ძებნის რეზულტატი:

ლევან დავითაშვილი ჰესებზე: იმედი მაქვს, მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება

„რეგულარულად, ყოველ თვე იმართება მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან მსხვილ პროექტებზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს, უკვე შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ. იმედი მაქვს, რომ მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება, რომ განხორციელების უფრო აქტიურ ეტაპზე გადავიდეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ნენსკრას“ პროექტის განახლება გასულ წელს დაიწყო, ამ ეტაპზე მიდის კვლევები, რომელსაც უწყება და პოტენციური ინვესტორი ახორციელებს. „რაც შეეხება მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებს, იცით, რომ მუშაობა მიდის რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეთანხმება „ნენსკრასთან“ დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გარკვეულ ვალდებულებას ორივე მხარისას იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული კონტრაქტი დაიდოს, პროექტის განახლება გასულ წელს დაიწყო, ამ ეტაპზე მიდის კვლევები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ასევე, პოტენციური ინვესტორი. ამ კვლევების დასრულების შემდეგ კონკრეტულ ეტაპზე გადავალთ, კვლევები, რომელიც მათ შორის, გარემოს დაცვის, სოციალური და ბევრი სხვა, იმისთვის, რომ ჩვენ კონკრეტულ რიცხვებზე გავიდეთ და კონკრეტულად დაფინანსების საკითხები გადაწყდეს დონორებთან. ეს დონორებისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. „ქეი ვოთერი“ იმუშავებს დონორებთან, დონორების მოთხოვნები, რომ შესრულდეს. რაც შეეხება „ნამახვანთან“ და „ხუდონთან“ დაკავშირებით, „ხუდონთან“ დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, ამაზეც საუბარი იყო, ალტერნატივები განვიხილეთ, იქ არის 12 სხვადასხვა სცენარი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას მოიცავს, როგორც სოციალურ, ისე კულტურულ ლანდშაფტზე, მათ შორის, ბუნებრივ ლანდშაფტზე. ენერგეტიკული მიმართულებით, რომელს ექნება უფრო მეტი უპირატესობა და ნაკლები იქნება ზემოქმედება, როგორც გარემოზე, ისე სოციალური კუთხით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქ ფაქტობრივად, სწორი ბალანსია მოსაძებნი ენერგეტიკასა და ზემოქმედებას შორის და ეს არის მთავარი მოტივაცია, ანუ გამოკვეთილია რამდენიმე ალტერნატივა, რომლის დამუშავება ხდება, ალბათ, ჩვენ დავიწყებთ აქტიური განვითარების ეტაპზე გადასვლას მიმდინარე წელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და მონაწილეობა, ამიტომ ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნება ძირითადი, წამყვანი ძალა ყველა პროექტში, თუმცა არ იქნება მთავარი ინვესტორი ან ინვესტორები შეიძლება პროექტში შემოვიყვანოთ. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი, დაინტერესებული საერთაშორისო წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელთანაც დიალოგი გვაქვს და ეს პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად სამინისტროში. შეიძლება, წარმოიდგინოთ, რომ რეგულარულად ყოველ თვე იმართება მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან, ამ მსხვილ პროექტებზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს უკვე შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება, რომ გადავიდეთ განხორციელების უფრო აქტიურ ეტაპზე. რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოებას, აქაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ბევრი დეტალი გავიარეთ, არის საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც შეთანხმდა, არის გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა შეთანხმდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ ესეც გადავიდეს განხორციელების ეტაპზე,“ - განაცხადა დავითაშვილმა.  

პალესტინაში მთავრობა გადადგა

პალესტინის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადეს. „გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე,“ - აღნიშნულია მუჰამედ შტაიეს განცხადებაში. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს დღეს წარუდგინა. როგორც ის აღნიშნავს, შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას მოითხოვს.  

კიევი სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

კიევის ერთ-ერთ რაიონში თავდაცვითი მოქმედებების შესასრულებლად სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მანევრების მიზანია საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესება თავდაცვის ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების დროს. ღონისძიება ოთხ დღეს გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების ჯგუფის ნაწილები, პირადი შემადგენლობა, სტანდარტული სამხედრო ტექნიკა და იარაღი.  

ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე: სტრასბურგმა ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაციას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. „სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის,“ წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ საქმის წარმოება წლების წინ დაიწყო. 2018 წლის აგვისტოში გამოძიება 10 წლით ადრე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) კვალიფიკაციით. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეაზე - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. „ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც ლაპარაკი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა. ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი, წარმოებაში არ მიიღო.   იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

დანიამ "ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების მიზეზად "მიზანმიმართული საბოტაჟი“ დაასახელა

2022 წელს, გაზსადენებზე - "ჩრდილოეთის ნაკადი 1" და "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მომხდატ აფეთქებებზე, დანიამ გამოძიება დაასრულა. "შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად, - წერს დანიის პოლიცია განცხადებაში, თუმცა დასძენს, - გამოძიებაზე დაყრდნობით, უწყებებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი". დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს. მანამდე, მიმდინარე თვეში, შვედეთმა გამოაცხადა, რომ აფეთქებების გამოძიებას წყვეტს.  

Spiegel: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების უზრუნველსაყოფად, ინდოეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

გერმანიის წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდოეთთან, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ Spiegel-ის სტატიაშია ნათქვამი. სამთავრობო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში პოლიტიკური ტაბუ თითქმის არ არის. მაგალითად, ინდოეთში, საარტილერიო საბრძოლო მასალის საკმაოდ დიდი მარაგი ჯერ კიდევ ინახება - ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ტყვია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მოსკოვთან. „შედეგად, ახლა მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საბრძოლო მასალის მოპოვება შუამავლების მეშვეობით,“ - ნათქვამია მასალაში. მსგავსი გარიგებები, როგორც ამბობენ ბერლინში, შესაძლებელია არაბულ ქვეყნებთან, რომელთაგან ზოგიერთს დიდი რეზერვები აქვს. ექსპერტების აზრით, ასევე არის სახელმწიფოები ბალკანეთსა და აფრიკაში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მარაგები - ან თუნდაც შეუძლიათ საბრძოლო მასალის წარმოება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხოსეპ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ მარტის ბოლომდე უკრაინას თითქმის 170 ათას ჭურვს მიაწვდის.  

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია - ელჩი

„ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. „ჩვენ ვმუშაბთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ თანხვედრის მაჩვენებელი თანდათან გაიზარდოს, რათა იმ დროისთვის, როდესაც დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დრო, მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის იდენტური იყოს. ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. პოზიციურია ის, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება, თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჰქოდეს იგივე პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორიც ევროკავშირს აქვს“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. პიტერ სტანო, გასული წლის მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. ბოლოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ აღნიშნული თანხვედრის კუთხით ზრდას ელის. „ჩვენ აღვნიშნავთ მცირე ზრდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზრდას ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კუთხით. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით,“ განაცხადა ბორელმა.  

საქართველოსა და ევროკავშირში არჩევნები ახლოვდება, გაიზრდება დეზინფორმაცია - ელჩი

„ჩვენ ველით საქართველოსგან, ისევე როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებელი თანხვედრის ეს მაჩვენებელი 100 პროცენტთან რაც შეიძლება მიახლოებული იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. „ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ბროლა უცხოური მანიპულაციის წინააღმდეგ არის ნომერი პირველი ნაბიჯი, განსაკუთრებით - დეზინფორმაციის, რომლის სამიზნეც ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთია. ჩვენ ამ კუთხით ვხედავთ გარკვეულ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ წელს, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში, არჩევნები ახლოვდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირია,“ - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზადაა, იმუშაოს ყველასთან იმისთვის, რომ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას. „ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ყველასთან, რათა დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას, რათა საქართველოს მოსახლეობა იყოს კარგად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა არის ევროკავშირი რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება,“ - აღნიშნა დიპლომატმა IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.

ყაზახეთი და პოლონეთი სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის, შუა დერეფნის როლზე ამახვილებენ ყურადღებას

ყაზახეთის ელჩი პოლონეთში ალიმ კირაბაევი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარეკ პრავდას შეხვდა. მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის გამოყენების მნიშვნელობა) განიხილეს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაფართოებისკენ თავიანთი ორმხრივი ვალდებულება დაადასტურეს. „ყაზახეთსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, კირაბაევმა და პრავდამ ყურადღება გაამახვილეს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების მიმზიდველობაზე,“ - აცხადებენ სამინისტროში. როგორც მარეკ პრავდამ აღნიშნა, ვარშავა ტრადიციულად განიხილავს ყაზახეთს, როგორც მის მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალურ აზიაში და მოწოდებულია, გააგრძელოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ასტანასთან. ყაზახეთს სურს, შუა დერეფნის ფარგლებში მთავარი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი გახდეს - მინისტრი  

სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე

„თუ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა?“ ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა გაგიკ მელქონიანმა განაცხადა. კითხვას, როგორ რეაგირებს რუსეთი ამ ვიზიტზე, მელქონიანმა უპასუხა: „ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ რეაგირებს რუსეთი, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გვაინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ განაცხადა დეპუტატმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არ არის.  

ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის არმიაში გაწევრიანების უფლება კიდევ 20 ჩეხს მისცა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის 20 მოქალაქეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების უფლება მისცა. ამის შესახებ ჩეხეთის რადიო იუწყება, წერს. პაველმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე, კიდევ 56 განცხადება უარყო. მისი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში მიღების განაცხადების უარყოფის მიზეზი იყო განმცხადებლების შეუსაბამობა დადგენილ კრიტერიუმებთან. პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ჩეხებისთვის კანონით აკრძალულია სამსახური უცხოურ შეიარაღებულ ძალებში. ამჟამინდელი პრეზიდენტის წინამორბედმა მილოშ ზემანმა 2022 წლის 24 თებერვლიდან ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების 132 ნებართვა გასცა.   

უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტს აღემატება

ორშაბათს უკრაინა ევროპის ხუთ ქვეყანაში 2429 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს, რაც იმპორტზე 350 მეგავატით მეტია. ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს პრესსამსახური ავრცელებს. ელექტროენერგიის ექსპორტი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება სლოვაკეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში. ჯამური სიმძლავრეა 2429 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 200 მგვტ-მდე. ელექტროენერგია იმპორტირებულია დილით და საღამოს საათებში სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ასევე შუადღისას და საღამოს საათებში რუმინეთიდან. ჯამური სიმძლავრეა 2079 მეგავატი, მაქსიმალური სიმძლავრე ცალკეულ საათებში 553 მეგავატამდე. 2023 წლის დეკემბერში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ერთობლივმა ევროპულმა ქსელმა (ENTSO-E) მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინას, ევროკავშირის ქვეყნებიდან 1,7 გიგავატამდე ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს.  

ამერიკელი გენერალი დანიელ ლასიკა საქართველოშია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი. თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. „ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს,“ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.  

ჰერჩინსკი: ევროკომისიასა და საქართველოს შორის, ცხრავე ნაბიჯთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს

„მოვუწოდებ ყველას საქართველოში, იმუშაონ დაუღალავად, მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ძალიან ინკლუზიური, ოპოზიციას - კონსტრუქციული იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს და ლიდერებმა უყოყმანოდ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოზიტიური გადაწყვეტილება დამოკიდებულია რეფორმებზე, რომლებიც ქართველებმა თავად უნდა განახორციელონ. „საგზაო რუკა ნათელია, 9 ნაბიჯი ნათელია, მუშაობა მიმდინარეობს“, - დასძინა ელჩმა. მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საქართველოსთვის განსაზღვრულ 9-ვე ნაბიჯთან დაკავშირებით და ყველა იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშში მოიცავდა, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. „სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავდა. მიმდინარეობს განხილვა საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ევროკომისიიდან შეთანხმდებიან ქართველ კოლეგებთან ერთად იმაზე, თუ ზუსტად რა უნდა გაკეთდეს. ამის შეფასება მოხდება გაფართოების შესახებ შემდგომ ანგარიშში, რომელიც ამ წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი გაფართოების შესახებ მომავალი ანგარიშისთვის მომზადებას ახლა იწყებს. „გვექნება კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან. მომავალ კვირას ვიწყებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და გასული წლის მსგავსად, დეკემბერში ლიდერები გადაწყვეტენ გადავიდნენ თუ არა შემდგომ ეტაპზე - რაც საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს,“ - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.

ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან მასთან არასდროს უბრძოლია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ამერიკელების წინააღმდეგ“ წავა თუკი ის რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს უკრაინის გამო, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ის ცნობით. კიევში საუბრისას ზელენსკიმ განმარტა, რომ „ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ) პუტინის მხარეს.“ „ეს დაუჯერებელია,“ ციტირებს ზელენსკის სიტყვებც CNN. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ტრამპი, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, არ ესმის პუტინის მიზნების. „ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის მას შეხვედრია, მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს...“  მე უკეთესად მესმის... ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა, რომ რომ რუსეთი „მილიარდებს“ ხარჯავს ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და რომ მან წარმატებით გამოიყენა დეზინფორმაცია იარაღად -  გავლენა მოახდინა აშშ-ში დებატებზე. „უკრაინელი მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი ცრუ ნარატივებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია, მაგრამ  - ერთი პირობით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება. მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს. „დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ,“– განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთის მაუწყებელ Channel 4 News-თან. ზელენსკიმ განმარტა, რომ თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების "ფორმულა", მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ევროკავშირმა უკრაინისთვის დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის შესაძლოა, ფონდი შექმნას

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის შესაძლოა, ფონდი შექმნას. „მე ვაპირებ, წევრ ქვეყნებს შევთავაზო, რომ უკრაინას დახმარება კონცენტრირებული იყოს ამ ომის ახალ ინსტრუმენტებზე: თვითმფრინავებზე და ხელოვნურ ინტელექტზე,“ - განმარტა მან. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი მეტწილად კომუნიკაციისა და დამიზნების სისტემებზეა დაყრდნობილი. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა დასძინა, რომ თვითმფრინავები ფრონტზე ახლა ყველაფერს ხილულს ხდის. მან ასევე ხაზი გაუსვა სხვადასხვა ტიპის ომზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობას.  

გერმანიამ გამოეხმაურა ინციდენტს, რომლის დროსაც, რუსული დრონი უკრაინაში, ბერბოკს აედევნა

გერმანიამ გამოეხმაურა ინციდენტს, რომლის დროსაც, რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, ანალენა ბერბოკს აედევნა. გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა ინციდენტის შეფასებაზე. კითხვას, როგორ უნდა იყოს აღქმული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მოძრაობა მინისტრისა და მისი დელეგაციის თავზე,  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: ”მე არ ვაპირებ სპეკულირებას.” მან ასევე არ ისურვა რაიმე ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა რუსეთი წინასწარ ინფორმირებული ბურბოკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ. მიკოაივში ვიზიტის დროს ბერბოკმა კიდევ 100 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.  

ჩეხეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა გაზი მოიხმარა

გასულ წელს ჩეხეთში გაზის მოხმარება ყველაზე დაბალი იყო 1992 წლის შემდეგ. როგორც Cesky Radio იუწყება, ასეთი მონაცემები ენერგომარეგულირებელმა გამოაქვეყნა. 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის მოხმარებამ 6,7 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც დაახლოებით, მეათედით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საყოფაცხოვრებო დანაზოგით იყო განპირობებული. გაზის ყველაზე დიდი წილი ჩეხეთში გერმანიის გავლით შევიდა. დაახლოებით 8% შეიძლება იყოს რუსული წარმოების გაზი. სააგენტომ ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებაც აღნიშნა. ეს დაკავშირებულია რესურსების გაძვირებასთან, რამაც ხალხში დაზოგვის სტიმულირება გამოიწვია. პორტუგალიამ 2023 წელსრეკორდული რაოდენობის მწვანე ელექტროენერგია გამოიმუშავა და გერმანიამ ასევე პირველად გამოიმუშავა ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მწვანე წყაროებიდან.  

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს ბერლინი უმასპინძლებს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შეხვედრა სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ რადიო Azatutyun აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეჰუნ ბაირამოვს ციტირებს. ბაირამოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეფერხდა, თუმცა ტექსტზე მუშაობა გრძელდება და უახლოეს დღეებში ორმხრივი შეხვედრა იგეგმება. „სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში, მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად გაიმართება“, - განაცხადა თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა.  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა.