ძებნის რეზულტატი:
მედია: უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველომ 35-ჯერ გაზარდა აშშ-დან მიკროჩიპების იმპორტი
უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ მკვეთრად გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი დასავლეთიდან და ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ საქართველომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 3 370 %-ით გაზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების იმპორტი. დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წელს რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეიძინა, ამერიკის სენატში რუსეთისთვის დაკისრებული სანქცირების ეფექტიანობის განსახილველად მომზადდა რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვემომიტეტის მიერ. ამ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, AMD და Texas Instruments) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ეყრდნობა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფმა მათგან გამოითხოვა ანგარიშზე მუშაობისას. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და მიკროჩიპები ყველაზე ხშირად ხვდებათ შეიარაღების მკვლევრებს უკრაინაში გამოყენებულ რუსულ სამხედრო იარაღში.
ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირველ მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. გამოძიების თანახმად, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პეტრ პაველი: უნდა განვიხილოთ უკრაინაში სხვადასხვა ფორმით ყოფნა
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინისთვის დახმარების ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მაკრონი: ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ მშიშრები არ ვიქნებით პრაღაში, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე პაველმა ხაზი გაუსვა, რომ კიევის სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს. „თუ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ვიმოქმედებთ, უკრაინისთვის მიწოდებული მხარდაჭერის შესაძლებლობებისგან არ უნდა ჩავიკეტოთ. უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, უკრაინაში შესაძლო სხვადასხვა ფორმით ყოფნის განხილვაა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. დისკუსია დაწყებულია. ბოლოს ეს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იყვნენ. ასევე, იყო საკონსულტაციო შეხვედრა პარიზში. უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა პეტრ პაველმა. მანვე აღნიშნა, რომ "თუ არ გვსურს, რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ მხარდაჭერით, რომელიც დღეს არის.“ „ახალი ფორმები, ახალი გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. საკუთარი თავი არ უნდა შევიზღუდოთ იქ, სადაც აუცილებელი არ არის თავის შეზღუდვა. შესაძლებლობების მთელი რიგი არსებობს. და დრო მოვიდა, განვიხილოთ ისინი და მართლაც, უკრაინაში საბრძოლო არმიების ყოფნის გარკვეული შიში არსებობს, მაგრამ აქ დახმარების სხვადასხვა ფორმაზეა საუბარი. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც საფრთხის ქვეშაა, უკრაინაში წვრთნების მისია რომ გვქონოდა, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ არის. ჩვენზე დამოკიდებული დახმარების ფორმა, რომელიც უკრაინას მიეწოდება," - განაცხადა პეტრ პაველმა.
უნგრეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება საბოლოოდ დაამტკიცა
უნგრეთის ახალმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება დოკუმენტზე ხელმოწერით საბოლოოდ დაამტკიცა. მანამდე, გაწევრიანების რატიფიცირება პარლამენტმა მოახდინა. შვედეთმა ფინეთთან ერთად, NATO-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.
ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7%-ით გაზრდის
ჩინეთი 2024 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 7,2%-ით მეტს გამოყოფს, ვიდრე შარშან. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეროვნული თავდაცვის ხარჯები იქნება 1,665 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 231 მილიარდი დოლარი), რაც 7,2%-ით ზრდას ნიშნავს. ჩინეთის თავდაცვის ხარჯების იგივე ზრდა აღინიშნა 2023 წელს, როდესაც მან 220 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნა და სამხედრო მშენებლობა, რათა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. „აუცილებელია სამხედრო მომზადებისა და ომისთვის მზადების ყოველმხრივ გაძლიერება <…>, ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მტკიცედ დაცვა,“ - აღნიშნა მან თავის მოხსენებაში. გასული წლის ბოლოს ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტის მოცულობამ 111 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 47%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით და 65%-ით მეტი - ომამდელ 2021 წელთან შედარებით.
საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება
საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა.“ „საბრძოლო მასალა ყველგან უნდა ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და თავსებადია აღჭურვილობასთან, რომელიც გადავეცით [უკრაინას],” - განაცხადა მაკრონმა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.
„ევროპა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა" - ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკომისიამ დღეს თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტიანი გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა. ამასთან, ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა სტრატეგიის პრეზენტაციისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა "ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა", ხოლო საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები." ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს. „ევროკომისიის სტრატეგია ტაბუს არღვევს: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მანამდე დათანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას საბრძოლო მასალის წარმოების დასაფინანსებლად და ერთობლივი შესყიდვების წახალისების მიზნით, ახლა კომისიას სურს ამ პრინციპის გრძელვადიან პერსპექტივაში განმტკიცება,“ წერს Politico. „თუმცა ამ კვირის თავდაცვის გეგმა არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის თავდაპირველ მიზანს, რათა თავიდან აიცილოს ომი ევროპის მიწაზე,“ ციტირებს გამოცემა ევროპარლამენტარს, ესტონეთის არმიის ყოფილ მეთაურს რიო ტერასს. „ევროპა ომისთვის მზად უნდა იყოს და რადგან ის ეკონომიკური გაერთიანებაა, ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ თავდაცვის ინდუსტრიაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. „ევროპული თავდაცვის კავშირის გეგმა, ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ფრანგი ჟან მონეს გონებაში დაიბადა, რაც ირონიულად მოკლეს, როდესაც ფრანგმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე 1954 წელს. ახლა კიდევ ერთი ფრანგი, ევროკომისარი შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონი ლიდერობს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების თავდაცვის გეგმების წარდგენაში. მრავალეროვნული საბრძოლო ძალების ჩამოყალიბების ნაცვლად - რასაც ცივი ომის პირველ წლებში განიხილავდნენ - ამჯერად ეს ყველაფერი ბლოკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის აშენებასა და ასევე, ამერიკულ იარაღზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზეა,“ წერს Politico.
შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ხომალდის სერგეი კოტოვის განადგურებით აჩვენა, რომ შავი ზღვა არ არის უსაფრთხო რუსული გემებისთვის. „შავი ზღვა არ არის უსაფრთხო პუტინის საზღვაო ძალებისთვის. ბოლო დრომდე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ახლა იმის გამო, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭირა უკრაინას, ეს უდავოა,“ - წერს შაპსი და კომენტარს აკეთებს უკრაინის საზღვაო დრონების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდის სერგეი კოტოვის განადგურების ვიდეოზე. შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ეკიპაჟის შვიდი წევრი და დაიჭრა ექვსი. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსებმა მოახერხეს ეკიპაჟის კიდევ 52 წევრის ევაკუაცია.
თამარ გუდავა: თუ დადასტურდა ჩემი შვილის ბრალეულობა, მკაცრად აგებს პასუხს კანონის წინაშე, მივდივარ პოზიციიდან
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა თანამდებობას ტოვებს. მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია თამარ გუდავას შვილი. მან განაცხადა, რომ “უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“ დაკავებული პოზიციიდან მიდის. “მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი, რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,” -აცხადებს თამარ გუდავა. ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს, 5 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 -ელ მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. გამოძიების თანახმად, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
ლიეტუვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს
ლიეტუვა ჩაატარებს უდიდეს სამხედრო წვრთნებს (Thunder Storm), რომელშიც 2500 სარეზერვო ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ სწავლება, რომელიც აპრილ-მაისში ჩატარდება, ყველაზე მასშტაბური იქნება ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მანევრებში 4000-ზე მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი და წვევამდელი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვებიან NATO-ს მოკავშირეები პოლონეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან. Thunder Storm ლიეტუვის შეიარაღებული ძალების უნარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
წითელ ზღვაში კრიტიკული მნიშვნელობის საკომუნიკაციო კაბელები გაწყვეტილია - BBC
წითელ ზღვაში რამდენიმე საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა, რაც გავლენას ახდენს მონაცემთა ტრაფიკის 25%-ზე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მოძრაობს, აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანია და ამერიკელი ოფიციალური პირი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გასულ თვეში იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა შესაძლოა, ზღვაში გემებზე თავდასხმის გარდა, წყალქვეშა კაბელების საბოტაჟი მოაწყონ. ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დასავლეთით წითელი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს, უარყვეს, რომ მათ კაბელების დაზინება სურთ და პირიქით, განაცხადეს, რომ კაბელებისთვის ზიანის მიყენება აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს შეეძლოთ. HGC Global Communications-მა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ოთხი წყალქვეშა კაბელი წითელ ზღვაში - Seacom, TGN-Gulf, Asia-Africa-Europe 1 და Europe India Gateway - ბოლო "ინციდენტის" შედეგად გაწყდა. HGC-მ განაცხადა, რომ მისი კლიენტებისთვის ნებისმიერი შეფერხების შესამცირებლად, შესაბამისი ზომები მიიღეს - ევროპისკენ მიმავალი კაბელების მეშვეობით მატერიკულ ჩინეთში და წყნარი ოკეანის ქვეშ აშშ-ში, ასევე, წითელ ზღვაში დარჩენილი კაბელების გამოყენებით. როგორც აფრიკის სატელეკომუნიკაციო საკაბელო ოპერატორმა Seacom-მა Associated Press-ს განუცხადა, „პირველადი ტესტირება მიუთითებს, რომ დაზარალებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციებში, სამხრეთ წითელ ზღვაში მდებარეობს.“ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ წითელ ზღვაში წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელები გაწყდა. აშშ ცდილობს, დაადგინოს კაბელები განზრახ დააზიანეს თუ ინციდენტი ღუზამ გამოიწვია. შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გვჯერა, ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად, უკრაინას აქვს გეგმა
შეერთებული შტატებში მიიჩნევენ, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც მათ შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად,” - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ის შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვის ფაქტსაც გამოეხმაურა. „გვჯერა, რომ მათ მარაგში რამდენიმე სიურპრიზი აქვთ," - აღნიშნა მილერმა.
ზელენსკი: რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი დამცველების შესაძლებლობებმა დაამტკიცეს, რომ რუსი ოკუპანტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგურები არ არსებობს და არც იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ დაამტკიცა, რა შეუძლია. „მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას და კონტროლს როგორც უკრაინის ცაზე, ასევე ჩვენს შავ ზღვაში.“ „ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსეთის ფლოტთან დაკავშირებით. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება და არ იქნება მათთვის უსაფრთხო სივრცე ცაზე - ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მხრიდან მოწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
ომბუდსმენი „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაცვის კანონპროექტზე“: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დეტალების შეფასებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ შეძლებს. „წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს
არგენტინის პრეზიდენტი უკრაინას შესაძლოა, ივნისში ეწვიოს
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ევროპული ტურნეს ფარგლებში ივნისში უკრაინას ეწვევა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ არგენტინული პორტალ Infobae იტყობინება. არგენტინის ლიდერი უკრაინის დედაქალაქში ესპანეთიდან ჩავა. ასევე დაგეგმილია მისი ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში. „მილეი იქნება ლათინური ამერიკის პირველი ლიდერი, რომელიც უკრაინას კონფლიქტის შუაგულში ეწვევა, რადგან ზელენსკი ცდილობს, შეაჩეროს მოსკოვის ფართო სამხედრო შეტევა,“ - ნათქვამია სტატიაში. არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის მხარდასაჭერად ლათინური ამერიკის სამიტის ჩატარებას გეგმავს.
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ სანქციებს დააწესებს რუსულ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომლებიც იარაღით ვაჭრობენ ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან, ნათქვამია 5 მარტს გამოქვეყნებული განცხადების პროექტში. დოკუმენტში ჩამოთვლილია სანქციები ვაგნერ ჯგუფის, რუსეთის მოქალაქე პაველ შეველინის, რუსული მწარმოებლის შპს Eltekhnord-ის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ იონგ ჰიოკის წინააღმდეგ. სანქციები ასევე ვრცელდება ზემოაღნიშნული სუბიექტების ნებისმიერ ქვედანაყოფზე, ან შვილობილი კომპანიაზე. შეზღუდვები ძალაში 27 თებერვალს შევიდა და სანქციების ოფიციალური შეტყობინება 6 მარტს გამოქვეყნდება. გავრცელებული ინფორმაციით, გასული შემოდგომიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღის ფართო მარაგს, მათ შორის, საარტილერიო ჭურვებსა და ბალისტიკური რაკეტებს აწვდიდა . დასავლელი და უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ მათ გამოყენებას უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 23 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავის წინ და ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ. რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი სანქცია გამოაცხადა.
თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი წვრთნა (JINNAH-2024) 3 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა კომანდო-სპეციალური ოპერაციების სახეებთან დაკავშირებით. წვრთნებს წელს თურქეთი მასპინძლობს.
ქვეყანაში 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. ამასთან, 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა და ვაკანტურ თანამდებობაზე ნული განაცხადია შესული. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ცნობისთვის, ქვეყანაში სულ 2086 საჯარო სკოლაა.
ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა
ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” შესრულებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. ელენე ნავერიანის ფილმი - "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს კინოფესტივალის გამარჯვებულია
ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. „დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ. -სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „მეტადონი“, ხოლო ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად „ჰაშიში“ ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.- ს მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეფედრონი". გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების „მეტადონის“ და „ალფა პვპ“ - ს შემცველი ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" და "მარიხუანა". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.