ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ გუდაუთასთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ გუდაუთასთან ახლოს 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ავრცელებს. ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბელგიის პრემიერი: ბელგიამ ბოლო თვეების განმავლობაში ათობით რუსი ჯაშუში გააძევა
ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ათობით რუსი ჯაშუში გააძევა, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიამ ქვეყნიდან ათობით ე.წ. რუსი დიპლომატის დეპორტაცია მოახდინა. იყვნენ თუ არა ისინი ჯაშუშები? ცხადია, რომ დიახ“, - განაცხადა ალექსანდრ დე კროომ. ბელგიის პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბელგიას სხვადასხვა გზით უტევს და დემოკრატიის დესტაბილიზაციას ცდილობს. „როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო რამდენიმე საათში ჩვენი ვებსაიტები კიბერშეტევების სამიზნე ხდება,“ - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
თურქეთმა თავისი ნავთობის მთავარი ტერმინალი რუსეთისთვის დახურა
რუსული ნავთობკომპანიები თურქეთის ბაზარზე პრობლემების ახალ ტალღას განიცდიან შეერთებული შტატების მზარდი ზეწოლის გამო, რომელმაც სანქციები დააწესა ათობით "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერის წინააღმდეგ და დაბლოკა გადახდები თურქული, ჩინური და არაბული ბანკების მეშვეობით. Reuters-ის ცნობით, თურქეთის მთავარმა გადაზიდვის ტერმინალმა Dörtyol, რომელიც ვეყნის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რუსული ნავთობის მიღებაზე უარი თქვა. სანქციების რისკის გამო, თურქულმა ტერმინალმა რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა
მილერი: რუსეთის ბევრი მეზობელი მოსკოვის მუქარის რიტორიკით შეშფოთებულია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და ისეთი ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც თავისი მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა. ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ სომხეთი დასავლეთის მიმართულებით მიდის, რასაც მოსკოვი უპასუხებს. „არ ვაპირებ ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს, თუმცა ეს არის ისეთი რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მთავრობის მიერ, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენდა რეგიონში, ასევე გვინახავს, რომ რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და მუქარის შემცველი ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა,“ აღნიშნა მილერმა. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აკვირდება სომხეთის ხელისუფლების განცხადებებს და გაითვალისწინებს მათ საკუთარი პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვისას. ОДКБ სომხეთს უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის - ფაშინიანი
დანიის პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
დანიელი პარლამენტარების დელეგაცია დღეს ხურვალეთში ჩავიდა, რათა უშუალოდ ენახათ რუსეთის მუდმივი ბორდერიზაციის შედეგები. შესაბამის ინფორმაციას დანიის საელჩო ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მნიშვნელოვან ამოცანას ახორციელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. მისიის მანდატი მოიცავს სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის და ნდობის აღდგენის მხარდაჭერას, ასევე, ევროკავშირის ინფორმირებას, რათა ევროპული ქვეყნები საქმის კურსში იყვნენ განვითარებული მოვლენების შესახებ და ამით ხელი შეეწყოს ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას რეგიონში. დანია არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი მხარდამჭერი. სადამკვირვებლო მისიას ამჟამად ჰყავს 7 დამკვირვებელი დანიიდან,“ აცხადებენ საელჩოში.
მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელჩი ფიშერი: ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე
საქართველოში გერმანიი ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს პროგრესის მიღწევას ზაფხულამდე ურჩევს. ელჩს ჰკითხეს, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს. „მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესი მიაღწიოს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს ამ პროგრესს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დეკემბრის საბჭომდე ცოტა დროა, რადგან ზაფხულში კენჭისყრა გვექნება ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია. საქართველოს ექნება საკუთარი არჩევნები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე,“ - აღნიშნა გერმანიის ელჩმა IPN-ის ცნობით. არასამთავრობო ორგანიზაციები სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავენ და საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის განხორციელების შუალედური შეფასების გამოქვეყნებას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი აგრძელებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს, შეიმუშავებენ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად და შეეცდებიან, რომ 9 ნაბიჯი შიდა რეფორმების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად იქცეს.
Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. ამავე წყაროს ცნობით, ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 374-ე ადგილზეა. Bloomberg Billionaires Index მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება $6.55 მილიარდს შეადგენს
ისლანდიის პრეზიდენტი თბილისში: გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ
თბილისში ვიზიტითმყოფმა, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ისლანდია მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან. იოჰანესონის განცხადებით, მიესალმება საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ოცნება, საქართველოში ჩამოვსულიყავი. პირველად ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქ ქართველ სტუდენტებს შევხვდი. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მიერ იქნა განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველოს სრულებით ვუჭერთ მხარს. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ. ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად, აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო კანონი იქნას პატივცემული. ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას დახმარება. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში უკრაინიდან დევნილი ხალხი. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ,“ - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.
გერმანიის ელჩი: მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
არ მსურს დეტალებზე კომენტარის გაკეთება, ქართველებმა უნდა გამოძებნონ მათთვის დამაკმაყოფილებელი გამოსავალი, - ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. „ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ეს რეკომენდაციები, იმუშაოთ და შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას. ეს აშკარად ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“- აღნიშნა ელჩმა.
ზურაბიშვილი: ისლანდია და საქართველო ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ, ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში, სადაც აგრესორი უნდა დამარცხდეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და მისი მრავალფეროვანი ასპექტები განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ - ერთი მთავარი საკითხი იყო ასევე მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები. ის გლობალური გამოწვევები, რაც არსებობს კლიმატის ცვლილებების კუთხით და ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ ასპექტში, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრს მივიღოთ, გავიზიაროთ ამ კუთხით თქვენი გამოცდილება და ტექნოლოგიების გაცვლა მოხდეს ამ კუთხით, რამეთუ თქვენ და თქვენი ქვეყანა დიდი ხანია ამაში არის ჩართული. პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება არის ფასდაუდებელი საგანძური, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება. მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. პრეზიდენტი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას და იმედი მაქვს კონკრეტული ერთობლივი მიზნების დასახვის. ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში და მნიშვნელოვანია, საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა, ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ამ დარგში იყოს სხვანაირად მოფიქრებული და ახლო პარტნიორების ყველა გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, რომ ამ ორი ხალხის და ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ვეცადოთ ვნახოთ გზები მეტი ურთიერთგაცვლა რომ მოხდეს ჩვენი კულტურის საგანძურების და ხალხთა შორის მეტი დაახლოება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისლანდია და საქართველო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ - ევროპის მომავალი უკრაინაში წყდება, სადაც ომი აგრესორის დამარცხებით უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ისლანდიის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას პრეზიდენტებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმესი მდგომარეობასა და გამოწვევებზე, როგორიცაა, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში. ასევე განიიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება. ეს პერიოდი ასევე და ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში, სადაც სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესორის და აგრესიის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავის ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციით გამყარებული მიზანია NATO-ში ინტეგრაცია, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების შესახებ ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ. ერთად განვიხილეთ, ამ მხრივ, შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს. ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი სტრატეგიული გამოწვევა: ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც რუსეთი აცხადებს როგორც პროექტს და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოანესმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ნარენდრა მოდი: ინდოეთსა და საქართველოს ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბოლო დროს, ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა განაგრძობს გაძლიერებას თქვენი ლიდერობის პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ,“ - აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მისალოც წერილში. ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას უსურვებს.„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მხრიდან უდიდესი პატივისცემის გარანტიები,“ - წერს ინდოეთის პრემიერი.
ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის შესახებ წინადადება წარადგინა. კომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგრეტე ვესტაგერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი სტრატეგიის მიზანი წევრი სახელმწიფოების კოლექტიური თავდაცვის მოთხოვნის უფრო ეფექტიანი გამოხატვის მხარდაჭერა, თავდაცვის პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეროვნული და ევროკავშირის ბიუჯეტების საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფაა. თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტარტეგიის მიზნები ასევე მოიცავს „თავდაცვითი მზადყოფნის კულტურის ინტეგრირებას პოლიტიკაში, განსაკუთრებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პოლიტიკის წელს გადახედვის მოთხოვნით და უკრაინასთან უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებას ევროკავშირის ინიციატივებში თავდაცვის ინდუსტრიის მხარდასაჭერად მისი მონაწილეობით, ასევე ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებას. ახალ სტრატეგიასთან ერთად, კომისიამ ევროპის თავდაცვის მრეწველობის პროგრამაც წარადგინა. პროგრამა 2025-2027 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ევროს მობილიზებას მოახდენს.
აზერბაიჯანმა უკრაინას 2023 წელს $16 მილიონზე მეტის დახმარება გაუწია
2023 წელს აზერბაიჯანმა უკრაინას 28 მილიონი მანეთის (16,45 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის, აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის. აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობამ 57 მილიონ მანეთს (33,50 მილიონი დოლარი) გადააჭარბა. ამ დახმარებების დაახლოებით ნახევარი 2023 წელს განხორციელდა. 2023 წლის ივლისში ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი.
პისტორიუსი: გერმანიის ოფიცრების საუბრის მოსმენა დაუცველი არხის გამოყენების გამო გახდა შესაძლებელი
აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც რაკეტა Taurus-ის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, ღია საკომუნიკაციო არხი გამოიყენა. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „გამოყენებაში შეცდომის“ გამო. სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას გამოიყენა არხი, რომელიც არ იყო კოდირებული. „ამის გამო მოხდა მონაცემთა გაჟონვა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმის გამორიცხვა, რომ საუბარში რუსეთის ჯაშუში იყო „ჩანერგილი“. პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ „ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა.“ აუდიოკონფერენციის მონაწილეების მიმართ დაიწყო დისციპლინური გამოძიება. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ნორმალური პროცესი“. მისი დასრულების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება შესაძლო სასჯელებზე. გერმანიაში სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაჟონვის საქმეს იძიებენ
მაკრონი: ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა, მიზანშეწონილი იქნება, თუ მშიშრები არ ვიქნებით
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ „ევროპაში იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით.“ ემანუელ მაკრონი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრთან, პეტრ ფიალასთან განიხილავს. მაკრონის თქმით, დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ. „ახლა არ არის დრო, მშიშრები ვიყოთ,“ აღნიშნა საფრანგეთყის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა და ზოგიერთი სახელმწიფო თავდასხმის საფრთხეს ზრდის, ამიტომ გამბედავი ქმედებებია საჭირო. „საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე ომი დაბრუნდა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო შეუჩერებელი გახდა და ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის. ჩვენ მოგვიწევს, რომ ისტორიის გამოწვევებს ვუპასუხოთ და იმ გამბედაობის შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომელსაც იგი მოითხოვს,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6590 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8863 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ჰააგის სასამართლომ რუსი მეთაურების დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურის სერგეი კობილაშისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის ვიქტორ სოკოლოვის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. „არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე,“ წერს ICC განცხადებაში. სასამართლოს ცნობის თანახმად, კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილნი არიან სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც მდგომარეობდა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის მიზანმიმართულად ზიანის მიყენებაში, ასევე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში. გასული წლის თებერვალში ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი თანამდებობას უახლოეს კვირებში დატოვებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენმა გამარტა, რომ ვიქტორია ნულანდმა მას გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ვიქტორია ნულანდის კანდიდატურა 2021 წლის აპრილში დაამტკიცეს. ნულანდი 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის ელჩი იყო NATO-ში. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი აქტიური იყო 2014 წელს უკრაინის მოვლენებში, როცა ის შეხვდა პროდასავლურად განწყობილ დემონსტრანტებს კიევში. ვიქტორია ნულანდი კიევში ბოლოს მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს იმყოფებოდა. რაც შეეხება მის შემცვლელს, პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობას ჯონ ბასი შეასრულებს, რომელიც მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე ვთხოვეთ ჩვენს მოადგილეს მენეჯმენტის საკითხებში ჯონ ბასს, შეესრულებინა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობა, ვიდრე ვიქტორია ნულანდის შემცვლელი დაინიშნება,“ აღნიშნა ბლინკენმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა სურთ
აზერბაიჯანი და ყაზახეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაძლიერებაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და ყაზახეთის KazMunayGaz-ს შორის, რათა წამოიწყონ კონკრეტული ქმედებები აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის დივერსიფიცირებული ტრანზიტისთვის. ეს მოიცავს BTC შეთანხმების შესრულებას ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ და ამ რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ორივე ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებმა განიხილეს სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.