ძებნის რეზულტატი:
შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია
სტოქჰოლმმა ვაშინგტონს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებასთან შვედეთის მიერთების შესახებ დამტკიცებული დოკუმენტი ოფიციალურად გადასცა. “ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, ნება მომეცით, განვაცხადო: მივესალმოთ შვედეთს, როგორც ვაშინგტონის ხელშეკრულების ნაწილს და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის (NATO) 32-ე წევრს,”განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დოკუმენტის გადაცემის შემდეგ. მანამდე, დოკუმენტი შვედეთის მთავრობამ დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი, გაწევრიანების პროტოკოლის ძალაში შესვლის შესახებ დღეს, 7 მარტს გამოაცხადა. შვედეთის დროშა NATO-ს შტაბ-ბინაზე 11 მარტს აღიმართება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩავლენ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი; შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიქაელ ბიდენი და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ღონისძიებაზე იქნებიან NATO-ს ელჩები. დაგეგმილია პრესკონფერენციები. 2022 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, მთელი რიგი შეთანხმებების შემდეგ, ანკარა საბოლოოდ დათანხმდა სტოქჰოლმის განაცხადს. დიდი ხნის განმავლობაში უნგრეთი რჩებოდა ბოლო ქვეყანად, რომელმაც შვედეთის განაცხადის რატიფიცირება არ მოახდინა, რაც სტოკჰოლმისთვის საბოლოო დაბრკოლება იყო. 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა საბოლოოდ, რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 5 მარტს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. რაც შეეხება ფინეთს, რომელმაც ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანება, ეს ქვეყანა NATO-ს 31-ე წევრი გასული წლის 4 აპრილს გახდა. რა პერსპექტივებს უხსნის შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უკრაინას?
აშშ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, დროებით პორტს ააშენებს - მედია
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორში პორტს ააშენებენ, რათა აშშ-მ მეტი ჰუმანიტარული დახმარება ადგილზე ზღვით მიაწოდოს. ამის შესახებ მედია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, დროებითი პორტი გაზრდის პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობას დღეში "ასობით დამატებითი სატვირთო ტვირთით.“ გავრცელებული ინფორმაციით, ძალისხმევას "რამდენიმე კვირა" დასჭირდება. „პირველადი გადაზიდვები კვიპროსის გავლით ჩავა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ისრაელთან კოორდინაციით,“ აცხადებენ ოფიციალური პირები.
„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ფრონტის ხაზი უფრო ახლოს იქნება“ - სანდუ მაკრონს
„თუ აგრესორი არ შეჩერდება, ის გააგრძელებს წინსვლას და ფრონტის ხაზი უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან,“ ეს განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარიზში გააკეთა, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე. „ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული,“ აღნიშნა სანდუმ. მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევი იქნება. სანდუს თქმით, მოსკოვი გეგმავს, შეარყიოს მოლდოვის სტაბილურობა და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის წინ. მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს
ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა
ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში ელჩად დაამტკიცა. როგორც ცნობილია, ზალუჟნი 8 თებერვალს სირსკიმ ჩაანაცვლა.
ისტორიული მომენტია, NATO უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა - ენტონი ბლინკენი
შვედეთის პრემიერ მინისტრი ულფ კრისტერსონი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უძღვებოდნენ ცერემონიას, რომლის დროსაც, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების დოკუმენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ახალი წევრი ქვეყნის პრემიერმა ოფიციალურად გადასცა. „ეს არის ისტორიული მომენტი შვედეთისთვის, ალიანსისთვის. ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ისტორიისთვის. NATO ახლა უფრო ძლიერია, უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, ულფ კრისტენსონმა აღნიშნა, რომ NATO ახლა უფრო უსაფრთხო ქვეყანაა. „ეს ოფიციალურია - შვედეთი ახლა უკვე NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდაზე თავის კანონიერ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის. ველი ორშაბათს მათი დროშის NATO-ს შტაბ-ბინაში აღმართვას,” - წერს სტოლტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. უკრაინაში თავისი მესამე ვიზიტის დროს შაპსს თან ახლდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ტონი რადაკინი, რომელთან ერთადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა. „დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და უახლესი დრონებისთვის 325 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სრულ პაკეტს გამოყოფს, რათა პუტინის უკანონო შემოჭრასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინვესტიციები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 ათასზე მეტი დრონი იქნება მიწოდებული, შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მსოფლიო თავდაცვითი მრეწველობები გამოვიყენოთ 2024 წლის განმავლობაში უკრაინისთვის ახალი წამყვანი დრონების გადასაცემად,” - განაცხადა შაპსმა.
ბაიდენი: პუტინს ქედს არ მოვუხრი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათოს და მიუღებელს უწოდებს. „ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს : "რა ჯანდაბაც გინდა, გააკეთე" - ეს ციტატაა. ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ქედს უხრის რუსეთის ლიდერს. ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ მისი გზავნილი მარტივია: „არ დავნებდებით, ქედს არ მოვუხრით. მე ქედს არ მოვიხრი“, - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია, „გააღვიძოს კონგრესი და გააფრთხილოს ამერიკელი ხალხი, რომ დემოკრატია საფრთხეშია. „თუ ვინმე ამ დარბაზში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, რომ ის ამას არ გააკეთებს,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ითხოვს სამხედრო დახმარებას და იარაღს, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება და არა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას. „ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში, ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ასე გაგრძელდეს", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა რომ ისტორია აკვირდება მათ. „ისტორია გვაკვირდება ჩვენ, ისტორია აკვირდება წარმომადგენელთა პალატას," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ზელენსკი თურქეთში ჩადის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. „ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის, მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების გაგრძელების შესახებ კონტაქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ასევე რეგიონში მდგრადი მშვიდობის ძიება,“ - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.
ლიეტუვამ უკრაინას 155 მმ-იანი ჭურვები გადასცა
ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, რომელიც 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. "ვაგზავნით იმ მარაგებს, რომლებიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ვუსმენთ მათ და ჩვენი დახმარება გრძელდება", - აღნიშნა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსუსკასმა. სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გარდა, ლიეტუვა ასევე ხელს უწყობს უკრაინის დაცვას სამხედრო პერსონალის აქტიური მომზადების, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და რეაბილიტაციის და ექსპერტების კონსულტაციების გზით. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ უკრაინის დახმარების გრძელვადიანი ეროვნული გეგმა დაამტკიცა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი გასულ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უკრაინის ჩათვლით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი, მათივე განმარტებით, დეზინფორმაციაა. „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით. გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას,” - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხს 7 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განმარტებას გააკეთებდა. ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო. მათ რადიო თავისუფლების მიმართვის შემდეგ წერილობით განაცხადეს, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. „ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია," - ვკითხულობთ გერმანიის საელჩოსგან მიღებულ წერილობით განმარტებაში. გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. აღწერაში ნათქვამია, რომ ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა გერმანიაში ამჟამად მცხოვრებ რუსეთთან ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციის საკითხი და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პაპუაშვილი ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე: იმედია, განმარტებებს მოვისმენთ
ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის შექმნა დაავალა
ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, აშშ ღაზასთან ააშენებს დროებით ნავმისადგომს მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევად. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას. „ვაძლევ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზის სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს,” - განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიან. „ამერიკული ჩექმა არ იქნება ადგილზე. დროებითი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ღაზაში ყოველდღე ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს თავისი როლი და ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას. "ისრაელის ხელმძღვანელობას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი ან ვაჭრობის საგანი. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ოტავაში დანით თავდასხმას დედა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ
კანადის დედაქალაქ ოტავაში უცნობი პირის თავდასხმას დედა და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ შეძრულია მომხდარი ტრაგედიით. პოლიციის ცნობით, დაკავებულია და მკვლელობებში ბრალდებულია 19 წლის შრილანკელი სტუდენტი. პოლიციის ინფორმაციით, ფებრიო დე-ზოისა იცნობდა თავის მსხვერპლთ, ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მოკლული არიან 35 წლის ქალი და მისი შვიდი, ოთხი, ორი წლის შვილები და ორი თვის ჩვილი. მოკლულია 40 წლის მამაკაციც, რომელიც მოკლულების ნაცნობი იყო. „ეს არის უაზრო ბოროტმოქმედება, რომელიც უდანაშაულო მსხვილთა მიმართ არის ჩადენილი,“ განაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში ოტავის პოლიციის სამმართველოს უფროსმა. პოლიცია იტყობინება, რომ მანამდე არ ჰქონია კონტაქტები ეჭვმიტანილთან ან მოკლულებთან. ოტავის მერმა სოცქსელებში დაწერა, რომ საქმე ეხება ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ თავდასხმას. ოტავაში, სადაც მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს მკვლელობათა მსხვერპლი გახდა 14 ადამიანი, ერთი წლით ადრე - 15.
ბაიდენი კონგრესს: უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ მის გვერდით დავდგებით
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. მან კონგრესს მიმართა, რომ თუ გვერდით დაუდგებიან, უკრაინა პუტინის შეჩერებას შეძლებს. „თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად.“ „უპრეცედენტო მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანია, გავაღვიძო ეს კონგრესი და გავაფრთხილო ამერიკელი ხალხი, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არ არის. რუსეთის პუტინი შეჭრილია უკრაინაში და თესავს ქაოსს მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. თუ ვინმე ამ ოთახში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ უკრაინას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. სულ ესაა, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ასე გაგრძელდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურს, რომ ამერიკა მსოფლიო ლიდერობისგან უკან დახიოს. „არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი. ახლა, ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: „რა ჯანდაბაც გინდა, ის გააკეთე. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა: ქედი მოუხარეთ პუტინს. ეს აღმაშფოთებელია. ეს საშიშია. მიუღებელია. მე ვეუბნები კონგრესს: წინ უნდა აღვუდგეთ პუტინს. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. ისტორია გვაკვირდება. თუ შეერთებული შტატები ახლა უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის ქვეშ დააყენებს. ევროპა რისკის ქვეშ, თავისუფალი სამყარო რისკის ქვეშ ამხნევებს სხვებს, რომლებსაც სურთ ჩვენთვის ზიანის მოყენება. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიმართ მარტივია : არ დავნებდებით, ქედს არ მოვიხრით, ქედს არ მოვიხრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ
რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. „საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ მოსკოვში დიდ შეკრებებზე, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმას და აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჩვენი რჩევა მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ,“ - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. გაფრთხილების ტექსტს ასევე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ბრიტანელებს ურჩევენ, მოერიდონ რუსეთში ყოველგვარ მოგზაურობას უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების გამო. „სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია,” - აცხადებენ უწყებაში და აღნიშნავენ, რომ ტურისტული დაზღვევა შეიძლება, გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.
შვეიცარიის სენატმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა დაამტკიცა
ვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მხარი დაუჭირა. ეროვნულმა საბჭომ, პარლამენტის ქვედა პალატამ, მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო. სენატორებმა მოუწოდეს მინისტრთა კაბინეტს, დაიწყოს სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება, რომელიც რეზოლუციის განხორციელებას ბიძგს მისცემს. ომის დაწყებიდან შვეიცარიამ 3,4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო კიევს. დიდი ბრიტანეთი მზადაა, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების საფუძველზე, უკრაინას სესხის მისცეს
რუსეთი მის ოლქებზე მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება
რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს „ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს, კიდევ თერთმეტი კი - ვოლგოგრადის ოლქის თავზე. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების შესახებ ცნობები ხშირია.
პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის წევრებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. „ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება. საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის,“ წერს პარლამენტის პრესსამსახური. მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით. შესაბამისად, ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება: საქართველოს პრეზიდენტი — 13 300 ლარი; პრემიერ-მინისტრი — 13 300 ლარი; მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი — 11 305 ლარი; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მთავრობის თავმჯდომარეები — 11 305 ლარი; მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე — 9 975 ლარი; მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე — 9 642 ლარი; ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.
მაკრონმა პარტიების ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში „წითელი ხაზები“ არ არსებობს - მედია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. საფრანგეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 7 მარტის შეხვედრა გამართეს. მაკრონმა მათ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და კიევისთვის საფრანგეთის მხარდაჭერის ხედვაზე. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ფაბიენ რუსელისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალური მიტინგის ლიდერის ჯორდან ბარდელას კომენტარებზე დაყრდნობით, მაკრონმა დაუდასტურა მათ, რომ არ აპირებდა უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერაზე „არანაირი ლიმიტების“ დაწესებას და მან „წითელი ხაზების“ არსებობაც უარყო. მაკრონის გამოსვლის შეჯამებისას, საფრანგეთის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ მარინე ტონდელიემ აღნიშნა, რომ „ჩვენთვის საზღვრების დაწესება“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შედარებით უპირატესობას“ მისცემს. „პრეზიდენტი ძალიან სერიოზულად უყურებდა დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზების აუცილებლობას უკრაინაში რუსული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - განუცხადა Le Figaro-ს შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბერტრან პანჩერმა. რამდენიმე დამსწრემ Le Figaro-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ მაკრონს "ხელში რუკები" ეჭირა, როდესაც ის ხსნიდა უკრაინის ფრონტის ხაზიდან რუსული ძალების სასარგებლოდ უკან დახევის რისკებს. ”მან არსებითად განგვიმარტა, რომ თუ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მაინც ვისაუბრებთ საკუთარი თავის შეზღუდვაზე, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, წარმატებას მიაღწევს,” - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ. მაკრონის და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე, ელისეის სასახლეში კომენტარი არ გაუკეთებიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.
შვედეთი ძლიერი მოკავშირეა, დადგება დღე, ის შეძლებს, უკრაინას მიულოცოს NATO-ში გაწევრიანება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა. ის დარწმუნებულია, რომ დადგება დღე, შვედეთი შეძლებს, უკრაინას მიულოცოს NATO-ში გაწევრიანება. „კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა ახლა უკეთ არის დაცული რუსული ბოროტებისგან. შვედეთი უერთდება NATO-ს. ყველა სარგებლობს, როდესაც ერთი ქვეყნის უსაფრთხოება უმჯობესდება და ამ ქვეყანას შეუძლია ნამდვილად გააძლიეროს საერთო უსაფრთხოება. ეს წესი მუდმივად მოქმედებდა NATO-ს არსებობის მანძილზე და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ახლა, რუსეთის აგრესიის შუაგულში ყველაფრის მიმართ, რამაც ევროპა მშვიდობიანად და ერთიანად შეინარჩუნა, ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ალიანსებისა და პარტნიორობის შენარჩუნება, საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცება და მეზობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. შვედეთი ძლიერი მოკავშირე და სანდო ქვეყანაა. ვულოცავ ყველას შვედეთში და ევროატლანტიკურ სივრცეში. უკრაინა ყოველთვის პრინციპულად უჭერდა მხარს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას და მადლობელი ვარ შვედეთის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც შვედეთი შეძლებს უკრაინას მიულოცოს ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ," - განაცხადა ზელენსკიმ. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრია
ბაიდენის მიმართვა - მთავარი აქცენტები აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველწლიური ერისადმი მიმართვით ამერიკის საკნონმდებლო ორგანოში, კონგრესში გამოვიდა. პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე გაამახვილა ყურადღება. უკრაინა და იქ რუსეთის მიერ დაწყებული ომი პირველივე საკითხი იყო, რაზეც ჯო ბაიდენმა საუბარი დაიწყო. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება. მე გარწმუნებთ, რომ ასე არაა. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ [ამერიკა] მის გვერდით ვიდგებით და მივაწოდებთ იარაღს. სულ ესაა რასაც უკრაინა ითხოვს.“ „ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ შემდეგია: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ თავს არ დავხრით, მე თავს არ დავხრი. პირდაპირი მნიიშვნელობით: ისტორია გვიყურებს!“,- განაცხადა ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს. ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, რომ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ორპარტიული კანონპროექტი და ხელმოსაწერად მას გადასცეს. უკრაინაზე საუბრის დროს, ბაიდენმა თავისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმ გამოსვლის გამო, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ მას რუსეთი დაესხმებოდა თავს. „რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რეიგანმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი.“ ჩემი წინამორბედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი კი ეუბნება პუტინს: „გააკეთე რა ჯანდაბაც გინდა“. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ამერიკის პირველმა პირმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ისრაელ-„ჰამასის“ ომზე და ღაზის სექტორში არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლის ყველანაირი უფლება აქვს, თუმცა ამასთან ერთად მას ორმაგი პასუხისმგებლობაც აკისრია: „ისრაელს ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან „ჰამასი“ უდანაშაულო მოქალაქეებში იმალება, როგორც მშიშარა. მაგრამ ისრაელი ვალდებულია უდანაშაულო ადამიანები დაიცვას“. როგორც მოსალოდნელი იყო, ერისადმი მიმართვის დროს, ბაიდენმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა: „შეუჩერებლად ვმუშაობდი, რათა ღაზაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისთვის მიგვეღწია, რომელიც 6 კვირას გასტანს,“ - აღნიშნა ამერიკის პირველმა პირმა. ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ღაზის სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბარს მან დიდი დრო დაუთმო. „ისრაელის ხელმძღვანელობას ამას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი, ან ვაჭრობის საკითხი. უდანაშაულო სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელ ჯარისკაცებს უბრძანა, დროებითი პორტის აშენება უზრუნველყონ ღაზის მისადგომებთან, საიდანაც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა იქნება შესაძლებელი. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ხმელეთზე არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გადავა და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მისიაა. რაც შეეხება რეგიონის მომავალს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ორი ქვეყნის გვერდიგვერდ ცხოვრება ერთადერთიპერსპექტივაა: „ერთადერთი სამომავლო გამოსავალი [ღაზა-ისრაელის შემთხვევაში] ორი ქვეყნის გამოსავალია და ამას ვამბობ მე, ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა.“ ქვეყნის გარეთ ომების გარდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა აშშ-ის სამხრეთის საზღვრის დაცვის ცვლილებებზეც, რამაც რესპუბლიკელ კანონმდებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ერისადმი მიმართვის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამერიკაში აბორტის უფლების თემას. ისაუბრა საყოველთაო დაზღვევის წარმატებასა და მედიკამენტების ღირებულების შემცირებაზეც. ბაიდენმა თავისი გამოსვლა განათლების რეფორმაზე, საგადასახადო წესების ცვლილებებზე, უძრავი ქონების საფასურზე, კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლის თემაზე საუბარსაც დაუთმო. მან ასევე ისაუბრა ამერიკელებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გადასახადები, ინფლაცია და კრიმინალი. პრეზიდენტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისი წინამორბედი რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის, ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებზე არასკმარის ზურნვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში გადაიბარა, თუმცა ახლა სიტუაცია ამერიკაში ამ მიმართულებით უმჯობესდება. წყარო - ამერიკის ხმა