ძებნის რეზულტატი:

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

26 თებერვალს გერმანიის მთავრობამ, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. დახმარება საარტილერიო ჭურვებს, დრონებს, განაღმვის მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანია ემზადება უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადასაცემად ემზადება. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია. მთლიანობაში, გერმანიამ უკრაინას 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო, აქედან შვიდი მილიარდი  - 2024 წლის განმავლობაში.  

ბულგარეთმა ჯაშუშობაზე ეჭვების გამო, რუსეთის ორ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ბულგარეთის სახელმწიფო უშიშროების სააგენტომ (SANS), რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) სახელით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ორ პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Novinite იტყობინება. როგორც მედია წერს, აკრძალვა მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პირები ბულგარეთში სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდნენ.  „ამ ორ პირს აეკრძალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა და დარჩენა ხუთი წლის ვადით, როგორც იძულებითი ადმინისტრაციული ღონისძიება ბულგარეთის რესპუბლიკაში, რადგან არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი მოქმედებენ ბულგარეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ,“ აღნიშნულია SANS-ის პრესრელიზში. ეჭვმიტანილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ცხოვრობდნენ.  

მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. Associated Press-ის ცნობით, ეს საკითხი პარიზში 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს. "დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნები განიხილავენ ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული „სტრატეგიული ორაზროვნება“.  

კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნიდან რუსეთის თავდასხმის შემდეგ წასულ უკრაინელებს მოუწოდა, სამშობლოში დაბრუნდნენ და მის გადარჩენაში პირადი წვლილი შეიტანონ. ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ პატივს სცემენ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ამასთან, ყველა უკრაინელს მოუწოდებენ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზოგიერთ ადამიანს ეს არჩევანი არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ვისაც არჩევანი აქვს, უნდა დაბრუნდეს და უკრაინას ბრძოლასა და გადარჩენაში დაეხმაროს. 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინა 6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მათი უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს. 4 მილიონზე მეტი უკრაინელი ევროკავშირში სარგებლობს დროებითი დაცვის მექანიზმით, რომლის მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურება. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.  

შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის. „გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს „მეტი აწარმოონ.“ „მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ,“ - აღნიშნა მაკრონმა.  

არასამთავრობოები აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება, გაგონილი არ ყოფილიყო - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად. პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. „დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის, უმცირესობათა უფლებები. როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით, მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება, გაგონილი არ ყოფილიყო. არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.  

უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.­ „ჩრდილოეთ ევროპაში ნორვეგია ჩვენი მთავარი პარტნიორია, სამხედრო თვითმფრინავების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც უკრაინას სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოების ვალდებულებების გაფორმების პროცესი დავიწყეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, მხარეებმა მომავალი შეთანხმების ძირითადი სტრუქტურული ელემენტები განიხილეს. როგორც ცნობილია, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიასთან, იტალიასთან და კანადასთან უკვე გააფორმა.  

რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა პირველი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებად TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა. „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს,“ - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა. TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთს“. და, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.  

ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

ისრაელი აქტიურად მუშაობს უკრაინისთვის ადრეული გამაფრთხილებელი მექანიზმების მიწოდებაზე, სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებისთვის, განაცხადა გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. ერდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის განმავლობაში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა გაიარა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. ისრაელის დიპლომატმა განაცხადა, რომ ირანი აწვდის უპილოტო თვითმფრინავებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ომში გამოსაყენებლად. ამასთან, თელ-ავივის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა ისრაელში უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირობების გამარტივება. ახალი წესით, უკრაინიდან ყველა ლტოლვილს მიენიჭება 2A5 ტიპის ვიზა, რაც მათ დასაქმების, სამედიცინო დაზღვევასა და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლებას მისცემს. ეს ვიზები ძალაში იქნება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, გაგრძელების შესაძლებლობით. ისრაელში მცხოვრებ უკრაინელებს, რომლებიც ექვემდებარებიან კოლექტიური დაცვის დირექტივას, უფლება აქვთ, მიიღონ 2A5 ტიპის ვიზები, რომლის გაცემა მოსალოდნელია არაუგვიანეს 2024 წლის 3 მარტისა.  

ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს - ჩეხეთის პრემიერი

რამდენიმე ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ ევროპის გარეთ, უკრაინის არმიისთვის მეტი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით მოწვეული არაფორმალური სამიტი მონაწილეებმა განაცხადეს, იუწყება Le Monde. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩეხეთის წინადადება შეესაბამება ევროკავშირის წარსულ პოლიტიკას და განაცხადა, რომ პარიზი შეუერთდება ინიციატივას. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ, ბოლო კვირებში გააფორმეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები კიევთან. ევროკავშირი ცდილობს, შეასრულოს უკრაინის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით, ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით. შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი  

შვედეთის პარლამენტში სურთ, რომ Gripen-ის მოიერიშეები უკრაინაში სასწრაფოდ გაიგზავნოს

შვედეთის ცენტრისტული პარტიის ლიდერს მუჰარემ დემიროკს სურს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის უკრაინაში Gripen-ის მებრძოლების მიწოდებასთან დაკავშირებით, იუწყება Aftonbladet. ამ მოთხოვნებს ნაწილობრივ შეუერთდნენ სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც. დემიროკი ელოდება, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ცენტრისტული პარტია დიდი ხანია, დაჟინებით ითხოვს უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნას. ინიციატივას მხარი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა გარდა სოციალ-დემოკრატებისა, რომლებსაც სურთ, რომ შვედეთი ჯერ NATO-ში გაწევრიანდეს. როგორც ცნობილია, შვედეთის განაცხადის რატიფიცირება უკვე ყველა ქვეყანამ მოახდინა. ბოლო ასეთუ ნაბიჯი უნგრეთმა 27 თებერვალს გადადგა. მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის გზავნილი იყო, რომ თვითმფრინავების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ დააფიქსირებენ. Saab JAS 39 Gripen არის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მებრძოლი, რომელიც ფორმალურად მიეკუთვნება მებრძოლთა კლასს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელსაც სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია. მაისის ბოლოს, შვედეთის მთავრობამ უკრაინელ პილოტებს JAS 39 Gripen-ის მოიერიშეზე სწავლების გავლის საშუალება მისცა.   

28 თებერვალს პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

28 თებერვალს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტი იუწყება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენა გაიმართება თემაზე: „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.“  

ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მისიას დროებით ლატვია ჩაიბარებს

შაბათს, 2 მარტს, ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების (NAF) სამხედრო ავიაბაზა „ლიელვარდში“ ბალტიისპირეთის ქვეყნების NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიის გახსნის ცერემონია გაიმართება. მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ლატვია აიღებს ბალტიისპირეთის თავზე NATO-ს საპატრულო მისიას, რადგან ესტონეთში, ანმარის საავიაციო ბაზაზე აეროდრომი მოდერნიზაციას გადის. ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ახლა გერმანული სამხედრო თვითმფრინავები პატრულირებენ. საჰაერო მისია ბალტიისპირეთში ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ხორციელდება. 2004 წლიდან პატრულირება ხორციელდებოდა ლიეტუვაში, სიაულიაის საჰაერო ბაზიდან, მაგრამ 2014 წლიდან დამხმარე მისია ასევე განხორციელდა ესტონეთის ანმარის ბაზიდან. მისიის როტაცია ლატვიაში პირველად მოხდება. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებულმა მოკავშირეების მებრძოლებმა არამხოლოდ უნდა უპასუხონ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევას, არამედ, უნდა ჩაატარონ პატრულირება რუსეთ-ბელორუსის საზღვართან მდებარე საჰაერო სივრცეშიც.  

LG-მ, Bosch-მა და Sony-მ რუსეთში მაღაზიების დახურვა გადაწყვიტეს - მედია

საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის მონო-ბრენდული მაღაზიები LG, Bosch და Sony მთელ რუსეთში "მომარაგების ნაკლებობის" და საიჯარო ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის გამო, მაღაზიების დახურვას იწყებენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. კომერსანტის ცნობით, სამხრეთ კორეის, გერმანიისა და იაპონიის კომპანიების საცალო ობიექტებს თურქეთიდან და ჩინეთიდან მომწოდებლები დაიკავებენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთმა უცხოურმა ბრენდმა, მათ შორის, LG-მ, Bosch-მა და Sony-მ, რუსეთში პროდუქციის მიწოდება შეწყვიტეს.   

რაზე შეთანხმდნენ უკრაინის მოკავშირეები პარიზის არაფორმალურ სამიტზე

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ორშაბათს პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტზე, უკრაინის პარტნიორებმა განიხილეს უკრაინის არამხოლოდ იარაღით უზრუნველყოფის საკითხები, არამედ, კიევის მხარდაჭერის სხვა ფორმებიც.  მისი განმარტებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის განაღმვის ძალისხმევის მხარდაჭერა, ისევე როგორც უკრაინის საზღვრის დაცვისთვის საჭირო წვრთნების მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად, ბელორუსის საზღვარზე არსებული „მნიშვნელოვანი საფრთხის“ გათვალისწინება. ევროპელებმა ასევე განიხილეს უკრაინასთან სამრეწველო თანამშრომლობა, კერძოდ, სარაკეტო ინდუსტრიაში. დუდამ აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს საკუთარი წარმოება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება, რომ „კიევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.“ როგორც დუდამ განმარტა, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. „ამ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა. აქ აზრები განსხვავდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს,“ - განაცხადა ანჯეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირის 15 ქვეყანა მზადაა, უკრაინისთვის ჭურვები ევროპის გარეთ იყიდოს.  

მაკრონი: ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნებს, ახლა უნდა ვიმოქმედოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა არ უნდა დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგებს, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებასროს უკრაინას და საკუთარ უსაფრთხოებას. მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ ახლავე უნდა იმოქმედოს. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით არაფორმალური სამიტი გაიმართა. დაჟინებით ამტკიცებს რა, რომ რუსეთის დამარცხება აბსოლუტურად აუცილებელია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, მაკრონმა განმარტა, რომ ევროპელები უნდა გადავიდნენ სიტყვებიდან მოქმედებაზე და მათ მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილებები, რათა ევროპული თავდაცვის საფუძველი ამერიკისგან დამოუკიდებლად შექმნან. კითხვას უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ ვერ დაველოდებით არჩევნების შედეგებს,  რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი.“ „ევროპის მომავალი სასწორზე დევს, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს სურთ, შეუერთდნენ და დაეხმარონ მათ, ეს ფანტასტიკურია. მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია არა იმიტომ, რომ ევროპა არის პესიმისტური, ან გამოწვევის ეშინია, არამედ, უბრალოდ იმიტომ, რომ ევროპის მომავალი საფრთხეშია. მისი თქმით, რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ის ერთადერთი აგრესორია. „ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს ომი გამოიწვია. რუსეთი ახლა აშკარად ახდენს გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე როგორც ტრადიციული, ისე ჰიბრიდული ომით," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვის ქმედებები ბოლო კვირებში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში NATO-ს ქვეყნებს შეუტიოს.

პოლონეთში NATO-ს მასშტაბური წვრთნები დაიწყო

პოლონეთში 2024 წელს ევროპის სახმელეთო ძალების ყველაზე მასშტაბური წვრთნები - Dragon-24 დაიწყო, რომელშიც NATO-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობს. პოლონური Dragon-24-ის წვრთნები NATO-ს Steadfast Defender-24-ის სამხედრო მანევრების ნაწილია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. Dragon-24 გამოცდის პოლონეთის შეიარაღებული ძალების უნარს, უპასუხოს პოტენციურ მრავალგანზომილებიან შეიარაღებულ კრიზისს, რითაც ხელს შეუწყობს ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.  

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამოღებულია - „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები. „ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა. სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები. ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე თბილისში: მზად ვართ, შუა დერეფნის სრული პოტენციალი გამოვიყენოთ

ზანგაზურის დერეფანი შუა დერეფნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში 8-10 მილიონ ტონამდე გაზრდის. ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა, რომელიც საქართველოში შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებაში მონაწილეობს. მისი თქმით,„ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ რაიონებში ადგილობრივი და უცხოური კომპანიების მონაწილეობით ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.“ „კიდევ ერთი პრიორიტეტული პროექტია აღმოსავლეთ ზანგაზურის ეკონომიკური რეგიონიდან თურქეთამდე სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნა. ეს კავშირი შექმნის დიდ შესაძლებლობებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებისთვის და იქნება შუა დერეფნის ნაწილი,“ აღნიშნა ჰუმმატოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ზანგაზურის დერეფანი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების დროს. „გაიზრდება წლიური სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ შუა დერეფნის სრული პოტენციალი და მისი, როგორც ვაჭრობის სასიცოცხლო არტერიის უწყვეტი წარმატება იყოს უზრუნველყოფილი,“ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. „გასული ორი თვის განმავლობაში ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტით ბლოკის 13 მატარებელი გაიგზავნა და მიღებული ზომების შედეგად, ამ კონტეინერებს საქართველოს პორტებში მხოლოდ 12 დღე დასჭირდათ, მანამდე კი, 40-50 დღე სჭირდებოდათ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი შუა დერეფანზე: უნდა ვიფიქროთ სერვისების გამარტივებაზე

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, შომიკ მენდრატმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხად, რომ შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში. შომიკ მენდრატის თქმით, საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე არსებობს რიგი ოპერატიული საკითხები. „დღევანდელი ღონისძიება ეხება მსოფლიო ბანკის ანგარიშს შუა დერეფნის შესახებ, იმას, თუ რა იქნება საჭირო ამ დერეფნის პოტენციალის გამოსავლენად. შუა დერეფანი, რა თქმა უნდა, არსებობდა და ის ემსახურებოდა კავკასიის ქვეყნებს, დაეხმარა ყაზახეთს თავისი საქონლის დიდი ნაწილის ევროპაში ექსპორტში, ასევე ჩინეთში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც შეიცვალა, არის ის, რომ, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზის გამო, ეს გახდა ადგილი, სადაც ხალხი ეძებს პოტენციურ სახმელეთო ხიდს. ამან გაზარდა როგორც ინტენსივობა, ასევე შესაძლებლობა, რაც აქვს შუა დერეფანს. ამიტომაც იყო კვლევების კურსი, EBRD-მა ჩაატარა კვლევა, ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომელიც მიმოიხილავს, რა იქნება საჭირო, რათა შუა დერეფანი კონკურენტუნარიანი გახდეს სახმელეთო ხიდის მოძრაობისთვის. ჩვენ რაც აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე არსებობს რიგი ოპერატიული საკითხები. უნდა ვიფიქროთ დიგიტალიზაციაზე, საზღვრის მართვასა და სერვისების გამარტივებაზე. ამ დროისთვის შუა დერეფანი ჰგავს სხვადასხვა სიმძლავრის მილების სერიას, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან თავისუფლად არის შეერთებული. საჭიროა ერთი სერვისი, ერთი მილი, რათა გადამზიდებმა, რომლებსაც ერთი ბოლოდან მეორეში სურთ კონტეინერების გადაადგილება, იფიქრონ დერეფანზე, როგორც სიცოცხლისუნარიან ალტერნატივაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ კონტეინერების ერთი ბოლოდან მეორეზე გადატანას. ამ დერეფანს აქვს პოტენციალი, შექმნას სამუშაო ადგილები ხალხისთვის კავკასიაში, ყაზახეთში. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ დერეფნად გადაქცევაზე, ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ დიდი სატრანსპორტო დერეფანი თქვენს სამეზობლოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ეს არის პოტენციალი, რაც არსებობს,“ – განაცხადა შომიკ მენდრატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.