვესტორებიც მოეზიდა, მაგრამ ოფიციალურად უცნობია, თუ ვინ არის ჩართული პუტინის სახელობის მიკრორაიონის მშენებლობაში და რამდენად არის შეფასებული სამუშაოს ღირებულება. რამზან კადიროვის თქმით, პუტინის სახელობის მიკრორაიონში, რომელიც 200 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, 70 ათასი ადამიანი იცხოვრებს, ბინების 40%-ი უკვე გაყიდულია. გროზნოს ახალ კვარტალში მშენებარე სახლებში ბინების გაყიდვის რეკლამებიდან გამომდინარეობს, რომ აქ ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 57 ათასი რუბლიდან იწყება. მშენებლობის შემსრულებლად მითითებულია ფირმა "იმპერია", რომელიც „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში რეგისტრირებულ ის კომპანიაა, რომლის აქციათა თანაბარი მფლობელები დაღესტნელი მუსა ჯამალუევი და რასულ ედილხანოვია. 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვის განცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ მოსწონს, როდესაც სხვადასხვა ობიექტს მისი სახელი ეწოდება. პესკოვს გამოეხმაურა იმ დროს ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის საკითხებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრი ჯამბულატ უმაროვი გამოეხმაურა. უმაროვი ამტკიცებდა, რომ საუბარია არა პუტინის პიროვნების კულტზე, არამედ "მისდამი მადლიერების კულტზე."  

ზურაბიშვილი: ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება. ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს,“ - წერს ზურაბიშვილი.  

ბაიდენის ადმინისტრაციამ ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობაზე პირველი კომენტარი გააკეთა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ბაიდენის ადმინისტრაციიდან პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. „თუ ეს დადასტურდა, ეს საშინელი ტრაგედიაა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მთავრობას აქვს გრძელი და საშინელი ისტორია მოწინააღმდეგეებისთვის ზიანის მიყენების შესახებ, რაც ბადებს რეალურ და აშკარა კითხვებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა,” - განაცხადა სალივანმა.  „მაგრამ შემდგომი კომენტარებისგან თავს შევიკავებ, ვიდრე უფრო მეტი არ გვეცოდინება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ დადასტურებული ცნობის მიღებას, და როგორც ვიცი, ბატონი ნავალნის ოჯახიც ამას ცდილობს,“ განმარტა სალივანმა. ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერის სიკვდილი ნავალნის ოჯახის წევრებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.  

გერმანია უკრაინას $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს. მასში შედი საზენიტო იარაღი და რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. „დღეს ჩვენ ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს. ეს არის 36 ჯავშანტექნიკა, 120,000 ერთეული საბრძოლო მასალები, ორი Skynex სისტემა და რაკეტები Iris-T- ისთვის,”-აღნიშნა შოლცმა გერმანიაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე განმარტა, რომ გერმანია წელს უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს, მომდევნო წლებში კი, 6 მილიარდ ევროს გამოუყოფს.  

დარჩიაშვილისა და სიიარტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიირტო მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც, მინისტრების შეფასებით, საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, არამხოლოდ პოლიტიკის, არამედ, დარგობრივი და სექტორული მიმართულებით. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისად შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ასევე საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად და მზად არის ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს. შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობას დაკავშირებადობის შემდგომი განვითარების კუთხით, აღინიშნა ორი ქვეყნის მონაწილეობით მწვანე ენერგიის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ახლო მომავალში შევა ძალაში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. გაცვალეს მოსაზრებები უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტების დღის წესრიგზე.  

ნავალნის მეუღლე: თუ ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ

ალექსეი ნავალნის მეუღლემ პირველი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე. „არ ვიცი, უნდა დავირეჯოთ თუ არა ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო წყაროებმა გაავრცელეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინის ხელისუფლება მუდმივად ტყუის. თუ ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩემს ოჯახს, ეს დრო ძალიან მალე დადგება,“ეს განცხადება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნავალნი გარდაიცვალა. იულია ნავალნაია მიუნხენის კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა. „მინდა, მთელ მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ გაერთიანდნენ და ეს ბოროტება დაამარცხონ, დაამარცხონ რუსეთის საშინელი რეჟიმი. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგონ ყველა საშინელებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უშვრებიან ბოლო წლებში,” - განაცხადა ნავალნაიამ. ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია, შვილის სიკვდილთან დაკავშირებით, სამძიმრის მიღებაზე უარს აცხადებს. „არ მინდა არავითარი სამძიმრის სიტყვების მოსმენა. ვნახეთ შვილი კოლონიაში, 12 რიცხვში [თებერვალს] პაემანზე ვიყავით. ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე,“ - მედიის თანახმად, ლიუდმილა ნავალნაიამ ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა.