ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი: თუ უკრაინა არ გადარჩება, ეს ომი უფრო შორს წავა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, მაშინ არ გადარჩება და თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი უფრო შორს წავა, რადგან უკრაინას საქმე გვაქვს „არაადეკვატურ ადამიანთან.“ „ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს ომი გადარჩენისთვის ომია. და, თუ თავს არ დავიცავთ, მაშინ უკრაინა ვერ გადარჩება. ხოლო, თუ უკრაინა არ გადარჩება და არ გაუძლებს, მაშინ ომი გზას გააგრძელებს, ვინაიდან, სამხედრო საქმეები გვაქვს არაადეკვატურ ადამიანთან, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და თავის სიკვდილამდე კრემლში იქნება,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქმე იმ საფრთხეშია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს მთელი ევროპისთვის და პარტნიორები არ უნდა დაიღალონ, არამედ, პირიქით, უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ეს ომის პირველ წელს იყო. „ხოლო ისინი, ვინც ძალიან იღლებიან - დაე, აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე, უკრაინისთვის ილოცონ,” - განაცხადა ზელენსკიმ. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარები პოლონეთში არიან

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვენიის, ესპანეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ჯარებმა ამ კვირაში (2024 წლის 4-5 მარტი) პოლონეთში, კორჟენიევოს მახლობლად, მდინარე ვისტულა გადაკვეთეს. აღნიშნული არის წვრთნების -  Dragon 24-ის ნაწილი, რომელსაც პლონეთი უძღვება. ეს წვრთნები ბოლო ათწლეულების განმავლობაში, NATO-ს უდიდესი სამხედრო წვრთნების  - Steadfast Defender 24-ის მთავარი ელემენტია. სწავლების ამ ნაწილს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ესწრებოდნენ. STEADFAST DEFENDER 2024 არის მრავალდომენიანი წვრთნა, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კიბერ და კოსმოსურ ოპერაციებს. ის ჩრდილოეთ ამერიკიდან და ალიანსის სხვა ნაწილებიდან, ევროპაში ძალების განლაგებას გულისხმობს.  „Steadfast Defender-24 თვალსაჩინო მაგალითი გახდება ჩვენი ერთიანობის, ძალისა და მზადყოფნის დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი, რომელიც წესებზეა დაფუძნებული,” - განაცხადა ევროპაში NATO-ს ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ. წვრთნები სტრატეგიულად განაწილებულია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ღონისძიებები 2024 წლის იანვრის ბოლოდან 31 მაისამდე ჩატარდება და ორ ნაწილად გაიყოფა.  

ლატვია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა სოციალური მედიის პლატფორმ X-ზე დაწერა. „ლატვია შეუერთდება ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც შემოთავაზებულია პრეზიდენტის პეტრ პაველის მიერ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. ეს არის კრიტიკული შესაძლებლობა რუსეთის დასამარცხებლად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად,“ წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი. გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება  

ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებითი შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად

აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს დამატებითი ვარიანტები უკრაინის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების კოორდინატორმა სპიკერმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას ამ დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესაძლო წვლილის შესახებ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ აკეთებენ ამას - აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ჩვენს საკუთარ სისტემაში, ჩვენს მთავრობასა და მთელ ადმინისტრაციაში, რათა დავინახოთ, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კირბიმ. აქვს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას გეგმა B, კირბიმ ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მუშაობდა დამატებითი შესაძლებლობების მოსაძებნად, რომელიც შეიძლება, გამოეყენებინათ უკრაინის დასახმარებლად. მანვე განმარტა, რომ ეს ვარიანტები ვერ ჩაანაცვლებს კონგრეში წარდგენილი პაკეტის მნიშვნელობას.  

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას კატეგორიულად არ ურჩევს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა. ბერლინი საკუთარ მოქალაქეებს „კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილება განხორციელდა "სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა" და "თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო." გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის. „ორმაგი მოქალაქეობის მქონე გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევის შემთხვევებს. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულო დაცვას,“ - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების განმარტებით, რუსეთში პოტენციურ აქციებსა და დემონსტრაციებს თან ახლავს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობა.  

რუსეთი მის ოლქზე მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსული მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ. დღეს, 7 მარტს რუსული მედია ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტულის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. „6-7 მარტის ღამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.  

უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ბაიდენი კონგრესს მიმართავს

ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და გერმანიის მარშალის ფონდი უკრაინის ქალაქების აღდგენას იწყებენ

ომის შედეგად დანგრეული უკრაინული ქალაქების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და გერმანიის მარშალის ფონდი ახალი ინიციატივა Ukraine Cities Partnership (უკრაინის ქალაქების პარტნიორობა) შეუწყობს ხელს. UCP აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და ითანამშრომლებს უკრაინის მთავრობასთან, ევროკავშირთან, მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან და ორმხრივ დონორებთან. მისი მიზანია, დაეხმაროს მიმღებ ქალაქებს მათი რეკონსტრუქციისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფაში. ახალი ინიციატივის ამოცანაა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობით, უკრაინელებს დაეხმარონ ქალაქების ხელახალ პროექტირებასა და ინკლუზიურ და მდგრად მშენებლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი და მარშალის ფონდი პროცესში ჩართავენ ექსპერტებს, ფინანსურ პარტნიორებს, ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და ფონდებს. ძალისხმევა კოორდინირებული იქნება უკრაინის მთავრობასა და ევროკავშირთან. პირველ ეტაპზე სამი ქალაქის აღდგენის სამწლიანი ინიციატივა ოფიციალურად 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდება ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებს მიეძღვნება. სავარაუდოდ, ამ კონფერენციაზე გამოცხადდება კონკრეტული სამი ქალაქიც. ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში 486 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად  

მეთიუ მილერი: „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას იემენში „ჰუსიტების“ მიერ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. მან მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, იგივე გააკეთონ. „ვფიქრობ, ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალი იყო. „ჰუსიტები“ აგრძელებენ ამ უგუნურ თავდასხმებს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახლა კი მათ ჰყავთ ტრაგიკულად დაღუპული უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები. ასე რომ, აშშ გააგრძელებს „ჰუსიტებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ თავდასხმებზე, რამაც არა მხოლოდ შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, არამხოლოდ დაარღვია ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო წყლებში, არამედ, ახლა ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი,“ – განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა.  

Bloomberg: უკრაინის მოკავშირეებმა 800,000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საჭირო დაფინანსება თითქმის მოიპოვეს

უკრაინის მოკავშირეებმა თითქმის მოიპოვეს საჭირო დაფინანსება 800,000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად, ჩეხეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ინიციატივის ფარგლებში, იტყობინება Bloomberg 6 მარტს, ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. იმის გამო, რომ უკრაინისთვის აშშ-ის 60 მილიარდი დოლარის დახმარება კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ განიცდიან საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე გაასაჯაროვა ინიციატივა 800,000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის თაობაზე, რომელსაც უკრაინის მოკავშირეები პერიოდულად უერთდებიან. ბოლოს ამ ინიციატივას საფრაგეთი, გერმანია და ლატვია შეუერთდნენ.  

ჩეხ მილიარდერს სურს, უკრაინას მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმაროს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი უკრაინას დახმარებას სთავაზობს. ჩეხურ AS ჯგუფს სურს "ასობით მილიონი ევროს" ინვესტიცია განახორციელოს უკრაინაში, რათა კიევს მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმაროს,“ განუცხადა კომპანიის მილიარდერმა მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხალ სტრნადმა ჟურნალისტებს. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. CSG სახელმწიფო კომპანია Ukroboronprom-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს შესაძლო ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზნით და ეძებს შესაფერის ადგილებს საარტილერიო და სატანკო ჭურვების, ასევე მძიმე ტექნიკის დასამზადებლად. უკრაინას მარაგები ეწურება იმ ფონზე, როდესაც კონგრესში შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება შეჩერებულია და ევროპული ქვეყნები ცდილობენ, ხარვეზი საკუთარი მარაგებით შეავსონ. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი - საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში ორი პირი მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული. აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მარკესის შვილებმა გამოაქვეყნეს ბოლო რომანი, რომლის გასაჯაროებაც მწერალს არ სურდა

გაბრიელ გარსია მარკესის შვილებმა გამოაქვეყნეს მწერლის ბოლო რომანი, რომლის განადგურებაც თავად მწერალს სურდა. BBC Radio-სთან ინტერვიუში გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთმა ვაჟმა გონსალომ წიგნის გამოქვეყნების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბრიელ გარსია მარკესი არ იყო შესაბამის მდგომარეობაში, რომ ადეკვატურად განესაზღვრა ნამუშევრის ღირებულება და მას ტექსტში მხოლოდ ხარვეზის დანახვა შეეძლო. ის ამბობს, რომ ტექსტის წაკითხვისას მამამისის ახალი, უნიკალური მხარე დაინახა. გონსალო გარსია ბარჩამ ასევე აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან აღნიშნული ტექსტი აუცილებლად გამოქვეყნდებოდა და ოჯახმა გადაწყვიტა, გასაჯაროებულიყო წიგნის ის ვერსია, რაც მათ მოიწონეს. ხელნაწერი ტეხასის უნივერსიტეტში ინახებოდა. რომანის საბოლოო ვერსიის რედაქტორი გამომცემლობა Planeta Unidos-ის მთავარი რედაქტორი კრისტობალ პერაა, რომელიც თავის დროზე ამ ნაწარმოებზე მარკესთან ერთად მუშაობდა. მან BBC-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ ნაწარმოებისთვის, რომლის პირველ „შავ ვარიანტზე" მარკესმა მუშაობა 2004 წელს დაასრულა, არცერთი სიტყვა არ დაუმატებია. რომანი „აგვისტომდე" ("En Agosto nos Vemos") ეხება შუახნის ქალს, რომელიც ყოველ ზაფხულს მარტო მიემგზავრება კუნძულზე დედის საფლავის მოსანახულებლად და ყოველი მოგზაურობის დროს თან ახალი შეყვარებული ახლავს, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებაში მყოფი ბედნიერია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გარსია მარკესი ყურადღებას ამახვილებს ქალ პროტაგონისტზე. კოლუმბიელი ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი 2014 წელს გარდაიცვალა. 6 მარტს მარკესს 97 წელი შეუსრულდებოდა.  

ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში „არსებული ინტენსივობით“ ომის წარმოება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია

ნავთობის მაღალი ფასები, სამხედრო ინდუსტრიის ინვესტიციები და სანქციების გვერდის ავლა რუსეთს საკმარის რესურსს აძლევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის მსგავსი ინტენსივობით სულ მცირე ორი წლის განმავლობაში განაგრძოს. ამის შესახებ ლიეტუვის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო. ანგარიშის თანახმად, ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება, ათი წელიც კი გაგრძელდეს. „ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია NATO-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იs თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს,“ - ნათქვამია ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში. პუტინი NATO-ს წინააღმდეგ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებას იწყებს - ISW  

„კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს“ - გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი პუტინს შეხვდა

მოლდოვის ავტონომიური რეგიონის გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ინფორმაციას გაგაუზიის ხელმძღვანელი, ევგენია გუცული ავრცელებს. ამასთან, კრემლის ვებგვერდზე კომენტარის გარეშე გამოქვეყნდა შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც გადაღებულია ახალგაზრდული ფესტივალის მიღმა, შავი ზღვის კურორტ სოჭში. „ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ცდილობს,“ - წერს გუცული ტელეგრამ არხზე. ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა. „კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს, ჩვენს ბიუჯეტს ზღუდავს, ჩვენს კანონიერ უფლებებს არღვევს, გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას იწვევს,“ - აღნიშნა გუცულმა. Reuters-ი წერს, რომ გუცულს მჭიდრო კავშირები აქვს გაქცეულ პრორუს ბიზნესმენ ილან შორთან. მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული. რაც შეეხება გაგაუზიას, ეს არის ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაგაუზიის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებენ მოსკოვის მხარდაჭერას. გაგაუზიაში 2023 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 93 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეა.  

„არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია“ - ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრაზე

დავით ხიდაშელს არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და მით უმეტეს, არც ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, რომლის თანახმად, ის დავით ხიდაშელს შეხვდა. მისივე თქმით, „ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ის, რომ "მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა და რუკები ჩამოიტანა არქივიდან." „დავით ხიდაშელმა დამირეკა, მე მას არ ვიცნობდი, საინტერესო მოსაზრებები მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებითო. ეს ვიდეო რომ გავრცელდა, ვერ მივხვდი ამ „ტაშფანდურის“ მიზეზი რა იყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ კაფეში ისე, რომ მიმტანს და ყველა იქ მჯდომ ადამიანს ესმოდა. შემდეგ მივხვდი, რომ თურმე „დროას“ ხალხია, რომლებსაც ყოველდღე უნდა შეახსენო, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და მგონი ეს სიხარული და „ტაშფანდური“ იმით იყო გამოწვეული, რომ დავით ხიდაშელს შევხვდი. გულახდილად გეუბნებით, ხიდაშელს არანაირად არც ანტიდასავლური, არც პრორუსული და არც მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს „ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო რუსეთთან შეთანხმება და შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და თუ შესაძლებელია, რომ ეს სატრანზიტო მოძრაობა ამ შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს იმ შეთანხმებით, რომელიც 2011 წელს „ნაცმოძრაობამ” გააფორმა რუსეთთან. მაგრამ ჩემი დიდი პასუხები არც დასჭირვებია, თავადვე კარგად ესმის და თავისი პოზიციაც გამოხატა, რომ დღევანდელ ვითარებაში, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა და ახდენს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, რაიმე მოლაპარაკება, საერთაშორისო მონაწილეობით მითუმეტეს რუსეთთან, პრაქტიკულად არა შეუძლებელია, არამედ გამორიცხულია, ამას პერსპექტივა არ გააჩნია და ეს თვითონაც კარგად ესმის. მაგრამ, მაინც აქ ბევრი რამ განაპირობა თვითონ დავით ხიდაშელის მიმართ დამოკიდებულებამ. გახსოვთ, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც ამხილა ამათი ბელადი, ის, რომ სააკაშვილმა ტერიტორიები გაასხვისა, რუკები ჩამოიტანა არქივიდან. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მიზეზი, რომ „დროა” ფინანსდება რუსული ბიუჯეტიდან, რომ დავით ხიდაშელი მათ პირად მტერს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში მათ ბელადს უპირისპირდება, ეს იყო განმაპირობებელი ამ აჟიოტაჟის, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია,” - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად აშშ-ის არმიის სახსრების გამოყენებას განიხილავს - Bloomberg

ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, გამოიყენოს 200 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის არმიის დაფინანსებიდან, რათა დაუყოვნებელი დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, მაშინ როცა უფრო მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველყოფა, კონგრესში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. დროებითი სახსრები შეიძლება, კრიტიკული მარაგებისა და იარაღის შესავსებად გამოიყენონ. პენტაგონის რეზერვების გამოყენება უკრაინას დაახლოებით 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა წყარომ Bloomberg-ს განუცხადა და განმარტა, რომ არმიის თანხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. CNN: პენტაგონი განიხილავს $4 მილიარდის „რეზერვის“ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად  

ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. პეკინის განმარტებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქებისთვის. „ვიმედოვნებთ, რომ ასევე მეტი ქვეყანა შესთავაზებს ჩინეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის გამარტივებას, იმუშავებს ჩვენთან ერთად ტრანსსასაზღვრო მოგზაურობისთვის დაჩქარებული ქსელის შესაქმნელად და საერთაშორისო სამგზავრო რეისების სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ვან იმ. ჩინეთი 6 ქვეყანას უვიზო მიმოსვლას სთავაზობს ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო - ირაკლი კობახიძე  

სომხეთმა საბერძნეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა

ხუთშაბათს კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ საბერძნეთის მთავრობასთან სამხედრო-ტექნიკიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამ შეთანხმების დებულებები განსაზღვრავს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მიმართულებებს; კერძოდ, ახალი ტექნოლოგიებისა და სამხედრო პროდუქტების კვლევის ხელშეწყობა, თანამშრომლობა განვითარებასა და წარმოებაში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით — და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა, ტექნოლოგიების გადაცემა და ტექნიკური მხარდაჭერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას საბრძოლო მასალის წარმოებაში, სამხედრო აღჭურვილობისა და მათი წარმოების კვლევების ჩატარებას, მათი წარმოებისთვის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნას. შეთანხმება ითვალისწინებს ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობის საშუალებებს, მათ შორის ტექნიკური პერსონალის მომზადებას და მესამე ქვეყნებში წარმოებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ასევე, დაგეგმილია სომხურ-ბერძნული კომისიის შექმნა ამ შეთანხმების განხორციელებისა და ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.  

სამხრეთ აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

სამხრეთ აფრიკას სურს, ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სწრაფი წესით სარჩელის შეტანით მიაღწიოს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას. ისრაელი აცხადებს, რომ რეგიონს ახლა მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ვიდრე ომამდე. კერძოდ, ბოლო ორ კვირაში რეგიონში დღეში საშუალოდ სურსათით დატვირთული 102 სატრანსპორტო საშუალება შედიოდა, რაც 50 პროცენტით მეტია, ვიდრე ომამდე. ეს არ არის სამხრეთ აფრიკის პირველი სარჩელი, რომელიც ამ ქვეყანამ ჰააგის - გაეროს სასამართლოში შეიტანა. სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებით, ისრაელს დაევალა მიიღოს ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული გენოციდი. გაეროს მონაცემებით, რეგიონს ემუქრება შიმშილობა, თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ გაფართოვდა. 6 მარტს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, რასაც უნდა მოჰყოლოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდა. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად სამხრეთ ისრაელში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 240-მდე მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.