ძებნის რეზულტატი:
„სერგეი კოტოვის“ დაკარგვა, რუსეთის საზღვაო ძალებს შავ ზღვაში მანევრირების თავისუფლებას შეუზღუდავს - ბრიტანული დაზვერვა
უკრაინული ძალების მიერ კიდევ ერთი რუსული საპატრულო გემის ჩაძირვა შეზღუდავს რუსეთის საზღვაო ძალების მანევრირების თავისუფლებას შავ ზღვაში. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ახალ ცნობებში წერს. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, „სერგეი კოტოვი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მხოლოდ 2022 წლის ივლისში შევიდა. მანამდე ის 2023 წლის ივლისსა და სექტემბერში იყო ეკიპაჟის გარეშე ზედაპირული მანქანების სამიზნე, მცირე დაზიანება მიიღო და ორივე შემთხვევაში მალევე დაბრუნდა ექსპლუატაციაში. სამინისტრომ განმარტა, რომ „სერგეი კოტოვი„ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამე გემია, რომელიც ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ჩაიძირა. „სავარაუდოდ, შავი ზღვის ფლოტის დანაკარგების გამო, 2024 წლის 15 თებერვალს, შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინა აგრძელებს შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მანევრირების თავისუფლების შეზღუდვას," - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. 5 მარტს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) განაცხადა, რომ თავდასხმისას ჩაძირეს რუსული საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი.“ მოგვიანებით, HUR-მა განაცხადა, რომ გემზე საზღვაო თვითმფრინავის თავდასხმას ეკიპაჟის შვიდი წევრის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ 6 მარტის 07:00 საათისთვის შავ ზღვაში რუსული ხომალდი არ იმყოფებოდა. ზელენსკი: რუსი ტერორისტებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება შავი ზღვა პუტინის საზღვაო ძალებისთვის უსაფრთხო აღარ არის - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი
იულია ნავალნაიამ და ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიპატიჟებას უარით უპასუხეს - მედია
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქვრივმა, იულიამ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენამ, უარი განაცხადეს თეთრი სახლის მიპატიჟებაზე, დაესწრონ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლას კონგრესის წინაშე. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი და „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებენ. როგორც The Washington Post-ი წერს, ნავალნაია და ზელენსკაია, აშშ-ის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის, სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ. იგეგმებოდა, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლო იქნებოდნენ. გამოცემის ცნობით, ნავალნაიას მიწვევამ უკრაინის მხარის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმის გამო, რომ მისი ქმრის მიმართ უკრაინის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განუცხადეს, რომ თეთრ სახლში გამოსვლა ზელენსკას სამუშაო გრაფიკს არ დაემთხვა. როგორც The Washington Post-ი წერს, ზელენსკას უარის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება, ისიც იყოს, რომ კიევს არ სურს ვაშინგტონში ასოცირდებოდეს ბაიდენთან. „უკრაინა აქტიურ ლობისტურ სამუშაოს მიჰყვება რესპუბლიკური პარტიის კანონმდებლებთან, რათა მათ მოიწონონ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი,“ წერს ამერიკული გამოცემა. ვიზიტზე უარი თქვა ნავალნაიამაც,რაც მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა იმით ახსნა, რომ ნავალნაიას დასვენება ესაჭიროება ქმრის გარდაცვალებისა და ამასთან დაკავშირებული მოგზაურობების გამო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 მარტს ვაშინგტონში ტრადიციული ყოველწლიური მიმართვით უნდა გამოვიდეს.
ერევანმა მოსკოვს წერილობით აცნობა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ
სომხეთმა რუსი მესაზღვრეების მიერ ერევნის აეროპორტის დატოვება ოფიციალურად მოითხოვა. ერევანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთს ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გრიგორიანის თქმით, ხელისუფლების პოზიციაა, რომ აეროპორტში სომხეთის სასაზღვრო ჯარებმა უნდა იმსახურონ. მისივე განმარტებით, სომხეთს შეუძლია ამის გაკეთება. სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესაძლებლობას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მანამდე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ბულგარეთმა უკრაინისთვის დაპირებული ჯავშანტექნიკის გაგზავნა დაიწყო
ბულგარეთის მთავრობამ უკრაინისთვის დაპირებული ჯავშანტექნიკის გაგზავნა დღეს დაიწყო. მთლიანობაში, უკრაინაში 110 ჯავშანტრანსპორტიორი გაიგზავნება. მათ ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელია თავდაცვის სამინისტრო. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარევის განცხადებით, ბულგარეთის დახმარება უკვე 47 მილიონ ევროს შეადგენს. დეკემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უფასო მიწოდებას. თუმცა, მოგვიანებით ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პრეზიდენტ რადევის ვეტო გადალახა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი აჭიანურებს უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას, რადგან თავდაცვის სამინისტრომ NATO-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა სთხოვა.
გარი კასპაროვი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამაარსებელი გარი კასპაროვი „როსფინმონიტორინგის“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით. გასული წლის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპაროვისა და მისი თანამებრძოლის, ივან ტიუტრინის მოქმედებებში, უკრაინის მხარეს მეომარი რუსი მოხალისეების დასახმარებლად მოწყობილი აუქციონის გამო, „დანაშაულის ნიშნები“ დაინახა. გარი კასპაროვი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში, რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან რუსეთი დატოვა. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის, აშშ-ის მედიაში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6581 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8904 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8851 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მედია ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება
მედია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება. ბერძნული მედია წერს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. უკრაინული წყაროები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. გაზეთი Proto Tema საბერძნეთის მთავრობის ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა. ვარაუდობენ, რომ შეტევა განხორციელდა მაშინ, როდესაც ზელენსკის კოლონა ბერძნული დელეგაციის გვერდით იმყოფებოდა. გამოცემა წერს, რომ ბერძნულ დელეგაციაში არავინ დაშავებულა. ნოემბერში ზელენსკიმ ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს განუცხადა, რომ მის მკვლელობას „სულ მცირე ხუთჯერ ან ექვსჯერ“ ცდილობდნენ რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. ცნობისთვის, კითხვას, გამოიყენებს თუ არა უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „მოკვლის შანსს“, ზელენსკიმ უპასუხა: „ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მიწა.“
ისლანდიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან: არ უნდა შევეგუოთ მსგავ სიტუაციას, გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ,“ წერს სამინისტრო. „ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა, გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს,“ - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.
ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნის დროს, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები. ზელენსკიმ ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. „დავინახეთ დღეს ეს დარტყმა. ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე. მათთვის სულ ერთია სად დაარტყან. კონკრეტულად ყველა დეტალი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის მსხვერპლი, არიან დაღუპულები, არიან დაჭრილები… მათთვის [რუსეთისთვის] სულ ერთია - სამხედროები არიან, თუ სამოქალაქოები, ვინც არ უნდა იყოს. საერთაშორსო სტუმრებიც არიან დღეს [ოდესაში]. ამ ხალხისთვის სულ ერთია. ისინი ან ჭკუიდან შეიშალნენ, ან საერთოდ არ აკონტროლებენ, რას აკეთბს მათი ტერორისტული არმია. აი ამას ვხედავათ,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანას საჰაერო დაცვის სისტემბი სჭირდება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ აფეთქება მათგან ახლოს მოხდა. „ჩვენ ვიყავით ოდესის პორტში. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი შტაბი გვაჩვენებდა და გვიხსნიდა პორტის მნიშვნელობას და იმას, თუ რა კეთდება უკრაინული საზღვაო გზის აღსადგენად და გასაძლიერებლად და რა ზიანი მიიღო მან თავდასხმების დროს. უკვე სულ ბოლოს სირენების ხმა და აფეთქებების ხმა გავიგეთ, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს იყო. დაცულ ადგილში გასვლა ვერ მოვასწარით, ეს ძალიან ამაღელვებელი გამოცდილება იყო,” - განაცხადა მიცოტაკისმა. მანამდე ბერძნული მედია ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყებოდა.
საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ვერასდროს იარსებებს პრორუსული მთავრობა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცნობილია, ამჟამინდელი პრემიერი როგორც ამკობდა დასავლეთის წარმომადგენლებს, თუმცა ის პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არავინ გაპატიებს პრორუსულობას. მას ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე დაუსვა შეკითხვა, ხედავს თუ არა იმის ნიშნებს, რომ მთავრობა პრორუსულია. „ნათლად უნდა გავიგოთ - კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს, რომ ის, ვინც მანამდე სათავეში იყო, განადგურდება და თამაშიდან საერთოდ წავა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ იგივე „ქართული ოცნება“ რაღაც როლს ითამაშებს. დღეს, საარჩევნო პირობებში, კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვიცით საერთო რა არის - ევროკავშირთან მოლაპარაკება. აბა, ვინმემ თქვას, რომ არ უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას. მე მგონი, ვერავინ ამას ვერ გაბედავს. ვინც ევროკავშირის თემაზე თანხმდება, ყველასთვის მარტივია, რომ კოალიციურ მთავრობას შეუერთდეს. ამ მთავრობის დანიშნულება ძალიან მკაფიო იქნება. შეიძლება ეს ცხრავე რეკომენდაციის შესრულება არ იყოს, მაგრამ უნდა შევასრულოთ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო. არა მგონია, აუცილებელი იყოს ჩემს მთავრობაში ყოფნა. მე ვარ იქ სადაც ვარ, მგონი ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს. რაც უფორმო ხშირად ამბობენ, რომ არანაირი როლი არ მაქვს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ალბათ აქვს. ამ პერიოდში მით უმეტეს. ეს არის მცდელობა, რომ ყველა მხარეს შორის რაღაცნაირი ერთობა იყოს და ვნახოთ, სად არის ის საერთო წერტილები, რომლებზეც შეიძლება აშენდეს ჩვენი მომავალი ნაბიჯი ევროპისკენ,“ - უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კოალიციურ მთავრობაში. მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მთავრობის სტრატეგიაზეც ჰკითხეს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია დიდი ხნის წინ უნდა შემუშავებულიყო. კითხვას, არის თუ არა რუსეთის ინტერესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამაზე ფიქრი არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესი. „ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე რა არის რუსეთის ინტერესი, ბოლომდე არასდროს გვეცოდინება რა არის მისი ინტერესი, უნდა ვფიქრობდეთ რა არის საქართველოს ინტერესი. მე მჯერა, რომ დღეს დადგა დრო რომ საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალ პარტიული წყობის შემოტანა. ეს არის საქართველოს ინტერესი. რუსეთის ინტერსზე რუსებმა იფიქრონ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. „საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას - მმართველ პარტიას, თუ ის იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს და ისეთი სიტყვებით ამკობდა მათ, მაგრამ ჩავიდა სად? ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომლებიც საინტერესოა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვას, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერსების თანხვედრას, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არის, რაღაც ნიშნები“. „არის რაღაც ნიშნები. რაც არ უნდა თქვან ამათმა (ქართული ოცნება), რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და "ოცნებას", ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც ეს კი გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები ის მთავრობა, ის ძალა ვერ იარსებებს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის ნება არსებობს, რომ არასდროს დაბრუნდეს რუსეთის წიაღში,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი შეიძლება, იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. „არჩევნებში რუსეთის ჩარევა ხდება ბევრ ქვეყანაში, ძალიან ძლიერ ქვეყნებში, ვნახეთ ამერიკის არჩევნებში, ალბათ, ამჯერადაც იქნება რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამერიკაში რომელიმე ძალა აუცილებლად პრორუსულია ან რუსეთისთვის კომფორტული. შეიძლება, რაღაც იმედი ჰქონდეს ერთი მხარის, ვიდრე მეორის. ჩვენთანაც ასე არის, მათ იმედებზე უფრო არის დაყრდნობილი. აქ მთავარი არის ის, რომ რუსეთის ჩარევა ნიშნავს, რაღაც ჯგუფების დაფინანსებას, უკვე ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას. მარგინალური ჯგუფების გაძლიერებას, რუსული პირდაპირი პროპაგანდა და ამ პროპაგანდის თემები - შეიძლება მათი მიზანი იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ წინასწარ არ გვეცოდინება, რას ემსახურება რუსული ჩარევა არჩევნებში, მაგრამ ვიცით , რომ კიბერშეტევები იქნება, იყო უკვე ჩვენთან სხვადასხვა მედია საშუალებებზე გატარებული კიბერშეტევები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ყველაფრისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვთვლიდეთ, რომ ისეთი საფრთხეებია, რომელსაც ვერ დავძლევთ. მართალია, რომ რუსეთს აქვს გამოცდილება, კარგად იცის ქართული ხასიათი, წლების მანძილზე გამოსცდა ეს, ამავე დროს ჩვენ არანაკლები გამოცდილება გვაქვს, 70-წელზე მეტი, თუ რა შეუძლია რუსეთს და რა ფორმით შემოდის ჩვენთან. ამიტომ ვიტყოდი, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მომზადებულია და ნაკლებად მიამიტი, ვიდრე ბევრი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ამ შემთხვევაში ვარ ოპტიმისტი. ვთვლი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: „ოცნება“ ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი
„ოცნება“ ოცნებობს, რომ მე გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ავიწყდებათ, რომ თავად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები,“ ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. „ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები. ვინც დღეს ლაპარაკობს „ოცნებაში“, ეს არ ეხება 2012 წლის „ოცნებას“, ვინც დღეს ლაპარაკობს და ძალიან თავი მოაქვს, მე მაბრალებს, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი ლიდერი ან ვიქნები და უნდათ, რომ ხალხს ასე დააჯერონ. თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? მე სად ვიდექი გაიხსენონ, ესენი არ მახსოვს არცერთი არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ეს არის რაღაც ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩევლებს და ჰგონიათ, რომ თუ ათასჯერ იტყვიან დააჯერებენ ამაში,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება
გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 5 მარტს გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.
ოქროს ფასი რეკორდულად მაღალია
ოქროს ფასი რეკორდულად მაღალ მაჩვენელებს აღწევს. ოქროს ფასმა ნიუ-იორკ Comex-ის ბირჟაზე რეკორდულ 2154,3 დოლარს მიაღწია, რაც წინა რეკორდს 2150 დოლარის ოდენობით გადააჭარბა.
პრეზიდენტი: დათმობად მიამჩნია მოსკოვიდან ფრენების გახშირება N რაოდენობით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, თუ, როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას რუსეთთან. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა პრინციპებს შორის ისე უნდა მოქმედებდეს, რომ ისეთი რაღაცები არ დათმოს, რაც შემდეგში სახიფათო იქნება. „მთავარი პასუხისმგებლობა, როცა მართავ საგარეო პოლიტიკას, ძალიან რთულ ქვეყანაში, ძალიან რთულ პირობებში, რთულ გარემოში, არის ის, რომ შენი პოლიტიკა გაატარო, ჩვენი პოლიტიკა კი არის, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ იმ სივრცეში, სადაც მეტი უსაფრთხოება, მეტი დაცულობა, მეტი განვითარებაა და ეს ისე გავაკეთოთ, რომ ზედმეტი რეაქცია არ გამოვიწვიოთ რუსეთის, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რა და რა მომენტში შეიძლება, რუსეთს ჰქონდეს არა რეაქცია, არამედ, თავის აქცია. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში იყო მისი აქცია, აგრესია იყო და არა რეაქცია რაღაც ქმედებებზე. ამიტომ, ძალიან თავის შეკავება და პრინციპებზე უარის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამით რუსეთს ვასიამოვნებთ, არასწორი მგონია. რაღაც კონფრონტაციისგან თავი რომ შევიკავოთ, შემიძლია, გავიგო, მაგრამ ეს ბალანსი და რაღაც ოქროს ხაზი ყველაზე რთული და ყველაზე საჭიროა ამ ქვეყნისთვის ამ მომენტში. მაგალითად, მე დათმობად მიამჩნია გახშირება ფრენების მოსკოვიდან აქ N რაოდენობით, რომელსაც არ ვაკონტროლებთ, ასევე რუსების შემოსვლა, რომელსაც არ ვაკონტროლებთ. მაგალითი რომ ავიღო, სწორედ ამ რუსების შემოსვლაზე, ძალიან მარტივი იყო, როგორც კი დაიწყო ეს დიდი ტალღა, ჩვენ გვეთქვა, კი მოვიდნენ, კი შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ შევცვლით ვიზის ხანგრძლივობას, გადავიდეთ 3 თვეზე და გვქონდეს მეტი მართვა იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაღაც ინციდენტები, ამან რაღაც სხვა რეაქციები არ გამოიწვიოს, ეს არ მოხდა. დღეს ეს რომ გააკეთო 2 წლის თავზე, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც კონფრონტაციული ნაბიჯი - როგორ, ის, რაც მიღებულია, შემოვდივარ, გავდივარ, როგორც მინდა, ცოტა შეზღუდვებით, დღეს უკვე შენ რაღაც ჩემს მიმართ აგრესიულ ნაბიჯს იღებ, რომ ამ საშუალებას მიწყვეტ. იგივე არის ფრენებზე, ფრენები შეიძლება, დართო ერთი ან ორისთვის, თუ გადაწყვიტე და ერთობლივადაა გადაწყვეტილი, მაგრამ მასიურად რომ უშვებ და რეალურად ამაზე ძალიან ცოტა კონტროლი გვაქვს, თუ რომელიმე დღეს შეიცვლება სიტუაცია, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით ვთქვათ, რომ ეს ზედმეტია, ეს უკვე გამოჩნდება როგორც კონფრონტაციული. ამიტომ წინსწრებით, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა არ არის მისაღები და ამ პრინციპებს შორის ვმოქმედებდეთ, რომ არ დავთმოთ რაღაცები, რომელიც მერე შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: არის სურვილი, მომნათლონ ათეისტად, ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან და ზიარებაზე დადიან სურათებისთვის, ამას იყენებენ პიარისთვის
„ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ათეისტად, (არიან, რედ.) ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპატრიარქოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „იმედი აქვს, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართული, პროევროპული და არა პრორუსული პატრიარქი.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არის მისი დისკრედიტაციის მუდმივი მცდელობა. მისივე შეფასებით, თუ პრეზიდენტს „არანაირი როლი“ არ აქვს, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია. „ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მე მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი , ათეისტად. ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის და ამ ყველაფერს იყენებენ პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში. მე არ შევცლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა. მე ეს ვთქვი იმ კითხვაზე პასუხად - არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული და პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორც იყო ქართული ეკლესია - პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ რომ ქართულმა ეკლესიამ შეინარჩუნა კი არა დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში. ეს მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი. უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები, როდესაც ხალხს უტრიალებენ, ვითომ შეურაცხყოფას, რომ როგორ შეიძლება, ასეთი რამე თქვა, არაფერი არ მითქვამს. მაგრამ მე არ შემიძლია, გავჩუმდე იმაზე, რომ არის მცდელობა მუდმივი დისკრედიტაციის, ყველა კუთხით. ამავე დროს სულ მიდის საუბარი, რომ პრეზიდენტი არაფერი არა არის, არ აქვს არანაირი როლი, არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს, თუ ასეა, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად? ყოველდღიურად ისმის ჩემი სახელი სხვადასხვა ბრალდებით. მე ვარ ის, რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ, არაფერი შეცვლილა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. კობახიძის თქმით, გამაოგნებელია პრეზიდენტის განცხადება საპატრიარქოსთან დაკავშირებით
პრეზიდენტს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე „ძალიან ბევრი კითხვა“ აქვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე "ბევრი კითხვა" აქვს. პრეზიდენტი აღნშნავს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის, საქართველომაც უნდა ჩამოაყალიბოს, "მაგრამ ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის, ესეც ბალანსია". დოკუმენტის ირგვლივ და იმაზე, თუ როგორ დაახასიათებდა პრეზიდენტი მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკას, სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა ორბელიანების სასახლეში, სადაც ის ჟურნალისტებს შეხვდა. „წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა იმპერიათა შორის ბალანსს აწარმოებდა, ეს სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა გარემო. დღეს უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაცა ლავირება. შეიძლება ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა, ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. მე მეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებასო საგარეო პოლიტიკაში, როცა პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო. კონსტიტუციაში ასე წერია", - თქვა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის დაზუსტებაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს იგი, სად შემუშავდა დოკუმენტი? - პრეზიდენტი პასუხობს: "არ ვიცი, ალბათ ჩინეთში" - და აგრძელებს: "წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის ორი გაუგებარი აბზაცია. ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას: ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი და რაღაცა არის აღირებული, შემდეგ გარკვეულად, მკაფიოდ არის საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს. მეორე არის ჩვენი შეფასება ჩინეთის მმართველობის, როცა ჩვენი მოდელი მიდის დემოკრატიული რეფორმებისკენ და არა ერთპარტიული მმართველობის მოდელის შეფასება და დაფასება. ამიტომ ძალიან ბევრი კითხვაა ამ დოკუმენტის მიმართ," განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 თებერვალს ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House-ის) ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიურდება საქართველოში.
პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს
„მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს ვინმეს [ცესკოს] თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარისთვის ოპოზიციონერი მოადგილის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს ოპოზიციონერი მოადგილე ჰყავდეს, რადგან ამ შემთხვევაში მოსახლეობას განცდა აქვს, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია. მისივე თქმით, თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, „ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ.“ „მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შერეული იყოს პოზიციისა და ოპოზიციის ხმებს შორის ისეთი თანაფარდობით, რომ წარმოდგენა შეიქმნას, თითქოს, კანდიდატის ირგვლივ რაიმე კონსენსუსი მაინც არსებობდა. გარდა ამისა, ოპოზიციონერი მოადგილე, რომელიც ახალ პროექტში გააუქმეს, საჭიროა. ესეც მოსახლეობას უქმნის განცდას, რომ პროცესში ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია და საქმის მიმართ მეტი ნდობა უჩნდებათ. მე კონსპირაციის თეორიებიც გავიგე, თითქოს, ვინმეს თავმჯდომარის მოკვლა უნდოდა და ამ შემთხვევაში არჩევნებს ოპოზიცია ჩაიგდებდა ხელში. თუ არჩევნებს არავინ აკონტროლებს, მაშინ ვის რა უნდა ჩაეგდო ხელში? ამ ყველაფრის გამო, ჩვენ ვეტოს ახალ რედაქტირებაში მათ შევთავაზეთ, რომ კონსპირაციის თეორიები დასრულდეს, ცხადია, მე ვისურვებდი, რომ ცესკოს თავმჯდომარეს არაფერი მოუვიდეს. თავმჯდომარეს ეყოლებოდა ერთი მოადგილე და მეორე ოპოზიციური მოადგილე თავის ოპოზიციურ როლში დარჩებოდა, მხოლოდ საქმის კურსში იქნებოდა და ნდობის მხრივ, პროცესს რაღაცას შემატებდა. როდის აქვს ხალხს არჩევნების შედეგის მიმართ უნდობლობა? როცა არ ენდობიან პროცესს ან იმათ, ვინც ამ პროცესს უძღვება, ამიტომ ყველას ინტერესია, რომ რაც შეიძლება მაღალი ნდობა იყოს ცესკოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიმართ. თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს, ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება. ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი სოჭში პუტინს შეხვდა
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ სოჭში შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განეხილათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ გროსიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. შეხვედრის სხვა დეტალები არ გახმაურებულა. გროსიმ შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისივე თქმით, განხილულ საკითხებს შორის იყო სხვა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ „გლობალური გამოწვევები.“ უკრაინის ომის გამო, ატომური ენერგიის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - გროსი
საბერძნეთის პრემიერი ოდესაში: ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ ვერ გავჩუმდებით
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, მსოფლიოში „უკრაინით შესაძლო დაღლილობის“ ნიშნებზე საუბრისას მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს, დაეხმარონ კიევს ყველაფრით, რაც შეუძლიათ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღონ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინის დასაცავად. „ომი დაიწყო ევროპის გულში, მაგრამ ევროპელებმა არ იცოდნენ, რა იყო ეს და რამდენად შორს შეიძლებოდა, წასულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი არღვევს ყველა წესს და ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით ნეიტრალური. ეს ომი ყველას ეხება, ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ.“ „თითოეულმა ქვეყანამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რათა დახმარება იყოს სტაბილური, არ მოხდეს შეფერხებები და მათთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც საჭიროა,“ - განაცხადა მიცოტაკისმა. ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა
„რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანი“ - მიშელი ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს თავდასხმაზე
ოდესაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს დარტყმა, რუსეთის ლაჩრული ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე წერს. მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ქმედება კრემლის სტანდარტებითაც კი მდაბიო საქციელია. „უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერა არ შეირყევა,” - წერს მიშელი. ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა