ძებნის რეზულტატი:

ჩინეთთან კონკურენციის ფონზე, აშშ და მოკავშირეები 6G-ის პრინციპებზე შეთანხმდენ

დასავლური ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების შეშფოთების ფონზე, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა შეიძლება, მოიპოვონ შემდგომი კონტროლი ინტერნეტზე, შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორმა, 6G უკაბელო საკომუნიკაციო სისტემების განვითარების საერთო პრინციპებს მხარი დაუჭირეს. როგორც გამოცემა Axios-ი წერს, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ფინეთის, საფრანგეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს პრინციპები, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სისტემატური მიდგომების გამოყენების, კონფიდენციალურობის დაცვისა დ იმ ტექნოლოგიების შექმნის შესახებ, რომლებიც ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის. „ერთობლივი თანმშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ღია, თავისუფალ, გლობალურ, თავსებად, საიმედო და უსაფრთხო კავშირს,“ წერია განცხადებაში. „ჩინეთისთვის ტელეკომუნიკაციებს ცენტრალური ადგილი უჭირავს თავის გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ მიზნებში,“ წერია ანალიზში, რომელიც განთავსებულია ვაშინგტონის ანალიტიკოსთა ცენტრის ვებგვერდზე. „ჩინეთი 6G-ის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გავრცელებაზე დომინირებას მიზნად ისახავს, ისევე როგორც ეს 5G-ის შემთხვევაში მოხდა.  

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. „ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, სამხრეთ კავკასიის ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები. ღონისძიებაზე პრეზიდენტს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი უმასპინძლებს. საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია, გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2024 წელს იგეგმება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება - მინისტრის მოადგილე

„შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის. გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, აღნიშნულ დერეფანს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია დერეფნის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის და რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის კვლევის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ განხილვაზე, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნეს გაერთიანებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გურამ გურამიშვილი გამოეხმაურა კვლევას, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის შესაძლებელია შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა კოორდინირებულად მოქმედება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „2022 წელს ხელი მოეწერა შუა დერეფნის განვითარების შესახებ საგზაო რუკას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს 2027 წლამდე პერიოდისთვის როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფროვნების, მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ შეიქმნა ერთობლივი საწარმო – Middle Corridor Multimodal, რომელიც ასევე შეუწყობს ხელს კოორდინაციის გაუმჯობესებას და ტვირთნაკადების მოზიდვას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებას და შუა დერეფნის მიმზიდველობის გაზრდას. როგორც გურამ გურამიშვილის აღნიშნა, 2024 წელს იგეგმება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. ასევე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. „შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კასპიისა და შავ ზღვებზე შეუფერხებელი მიმოსვლა. დღეისათვის საქართველოს აქვს პირდაპირი საბორნე კავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ნავსადგურებთან, თუმცა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს აღნიშნული სატრანსპორტო კავშირები და სიხშირეები. ასევე მიმდინარეობს საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის დანერგვა, რომელიც 2024 წლიდან უკვე ამოქმედდა საპილოტე რეჟიმში. სისტემის მიზანია ნავსადგურებში გემების გაფორმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურების ჰარმონიზაცია და გამარტივება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ნავსადგურების გავლით სატვირთო გადაზიდვების სისწრაფესა და მიმზიდველობას. პარალელურად მიმდინარეობს „ნავსადგურების გაერთიანების სისტემის” დანერგვაც,“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ როგორც მსოფლიო ბანკთან, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოტენციალის რეალიზების კუთხით.    

ლიეტუვის პრემიერი: უკრაინის გამარჯვება თავისუფალი რუსეთის “აღმოცენების“ უკანასკნელი შანსია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება არის ბოლო შანსი დიქტატურისა და იმპერიალიზმისგან თავისუფალი, განსხვავებული რუსეთის „დაბადებისთვის.“ ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. სიმონიტემ განცხადება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის მეცხრე წლისთავზე გააკეთა. „9 წლის წინ ბორის ნემცოვის მკვლელობა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შეხსენება იყო, რომ რუსეთში სწორი საქმის კეთებამ შეიძლება, მოგკლას ან დაგაპატიმროს, ან ორივე ერთად. პუტინის რეჟიმის სისხლიანი თითის ანაბეჭდები მთელ ამ მკვლელობასა და ბევრ სხვაზეა,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. „უკრაინის გამარჯვება არის ბოლო შანსი განსხვავებული რუსეთისთვის, თავისუფალი დიქტატურისა და იმპერიალიზმისგან - ის, რისთვისაც იბრძოდა ბორის ნემცოვი. ჩემი გზავნილი ყველას, ვინც გლოვობს ნემცოვს დღეს: დაეხმარეთ, უკრაინას გაიმარჯვოს, რა ფასიც არ უნდა იყოს," - დასძინა ლიეტუვის პრემიერმა.  მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების კომენტირებისას, გაიხსენა, რომ ის არ არის რუსეთში პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლი.  

საფრანგეთის პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში ვერ გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება. ფრანგი ლიდერის განმარტებით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ.“ „ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს,“ - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა. რაზე შეთანხმდნენ უკრაინის მოკავშირეები პარიზის არაფორმალურ სამიტზე  

ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს შუა დერეფნის განვითარების სტრატეგიის მომზადება შესთავაზა

ყაზახეთმა მსოფლიო ბანკს (WB) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR შუა დერეფნის) განვითარებისათვის სტრატეგიის მომზადება შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა საფარ ბექტასოვმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალური აზიის რეგიონსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, კავკასიის გავლით ევროპასთან მისასვლელად, აუცილებელია ქვეყნებს შორის კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება. „ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას შუა დერეფნის ქვეყნებისთვის. დერეფანი, რომელიც გაგრძელდება, მაგალითად, 2040 წლამდე ან მის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო ბანკს, გამოიკვლიოს შუა დერეფნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობა, მომავალში პოტენციური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ცვლილებების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ბექტასოვმა.  

ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის დეპარტამენტის უფროსმა ხუდაიარ ჰასანლიმ თბილისში, შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონტეინერების რაოდენობის გაზრდას. „შუა დერეფნის განვითარებისთვის ჩვენ ჯერ უნდა გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურული საშუალებები. თუ ინფრასტრუქტურა არ არის ხელმისაწვდომი, დიგიტალიზაცია და სხვა გაუმჯობესებები არ დაეხმარება ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას. ჩვენ, როგორც ბაქოს პორტი, გავაფართოებთ ჩვენს საქმიანობას და გავზრდით ჩვენი შესაძლებლობებს კონტეინერების ტრანსპორტირების მიმართულებით,“ - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა. 27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები.  მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

უკრაინა კიდევ ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი SU-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. „მინუს კიდევ ერთი Cy-34 აღმოსავლეთის მიმართულებით. გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება! ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლები მოინახულონ, რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა," - დაწერა ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში. 21 თებერვალს გავრცელებული ცნობით,უკრაინამ ერთი კვირის განმავლობაში მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.  

დანიის პრემიერმა ევროპის შეცდომა უწოდა რუსულ გაზსა და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არამხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“ - განაცხადა მეტე ფრედერისკენმა. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს და რუსეთის შეკავებისთვის ევროპამ უფრო მეტი უნდა დახარჯოს. „ჩვენ ევროპული პერსპექტივიდან უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საკმარისი თანხა არ დაგვიხარჯავს. ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით და დასავლეთში გამდიდრებაზე ზედმეტად ვიყავით ორიენტირებულები, ამიტომაც, დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე შევქმენით, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან,“ - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.  

გერმანიის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს სტუმრობს

27-29 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD). დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU). გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში. „თბილისში ყოფნის დროს დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად, პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს „უკრაინულ სახლში,“ - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.  

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, შინ ვონ-სიკმა ადგილობრივი მედიის წინაშე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. „შეიძლება, ამ ორის ნაერთიც იყოს, მაგრამ შეიძლება, ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან საკვებით სავსე 9,000 კონტეინერი მიიღო. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში იარაღის მწარმოებელი ქარხნები, მასალისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო, თავიანთი სიმძლავრის დაახლოებით 30%-ით მუშაობს, მაგრამ ის ქარხნები, რომლებიც რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ, სრული დატვირთვით მუშაობენ.  

საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში. „დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან. საქართველოს როლს რაც შეეხება, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა შუა დერეფანში. რა იქნება 2030 წელს? ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა. ვსაუბრობთ კომერციაზე, კერძო სექტორზე. როგორც კი იქნება საერთო ხედვა და საერთო ვალდებულება ამ დერეფნის განვითარების შესახებ, ვფიქრობ, არაფერი იქნება შეუძლებელი. შუა დერეფანი შეიძლება, გამოვიყენოთ არამხოლოდ როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ევროპიდან აზიაში საქონლის შემოტანის მიზნით, არამედ, ის დაეხმარება რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარებას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა შუა დერეფნის რეგიონის ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა როლანდ პრაისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები.  მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ

პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს, პრაღაში, "ვიშეგრადის ჯგუფის" (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრიანის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას. ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პრაღაში შეხვედრამდე, პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად კონფერენცია გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე ისაუბრეს ახალი კოალიციის შექმნაზე, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს. „არ ვუჭერთ მხარს უკრაინაში ჯარის გაგზავნას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ომში და გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი," - განაცხადა დონალდ ტუსკმა პრაღაში. NATO-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ პრორუსული პოზიციით ცნობილი უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო. პრაღაში ჩასვლამდე ფიცომ 2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებაში „უკრაინელი ნეონაცისტები“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ალიანსში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძელი გახდება “მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის.“ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ თხუთმეტი ქვეყანა მზად არის, შეუერთდეს მისი სახელმწიფოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის მოგვარებას. „ჩეხეთის ინიციატივას რამდენიმე ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ფიალამ პარიზში შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის.“ შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.  

რუსეთის მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა საქართველო „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებულმა ფონდმა „რუსული სამყარო“ [„რუსკი მირ“] 2023 წელს რუსეთისდამი მეგობრული/არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო „შედარებით მეგობრულ ქვეყნად არის მიჩნეული. არამეგობრულ ქვეყნებად მიიჩნიეს უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. ამავე კატეგორიაში 2023 წელს მოლდოვაც შეიყვანეს. კვლევა ეხება მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს და ასევე, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, რომლებსაც კრემლში დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებენ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შედარებით მეგობრულად მიიჩნიეს. მეგობრული ქვეყნების სიას სათავეში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი უდგას. მეორე ადგილზეა ბელორუსი, მესამეზე - ოკუპირებული აფხაზეთი. ამავე სიაში არიან შუა აზიის ქვეყნები – ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მეგობრულ ქვეყნებად კვლევაში მიჩნეულნი არიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც, თუმცა, ერევანი რუს ექსპერტებში „განგაშის საფიძველს იწვევს.“ „ყველაზე მეტად გაუარესდა სომხეთის მაჩვენებლები, რაც ექსპერტების განგაშს იწვევს. პოლიტიკური რიტორიკა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გამოსვლები რუსეთის მიმართ სულ უფრო არამეგობრული ხდება,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები. აღნიშნული კვლევის მიხედვით, შედეგები დამოკიდებულია 400 რუსი და უცხოელი ექსპერტის გამოკითხვაზე, კვლევის პერიოდში მომხდარ მოვლენებზე, სახელმწიფო დოკუმენტების ანალიზზე, მედიარესურსებსა და სახელმწიფოს ლიდერების განცხადებებზე. „რაც შეეხება საქართველოს, მიხი პოზიცია თითქმის იმავე [2022 წლის] დონეზე დარჩა. მართალია, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ატარებს ნათლად ანტირუსულ ხასიათს, შერბილდა ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციების რეჟიმი: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, განახლდა ავიამიმოსვლა, ქართული ახალგაზრდობა აქტიურად ინტერესდება რუსული საგანმანათლებლო პროექტებით და ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში,“ – წერია კვლევაში.  

სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის FSB-ის სასაზღვრო ჯარების ყოფნა უნდა შეწყდეს. „ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ისინი (რუსი მესაზღვრეები - IF) დატოვებენ აეროპორტს,” - აღნიშნა მან. სიმონიანის თქმით, სომხეთს შეუძლია საკუთარი საზღვრების კონტროლი და დაცვა. „ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი (რუსი მესაზღვრეები - IF) დაიცავენ ჩვენს საზღვრებს," - განაცხადა სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა. კითხვას, განიხილავს თუ არა სომხეთი 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, მან უპასუხა: „ძალიან ჩქარობთ.“ მან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში ერევნის როლზეც ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა წევრობა გაყინა.“ „სომხეთი CSTO-სგან პასუხს ელის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროს შესახებ,“ განაცხადა ალენ სიმონიანმა. „ერთი კითხვა დავუსვით CSTO-ს, რომელიც უპასუხოდ დარჩა, სად არის CSTO-ს პასუხისმგებლობის ზონა, ცნობთ თუ არა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს, რა საზღვრებში შეუერთდა სომხეთი CSTO-ს? - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს სამშაბათს. ცნობისთვის, 1992 წლიდან რუს მესაზღვრეებს ზვარტნოცის აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ.  

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO არ აპირებს უკრაინაში ჯარის გაგზავნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, თუმცა ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. „ჩვენ უკრაინას 2014 წლიდან ვეხმარებით და გავაქტიურდით რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაგრამ NATO-ს სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა არ გვაქვს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ასოშიეთედ პრესთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.  

საგარეო უწყება: საქართველო ემზადება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც უწყებამ Europetime-ს მიაწოდა. ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მათი თქმით, საუბარია, კერძოდ, მინსკსა და ბაქოზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

შოლცი: ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან

ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან NATO-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6525 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარს შეადგენს. დღეს მოქმედი კურსი 2.8769 ლარი იყო.  

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ზელენსკი პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდის შეხვდება, რათა რეგულარული დიალოგი გააგრძელოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა - „მშვიდობის ფორმულა“ იქნება. „გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს,” - წერს ზელენსკი სოციალური ქსელში. ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და იძულებით დეპორტირებული უკრაინელების დაბრუნების საკითხის განხილვა. ასევე, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში საუდის არაბეთის მონაწილეობა. „საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს,” - წერს ზელენსკი.