ძებნის რეზულტატი:

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

თბილისს ხვალ, 5 მარტს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება. ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცე - პრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება. თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. ისლანდიის პრეზიდენტი: გილოცავ საქართველო. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი  

სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის €12 000-ის გადახდა დააკისრა - HRC

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე. „საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია. როგორც გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო 2016 წლის 3 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა. პროკურატურამ მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან,“ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ოჯახის უფლებებს იცავდა. „დაბოლოს, გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას არ განუმარტავს, რატომ გაგრძელდა გამოძიება ასე ხანგრძლივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საეჭვო გარემოებაში გარდაცვალებას ან/და მსხვერპლის არასათანადო მოპყრობას, რასთანაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. სასამართლო გამოძიების ამგვარად გაჭიანურებას გაუმართლებლად მიიჩნევს,“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში HRC-ს ცნობით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ადამიანის უფლებათა ცენტრმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წელს მიმართა.  

მაია ბითაძე: 2 წელში სავალდებულო იქნება, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს

„2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს,“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. მაია ბითაძის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. „დღეს რატომღაც ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგი, ძაღლთმცოდნე, ბიჰევიორისტია, ინბრიდინგი თუ ექსბრიდინგი იცის. მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლი თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და ამიტომ მაქვს დიდი პრობლემები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფერინოლოგებს საშუალებას მისცემს, რომ ტრენინგკურსები, რომელსაც ახლაც ახორციელებენ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში მოაქციონ, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი და ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული, რადგან შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან,“ - განაცხადა ბითაძემ. სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება კალაძე კანონპროექტზე: ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს  

უკრაინა დღეს რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს

დღეს უკრაინიდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება - 13 264 მგვტ/სთ, მაქსიმალური სიმძლავრე რამდენიმე საათში 716 მეგავატამდე. უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი ხუთ ქვეყანაში განხორციელდება. ეს ქვეყნებია სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და მოლდოვა, იუწყება Ukrenergo. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტი უკრაინიდან სხვა ქვეყნებში მხოლოდ ელექტროსისტემაში დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში ხორციელდება.  

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 24“ მასპინძლობს

საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ იმართება. სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება - „ტროას ნაკვალევი 24“ აშშ-ის ევროპაში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის (US-SOCEUR) ორგანიზებით, პარალელურად სამ ქვეყანაში - რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. „სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწავლების ფარგლებში, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებში მომზადებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაივლიან. „ტროას ნაკვალევი 24“ მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილების გაზიარებასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში მესამედ მონაწილეობს. მსგავსი სახის საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობით, საქართველო აძლიერებს შეკავებისა და მდგრადობის შესაძლებლობებს, ზრდის თავდაცვისუნარიანობას და NATO-ს წევრ ქვეყნებთან თავსებადობას,“ იუწყება თავდაცვის სამინისტრო. მისივე ცნობით, სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ეროლ მუნირმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.  

რუსეთიდან საქართველოში უკანონოდ 8,7 მილიონი რუბლი შემოჰქონდათ

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა საბოლოოდ, 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. „არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 464 595,2 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საბოლოოდ, 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში  

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8863 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ხვალ, 5 მარტს შევა ძალაში.  

თურქეთმა ახალი კამიკაძე-დრონი შექმნა

თურქეთმა ახალი კამიკაძე დრონი შექმნა. კატარში თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე „AZAT FPV“ დრონი უკვე წარმოდგენილია. ახალი დრონი, რომელიც 2 კილოგრამს იწონის, 2 ტიპისაა 3 განსხვავებული ზომით. დრონი, რომელსაც 800 გრამი ტვირთის გადატანა შეუძლია, ჰაერში 20 წუთის განმავლობაში რჩება. როდის შევა ექსპლუატაციაში ეს საფრენი აპარატი, ჯერ უცნობია.  

ყაზახეთმა ლიეტუვას საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა

ყაზახეთის საგზაო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის კონტროლის კომიტეტის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალმაზ აისინმა ლიეტუვას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ საკონტეინერო გადაზიდვების დასაწყებად თანამშრომლობა შესთავაზა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა. ვილნიუსში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-ლიეტუვის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 შეხვედრა გაიმართა. ყაზახეთის დელეგაციას ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი ტორებაევი, ლიეტუვის დელეგაციას კი, ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრი არმონაიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრისას აისინმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის მთავარ როლს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ტვირთების ტრანზიტში და ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკა ყველა ღონეს ხმარობს რეგიონში სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზაციისთვის. ლიეტუველი პარტნიორები ასევე გაეცნენ არსებულ პერსპექტივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც ევროპული კომპანიების მხრიდან უკვე დიდ ყურადღებას იპყრობს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები

შმიგალი: მინდა, მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება. უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, პარლამენტებს კი, რატიფიკაცია. მისი თქმით, უკრაინა „საშინაო დავალებას“ ორ წელიწადში შეასრულებს. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი გამარჯვებისთანავე მოხდება. არ მჯერა, რომ უკრაინის მიერ საშინაო დავალების შესასრულებლად ევროკავშირი რაიმე სახის ფორმალობებს დაელოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა, მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ჩვენი გამარჯვებისთანავე გახდება, ამ ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ საშინაო დავალებას ორ წელიწადში შევასრულებთ,“ - განაცხადა შმიგალმა. ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტს მიმდინარე თვეში წარადგენს. მანამდე მსგავსი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.  

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ლავროვს შეხვედრაზე უარი განუცხადეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. დეპარტამენტის უფროსის თქმით, მან დიპლომატებს კვირანახევრის წინ დაურეკა და გააფრთხილა საპრეზიდენტო არჩევნებამდე „პროვოკაციების“ დაუშვებლობის შესახებ, რომელიც 15-დან 17 მარტამდე გაიმართება. „ჩვენ დიდი ხანია დავაგროვეთ უამრავი მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებიან მოსკოვში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რა ინტერვენციის მექანიზმებს იყენებენ. <...>  აღნიშნა ლავროვმა კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ის ცნობით. მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის განხილვას აპირებდა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. მან აღშფოთება გამოხატა ამ უარის გამო და მათი უარი შიშს მიაწერა. „ელჩებს ეშინიათ იმ ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე მისვლა, რომელშიც ისინი არიან აკრედიტებული. ეს სად გაგონილა?“ რუსეთს დასავლეთი უკრაინაში შეჭრის გამო, იზოლაციას დაჰპირდა.  

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. შსს-ს ცნობით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი და NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თურქული ხომალდის მეთაურობას შეხვდება. გაიმართება ოფიციალური მიღება თურქული ხომალდის ბორტზე. ასევე, ეკიპაჟის წევრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.  

ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის უსაფრთხოებას გერმანია დაიცავს

გერმანული თვითმფრინავები ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ცას მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გააკონტროლებენ, წერს Die Zeit.  „NATO-ს საჰაერო მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლატვიასა და ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. გერმანია იყო და რჩება ბალტიის ყველა ქვეყნის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საჰაერო ძალები მტკიცედ დგას ლატვიისა და მთელი ბალტიის რეგიონის მხარეს,“ - განაცხადა გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარციმ. ნოემბრის ბოლომდე ექვსი Eurofighter Typhoon-ის მებრძოლი და 200-მდე გერმანელი ჯარისკაცი ლატვიის სამხედრო აეროდრომზე Lielvarde  განთავსდება. ლატვიის თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით, გერმანიის საჰაერო ძალებმა ავიაბაზის მეთაურობა გადაიბარეს. „მფრინავების მისიამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხისა და უკრაინის ომის გამო,“ აღნიშნა მინისტრმა.  ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავი არ ჰყავთ. 2004 წლიდან NATO-ს სხვა ქვეყნებმა უზრუნველყვეს რეგიონის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და გერმანიის საჰაერო ძალებმა არაერთხელ შეასრულეს ეს მისია, განათავსეს თვითმფრინავები ესტონეთისა და ლიეტუვის საჰაერო ბაზებზე. ახლა გერმანული თვითმფრინავები  ლატვიაში პირველად განთავსდა.  

პროკურატურა ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებს

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიმართვა, რომ 2023 წლის განმავლობაში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები შემოიტანა. უწყების ცნობით, მედიკამენტები რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. „სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგებზე მოხდება საზოგადოების ინფორმირება,"  აცხადებენ უწყებაში. დღესვე, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შემდეგ - იგი მინისტრობის პერიოდში საკუთარი მიღწევებიდან გამოყოფს: თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე გადაწყვეტილება; საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დადგენა (დრჯ); ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა; ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა;დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აზარაშვილის თქმით, სულ მცირე 60 ონკოლოგი საეჭვო მედიკამენტების შემოტანაშია ჩართული.  

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს

თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზი შემცირდეს და ამ მიმართულებით 2025 წლიდან ახალი საგადასახდო განაკვეთი ამოქმედდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება. „თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება,“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: - დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, გოჩა ენუქიძემ და ელგუჯა გოცირიძემ მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა “საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე მცირდება თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, “ჰომოგენიზებული“ ან “აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და “საგადასახადო კოდექსის“ 2403 19 (“დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე. ინიციატორთა განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია. “საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს,“ - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.  

ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს. ინფორმაციას გაეროში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს. „ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას,“ - განაცხადა ლოტე კნუდსენმა. გაეროში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო ითხოვს და საბოლოო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.  

აზერბაიჯანი და პაკისტანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებულ შტაბს შორის, აზერბაიჯან-პაკისტანის სამუშაო ჯგუფის დონეზე მე-10 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე იმსჯელეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე, სამხედრო განათლებისა და მეცნიერების, ოპერატიული დაგეგმვის, ერთობლივი წვრთნებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.  

ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის, კუჩოვში საჰაერო ბაზა გახსნა

ალბანეთმა, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის ფონზე, NATO-ს თვითმფრინავებისთვის კუჩოვში საბჭოთა ეპოქის განახლებული საჰაერო ბაზა გახსნა. ამის შესახებ ალბანეთის მთავრობის მეთაურმა, ედი რამამ განაცხადა. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი საჰაერო ბაზა, წვრთნებისა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ოპერაციების თანამედროვე კერა იქნება. ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა 2005 წელს დახურული ბაზის ხელახლა გახსნას მიესალმა. „უსაფრთხოების კიდევ ერთი ელემენტი დასავლეთ ბალკანეთის ჩვენი რეგიონიდან. რომელსაც კარგად ვიცით, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსეთის ფედერაციის ნეოიმპერიალისტური საფრთხეებისა და ამბიციების გამო," აღნიშნა რამამ. მისივე განცხადებით, ტირანა NATO-სთან ასევე განიხილავს ალბანეთში საზღვაო ბაზის შექმნას. NATO-მ ბაზის განახლება 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. დაფინანსება საკონტროლო კოშკის, ასაფრენი ბილიკების, ანგარებისა და საწყობების რემონტს მოიცავდა. „კუჩოვას საჰაერო ბაზის შეცვლა სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ ნატო აგრძელებს თავისი ყოფნის გაძლიერებას დასავლეთ ბალკანეთში, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში," - განაცხადა NATO-ს სპიკერმა დილან უაიტმა. ალბანეთი NATO-ს 2009 წელს შეუერთდა. ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.  

შმიგალი: უკრაინა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის მზად არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის ბიზნესი და ბაზარი უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის, მთავრობამ წარმოების ორგანიზებისთვის დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა გამოყო. მისი თქმით, დრონების წარმოებისთვის საბიუჯეტო თანხები გამოყოფილია. „2024 წელს ჩვენ გადავდგით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა დასახა მიზანი - 1 მილიონი დრონი. ბიზნესი და ბაზარი უკრაინაში უკვე მზად არის მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის,“ - აღნიშნა შმიგალმა. კერძოდ, მთავრობამ, დაახლოებით, 40 მილიარდი გრივნა გამოყო წარმოების ორგანიზებისთვის. შმიგალმა ასევე განმარტა, რომ მთავრობა ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შესაძენად და მისი ამოცანაა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანხების 50%-ი უკრაინელი მწარმოებლებისგან შესყიდვებისთვის გამოიყენოს.  

პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს შეიძენს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ პოლონეთი შვედეთისგან 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს იყიდის. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედური წარმოების ყუმბარმტყორცნებმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე კარგად იმოქმედეს. „პოლონეთის შეიარაღებული ძალები შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს მიიღებენ და ჩვენ ამისთვის დაახლოებით 6,5 მილიარდ ზლოტს (1,63 მილიარდი დოლარი) გამოვყოფთ,“ - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.