ძებნის რეზულტატი:
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. „გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
CIA რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად უკრაინაში 12 ბაზას ინახავს – NYT
ამერიკული გამოცემა The New York Times აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და უკრაინის ათწლიან თანამშრომლობაზე წერს. სტატიაში საუბარია მიწისქვეშა ბუნკერზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში აშენდა, მას შემდეგ, რაც მის ადგილზე არსებული სამეთაურო ცენტრი დაინგრა. გამოცემის წყაროს ცნობით, აღნიშნული ბაზა თითქმის მთლიანად არის CIA-ის მიერ დაფინანსებული და ნაწილობრივ აღჭურვილი. პუნქტი უკრაინაში CIA-ს სადაზვერვო ბაზების ქსელის ნაწილია, რომელიც რუსეთის საზღვრის მიმდებარედ 12 საიდუმლო ლოკაციას მოიცავს. CIA-ის სამომავლო მხარდაჭერაში უკრაინული მხარის დასარწმუნებლად სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი 22 თებერვალს საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, რაც ომის დაწყებიდან უკრაინაში მისი რიგით მე-10 ვიზიტია. CIA-მ და უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) რუსული კომუნიკაციების ჩაჭრის მიზნით კიდევ ორი გასაიდუმლოებული ბაზები ააშენა, რაც 12 დანარჩენ ბაზასთან ერთად უკრაინის დაზვერვის მთავარ ქვაკუთხედს ქმნის. New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ნდობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც უკრაინა ამერიკას 2014 წელს ჩამოვარდნილი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავთან MH17 დაკავშირებით რუსების ჩართულობაზე ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა.
შოლცმა განაცხადა, რომ ნავალნი „რეჟიმმა მოკლა“
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე. „მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო", - განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. „ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს," - განაცხადა შოლცმა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალინს სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.
კრემლში ამბობენ, რომ თურქეთში პუტინი მარტის არჩევნების შემდეგ გაემგზავრება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა მარტში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან - ამის შესახებ კრემლმა 26 თებერვალს განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორივე ლიდერის განრიგი "საკმარისად დატვირთულია" იმისთვის, რომ ერთმანეთს პირისპირ არჩევნებამდე შეხვდნენ.პესკოვმა დასძინა, რომ ვიზიტისთვის მზადება გრძელდება, მაგრამ შესაძლო შეხვედრის თარიღი არ დაუზუსტებია. თუ პუტინის ვიზიტი შედგა, თურქეთი გახდება NATO-ს წევრი პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ლიდერი ეწვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ერდოანი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა თურქეთის ტერიტორიაზე. ორ ლიდერს შორის ასეთი შეხვედრა რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა, გასული წლის სექტემბერში. პუტინის შესაძლო ვიზიტზე ინფორმაცია ამ დრომდე არაერთხელ გავრცელდა და რამდენჯერმე თარიღიც დასახელდა.
უკრაინული ბიზნესის 90%-ზე მეტი ომამდელ დონეს უბრუნდება - შმიგალი
უკრაინული ბიზნესის 90%-ზე მეტმა მუშაობა განაახლა და ომამდელი წარმოების დონეს უბრუნდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა. „სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინის გამძლეობა ჩვენი თავდაცვის ძალების გმირობის და უკრაინული ბიზნესის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია,“ - განაცხადა შმიგალმა. შმიგალის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე უკრაინის ეკონომიკა 30%-ით დაეცა. ბევრი ექსპერტი ეკონომიკურ კატასტროფასაც კი წინასწარმეტყველებდა. უკრაინის პრემიერის თქმით, ადაპტირება, აქტიურობა, კრიზისების მართვა და მთავრობის დროული მხარდაჭერის პროგრამები დაეხმარა უკრაინულ ბიზნესს გადარჩენასა და აღდგენაში. „დღეს უკრაინული საწარმოების 90%-ზე მეტმა განაახლა მუშაობა და უბრუნდება ომამდელი წარმოების დონეს,“ - დასძინა შმიგალმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აღდგენის ყველაზე მაღალ ტემპს აჩვენებს ისეთი დარგები, როგორიცაა მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, შიდა ვაჭრობა.
სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, NATO-ს ზოგიერთ წევრს უკრაინაში ჯარების გაგზავნა სურს
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელმაც 26 თებერვალს პარიზში დასავლეთის სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, განაცხადა, რომ NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობას. მისი ვარაუდების წყაროების დასახელების გარეშე, ფიცომ სლოვაკეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „NATO-ს და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას, ორმხრივ საფუძველზე.“ ფიცომ, რომელიც დიდი ხანია ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და კრიტიკოსების მიერ პრორუსულად მიჩნეული პოზიცია დაიკავა, დეტალები არ უთქვამს და მის კომენტარებზე სხვა ევროპელი ლიდერების გამოხმაურებაც არ გასაჯაროებულა. „მე ვერ გეტყვით, რა მიზნით და რა უნდა გააკეთონ იქ“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ სლოვაკეთი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში. NATO-ს ფიცოს განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამის კითხვას კი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ჩეხეთი, რა თქმა უნდა, არ ემზადება ჯარისკაცების გაგზავნისთვის უკრაინაში, ამაზე არავის უნდა ინერვიულოს.“ ფიცომ განმარტა, რომ ხედავს უკრაინაში კონფლიქტის დიდი ესკალაციის რისკს და რომ მეტი ინფორმაციის გამჟღავნება საზოგადოებისთვის შეუძლებელია. დაახლოებით 20 ევროპელი ლიდერი, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერი ორშაბათს პარიზშ იკრიბება, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაუგზავნოს მესიჯი ევროპული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით და დაუპირისპირდეს კრემლის ნარატივს, რომ „რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს,“ რომელიც უკვე მესამე წელს ითვლის.
უკრაინამ შვედურ მწარმოებელთან პირველი პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტომ შვედურ მწარმოებელთან პირველი პირდაპირი კონტრაქტი გააფორმა. შვედეთის თავდაცვის მინისტრის პოლ ჯონსონის უკრაინაში ვიზიტის დროს, თავდაცვის შესყიდვების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმა. ეს არის პირველი პირდაპირი კონტრაქტი შვედურ თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიასთან. „თანამშრომლობა საშუალებას მისცემს უკრაინას, დააჩქაროს საკუთარი შესყიდვების სააგენტოს განვითარება და გაითვალისწინოს კოლეგების გამოცდილება მომავალ შესყიდვებში,“ ნათქვამია კომუნიკეში. გეგმა, რომელიც უკრაინულმა და შვედმა მხარეებმა თებერვლის დასაწყისში შეათანხმეს, ასევე ითვალისწინებს შვედეთის მიმდინარე შესყიდვებთან შეერთების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ შვედეთმა უკრაინისთვის 630 მილიონი ევროს ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ლიეტუვა უკრაინისთვის განაღმვის მანქანებს შეიძენს
ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისთვის ოთხ მსუბუქ სატვირთოს შეისყიდის სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალური პორტალის ინფორმაციით, 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ტენდერში გამარჯვებული უკრაინული კომპანია Validus Spetsavto-სგან სატვირთო მანქანებს დღგ-ს გარეშე 1,32 მილიონ ევროდ შეიძენენ. სატვირთო მანქანების შეძენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, უკრაინაში განაღმვის მხარდასაჭერად დაიგეგმა.
„დამზადებულია უკრაინაში“ - ზელენსკიმ ახალი პლატფორმის შესახებ გამოაცხადა
"დამზადებულია უკრაინაში" - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ 26 თებერვალს გამოაცხადა ახალი ეკონომიკური პლატფორმის შესსახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მუდმივ დიალოგს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. „მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადო ჩვენი ახალი ეკონომიკური პლატფორმის და, შესაბამისად, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის - Made in Ukraine პოლიტიკის გაშვების შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზებასა და გამარტივებაში, რათა მათ შეეძლოთ წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკაში და დასძინა, რომ დროა გაჩნდეს დამატებითი ინსტრუმენტები ამ მიზნით. „ჩვენ უნდა მოვიგოთ (ომი), ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია. და იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს გამარჯვებისთვის საჭირო ყველა რესურსი, შემდეგ უკრაინული საქონელი, უკრაინული მომსახურება, და უკრაინული ექსპორტი, ე.ი. უკრაინელმა მეწარმეებმაც უნდა გაიმარჯვონ,“ აღნიშნა ზელენსკიმ. „ეს პლატფორმა უნდა გახდეს პლატფორმა სახელმწიფოსა და ჩვენს მეწარმეებს შორის მუდმივი პირდაპირი დიალოგისთვის. ყველას ინტერესები, ვინც მუშაობს უკრაინაში, რომელიც მუშაობს გამჭვირვალედ და უკრაინისთვის, ანუ იხდის გადასახადებს უკრაინაში და არ მუშაობს რუსეთში, აქ უნდა იყოს წარმოდგენილი,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, პლატფორმის საქმიანობაში მონაწილეობას მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მიიღებს.
ზელენსკი: უკრაინა დაინტერესებულია ბულგარეთთან იარაღის ერთობლივი წარმოებით
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაი დენკოვთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევი დაინტერესებულია სოფიათან ერთობლივი სამხედრო წარმოებით. მისი თქმით, ასეთი წარმოების წყალობით, ბულგარეთი შეძლებს ეკონომიკაში სამუშაო ადგილებიც და სახსრებიც უზრუნველყოს, ამავდროულად, უკრაინა შეძლებს დეფიციტის საჭიროებების დაფარვას. "უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი სამხედრო წარმოებით ბულგარეთთან და სხვა ქვეყნებთანაც. პირველ რიგში იმ ქვეყნებით, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი სამხედრო ინდუსტრიაში," - აღნიშნა ზელენსკიმ. ანამდე კიევში დენკოვს უკრაინის პრეზიდენტმა უმასპინძლა. „ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ომის საჭიროებებზე, არამედ, ომის შემდგომ დროზეც. ვფიქრობ, რომ ამით დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნებიც და თავდაცვის ინდუსტრიებიც," - განაცხადა ზელენსკიმ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ორშაბათს ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
„მოსკვიჩის“ ქარხანამ 2023 წელს ზარალი განიცადა
„მოსკვიჩის“ ქარხანამ 2023 წელს დაახლოებით 160 მილიონი რუბლი იზარალა, ხოლო წარმოება წამგებიანი დარჩება 2024 წელს, ამის შესახებ ვედომოსტთან ინტერვიუში KAMAZ PJSC-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი კოგოგინმა ისაუბა, რომელიც მოსკოვის მთავრობასთან ერთად მართავს „მოსკვიჩს“. მან აღნიშნა, რომ ქარხანა გეგმავს მცირე ზომის მანქანების აწყობაზე გადასვლას; ეს დაზოგავს 150 000 რუბლს თითოეულ მანქანაზე, მაგრამ ამ ეტაპზე გადასვლას შეიძლება, დამატებითი 4 მილიარდი რუბლი დასჭირდეს. „მოსკვიჩის“ ქარხანამ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე ფრანგულ კონცერნ Renault-ს ეკუთვნოდა, საბჭოთა ბრენდის მანქანების წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყო. „უცხოელმა მფლობელმა გადაწყვიტა რენოს ქარხნის დახურვა. ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ათასობით სამუშაო ძალა დარჩეს სამუშაოს გარეშე.“ - განაცხადა მაშინ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. „ამიტომ გადავწყვიტე, ქარხანა გადამეტანა ქალაქის ბალანსზე და განმეახლებინა სამგზავრო მანქანების წარმოება ისტორიული „მოსკვიჩის“ ბრენდის ქვეშ,“ განმარტავდა მერი. ავტომობილების დილერებში მოსკვიჩის ფასები 2,4 მილიონი რუბლიდან დაიწყო და მან 3,1 მილიონს მიაღწია.
ნორვეგიიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც სამხედრო ობიექტს იღებდა
რუსეთის 40 წლის მოქალაქე დააჯარიმეს და გააძევეს ნორვეგიიდან მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ობიექტი გადაიღო. ამის შესახებ ნორვეგიის პოლიციამ 26 თებერვალს განაცხადა. შემთხვევა ნორვეგიის ფინმარკის რეგიონში მოხდა. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსი გადაღებას აწარმოებდა, ცნობილია, რომ აკრძალულია დრონების და ფოტოგადაღების გამოყენება. კაცი სამხედროებმა პარასკევს, 23 თებერვალს დააკავეს, შემდეგ კი, პოლიციას გადასცეს. „დაკითხვისას კაცმა აღიარა, რო გადაიღო სამხედრო დაწესებულება და დათანხმდა ჯარიმასაც. საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, იგი გააძევეს ქვეყნიდან,“ წერს მედია. რუსეთის მოქალაქეს 5 წლით აეკრძალა ნორვეგიაში შესვლა. ნორვეგიელმა სამართალდამცველებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, უკავშირდებოდა თუ არა ინციდენტი რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას თუმცა, როგორც ცნობილია, მსგავსი მცდელობები, ადრე ასე იყო კლასიფიცირებული. ბოლო თვეების განმავლობაში ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურები ღიად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი შექმნას აგენტთა საკუთარი ქსელი ქვეყანაში.
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა ულფ კრისტერსონმა. უნგრეთი NATO-ს უკანასკნელი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა. 32 ქვეყნის ძლიერი ალიანსი მრავალი პარტნიორით - NATO-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები 26 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.
სტოლტენბერგი: შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება
NATO-ს გენერალური მდივანი უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის განაცხადის რატიფიცირების შემდეგ აღნიშნავს, რომ შვედეთი უკვე NATO-ს 32-ე მოკავშირე გახდება. „მივესალმები უნგრეთის პარლამენტს მიერ შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას. ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა განაცხადი, შვედეთი NATO-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის წევრობა ყველას უფრო გაგვაძლიერებს და უსაფრთხოს გაგვხდის,“ წერს სტოლტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზ. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
შაჰდენიზის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის მოპოვება დაიწყო
შაჰ-დენიზ 2-ის პროექტის ფარგლებში, საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის წარმოება დაიწყო, იუწყება აზერბაიჯანული მედია bp-ზე დაყრდნობით. მანამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე ყველა დაკავშირებული სამშენებლო სამუშაო და ოპერატიული ტესტირება წარმატებით დასრულდა და სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა. შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადოა. ის მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.
ყაზახეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შუა დერეფნის მნიშვნელობა და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი სომხეთის თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცა. „მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა. თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს,“ წერს სამინისტრო.
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი პარტიიდან წარდგენილი ტამაშ შუიოკი აირჩია. 67 წლის შუიოკი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს 8 დღეში დაიკავებს. შუიოკი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტი 10 თებერვალს გადადგა.
საქართველო ხვალ შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლებს
27 თებერვალს, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონული პრეზენტაცია გაიმართება. ჰიბრიდულ ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წევრები, ასევე განვითარების პარტნიორები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. რეგიონული ღონისძიება მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნება. მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
FT: ნავალნის სიკვდილის შემდეგ, გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელის რუსეთისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გერმანიამ რუსეთთან პატიმრების გაცვლაზე უარი თქვა გერმანია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ არ არის დაინტერესებული, რომ FSB–ს ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, რუსეთს გადასცეს. როორც მედია წერს, კრასიკოვის შესაძლო გაცვლა "ნაკლებად სავარაუდო" გახდა, რადგან ბერლინი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, იტყობინება FT-ის წყარო გერმანელი ოფიციალური პირებიდან. კანცლერ ოლაფ შოლცის სპიკერმა სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირებში დისკუსიები მიმდინარეობდა ნავალნის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე. იგეგმებოდა ამ პირების გაცვლა კრასიკოვზე, მაგრამ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ ბერლინმა გარიგებაზე უარი განაცხადა.