ძებნის რეზულტატი:

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა აბორტის უფლება

საფრანგეთის პარლამენტმა აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია. საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აბორტის მიმართვის გარანტირებული თავისუფლება აქვს.“ საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირეს. „მე ვეუბნები ქალებს, ჩვენს საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ: იწყება იმედის სამყაროს ერა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. პარლამენტში მემარჯვენეების წინააღმდეგობამ ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საარჩევნო მიზნებისთვის კონსტიტუციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით 1975 წლიდან არის დაფიქსირებული.  

მაკრონი: უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, მაგრამ დისკუსიას ვიწყებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავს. გამოცემასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო თავის განცხადებას, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფრის შესახებ ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს, განსაკუთრებით კი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მან ჩეხურ გამოცემა Novinky-ისთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ესკალაციაზე უარს ამბობს. „გარდა ამისა, მე ჩვენს ჩარჩოებს ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი, ჩვენ ომს რუსი ხალხის წინააღმდეგ არ ვაწარმოებთ და ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე უარს ვამბობთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა. რომელი ქვეყნები არ გამორიცხავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას  

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აშშ-ში ვიზიტით ჩავიდა

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი აშშ-ში იმყოფება. ამ რანგში კალინი აშშ-ში პირველი ვიზიტით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში კალინი შეხვდება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უილიამ ბერნსს, ასევე გამართავს შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრებზე განიხილება ღაზის სექტორში, ერაყსა და სირიაში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ასევე - რუსეთ-უკრაინის ომი.  

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა

ათენი-ქუთაისის რეისის ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაცია განმარტავს, რომ რეისის დაჯდომის ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას,“ - ნათქვამია საქაერონავიგაციის ინფორმაციაში.  

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ბაიდენმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2014 წელს გამოცხადდა, გაახანგრძლივა. თეთრი სახლის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განკარგულებით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დადგენილებები აშშ-ში საგანგებო მდგომარეობისა და უცხო ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, ერთი წლის განმავლობაშია ძალაში. „2014 წლის 6 მარტს, აღმასრულებელი ბრძანებით 13660, პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის მიხედვით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაჩვეულებრივი საფრთხის საპასუხოდ, რომელიც წარმოიშვა ქმედებებიდან და იმ პირთა პოლიტიკიდან, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს; საფრთხე შეუქმნა მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წვლილი შეიტანა მისი აქტივების უკანონო მითვისებაში," - ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინელებმა ყირიმთან რუსული საპატრულო ხომალდი ჩაძირეს - სამხედრო დაზვერვა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლებამ ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“ ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ყირიმზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა მოხდა და თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 38 დრონი გაანადგურა. თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად "სერგეი კოტოვი" ჩაიძირა. „ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია," - აცხადებს დაზვერვის სააგენტო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია უკრაინის საზღვაო ძალებთან და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.  

საფრანგეთი ჩერნიგოვის ოლქის რეკონსტრუქციაში 5 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საფრანგეთთან, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის რეკონსტრუქციის მიზნით, 5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციიას განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო უკვე მიმდინარეობს აღდგენის რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ჩერნიგოვის რეგიონული აკადემიური თეატრში, ადგილობრივ საავადმყოფოებში ანტირადიაციულ ცენტრებში, დეცენტრალიზაციაზე, ინოვაციაზე, მობილურობასა და სხვა.  

Reuters: ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის მოდელზე გადაყვანას სთავაზობს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ევროკავშირში განიხილავენ სამხედრო მრეწველობის „ომის ეკონომიკის მოდელზე“ გადასვლის საკითხს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მარტს ევროკომისია წარმოადგენს ინიციატივას ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სტიმულირების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წინადადებებს ასევე ყურადღებით შეისწავლის NATO, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას ევროპის თავდაცვის ხელშეწყობისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მათ არ უნდა მოახდინონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მუშაობის დუბლირება და არ უნდა შეეწინააღმდეგონ მას. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ. „ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა და გადავიდეთ ომის ეკონომიკის რეჟიმში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია მეტ რისკზე უნდა წავიდეს ჩვენი მხარდაჭერით", - განაცხადა ბრეტონმა პაკეტის წინასწარი განხილვისას. მისი თქმით, დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა, რომელიც NATO-ს მიმართ ვაშინგტონის ვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს, ნიშნავს, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად. „არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმისგან დამოუკიდებლად რა იქნება ჩვენი მოკავშირეების არჩევნების შედეგები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ,“ - აღნიშნა ტიერი ბრეტონმა. ბრეტონის წინადადებები მოიცავს აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები სხვა მთავრობებს ამერიკული კომპანიებისგან იარაღის შეძენაში ეხმარება. კიდევ ერთი წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს აიძულოს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიები, კრიზისის დროს პრიორიტეტი ევროპულ შეკვეთებს მიანიჭონ. იმისთვის, რომ წინადადებები რეალობად იქცეს, ის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  

პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს კერძო არმიის შექმნა სურთ - მედია

რუსეთის რკინიგზის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ვიქტორ შენდრიკი, რომელიც დაახლოებულია ძმებ როტენბერგებთან - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებთან, აფინანსებს რუსი ფეხბურთის გულშემატკივართა რაზმს, სახელწოდებით Espanyola, რომელიც უკრაინაში იბრძვის. ამის შესახებ იტყობინება „Vazhnye istorii“ შენდრიკთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით. Espanyola თავდაპირველად ფეხბურთის გულშემატკივრებმა, ძირითადად მოსკოვის სპარტაკმა დააარსა, ვიდრე როტენბერგს გაუჩნდა კერძო სამხედრო კომპანიის კონტროლის იდეა (2023 წლის თებერვალში ესპანიოლამ დაიწყო საკუთარი თავის PMC-დ მოხსენიება - რედ.). ახლა ბევრი მსხვილი კომპანია ქმნის საკუთარ კერძო არმიას და ძმები ცდილობენ, შექმნან საკუთარი პირადი არმია Espanyola-ზე დაფუძნებით,“ - განაცხადა წყარომ. „Espanyola-ს ბატალიონი არის Redut PMC-ის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ადრე ტერორისტული დანაყოფი ესპანიოლა მოქმედებდა ვოსტოკის ბატალიონში, როგორც მოხალისე განყოფილება, რომელიც შედგებოდა ფეხბურთის გულშემატკივრებისგან,“ წერს მედია.  Espanyola-ს აქვს საკუთარი დაზვერვის, თავდასხმის, ელექტრონული ომის, უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციები და სნაიპერული დანაყოფები.     

ისრაელმა კონსულტაციისთვის გაეროდან ელჩი გაიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაეროში ქვეყნის ელჩი, გილად ერდანი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ისრაელ კაცის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში. „ვუბრძანე ჩვენს ელჩს გაეროში, გილად ერდანს, დაბრუნებულიყო ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში,“ - განაცხადა ისრაელ კაცმა. მინისტრის თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ანგარიშის დასკვნების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია, ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა, რაც არ გააკეთა. გენერალური მდივნის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუტერეშს არასდროს გაუცია ბრძანება გაერო-ს ანგარიშის „გაჩუმების“ შესახებ. „გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში ვიზიტისას, რათა შეესწავლა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის აქტები, რომლებიც დაკავშირებულია 7 ოქტომბრის ტერაქტებთან. სამუშაო შესრულდა საფუძვლიანად და დაჩქარებულად. გენერალურ მდივანს არავითარ შემთხვევასა თუ ფორმაში არაფერი გაუკეთებია მოხსენებასთან დაკავშირებით სიჩუმის შესანარჩუნებლად," - აცხადებენ ანტონიო გუტერეშის ოფისში.  

კაცი, რომელიც ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა - საგანგებო

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. ამ სახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ, პატრულირების დროს, დააფიქსირეს ხანძრის კერა. ტერიტორიის დათვალიერებისას სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წევრებმა შენიშნეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიზანმიმართულად ახდენდა ცეცხლის წაკიდებას. ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად - 500 ლარით დაჯარიმდა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიცია დაკარგა

პირველად ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას კარგავს. მასკმა Bloomberg Billionaires Index-ში თავისი პოზიცია დაკარგა მას შემდეგ, რაც Tesla Inc.-ის აქციები ორშაბათს 7,2%-ით დაეცა. მასკის ქონება ახლა $197,7 მილიარდია; ბეზოსის ქონება 200,3 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი სწორედ ის გახდა. 60 წლის ბეზოსი, Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელი, Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 2021 წლის შემდეგ პირველად ლიდერობს.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2 კი მხილებულია. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. თბილისში დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა ჯ.ბ. ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ზ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1980 წელს დაბადებული შ.კ. და 1986 წელს დაბადებული ლ.ჭ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 13 ვაზნა. ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 1952 წელს დაბადებული ს.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 523 ვაზნა, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, 5 ამფეთქი ფალია, მჭიდი, "ტროტილი", კაფსულ-დეტონატორი და სასიგნალო პისტოლეტი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. და 1959 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას რევოლვერი, პისტოლეტი, 13 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს.კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. პოლიციამ, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი და 44 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1974 წელს დაბადებული ს.ა.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად კი, ამოღებულია 2 სანადირო თოფი და 2 ხელყუმბარა. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მესტიის რაიონული და ფოთის საქალაქო სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1960 წელს დაბადებულ თ.ქ., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1970 წელს დაბადებული კ.კ., და 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს, 2 პირი კი ამხილეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 -ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 - პისტოლეტი, 1 - რევოლვერი, 47 ვაზნა, ხელყუმბარა და მჭიდი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი - წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1990 წელს დაბადებული ლ.ლ., 1969 წელს დაბადებული ს.წ. და 1970 წელს დაბადებული ზ.პ. დააკავეს. ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 4 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 სანადირო თოფი, 3 მჭიდი, 100 ცალი ვაზნა, 2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია. ასევე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ხაშურის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირზე: 1999 წელს დაბადებული რ.ც., 1980 წელს დაბადებული ლ.ც., 1981 წელს დაბადებული დ.გ. და 1960 წელს დაბადებულ ე.გ. პოლიციის მიერ, მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, ხელყუმბარა და 282 ვაზნა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად რევოლვერი და 5 ვაზნა ამოიღეს. ამავე პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ აცხადებენ შსს-ში.  

ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის. „საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი – ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში. ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკოს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები.“ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო, რომელიც დაძლეული იქნება.“ კობახიძის თქმით, ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას.  

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში უკრაინული დრონი „როსნეფტის“ ნავთობის საცავს დაესხა თავს - მედია

5 მარტს, დილით, ბელგოროდის რეგიონში, ნავთობბაზას უკრაინული დრონი თავს დაესხა. „აფეთქება გუბკინსკის ურბანულ რაიონში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა "ინფრასტრუქტურულ ობიექტში", განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ტელეგრამ არხი Mash, 112 და „Caution, News“-ის წერენ, რომ სოფელ დოლგოიეში მდებარე გუბკინსკის ნავთობის საცავი, რომელიც როსნეფტის შვილობილ კომპანიას, სს Belgorodnefteprodukt-ს ეკუთვნის, თავდასხმის ქვეშ მოექცა.  

სანქციების რისკის გამო, თურქულმა ტერმინალმა რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა

ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი საშუალო ზომის ნავთობის პორტი, თურქეთის დორტიოლის ტერმინალი,  რომელმაც  2023 წელს რუსული ნავთობის რეკორდული მოცულობები მიიღო, აშშ-ის მხრიდან სანქციების გაზრდილი რისკის გამო, რუსეთიდან ტვირთს აღარ მიიღებს. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ე.წ. „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, თურქეთი რუსული ნავთობისა და საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან მიწოდება აზიაში, თურქეთსა და აფრიკაში გადაიტანა. Global Terminal Services (GTS), რომელიც დერტიოლის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ რუსეთიდან ტვირთს აღარ მიიღებს და ამის შესახებ მომხმარებელს უკვე აცნობა. GTS-ის განცხადების მიხედვით, ყველა წინა ოპერაცია განხორციელდა სანქციების სრული დაცვით, მათ შორის, G7 ქვეყნების მიერ ნავთობის ფასზე დაწესებული ლიმიტის დაცვით.  

პრემიერი: „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო რეიტინგებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ -18 % აქვს, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ არის, „ქართული ოცნება“ კი, საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს.  ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა უნდა მიიღოს. „ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ 18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას. შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი: ჩვენ გვაქვს 60% და ნაცმოძრაობას -18, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს,” - განაცხადა კობახიძემ.  

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურებში რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჯარო სამსახურებში რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, იმისთვის, რომ მათ შორის მოხდეს კორუფციის პრევენცია. „ერთი რამე არის მთავარი, ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის იმისათვის, რომ, მათ შორის, მოხდეს კორუფციის პრევენცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ცდუნება, ადამიანი არის მიდრეკილია ხომ ცდუნებისკენ? იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ხოლმე ასეთ თემებზე, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის, პირველ რიგში, კორუფციის პრევენციისთვის,“ განუცხადა ირაკლი კობახიძემ მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, შესაძლოა, ხელფასები გაიზარდოს  

საქართველოს ისტორიაში პირველად, გუდაურში, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია, პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევისთვის. 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული დღე, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს ამისთვის. ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს – MND 2024-ს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორებიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ასევე ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს კეთდებოდა აქამდე. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ლევან დავითაშვილს, მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სფეროს; სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია ამ სექტორის განვითარებაში. ეს ადამიანები ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ დღემდე, მაქსიმუმს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა მომავალშიც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

სუროგატი დედის მშობიარობას სახელმწიფო არ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალი მცირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 29 თებერვალს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობს დაფაროს სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯი. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალს გამოქვეყნდა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.