ძებნის რეზულტატი:

რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კურსკის, ვორონეჟის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ აცხადებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, „უკრაინული უპილოტოს“ იერიშის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა საწვავის რეზერვუარს. სტაროვოიტი, რომელიც კონკრეტულ ობიექტს არ ასახელებს, აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწვავის საცავს. ეს კომბინატი ჰოლდინგ „მეტალოინვესტის" შემადგენლობაშია. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ 3 დრონის „ჩამოგდების“ შესახებ იუწყება ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი და 1 დრონის შესახებ - ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. მათი წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება. 5 მარტს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს. უკრაინული მედია სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ობიექტს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით არაერთი დარტყმა იყო. 5 მარტს რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქების შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს. უკრაინული მედია სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ ობიექტს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. ბოლო თვეებში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში, ნავთობის რეზერვუარებზე დრონებით არაერთი დარტყმა იყო.  

თეთრი სახლი: ზელენსკი არ ითხოვს აშშ-ის ჯარების შეყვანას უკრაინაში

შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, არც პრეზიდენტ ზელენსკის უთხოვია ასეთი დახმარება, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ 5 მარტს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. „უკრაინის შიგნით არ იქნება აშშ-ის ჯარები. პრეზიდენტი ზელენსკი ამას არ ითხოვს. ის უბრალოდ ითხოვს ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს. მას არასოდეს მოუთხოვია უცხოური ჯარები თავისი ქვეყნისთვის საბრძოლველად," აღნიშნა კირბიმ და მან კვლავ მოუწოდა კანონმდებლებს, მიიღონ დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც ამჟამად არის წარდგენილი კონგრესში. კანონპროექტი ითვალისწინებს 61 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რაც სასწრაფოდ სჭირდებათ უკრაინის ჯარებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდიან.  

ამერიკის ელჩი: საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო

„ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით, მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ - საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას,“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ და იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სასურველ მიზანს მიაღწიოს და ამისთვის მას საზოგადოების ყველა სეგმენტის თანამონაწილეობა და საზოგადოების ერთიანობა დასჭირდება. დანიგანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე. „მინდა, შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას აქ საქართველოში და იმ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელსაც ქართველები და ამერიკელები იზიარებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში ვიზიარებთ, ფესვგადგმულია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარულში - დემოკრატიის საკვანძო ელემენტებში. ის ფესვგადგმულია რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვაქვს თავისუფლება ასე მოვიქცეთ, ბევრი შრომითა და თავდადებით შევძლებთ უკეთესი სამყაროს დატოვებას ჩვენი შვილებისთვის. ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ამ მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით, მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ. საქართველომ უკვე მიაღწია შესანიშნავ პროგრესს ამ წლების განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ეს აღიარებულ იქნა, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია გარდაუვალია. ის ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მიერ და არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკვანძო ელემენტი. საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იქამდე მისაღწევად. საზოგადოების ყველა სეგმენტის მხრიდან საჭირო იქნება ამაში საკუთარი როლის შესრულება, ევროკავშირის წევრობის მიზნის მისაღწევად საზოგადოების მხრიდან გაერთიანება იქნება საჭირო. კვლავაც ეს უბრუნდება დემოკრატიის რთულ, მაგრამ აუცილებელ ელემენტებს - ტოლერანტობას, ინკლუზიურობას, კომპრომისს. მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს ამის გაკეთებას და მიზნამდე მიღწევას. ვიმედოვნებ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან, როდესაც თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება საქართველოს პარტნიორი, ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე“, - განაცხადა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს. „გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ისტორიულ გადაწყვეტილებას ყველანი ერთად აღვნიშნავდით. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთმანეთს ყველამ მივულოცეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ფორმალურად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მაგრამ იქამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი. შემდეგი ეტაპი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად მივალთ. იქამდე მისასვლელად საქართველომ ცხრა ნაბიჯი მიიღო, რომელიც უნდა განხორციელდეს. განხორციელების პროცესი გრძელდება. ცხრა ნაბიჯის განხორციელების მდგომარეობას კიდევ ერთი გაფართოების ანგარიშით განვიხილავთ, ამ ანგარიშზე მუშაობა კი ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ. გუშინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან გვქონდა კონსულტაციები, მომავალ კვირას კონსულტაციები ბიზნესთან გვექნება. ჩვენ ხელისუფლების შეხედულებებს მოვისმენთ. ჩვენ ყველას ძალიან გამჭვირვალე გზით ჩავრთავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ოქტომბრამდე, როდესაც კომისია რეკომენდაციებით გაფართოების ახალ ანგარიშს შეიმუშავებს, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით საკმარისი წინსვლა იქნება, რათა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეკომენდაცია იყოს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო ამ წლის დეკემბერში ერთხმად მიიღებს. ასე რომ, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, მეტი პროგრესია, რათა ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს და წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. მისი თქმით, ცხრა ნაბიჯის განხორციელების დონეს დღეს არ შეაფასებს, რადგან ჯერ კიდევ ადრეა. „მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია, რაც ყველა პოლიტიკური ლიდერის დიდ ყურადღებასა და დიდ ენერგიას მიიპყრობს მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯის განხორციელებისთვის ყველამ პარალელურად იმუშაოს, რაც ხელისუფლების ინკლუზიურობას და ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს. ოპოზიციისთვის ეს კონსტრუქციულ მიდგომას ნიშნავს და ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესის მიღწევა მოხდეს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ "დეპუტატს" რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სამ წევრს - გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზას მიხედვით, პოლიტიკოსებმა თავად დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. როგორ სააგენტო „Сапа“ წერს, „დეპუტატებმა“ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის 7 თებერვლის შეტყობინება გასულ კვირაში მიიღეს. მათი თქმით, მიზეზად „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გაძლიერების მოქმედებები“ სახელდება. რაში მდგომარეობს ეს მოქმედებები, დოკუმენტებში არ არის მითითებული. „დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევა უპრეცედენტო ნაბიჯია რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის", წერს გამოცემა. „ცნობილია, რომ გარი მულდაროვი, დავიდ სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის იდეის მომხრეები იყვნენ, მულდაროვი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობდა. სანაკოევი რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის გამო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა. ორივე დეპუტატი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო". მოსკოვის გადაწყვეტილებას „დეპუტატები“ „ქართულ ლობისტებთან“ აკავშირებენ. „ამ „ინიციატივის“ მიზეზები, რომელიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ყველასთვის გაუგებარია. რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების ფონზე ეს მხოლოდ გაურკვევლობას იწვევს. მე ამას რუსეთ- საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობასთან და სამხრეთ ოსეთში ქართველი ლობისტების მუშაობასთან ვაკავშირებ, მე და ჩემი კოლეგები ჩვენს უფლებებს დავიცავთ ყველა კანონიერი გზით და მაქსიმალურად საჯაროდ,“ - განაცხადა სანაკოევმა. „სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს ადგილობრივი „პოლიტიკოსები“ მოსკოვს აწვდიან ინფორმაციას, რის საფუძველზეც მიიღება ასეთი ანტირუსული და ანტიოსური გადაწყვეტილებები. სამხრეთ ოსეთი, ალბათ რუსეთისთვის ყველაზე ახლო და მეგობრული სახელმწიფოა. ნათელია, რა დასკვნას გამოიტანენ საპარლამენტო დეპუტატებისთვის [მოქალაქეობის] ჩამორთმევის მცდელობიდან - რომ რუსეთი ტოვებს თავის მეგობრებს და პარტნიორებს. არ ვიცი რით ხელმძღვანელობდნენ ამ პროვოკაციის ორგანიზატორები, მაგრამ მოქმედებენ მხოლოდ საქართველოს და მისი დასავლელი კურატორების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მულდაროვმა. „ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა: სპეციალური სამხედრო ოპერაციისას (ასე უწოდებს რუსეთი ომს უკრაინაში ავტ.) ეს ყველაფერი კეთდება ხალხის მიერ, რომლებსაც სურთ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილება გამოიწვიოს“, - აღნიშნა მედოევმა.  

საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 6 მარტს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მანიპულაციას უწოდებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ამ მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში.“ „რადიო თავისუფლების“ ეს სტატია არის მანიპულაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად! ეს არ არის პირველი შემთხვევა და მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული პირები ბოლო 2 წლის განმავლობაში! ამ 2 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი ბრალდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით პასუხი რომ არ გაგვეცა და ბუნებრივია, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის დასადასტურებლად, თითქოს, საქართველოში კონკრეტული ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის არაბუნებრივი ზრდა გვაქვს (ამისთვის აღებულია მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იმპორტი) და თითქოს საქართველოდან ეს საქონელი შეიძლება მოხვედრილიყო სანქცირებულ ქვეყანაში (ამ უკანასკნელის არანაირი მტკიცებულება კვლავ არ არის წარმოდგენილი). სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივად გადასამოწმებელია „საქსტატის“ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში (Geostat.ge), რეალურად გაზრდილია თუ არა კონკრეტული ორმაგი დანიშნულებით გამოყენებადი საქონლის იმპორტი საქართველოში: სტატიის მიხედვით: 6-ჯერ არის გაზრდილი აშშ-დან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი (29 ათასი დოლარიდან 179 ათას დოლარამდე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 14-ჯერ, 2.6 მილიონი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე; სტატიის მიხედვით: ინტეგრალური სქემების იმპორტი აშშ-დან ათჯერ მეტია, ვიდრე წინა 5 წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი (ჯამურად, 2 წლის განმავლობაში 50 ათასი დოლარის) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 3-ჯერ, 5.2 მილიონი დოლარიდან 1.6 მილიონ დოლარამდე; სტატიის მიხედვით: 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი (საუბარია 1670 დოლარის ჯამურ ღირებულებაზე) - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი გვქონდა 2019 წელს 5600 დოლარის ოდენობით და 2022 წელს 5700 დოლარის ოდენობით; სტატიის მიხედვით: აშშ-დან ნახევარგამტარების იმპორტში ზრდა გვაქვს 1790 დოლარამდე 2023 წელს - სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი კოვიდ პანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით შემცირებულია 22%-ით, 23.2 ათასი დოლარიდან 18 ათას დოლარამდე. პრაქტიკულად ყველა მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან (აშშ) იმპორტის მაგალითზე, სრულიად აცდენილია რეალურ სურათს და ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი იგივე წყაროზე, რაც სტატიაშია მითითებული: „საქსტატი“ - „საქართველოს იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით (HS 6-ნიშნა) 2015-2024 წლები.“ ძალიან რთულია ოფიციალური სტატისტიკის აუდიტორიისთვის ამ ფორმით მიწოდებას ვუწოდოთ შეცდომა, როცა ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი ყველა ეს ინფორმაცია და ისედაც ცხადია, რომ მოყვანილი საქონლის იმპორტი შიდა მოხმარების საშუალო მაჩვენებელსაც კი არ აღემატება. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოახერხა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების აკრძალული საქონლის შეძენა, მაშინ, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ზემოთ ჩამოთვლილი საქონლის იმპორტის ღირებულება ჯამურად 250 ათას დოლარსაც კი, არ აღემატება და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2018/2019 წლის ფასების შედარება ხდება 2022/2023 წლის ფასებთან. საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რასთან დაკავშირებითაც სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო სანქციების დამწესებელი ჩვენი პარტნიორები. მათ შორის, სტატიაში მოყვანილი პერიოდი შეფასებული იყო საერთაშორისო სანქციების კოორდინატორების მიერ საქართველოში ვიზიტის დროს და საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებისთვის დანერგილმა სისტემებმა მიიღო მაღალი შეფასება, რაც საჯაროდაც იქნა გაჟღერებული. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას, განცხადებების შესახებ, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სენატში შეხვედრაზე სენატორების მიერ. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება იქნა გაკეთებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ. საქართველოსთან მიმართებაში კომიტეტზე წარმოდგენილი ინფორმაცია (კონკრეტულად მხოლოდ 4 კომპანიის ჭრილში) საერთოდ არ ასახავს ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს და აჩვენებს რეალობიდან არსებითად აცდენილ სურათს. აშშ-ის სანქციების აღმასრულებელ ყველა ორგანოსთან ფინანსთა სამინისტროს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა და დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია (ჯერ კიდევ ველოდებით), რაც რაიმე ფორმით დაადასტურებდა გამოთქმულ ვარაუდებს. საქართველოზე მეტს (არა მხოლოდ რეგიონში) არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, რაზეც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. დროა დასრულდეს ცილისწამების ეს ორკესტრირებული კამპანია და ადეკვატური შეფასება მოჰყვეს იმ ძალისხმევას, რასაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების გლობალურ საკითხში,“ - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეიდან, 6 მარტიდან, დაფინანსების მისაღებად სტუდენტების განაცხადებების მიღება იწყება. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიას შეუძლიათ მიმართონ სოციალურად დაუცველმა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული. „დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განმარტა, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს სემესტრული თანხის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება. კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ თბილისის მერიის ვებსაიტს - www.tbilisi.gov.ge.  

უკრაინის ომის გათვალისწინებით, პოლონეთი უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალურ დანაყოფებს ქმნის

უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილების შემდეგ, პოლონეთმა უპილოტო საფრენი აპარატების სამხედრო ძალების შექმნა გადაწყვიტა. შესაბამისი განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გააკეთა. „უკრაინის ომის გაკვეთილების შესწავლის შემდეგ, ჩვენ ვქმნით უპილოტო სამხედრო კომპონენტს. ვქმნით უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფებს," - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა სცილდება მხოლოდ საჰაერო თვითმფრინავებს. „მათი გამოყენება გამართლებულია არა მხოლოდ ჰაერში. არის საზღვაო დრონები, არის სახმელეთო თვითმფრინავები. გუშინ, საზღვაო ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განვიხილეთ თვითმფრინავების გამოყენება და როგორ განვავითაროთ ტექნოლოგია წინსვლისთვის," აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა. ცნობისთვის, თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს და გენერალურ შტაბს დაავალა, შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში უპილოტო სისტემების ძალების შექმნა განიხილონ. თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ სამხედრო ცალკეული შტოს შექმნა უპილოტო სისტემების მიერ შემოთავაზებული უპირატესობების ოპტიმალურად გამოყენებას შეუწყობს ხელს.  

აზერბაიჯანმა და საქართველომ მტკვრის აუზის დაცვისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის, ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეადგინეს - მედია

აზერბაიჯანმა და საქართველომ მდინარე მტკვრის აუზის დაცვისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეადგინეს, იუწყება აზერბაიჯანის მთავრობა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მდინარე მტკვრის დამაკავშირებელი მცირე მდინარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაცვლა და მდინარე მტკვრის აუზში წყალდიდობისა და გვალვის რისკის შეფასების შედეგები, ასევე აუზის წყლის რესურსების ერთობლივი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის ჩატარება.  

კანადის ყოფილი პრემიერი: რუსეთს არ სურს, ჰყავდეს წარმატებული უკრაინა საზღვარზე და წარბს წევს საქართველოსთან დაკავშირებითაც

უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტურია, თუ უკრაინაში წარუმატებლობას განვიცდით, ეს კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კიმ კემპბელმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უმთავრესია თუ არა უკრაინის ბრძოლა საკუთარი სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობისთვის. „რასაც ვხედავთ არის შეტევა, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის მიმართ შიშის გამო. რუსეთს არ სურს ჰყავდეს წარმატებული დემოკრატიული უკრაინა თავის საზღვარზე და ნება მომეცით გითხრათ, რომ ისინი საქართველოსთან დაკავშირებითაც წარბს სწევენ. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტურია. ეს ჰგავს სცენარს, სადაც ვიცით, რა მოხდება, თუკი რეალობას ვერ დავინახავთ,“ - აღნიშნა კიმ კემპბელმა. მისი თქმით, თუკი დასავლეთი უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს კატასტროფა იქნება. „თუ უკრაინაში წარმატებას ვერ მივაღწევთ, ეს კატასტროფა იქნება, რადგან არავინ ვცხოვრობთ იმ ილუზიით, რომ პუტინი უკრაინაში გაჩერდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, საქართველო და სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საფრთხე დაემუქროთ“, - აღნიშნა კანადის ყოფილმა პრემიერმა.  

რუსეთში ქართულ ღვინოზე საიმპორტო შეღავათების გაუქმება სურთ

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ (AVVR) გადაწყვიტა, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ NATO-ს ქვეყნებიდან შეტანილ ღვინოზე გადასახადი 200%-ით გაიზარდოს. ამის მიზეზად სახელმწიფო მედია „რუსული ბაზრის დასაცავად“ მიმართულ ქმედებას ასახელებს.  ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განაცხადა, რომ ინიციატივა ასევე ეხება ცქრიალა და გამაგრებულ ღვინოებს. მისი თქმით, AVVR ასევე მხარს უჭერს საქართველოდან ღვინის იმპორტის გადასახადზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას.   

რუსეთი და ჩინეთი 2033-2035 წლებისთვის მთვარეზე ატომური სადგურის განთავსებას განიხილავენ - „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი

 რუსეთი, ჩინეთთან ერთად, 2033-2035 წლებისთვის მთვარეზე ბირთვული ენერგოდანადგარის განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა, იური ბორისოვმა განაცხადა. სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრის ზედაპირზე მომავალი სადგურის მუშაობის უზრუნველყოფა მხოლოდ ბირთვული ენერგიით იქნება შესაძლებელი, ვინაიდან მთვარეზე შეუძლებელი იქნება მზის ბატარეის გამოყენება. მისივე თქმით, მისიის ჩატარება ავტომატურ რეჟიმში იგეგმება რადიაციული უსაფრთხოების გათვალისწინებით. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამგვარი დანადგარის შექმნისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური ამოცანები პრაქტიკულად ამოხსნილია. „დღეს სერიოზულად განვიხილავთ დაახლოებით 2033-2025 წლების მიჯნაზე მთვარის ზედაპირზე, ჩვენს ჩინელ კოლეგენთან ერთად, ენერგეტიკული დანადგარის ჩატანისა და განთავსების პროექტს,“ – განაცხადა ბორისოვმა. რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა - BBC  

აზიაში დაფუძნებული კომპანია უზბეკეთს შუა დერეფანში მთავარ მოთამაშედ განიხილავს

ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Kerry Logistics-ი უზბეკეთს შუა დერეფანში მთავარ მოთამაშედ განიხილავს. კომპანიის შეფასებით, უზბეკეთის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ფარავს მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებს, მას ამ დერეფნის კრიტიკულ ჰაბად აქცევს. უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის გათვალისწინებით, Kerry-Globalink Logistics-ი განიხილავს შუა დერეფანს, როგორც კატალიზატორს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დერეფანი, პირდაპირი და ეფექტიანი სავაჭრო მარშრუტით შავი ზღვისკენ, მოსალოდნელია, რომ აამაღლებს უზბეკეთის როლს საერთაშორისო ვაჭრობაში. „მოსალოდნელია, რომ Kerry Logistics-სა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა დადებით შედეგებს გამოიღებს ორივე მხარისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონის უფრო ფართო ეკონომიკურ ლანდშაფტს,“ წერს აზერბაიჯანული მედია. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

„სუპერ სამშაბათი“: შიდაპარტიულ არჩევნებში ტრამპი და ბაიდენი იმარჯვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად, ამერიკელებმა პრაიმერიზში ერთდროულად მიიღეს მონაწილეობა. მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს. 5 მარტს, ორივე პარტიის ამომრჩეველი, დემოკრატები 14 შტატში და რესპუბლიკელები 15-ში, ერთად აძლევდნენ ხმას საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მათ სასურველ პრეტენდენტს. BBC-ის ცნობით, ბაიდენმა გაიმარჯვა 14 შტატში, მაგრამ ამერიკის სამოას ტერიტორიაზე 11 ხმით დამარცხდა. ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 შტატში ლიდერობს. რაც შეეხება ვერმონტის შტატს, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, გამარჯვება დონალდ ტრამპის მთავარმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ მოიპოვა. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა. „ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ,“ განაცხადა ტრამპმა. მან ჯო ბაიდენი გააკრიტიკა. „ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს,“ აღნიშნა ტრამპმა. ჯო ბაიდენის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი, განხეთქილება და სიბნელე ელოდება. „ოთხი წლის წინ, მე კენჭი ვიყარე იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკისთვის წარმოადგენდა. მას წყენა, შური და შურისძიება ამოძრავებს - ის საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ამერიკელ ხალხზე,“ - განაცხადა ბაიდენმა. შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილ პარტიულ ყრილობებზე ოფიციალურად გახდებიან ამ პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. როგორც ამერიკის ხმა წერს, ჩრდილოეთ კაროლინა “სუპერ სამშაბათში” მონაწილე ერთადერთი შტატია, რომელიც, სავარაუდოდ, მერყევი იქნება ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში. მერყევი შტატი გულისხმობს, რომ უცნობია თუ რომელ პარტიას მიემხრობა შტატის ამომრჩეველი. ტრამპმა 2020 წელს ჩრდილოეთ კაროლინა მცირე უპირატესობით მოიგო. ბოლო დემოკრატი კანდიდატი, რომელმაც შტატში გამარჯვებას მიაღწია, 2008 წელს ბარაკ ობამა იყო.  

მოლდოვამ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება დატოვა

მოლდოვას მთავრობამ დაამტკიცა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) შეჩერება, იუწყება PRO.TV. ეს დოკუმენტი აწესებს იგივე შეზღუდვებს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე ყველა მონაწილე ქვეყნისთვის და ასევე ზღუდავს შეიარაღებული ძალების რაოდენობას ხელშეკრულების ზონაში. ხელშეკრულებას 1990 წლის ნოემბერში, პარიზში მოაწერეს ხელი NATO-ს წევრმა 16-მა სახელმწიფომ და „ვარშავის პაქტის“ მონაწილე 6-მა ქვეყანამ. 1999 წელს, სტამბოლში, ეუთოს სამიტზე გაფორმდა ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა, ის რატიფიცირებული არ ყოფილა NATO-ს სახელმწიფოების მიერ. 2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების ბრძანებას, 2023 წლის მაისში კი, პარლამენტს მიმართა ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებით. დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ, 29 მაისს, პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს დენონსაციის შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადად 7 ნოემბერი განისაზღვრა. რუსეთი ხელშეკრულების დენონსაციას აბრალებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების „დესტრუქციულ პოზიციას“ და ნატოს გაფართოებას და აცხადებს, რომ ამ ვითარებაში დოკუმენტის არსებობა არ შეესაბამებოდა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა მოლდოვის გადაწყვეტილებას რუსეთისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა. მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. რუსეთმა გასული წლის 7 ნოემბერს ოფიციალურად დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა.  ამ დოკუმენტით შეზღუდული იყო ხელმომწერი ქვეყნების საბრძოლო ტანკების, ჯავშანმანქანების, არტილერიის, ვერტმფრენების და თვითმფრინავების რაოდენობა.  

უკრაინა 38 რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 6 მარტის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 5 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის (ირანული წარმოების) 42 დრონი გაუშვეს. „სამხედრო სამუშაოების შედეგად, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცისა და სუმის ოლქებში Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოვაგდეთ,“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.  

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში შეთანხმებებს გააფორმებენ

საფრანგეთი და მოლდოვა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს გააფორმებენ. შეთანხმებებზე ხელის მოწერა ხვალ, პარიზში მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტის დროს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მაია სანდუსთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში, მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ, საფრანგეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება

შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები. დაგეგმილია პრესკონფერენციები. 2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო. 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა. რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?  

პაპუაშვილი ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე: იმედია, განმარტებებს მოვისმენთ

იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ჩვენ ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, რომ ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში თუ ბრიუსელში, ჰქონდა შეხვედრები, რამდენიმე თვის წინ. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. „როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის, ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ მძიმე გართულებები გამოიწვია. როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში. როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არ ვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და მისი წუხილების მიმართ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომელიც ქართულმა მედიამ დღეს, გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომას ასახავს. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის, ციხის კადრების საქმეზე. ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.   

დიდი ბრიტანეთი მზადაა, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების საფუძველზე, უკრაინას სესხის მისცეს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას სესხი მისცეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ცენტრალური ბანკის ყველა გაყინული აქტივების საფუძველზე. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება, ომის დასრულების შემდეგ უკრაინას რეპარაციები გადაუხადოს. მისი განმარტებით, აქტივები გამოყენებული იქნება რეპარაციების გადახდის გარანტიად. „არსებობს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ მაგალითად, სინდიკატური სესხი ან ობლიგაცია, რომელიც ეფექტიანად იყენებს გაყინულ რუსულ აქტივებს, როგორც თავდებობას, რათა ეს თანხა უკრაინელებს მივცეთ, რადგან ვიცით, რომ ჩვენ მას დავაბრუნებთ, როცა რუსეთი გადაიხდის რეპარაციას. ეს შეიძლება, უკეთესიც იყოს. ჩვენი მიზანია G7-ისა და ევროკავშირის ერთიანობა ამ საკითხში, მაგრამ თუ ამას ვერ მივიღებთ, ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს წინსვლა მოკავშირეებთან, რომლებსაც სურთ ამის გაკეთება,“ - განაცხადა ქემერონმა. უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი პენი პრიცკერი თვლის, რომ რუსული აქტივების ჩამორთმევა მოითხოვს ყველა ქვეყნის კოლექტიური გადაწყვეტილებას, რომლებმაც გააყინეს რუსული სახსრები თავიანთ ფინანსურ ინსტიტუტებში და ამას დრო დასჭირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ რუსული აქტივების კონფისკაციაზე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ იმ ქვეყნებმა, სადაც მდებარეობს გაყინული სახსრები და აკვირდება დისკუსიებს, რათა შეაფასოს ასეთი გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე.