ძებნის რეზულტატი:

სომხეთი ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს გზავნის

სომხეთს ევროპოლში (ევროპის პოლიციის სამსახური) მეკავშირე ოფიცერი ეყოლება. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმით, პირდაპირი კონტაქტი დამყარდება როგორც ევროპოლთან, ასევე ევროპოლში გაგზავნილ მეკავშირე ოფიცრებთან ევროპოლის წევრი ქვეყნებიდან. დოკუმენტს ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი. შესაბამისი გადაწყვეტილების განმარტებაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ხელშეკრულება სომხეთის ძალოვან უწყებებსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში.  

რუსეთში, ყაზანში, სატანკო სამეთაურო სკოლას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთში, ყაზანის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სკოლას ხანძარი გაუჩნდა. როგორც ტელეგრამ არხი „ბაზა“ იუწყება, ხანძარი ყაზარმში გაჩნდა, სახურავზე გავრცელების შემდეგ ხანძარს მეორე რანგი მიენიჭა. შემთხვევის ადგილზე მორიგე სახანძრო ბრიგადები იყო მობილიზებული. „112“-ში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახელლმწიფო სააგენტო TASS-ის ოპერატიული სამსახურების ცნობით, ხანძრის საერთო ფართობი 120 კვადრატული მეტრი იყო. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გაუმართავი გაყვანილობა გახდა. ადგილობრივი გამოცემა Inkazan.ru აღნიშნავს, რომ ხანძარი ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ყაზანის უმაღლესი სატანკო სამეთაურო სკოლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულება რუსეთის ფედერაციაში, რომელიც სატანკო ოფიცრებს ამზადებს.  

„2024 წელს უკრაინის მიზანი კონტრშეტევის გაგრძელებაა“ - სახმელეთო ძალების ახალი მეთაური

უკრაინის სახმელეთო ძალების ახალმა მეთაურმა ოლექსანდრ პავლიუკმა განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინის მიზანი, ფრონტზე სიტუაციის დასტაბილურება და კონტრშეტევითი ქვედანაყოფების შექმნა იქნება. მისი თქმით, როგორც კი ფრონტზე არსებული ვითარება ამის საშუალებას მისცემთ, ისინი კონტრშეტევით სამხედრო ერთეულებს ჩამოაყალიბებენ. „ჩვენ მალე დავასტაბილურებთ სიტუაციას და ყველაფერს გავაკეთებთ ჯარის მოსამზადებლად, რომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ," - აღნიშნა პავლიუკმა. ოლექსანდრ პავლიუკი უკრაინის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად 2024 წლის 11 თებერვალს დაინიშნა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა ზელენსკისა და პრემიერ მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას „რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია.“ ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „[ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა  

„კონგრესმა უნდა იმოქმედოს“ - სახელმწიფო დეპარტამენტი ოდესის დაბომბვაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას ოდესის დაბომბვის საკითხზე კომენტარი გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ უკრაინას გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება. „შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა მიიღოს ზომები, როგორც ჩვენ მათ მოვუწოდეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა მილერმა. იმავდროულად, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს, იყო თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი სამიზნე ოდესაზე თავდასხმისას. „ჩვენ ვიცით, რას აპირებს რუსეთი. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა ბრძოლის ველზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კონგრესის უმოქმედობის გამო,” - განმარტა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ჟან-პიერმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ინფორმირებულია უკრაინაში არსებული კრიზისული სიტუაციის შესახებ.  ოდესაში ზელენსკის და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტის დროს, რუსეთმა თავდასხმა მოაწყო - უკრაინა უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. CNN: პენტაგონი განიხილავს $4 მილიარდის „რეზერვის“ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად  

უკრაინის საკითხზე ბრატისლავის პოზიციის გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის დაპირისპირება მწვავდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ჩეხეთი სლოვაკეთთან ურთიერთობის „საფრთხის ქვეშ“ დაყენაბაში დაადანაშაულა. მან ეს განცხადება გააკეთა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც გადადო ორ ქვეყანას შორის აპრილში დაგეგმილი კონსულტაციები. ფიალა ამ ნაბიჯს საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე ორ ქვეყანას შორის განსხვავებული მოსაზრებების არსებობით ამართლებდა. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ჩეხეთის მთავრობამ მათი რისკის ქვეშ დაყენება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის უკრაინაში ომის მხარდაჭერით არის დაინტერესებული, ხოლო სლოვაკეთის მთავრობა მშვიდობის შესახებ ღიად საუბრობს. თქვენი გადაწყვეტილება სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა. „ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობებს ისეთი მსოფლმხედველობით არ დავამძიმებთ, რომელსაც სლოვაკურ-ჩეხურ თანაარსებობასთან საერთო არაფერი აქვს,“ - აღნიშნა ფიცომ. 6 მარტს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებული შეხედულებების გამო, უახლოეს მომავალში ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის კონსულტაციები არ გაიმართება. პრაღამ გააკრიტიკა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, რომელიც ანტალიაში, თურქეთში, მარტის დასაწყისში შედგა. „ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოს მეორე მხარეს ესმით, რომ ევროპის უსაფრთხოება გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვწუხვარ, რომ ჩვენი სლოვაკი კოლეგები არ იზიარებენ ამ პერსპექტივას,“ - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს  

შვედეთის სასამართლომ რუსეთს $1,55 მილიონის გადახდა დააკისრა

შვედეთის სასამართლომ რუსეთს სავაჭრო მისიის შენობის ქირის გადაუხდელობისთვის, $1,55 მილიონის გადახდა დააკისრა. სტოქჰოლმში მდებარე ამ შენობაში ადრე რუსეთის ფედერაციის სავაჭრო მისია იყო განთავსებული. შენობა 2012 წელს აუქციონზე გაიყიდა. ქონება შვედეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიყიდა, რომელიც 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ გერმანელი ბიზნესმენის, ფრანც სედელმაიერის სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღეს.  რამდენიმე წლის განმავლობაში მეწარმე ცდილობდა მოსკოვიდან მიეღო ანაზღაურება იმ ზარალისთვის, რომელიც მან 1990-იანი წლების დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში ბიზნესის წარმოების მცდელობისას განიცადა. რუსული მხარე არ ცნობს საინკასო სამსახურის ქმედებების კანონიერებას, რომელმაც შენობა გაყიდა, და თავად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასაც, რომელმაც მას ამის საშუალება მისცა. რუსების უარი ქირის გადახდაზე უკვე სამჯერ განიხილეს რაიონულ სასამართლოში. ახლა სტოკჰოლმის სასამართლომ, რადგან მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა სხდომაზე, გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ არამხოლოდ ქირა, არამედ, იურიდიული ხარჯები უნდა დაფაროს.  

რუსეთის უშიშროების განცხადებით, სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს ბელორუსის მოქალაქე, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ბელორუსის მოქალაქე მოკლეს, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ბელორუსის მოქალაქე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა. „დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა,“ - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური. რუსული მედიის ინფორმაციი, გარდაცვლილი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია, აქტივისტი, რომელიც 2020 წელს ბელარუსში ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.  

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირიდან 600 რუსი დიპლომატი გააძევეს

დიპლომატების მასობრივმა გაძევებამ დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ჯაშუშთა ქსელს ევროპაში, თუმცა მოსკოვმა ახალი მეთოდები შეიმუშავა. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსული დაზვერვის მუშაობა ევროპაში. მთლიანობაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირიდან 600 დიპლომატი გააძევეს, რომელთაგან დაახლოებით 400, დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მოქმედ დაზვერვის ოფიცრად ითვლებოდა. თუმცა, მას შემდეგ, როგორც Financial Times-ი წერს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა თავიანთი საქმიანობის გადაჯგუფება და მოდერნიზება შეძლეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, FSB-მ, GRU-მ და SVR-მა მოახერხეს ევროპაში განადგურებული ჯაშუშური ქსელის ნაწილობრივი კომპენსირება, თუნდაც კონტინენტზე რუსებისადმი უფრო მეტი ყურადღების ფონზე. როგორც FT-ის ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ამ ადამიანებმა ხშირად შეიძლება, არც იცოდნენ, რომ სპეციალურად რუსული სპეცსამსახურებისთვის მუშაობენ - ისინი უბრალოდ ფულის სანაცვლოდ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ დავალებებს. ამავდროულად, რუსეთი დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი აგენტების მეშვეობით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა, შვეიცარია და ავსტრია, კვლავ აგრძელებს დაზვერვის „ტრადიციული“ მეთოდის გამოყენებას.  გარდა ამისა, FT წერს, რომ რუსეთმა გააძლიერა ჯაშუშური ბაზები თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ევროკავშირიდან გაძევებული რამდენიმე სავარაუდო აგენტი ახლა სერბეთში მუშაობს.  

აშშ-ის კონგრესში შესაძლოა, უკრაინის დახმარებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს

აშშ-ის კონგრესმა შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს უკვე ამ კვირაში, რათა უკრაინისა და სხვა პარტნიორების დასახმარებლად, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე, სპიკერ მაიკ ჯონსონის გვერდის ავლით წარადგინოს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა ოთხშაბათს კაპიტოლიუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, თუ ჯონსონი პროექტს კენჭისყრაზე არ გაიტანს. კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ საკითხის დაძვრის მიზნით, 218 ხელმოწერის შეგროვება შესაძლებელია. მანამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთანავე განიხილება. უკრაინის დახმარების გარშემო დავის ფონზე, ჯო ბაიდენი აშშ-ის კონგრესს მიმართავს. აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლა პარასკევს, 8 მარტს, თბილისის დროით, 06:00 საათზე დაიწყება. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ კონგრესში „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მიმართვისას ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. CNN: პენტაგონი განიხილავს $4 მილიარდის „რეზერვის“ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად „უკრაინასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გააგრძელებს იმის მოთხოვნას, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელები“ წინ წავიდნენ და სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინოს,“ - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად

ნორვეგია $150 მილიონზე მეტს გამოყოფს უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესაძენად

ნორვეგია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 153 მილიონი აშშ დოლარს გამოყოფს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი შეფასებით, დღეს საბრძოლო მასალის ნაკლებობა, უკრაინის უზღუდავს უნარს, დაიცვას საკუთარი თავი.  ნორვეგია თნხას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფს.  

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - საელჩო

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ქართველ მოსამართლეებს საელჩოში უმასპინძლა შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ამასთან, საელჩო აღნიშმავს, რომ „აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“ „იცოდით, რომ საქართველოს მოსამართლეების ნახევარზე მეტი ქალია? მოსამართლე ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ელჩმა დანიგანმა ქალ მოსამართლეებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლა. საქართველოს მოსამართლეები და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იცავენ მოქალაქეთა უფლებებს, უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობას და ქმნიან პირობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსამართლეებს, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,“ - წერს აშშ-ის საელჩო.  

"ანტიდასავლური პროპაგანდა 2022" - MDF-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

მედიის განვითარების ფონდის (MDF) შეფასებით, წინა წლების მსგავსად, საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა 2022 წელსაც საფრთხეებით მანიპულირების მეთოდს მიმართავდა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, გარე აქტორების ინტერესების გარდა, შიდასახელისუფლებო დღის წესრიგი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. MDF-ის ახალ ანგარიშში "ანტიდასავლური პროპაგანდა 2022" ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2022 წლის ტენდენციებს აანალიზებს და ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლიგიას და მათ წყაროებს მიმოიხილავს. ტრადიციული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემები) მონიტორინგის გზით დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. ანგარიში 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილი ანტიდასავლური გზავნილების სტრუქტურას და პროპაგანდის მეთოდებს მიმოიხილავს, ბოლო ნაწილი კი, ანტიდასავლური გზავნილების წყაროებს ეთმობა. ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გავრცელებული მანიპულაციების საგანი ხუთი მთავარი საფრთხეა, როგორიცაა „მეორე ფრონტის გახსნა“, „მეორე მაიდანი“, „სუვერენული დემოკრატიის“ ხელყოფის შიშები, დემოკრატიული ინსტიტუტები, და დასავლური დაფინანსება. ანგარიშში, რომელიც 10 000-მდე კომენტარის ანალიზს ეფუძნება, ნათქვამია, რომ ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე დიდი წილი კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთაც ევროკავშირის და NATO მოსდევდნენ.   სხვა სამიზნეებს შორის ასევე იყო უკრაინა, დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და მედია, და ზოგადად ლიბერალური იდეები. „რუსეთი ერთადერთი სუბიექტი იყო, რომელიც მოცემულ დისკურსში პოზიტიურად იყო წარმოჩენილი,“ – ნათქვამია ანგარიშში. ანტიდასავლური გზავნილები ანტიდასავლური გზავნილები თემატურად ხუთ ძირითად კატეგორიად იყოფა. ესენია: 1. საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება (42,2%); 2. დემოკრატია, სუვერენიტეტი და დემოკრატიული ინსტიტუტები (21,7%); 3. რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში (20,5%); 4. იდენტობა და ლიბერალიზმი (11,9%); 5. უცხოური დახმარება და ეკონომიკა (3,6%). საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემებზე მთავარი სამიზნე ევროკავშირი იყო, რაც ევროინტეგრაციის პროცესს, კერძოდ კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემას უკავშირდებოდა. დოკუმენტის თანახმად, მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთი „საქართველოს ომში ჩათრევას“ და ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობდა. „ომის შიშებით მანიპულირებამ უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას პოლიტიკური მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად იქცა“, – ნათქვამია ანგარიშში. 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარმა კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდისტული ტალღა, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ომის ფონზე ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დასთანხმდა. გარდა ამისა, დადანაშაულებული იყო ნატო, აშშ, კოლექტიური დასავლეთი და გზავნილების მცირე რაოდენობით უკრაინასაც კი და ითქვა, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ომში საქართველოს მონაწილეობას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, რუსეთის ომი უკრაინაში წარმოჩენილი იყო როგორც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების „ერთადერთ გამოსავალად“ რუსეთი იყო წარმოჩენილი. უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ პროპაგანდისტული გზავნილები ასევე ეხებოდა რუსეთის „უძლეველობასა და სამხედრო უპირატესობას.“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინა წლების მსგავსად, თურქეთის და სხვა მეზობლების შემაკავებელ ერთადერთ ფაქტორად რუსეთი სახელდებოდა, ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ კი დასავლეთთან ერთად თურქეთიც მოიაზრებოდა, რომელიც „ოსმალეთის იმპერიის აღდგენის განზრახვისა და ისტორიული ტრავმების გაღვივების კუთხით განიხილებოდა“. კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც როგორც ამერიკის, ასევე დასავლეთისა და ევროკავშირის მისამართით ფიგურირებდა, საქართველოს ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლის და მეორე მაიდნის მოწყობის ბრალდებას უკავშირდებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში დამკვიდრებულ ე.წ. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციას ეხმიანება ამ მიმართულებით ქართულ დისკურსში დომინანტი გზავნილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკა, დასავლეთი და ევროკავშირი საქართველოს შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევას და ქვეყნის მართვას ცდილობენ. ამ მხრივ, ყველაზე მეტი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ კი დასავლეთის და ევროკავშირის მისამართით ისმოდა. მისი პოლიტიკის მიმართ დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ და კრემლისტურმა ძალებმა ეს კრიტიკა დასავლეთის მიერ საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევასთან გააიგივეს. რაც შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტების თემატიკას, აქ ყველაზე მეტი გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას  შეეხებოდა, რომელთაც ბრალს უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებაში სდებდნენ, გარკვეულ შემთხვევაში კი არასამთავრობოების აგენტებად გამოცხადებას ითხოვდნენ. ანგარიშის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად არასამთავრობოების წარმოჩენა, ხელისუფლების გაწონასწორების და კონტროლის ბუნებრივი ფუნქციის გარდა, მათი დაფინანსების წყაროებსაც უკავშირდებოდა. „ვინაიდან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის მხარდამჭერ და სხვა მსგავსს პროექტებს ძირითადად დასავლური ფონდები აფინანსებენ, მანიპულაციები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სექტორი რეალურად აგენტურაა, რომელიც ანგარებით სხვა ქვეყნების დაკვეთებს ასრულებს, ინსტიტუციონალური სანდოობის შერყევის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა. ასეთი გზავნილები ამზადებდა ნიადაგს რუსული სტილის საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ისახავდა მიზნად და 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მძლავრი საპროტექსტო აქციების შედეგად იძულებული გახდა მეორე მოსმენისას თავადვე ჩაეგდო,“ – ნათქვამია ანგარიშში. ანტიდასავლური გზავნილების წყაროები დოკუმენტის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო პოლიტიკოსები იყვნენ (45.5%), რომელთაც მედია (30.1%), საზოგადოება (16.1%) და არასამთავრობოები (7.7%), ყველაზე მცირედით კი (0.6%) სასულიერო პირები მოჰყვებიან. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერეს კრემლისტურმა პარტიებმა „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა“ (2302) და „პატრიოტთა ალიანსმა“ (1117); შემდეგ მოდიან „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება.“ ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ. მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან სწავლობს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში. უახლესი ანგარიში მოიცავს თერთმეტ მედიასაშუალებას, მათ შორის ტელევიზიებს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას. კვლევის პროცესი ძირითად თოქ-შოუებზე იყო ფოკუსირებული, რაც დისკურსის უფრო ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებას იძლევა.  

ფინეთში პირველი განაჩენი გამოიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის

ფინეთში პირველი სასჯელი გამოუტანეს ბიზნესმენს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის. სასამართლომ ესტონური წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეს, გაბრიელ ტემინს, რომელიც არის ფინური ლოგისტიკური და სასაწყობო კომპანიების, Luminor-ისა და Siberica-ს აღმასრულებელი დირექტორი, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გამომძიებლების ვერსიით, კომპანიები, რომლებსაც ტემინი ხელმძღვანელობდა, რუსეთს აწოდებდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დრონების მშენებლობაში. პროკურორები ტემინისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები და არ დაადასტურა ბრალდებულის კომპანიების კავშირი რუსეთთან. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ტემინი ჩართული იყო რუსეთის ტერიტორიის გავლით, საექსპორტო ნებართვის გარეშე, ყაზახეთში საქონლის გაყიდვაში. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ფინური კომპანიების პროდუქცია რუსეთში დარჩა. ტემინი 1991 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ფინეთში. გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბიზნესმენი და მისი ორივე კომპანია აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ. 2023 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ ბიზნესმენი დააკავა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: NATO-სთან შვედეთის მიერთების პროტოკოლი ძალაშია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების ოქმი გამოაქვეყნა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 7 მარტს შესრულდა ალიანსთან შვედეთის სამეფოს მიერთების შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ოქმის II მუხლით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, ოქმი ძალაში შევიდა 2024 წლის 7 მარტს. „NATO-სთან შვედეთის მიერთების პროტოკოლის ძალაში შესვლის შესახებ შეტყობინება გამოცემულია,“ წერს დეპარტამენტი. შვედეთის განაცხადი NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა.   შვედეთის მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ვაშინგტონში იმყოფება. შვედეთის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან შვედეთის მიერთების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შემდეგ, კრისტერსონი შვედეთის მიერთების დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს წევრი და სრულუფლებიანი მოკავშირე ხდება.   აღსანიშნავია, რომ დღესვე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერს ოფიციალურად დღეს აცნობა, რომ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლი და შესაბამისად, სტოლტენბერგმა მიიწვია შვედეთი, ოფიციალურად შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. „შვედეთი მალე NATO-ს 32-ე წევრი გახდება,“ წერს ულფ კრისტენსონი. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება. შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები. დაგეგმილია პრესკონფერენციები. 2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო. 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა. რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?  

საფრანგეთი 2024 წელს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამას გააფართოებს

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამა გაფართოვდება. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთმა დაახლოებით 10,000 უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის - 8,800 2023 წლისთვის. „გარდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებისა, საფრანგეთი მხარს უჭერს კიევს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გზით,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის კოალიციას უერთდება

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის კოალიციას შეუერთდა. „ნორვეგიული NASAMS-ი ყოველდღე ხელს უწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას,“ განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ამ ზამთარში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის რამდენიმე კოალიცია შეიქმნა. მთავრობამ გადაწყვიტა ნორვეგიის მონაწილეობა სამ ასეთ კოალიციაში: საზღვაო კოალიცია, რომელსაც ნორვეგია უძღვება გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, F-16-ის კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ნორვეგია კიევს მიაწვდის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებს და ასევე გაწვრთნის უკრაინულ პერსონალს სისტემაზე მუშაობისთვის. ამასთან, ნორვეგია უკვე მონაწილეობს საჰაერო თავდაცვის კოალიციაში, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ.  

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთში ვიზიტის დროს სანდუმ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად მოლდოვასა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „თუ აგრესორი არ იქნება გაჩერებული, ის სვლას განაგრძობს და ფრონტის ხაზი სულ უფრო და უფრო ახლო იქნება. ჩვენთან ახლოს. თქვენთან ახლოს. მაშასადამე, ევროპამ ერთიანი ფრონტი უნდა წარმოადგინოს,” - განაცხადა სანდუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი მოლდოვის კონტროლს ცდილობს, მათ შორის გადატრიალების მცდელობითაც. საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება მოიცავს იურიდიულ ჩარჩოებს სამომავლო წვრთნებისა და რეგულარული დიალოგისთვის, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას. “მოსკოვში არსებული რეჟიმი ჩემს ქვეყანაში კონტროლის მოპოვებას ცდილობს ენერგეტიკული შანტაჟით, პროტესტების სპონსორობით, დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებით, კიბერშეტევების დაწყებით, ჩვენს არჩევნებში ჩარევით, ბინძური ფულის შემოტანით და გადატრიალების მცდელობითაც კი, მაგრამ მყარად ვდგავართ,” - განაცხადა სანდუმ. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში საფრანგეთის თავდაცვითი მისია ზაფხულში გაიხსნება, რათა ქვეყანას საჭიროებების შეფასებასა და შეიარაღების შეძენაზე შესაძლო კონტრაქტებში დაეხმაროს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება ხაზს უსვამს საფრანგეთის ერთგულებას, დაიცვას და დაეხმაროს მოლდოვას.  

სალომე ზურაბიშვილი მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა "იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა." ამასთან, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა  ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან როგორც წესი, ყველგან და ამაში გამონაკლისი არც საქართველოა, არჩევნებში ზოგადად, ახალგაზრდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება. „თქვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.    

უკრაინა ევროკავშირში იქნება, პუტინი ჰააგაში, სასამართლოს წინაშე წარსდგება - ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინა თავის ადგილს დაიკავებს ევროკავშირის ცენტრში, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გაანადგუროს მისი ევროპული ოცნება, ხოლო ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე, ჰააგაში წარსდგება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს, ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე განაცხადა. „მე ვიყავი ბუჩაში მისი გათავისუფლების შემდეგ. არასოდეს დამავიწყდება ცხედრების ტომრები: უდანაშაულო მოქალაქეები, ახალგაზრდა ქალები, მოხუცები, პუტინის მიერ მოკლული ჯარისკაცების. მათი ცრემლები, მათი შიშები, მათი აგონია. და როგორც დედას და ბებიას, გული მიკვდება ამ ისტორიების მოსმენაზე," - აღნიშნა ლაიენმა. მისი თქმით, პუტინს „ომის დანაშაულებში ედება ბრალი და ის საასმართლოს წინაშე აღმოჩნდება.“ ფონ დერ ლაიენის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით შეეცდება.