ძებნის რეზულტატი:
მეტროსადგურებში, ვირუსის საწინააღმდეგო აუცილებელი წესების დაცვას, პოლიცია გააკონტროლებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს. თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირებს პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.
887 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი საქართველოში - 16 ოქტომბრის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 11 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 124-ია.
შეზღუდვების მიუხედავად ტაილანდში ათიათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა
ტაილანდში სამი თვეა საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. საპასუხოდ ბანკოკის ცენტრში სამ თვის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროდემოკრატიული საპროტესტო აქცია გაიმართა. კომენდანტის საათის მიუხედევად, რომელიც 18:00-ზე იწყება, აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ შემდეგ დღეს კვლავ შეიკრიბებოდნენ. დემონსტრანტები ტაილანდის პრემიერ მინისტრის პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომას და მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნის ძალაუფლების შემცირებას ითხოვენ. პრემიერ მინისტრი პრაიუთ ჩან-ოჩა ხელისულებაში 2014 წელს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოვიდა. პოლიციის თანახმად, ისინი დააპატიმრებდნენ ყველა დემონსტრანტს, თუმცა არ განუმარტავს, როგორ წარუდგენდნენ ბრალდებებს ათიათასობით ადამიანს. სამეფო სასახლეს დემონსტრანტებსა და მათ მოთხოვნებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დრომდე ხელისფულება აქციების ჩატარებას დიდწილად ხელს არ უშლიდა, თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დემონსტრანტებმა ქვეყანაში დაბრუნებული დედოფალი სუთჰიდას კორტეჟს აქცია მოუწყვეს. მეფე და დედოფალი დროის უმეტეს ნაწილს ევროპაში ატარებენ. ამჯერად ისინი რამდენიმე კვირით გერმანიიდან დაბრუნდნენ. აქციის შემდეგ პოლიციამ ოცამდე დემონსტრანტი დააპატიმრება, დამაპიმრებულებს შორის იყო პროტესტის სამი ლიდერიც. ტაილანდში სამეფო ოჯახის კრიტიკა და შეურაცხყოფა კანონის დონეზე მკაცრად ისჯება. ბოლო სამი თვის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდა ტაილანდელია. აქციებში ყველაზე აქტიურად სტუდენტები მონაწილეობენ. პროტესტს სკოლის მოსწავლეებიც გამოხატავენ. პროტესტები ტაილანდში მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც პოპულარული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი წინ იძულებული გახდა დაშლილიყო. 2019 წლის მარტში ტაილანდში 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველი არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად პრემიერ მინისტრის პოსტი პრაიუთ ჩან-ოჩამ შეინარჩუნა, თუმცა პარტია მომავალი წინ მესამე ადგილზე გავიდა და პარლამენტში შევიდა.თუმცა 2020 წლის თებერვალში სასამართლოს თანახმად პარტიამ პარტიის ლიდერისგან, თანათორნ ჯანგურნგრუანკიტისგან სესხი აიღო, რომელიც შემოწირულობად შეფასდა, რაც კანონით აკრძალულია. პარტია იძულებული გახდა დაშლილიყო, რასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა. პროტესტი COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა. თუმცა საპროტესტო აქციები ივნისში განახლდა, მას შემდეგ რაც პროდემოკრატიული აქტივისტი გაუჩინარდა. ვანჩალეარმ სატსაკსიტი, რომელიც 2014 წლის შემდეგ კამბოჯაში გადასახლებაში ცხოვრობს, ქუჩიდან გაიტაცეს. დემონსტრანტები შემთხვევაში ტაილანდის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მთავრობა ბრალდებას უარყოფს. ბოლო თვეების განმავლობაში ხალხი აქტიურად ეწინააღმდეგება მეფის გადაწყვეტილებას, რომლითც მან სამეფო გვრიგვინის ქონება თავის პირად ქონებად გამოაცხადა, რის შემდეგაც მეფე ტაილანდის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამ დრომდე ის სახელმწიფოს ანგარიშზე იყო და მოსახლეობის სასარგებლოდ. გამოიყენებოდა. მჯელობის საგანი გახდა მეფის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მად ბანკოკში დაფუძნებული სამხედრო ძალების განკარგვის უფლება მიეცა. მეფის ხელში სამხედრო ძალის მობილიზება თანამედროვე ტაილანდისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
ოქსფორდის უნივერსიტეტში 5-წუთიანი ანტიგენის ტესტი შექმნეს
ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტი შექმნეს, რომელიც დიაგნოზს 5 წუთზე ნაკლებ დროში სვამს. ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ტესტერი მასობრივი გამოყენებისთვისაა გამიზნული და განსაკუთრებით პოპულარული იქნება ისეთ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტები, მასობრივი თავშეყრის ადგილები, ბიზნესები და ა.შ. ოქსფორდში იმედი აქვთ, რომ ანტიგენის ტესტერის განვითარება 2021 წლის დასაწყისიდანვე მოხდება, და დამტკიცებისთანავე, მომავალი წლის პირველი ნახევრის შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება. კვლევა ახალი ტესტერის სიზუსტის შესახებ უკვე მზად არის და ოქსფორდის უნივერსიტეტში მისი წინასწარი ვერსია გამოქვეყნებამდეა ხელმისაწვდომი. "ჩვენი მეთოდი სწრაფად პოულობს ვირუსის ნაწილაკებს", ამბობს პროფესორი არჩილის კაპანიდისი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი. მისი განცხადებით, ახალი ტესტერი "მარტივი, ძალიან სწრაფი და ხარჯეფექტური" იქნება.
აშშ-ს მიერ ტიბეტის საკითხებზე წარმომადგენლის დანიშვნამ პეკინი გააბრაზა
ტრამპის ადმინისტრაციამ ტიტების საკითხებზე, მაღალი რანგის ადამიანის უფლებათა საკითხების ოფიციალური წარმომადგენელი დანიშნა, როგორც სპეციალური კოორდინატორი. ამ ნაბიჯმა ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია. პეკინი აშშ-ს ადანაშაულებს ტიბეტში დესტაბილიზაციის მისწრაფებისთვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დააანონსა, რომ რობერტ დესტრო დემოკრატიისთვის, ადამიანთა უფლებების და მუშაობის სახელმწიფო მდივნის დამხმარე, დამატებით თანამდებობას დაიკავებს, რაც უკვე 2017 წლიდან ვაკანტურია. ჩინეთი უარს აცხადებდა და უარს აცხადებს აშშ-ს კოორდინატორთან მუშაობაზე. აშშ-ს ქმედებებს ჩინეთი შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს. "ტიბეტის საქმეები არის ჩინეთის საშინაო საქმეები და საგარეო ჩარევა დაუშვებელია," - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიენმა. პომპეოს განცხადებით, დესტრო "უწინამძღოლებს აშშ-ს საქმიანობას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და დალაი ლამას ან მის წარმომადგენელს შორის პოლიტიკური დიალოგი წაახალისოს; დაიცვას ტიბეტის უნიკალური რელიგიური, კულტურული და ლინგვისტური იდენტობა; ზეწოლა მოახდინოს, რათა ადამიანის უფლებებს პატივი სცენ". ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს დაამყარა, რასაც მოიხსენიებს "მშვიდობიან გათავისუფლებად", რითაც ტიბეტს "ფეოდალური" წარსულის გადაგდებაში დაეხმარა. პეკინს ტიბეტში კულტურული გენოციდის ჩადებაში ადანაშაულებენ. ივლისში პომპეოს განცხადებით, აშშ ზოგ ჩინელ მაღალჩინოსანს, რომელიც ჩართულია ტიბეტში დიპლომატიური წვდომის დაბლოკვაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში, ვიზებზე შეზღუდვები დაუწესეს. ვაშინგტონი ტიბეტის "არსებით ავტონომიას"მხარს უჭერს. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამასგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დალაი ლამას არ შეხვედრია.
ქართული ანიმაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა
ნათია ნიკოლაიშვილის მიერ გადაღებული ქართული ანიმაციური ფილმი "იგი" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა. ანიმაცია ჯემალ ქარჩხაძის იმავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. ფილმის პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავაა. საერთაშორისო ჟიურიმ ის სამ სხვა პროექტთან ერთად 28 ანიმაციიდან ამოარჩია. პოპულარული მოთხრობა პირველად 1977 წელს ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა.
კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა
თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი 10 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა. „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კორონავირუსის პირობებში ახორციელებს სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თუ როგორ ემზადებოდა განათლების სისტემა იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავით საკლასო ოთახებში და ამისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია განათლების სამინისტრომ სხვა უწყებასთან ერთად. იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება წერტილოვანი შეზღუდვები წესდება. სკოლა მაშინვე უკავშირდება დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. სკოლას უტარდება დეზინფექცია, თუ საჭიროა, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადადის თვითიზოლაციაში, თუ არადა მხოლოდ კლასი, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ვადასტურებთ იმას, რომ კოვიდ-ინფიცირების ფაქტები არსებობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სისტემა მართავს ამ პროცესებს და სწავლაზე ხელმისაწვდომობა გარანტირებულია თითოეული მოსწავლისთვის. 4 ქალაქის, (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე. ჩვენს ხელთ არსებული ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი. რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს აკვირდება განათლების სამინისტრო, სისტემატიურად ხორციელდება სკოლებში მონიტორინგი. განათლების სამინისტრომ შესთავაზე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ“,-განაცხადა ეკა დგებუაძემ.
ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩადენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს. ბრალდება კრიმინალური კავშირებზე ლიბიიდან მიღებულ დაფინანსებას უკავშირდება. ლაპარაკია ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფისგან საიდუმლოდ მიღებულ 50 მილიონ ევროზე. სარკოზი ბრალის წარდგენას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ უდანაშაულოა და საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს. სარკოზის 2018 წელს უკვე წარუდგინეს ბრალი კორუფციის, საჯარო ფინანსების დამალვის და გაფლანგვის და კამპანიის არალეგალური ფინანსების მუხლებით. იანვარში ქვეყნის ფინანსურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება გაფართოვდებოდა და საქმეში მონაწილე პირებს კიდევ ერთი მუხლით წაუყენებდნენ ბრალს. 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ლიბიის რეჟიმიდან დაფინანსების მიღების გამო ბრალი უკვე აქვს წარდგენილი საქმეში მონაწილე ერთ-ერთ პირს. მან წაყენებული ბრალი პარიზის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტები ყალბია, თუმცა სასამრთლომ გასულ თვეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, სარკოზის საჩივარი არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სამხილებად დოკუმენტების გამოყენება შესაძლებელია. სარკოზი ამ საქმეზე 2018 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს.
თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში ისარგებლონ
თბილისის მერია COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულებას ტრანსპორტში შსს-ც ზედამხედველობს. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს სადგურების შესასვლელებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს პირბადეების გამოყენებას შეხსენებენ.„იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მთავრობის განკარგულებით, პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. ინფიცირებულთა რიცხვი თბილისში 277-ია. ბოლო დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 124-ს მიაღწია.
ნოემბერში ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება,– იუწყება BBC. გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანდემიის პირობებში სამიტი არ უნდა ჩატარდეს. სამიტის ინიციატორი გერმანია იყო, რომელიც ამჟამად, როტაციის პრინციპით, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. სამიტზე ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობაზე მსჯელობა იგეგმებოდა. ცნობისთვის: გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ზე აქვეყნებს. განცხადებაში წერია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა რეკომენდაციების სრული დაცვით, კლასტერული პრინციპით მუშაობდა და ისევ შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. "ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის - მით უფრო პიროვნება რამდენიმე დღეა რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად ეროვნული ბიბლიოთეკა ჯერჯერობით დაწესებული, ძალიან შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ძვირფას თანამშრომელს კი მალე გამოჯანრთელობას ვუსურვებთ", - წერს კეკელიძე Facebook-ზე. დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 246 ადამიანი, ხოლო 11 გარდაიცვალა. NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.
ამერიკაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 8 მილიონია
ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელი პანდემიის განმავლობაში ყველაზე სწრაფად გაიზარდა და ამ დროს ინფიცირების მილიონამდე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მხოლოდ ამ კვირის ოთხშაბათს, კოვიდ 19-ი ქვეყანაში 60 000 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ამერიკაში კოვიდ 19-ი 8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 210 000-ს აჭარბებს. კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებლები ყველა შტატში იზრდება თუმცა, განსაკუთრებით, ზრდა შეინიშნება შუა დასავლეთ შტატებში. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ კოვიდ 19-ის გავრცელებას ტემპერატურის ვარდნა უწყობს, რადგან უფრო მეტი ადამიანი ატარებს დიდ დროს დახურულ სივრცეებში. რთული ვითარებაა ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში, სადაც გაზაფხულის შემდეგ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
958 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი – 17 ოქტომბრის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.
397 - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ თბილისში დაფიქსირდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან226 აჭარაში დაფიქსირდა, 397 კი თბილისში. მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. „აჭარაში- 226 ახალი შემთხვევაა, თბილისში- 397 , იმერეთში- 232, სამეგრელო ზემო სვანეთში- 27, შიდა ქართლში- 14, ქვემო ქართლში- 20, მცხეთა-მთიანეთში- 15, კახეთში-13 , სამცხე-ჯავახეთში არის- 8, გურიაში-6 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ. მისივე თქმით, მოსახლოებამ უნდა გაითავისოს რომ თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა. “ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ალბათ, საჭიროა განმეორება“, – აღნიშნა მან.
საგარეო უწყება კვლავ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის დაკეტილი აქვს
„ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება სპეკულაციები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორს სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის და აღნიშნულის შესახებ საჯაროდაც განვაცხადეთ. რაც შეეხება სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფრენებს, ამ მიმართულებით საქართველო პირნათლად ასრულებს თავის საერთაშირისო ვალდებულებებს. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ასეთი ტიპის ფრენები არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს და სამოქალაქო ტიპის ფრენები საჰაერო სივრცეში ხორციელდება შეტყობინების და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან და ICAO-ს წესებთან. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების უსაფრთხოებისა და სამოქალაქო ფრენების სხვა დანიშნულებით გამოყენებისგან თავის არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, როგორც ტვირთის მიმღებ ქვეყნებს, ასევე, გამგზავნებს, საჰაერო გზით სამოქალაქო და ჰუმანიტარული ტვირთის გადატანისას მკაცრად გააკონტროლონ აღნიშნული გადაზიდვები. პირველ რიგში, გადამზიდავი ქვეყნების პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ფრენები ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც კრძალავს სამოქალაქო ფრენების მიზანმიმართულად გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, მინისტრი შესაძლოა ორშაბათს, ლუქსემბურგში ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას დაინფიცირდა. „სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, მთავრობის ყველა წევს ტესტირება ჩაუტარდება. ვეჭვობთ, რომ შალენბერგი ორშაბათს, ლუქსემბურგში გამართული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შეხვედრაზე დაინფიცირდა“, - განაცხადა პრესსპიკერმა.
ექიმი ფაუჩი: მადლიერების დღის აღნიშვნისგან, წელს, თავი უნდა შევიკავოთ
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სასურველია, ამერიკელებმა თავი შეიკავონ მადლიერების დღის ტრადიციული აღნიშვნისგან. ექიმი ფაუჩის თქმით, წელს, დიდი ოჯახური თავყრილობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებს სხვადასხვა, შორი ადგილებიდან მოუწევთ მგზავრობა, არაა რეკომენდებული. ექიმის თქმით, ეს ვირუსის გავრცელების რისკებს გაზრდის. ტელეკომპანია CBS-სთან საუბრის დროს, ფაუჩიმ თქვა: "ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ ნათესავებზე, რომლებიც თვითმფრინავით აპირებენ მგზავრობას, რისკის ქვეშ დგებიან აეროპორტში, თვითმფრინავში, შემდეგ კი კარს აღებენ და ამბობენ: "გილოცავთ მადლიერების დღეს". ფაუჩი ამბობს, რომ ასეთ დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, უნდა მოერიდონ ისეთი ოჯახები, სადაც მოხუცები, ან სხვა, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან. თავად ფაუჩიმ, რომელიც 79 წლისაა, განაცხადა, რომ მადლიერების დღეს, შვილები მასთან არ ჩავლენ. ექიმის განმარტებით, ისინი სამ სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ და სახლში დასაბრუნებლად, თვითმფრინავით მოუწევთ გადაფრენა, რაც მისი აზრით, რისკის ფასად არ ღირს. ფაუჩის ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თქვა, რომ მცირე ტიპის შეკრებებიც კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. ცენტრის რეკომენდაციები ემთხვევა ექიმი ფაუჩის რეკომენდაციებს მადლიერების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, ეს დღესასწაული მხოლოდ ვიწრო წრეში, იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ. მადლიერების დღე, ამერიკაში 1621 წლიდან აღინიშნება. ნოემბერში, ამერიკელები იხსნებენ ევროპელი მოახალშენეების კონტიტენტზე ჩამოსვლას და პირველ უხვ მოსავალს. გადმოცემის თანახმად, მაშინ ახალმა მოსახლეებმა, ადგილობრივი მოსახლეობა, ინდიელი-ამერიკელები დაპატიჟეს, რათა მადლობა გადაეხედათ იმისთვის, რომ მოსავლის მოყვანა ასწავლეს. 1863 წელს, პრეზიდენტმა, აბრამ ლინკოლმა მადლიერების დღე სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ამ დღეს ამერიკელები ისვენებენ და ოჯახთან და ნათესავებთან ერთად აღნიშნავენ. ტრადიციული სუფრის განუყოფელი კერძი კი შემწვარი ინდაურია. ინდაური მადლიერების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თეთრ სახლში, 2 ინდაურს იწყალებს და დაკვლისგან გადაარჩენს ხოლმე.
ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ე.წ. „პრეზიდენტს“ ვირუსის იოლი ფორმა აქვს და საკუთარი „მოვალეობის“ შესრულებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დინა გასიევასაც დაუდასტურდა.
ახალი ზელანდიის საყოველთაო არჩევნებში არდერნის ლეიბორისტული პარტია იმარჯვებს
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის, ჯასინდა არდერნის, ცენტრისტული მემარცხენე ლეიბორისტული პარტია საყოველთაო არჩევნებს იგებს. ამ დროისთვის ხმათა 77% დათვლილია. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლეიბორისტულ პარტიას 49% აქვს, ხოლო ნაციონალურს - 27%. იმ შემთხვევაში, თუ ლეიბორისტული პარტია პარლამენტში ადგილების ნახევარზე მეტ ადგილს დაიკავებს, არდერნი ამჟამინდელი სისტემით შეძლებს შექმნას პირველი ერთპარტიული მთავრობა. ოპოზიციური, ნაციონალური პარტიის ლიდერმა, ჯუდით კოლინსმა პრემიერმინისტრს უკვე დაურეკა და მიულოცა. არჩევნებს, მეტწილად, აღიქვამენ Covid-19-ზე არდერნის აგრესიული პოლიტიკის გატარების რეფერენდუმად. "ხალხი ძალიან მადლობელი და ბედნიერი იყო, თუ როგორ ვმართეთ Covid". - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, გრანტ რობერტსონმა. დემოკრატიული პროექტის ანალიტიკოსის, ჯოფრი მილერის, თქმით, გამარჯვება, მეტწილად, არის ჯასინდა არდერნის პოპულარობის და ბრენდის პირადი ტრიუმფი. არდერნის განცხადებით, მას მთავრობის წინამძღოლობის მანდატი აქვს. არდერნის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორებს, ნაციონალისტურ ახალი ზელანდიის პირველ პარტიას აქვს 2.6%, მწვანეთა პარტიას კი 7.6%. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერმინისტრი მთავრობის შექმნას მხოლოდ თავისი ლეიბორისტული პარტიით ვერ შეძლებს, ვარაუდობენ, რომ ის კოალიციაში შევა მწვანეებთან. 1970-იანი წლების შემდეგ იქნება ახალი ზელანდიის პირველი სრულიად მემარცხენეთა მთავრობა. ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში, კოლინსი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ეს მეტ გადასახადებს და ბიზნესისთვის მტრულ გარემოს მოიტანდა. არდერნმა პირობა დადო, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანებს გადასახადებს გაუზრდის, ხოლო კოლინზი მოსახლეობას გადასახადებს მოკლევადიან შემცირებას დაჰპირდა. ახალ ზელანდიაში არჩევნები აგვისტოში ერთი თვით გადადეს კორონავირუსის ინფიცირებით ახალი შემთხვევების გაზრდის შემდეგ. ამის შემდეგ ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი მეორედ ჩაკეტეს. არდერნმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა დაიჩივლეს, რომ კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებდნენ. ახალ ზელანდიაში საზღვრები კვლავ ჩაკეტილია, ტურიზმი გაჩერებულია, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩაკეტვას ხანგრძლივი რეცესია მოჰყვება. 17 ოქტომბერს ასევე გაიმართა რეფერენდუმი რეკრეაციული მარიხუანის მოხმარების და ევთანაზიის ლეგალიზაციაზე. რეფერენდუმის შედეგები 30 ოქტომბერს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ახალ ზელანდიაში მარიხუანას მოხმარებას და გაყიდვას საკმარისი რაოდენობა დაუჭერს მხარს, ურუგვაის და კანადის შემდეგ ეს იქნება მესამე ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება და გაყიდვა ზრდასრული ადამიანისთვის დასაშვები იქნება.
აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საელჩომ საპროტესტო ნოტის გაგზავნის გადაწყვეტილება რუსი დეპუტატის ვიტალი მილონოვის აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტს გამო მიიღო. საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ 16 ოქტომბერს ვიტალი მილონოვი სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული პროვოკაციული განცხადებები გააკეთა. ამასთან, ნოტაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ამგვარმა პროვოკაციულმა საქციელმა, რომლის მიზანი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებაა, როგორც აზერბაიჯანის საზოგადოების, ისე რუსეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.