ძებნის რეზულტატი:

ხორვატია შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია - ელჩი

ხორვატია, როგორც ევროკავშირის ნაწილი, ძალიან დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით, რომლის მნიშვნელობა ყოველწლიურად ფართოვდება. ამის შესახებ ხორვატიის ელჩმა აზერბაიჯანში ბრანკო ზებიჩმა განაცხადა. „ხორვატია მხარს უჭერს ამ პროექტს და აფასებს შუა დერეფნის განვითარების კუთხით გაწეულ მუშაობას. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებისთვის," - აღნიშნა ელჩმა.  2023 წელს შუა დერეფნით დაახლოებით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 86 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2024 წელს შეიძლება, ამ მონაცემებმა 4 მილიონს გადააჭარბოს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები  

სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის შორი რადიუსის რაკეტების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის AGM-158B-2-ის რაკეტების, ასევე მასთან დაკავშირებული, დაახლოებით, 1,77 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მოცულობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. ამერიკული მხარის ცნობით, პოლონეთის მთავრობამ მოითხოვა 821-მდე AGM-158B-2 გაფართოებული მოქმედების რაკეტის (JASSM-ER) შეძენის შესაძლებლობა, ასევე ლოგისტიკური დახმარება. სავარაუდო ჯამური ღირებულება 1,77 მილიარდი დოლარია.   

რუსეთში დრონებით შეტევა კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იყო

რუსეთის რიაზანის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო. ტელეგრამ-არხი Baza თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხანას სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. დრონებით შეტევა და ხანძარი რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა დაადასტურა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის, ხანძარი გაჩნდა. ამასთან, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ორიოლის ოლქში დაიწვა ნავთობის რეზერვუარი. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია. ბოლო თვეებში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის რეზერვუარებზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.  

ზელენსკი: კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებს. „რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო დანაკარგებს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. კრემლში უნდა ისწავლონ, რომ მათი ტერორი დაუსჯელი არ დარჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან უკვე ვერაფერი განკურნავს, მაგრამ დანაკარგს იგრძნობენ. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამას შეუძლია ის მეზობლებისთვის უსაფრთხო გახადოს. არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის მოხსენება ბრძოლის ველზე უკრაინის ჯარების მოქმედებებთან, დაზვერვის ოფიცრების ქმედებებთან და უკრაინული დრონების მიღწევებთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ ჩვენი დრონები მუშაობენ და ისინი მუშაობენ შორ მანძილზე. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა არის უსაფრთხოებასთან ყველას რეალური მიახლოება,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთის ძალების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.  

შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია - Politico

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 15 მარტს ბერლინში შეხვედრა დაგეგმეს, რათა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილონ. Politico-ს ცნობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში მას შემდეგ, რაც ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. მანამდე, დონალდ ტუსკი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „ეს რაღაც პოლიტიკური კამათი არ არის, რომელიც გავლენას მხოლოდ ამერიკულ პოლიტიკურ არენაზე ახდენს. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებისას ბატონი ჯონსონის წარუმატებლობა ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდება. იგი ამაზე პირად პასუხისმგებლობას იღებს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა. ტუსკმა აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კენჭისყრა უნდა დაუშვას. „მას უნდა ესმოდეს, რომ მილიონობით ადამიანის ბედი მის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და უკრაინაში ათასობით სიცოცხლე მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე, 20 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. დაკავებულია 20 წლის კაცი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. „მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა. დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ასევე, მხილებულია 2000 წელს დაბადებული ქალი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით კაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ორივე ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia და AJET იწყებს. ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება. ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET რეგულარულ რეისებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, ის სტამბოლი- თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა.  

საქსტატი: იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ შემცირდა 12.2 პროცენტით 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 2 138.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4 პროცენტია.  

ბაიდენი: უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოქმედების დროა, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პუტინი უფრო შორს წავა და ევროპას, აშშ-სა და მთელ თავისუფალ სამყაროს საფრთხეში ჩააგდებს. ჯო ბაიდენმა პოლონეთის პრემიერსა და პრეზიდენტს განუცხადა, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე პოლონეთის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება, რადგან როგორც პოლონეთს ახსოვს, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას NATO-ს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზრდის საკითხი განიხილა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ უსაფრთხოების საკითხებში ლიდერად უნდა დარჩეს. მაგრამ, ალიანსის უსაფრთხოებაზე სხვა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ,“ - აღნიშნა დუდამ.  

Bloomberg: ჩინეთი ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების მხრივ, რუსეთს და აშშ-ს უსწრებს

ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს და შეერთებულ შტატებს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების თვალსაზრისით. ამის შესახებ Bloomberg-ი პენტაგონის ანალიტიკოსზე ჯეფრი მაკკორმიკზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტები უკრაინაში უკვე გამოიყენა, რაც ბევრად ჩამორჩება ჩინეთის შეიარაღებას. მაკკორმიკმა კონვენციური იარაღის და ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ჩინეთის პროგრესზე ანგარიში აშშ-ს შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა. ანალიტიკოსის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთი აქტიურად იყო ჩართული ამ ტიპის იარაღის კვლევაში, შექმნასა და ტესტირებაში. 2014 წლიდან პეკინი შეამოწმებს კონტინენტთაშორის რაკეტებს ჰიპერბგერითი მართვადი ქობინით. ის ასევე მუშაობს ჰიპერბგერით ძრავაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა დააგროვა ჰიპერბგერითი იარაღის უდიდესი არსენალი, რომელსაც როგორც ბირთვული, ასევე, ჩვეულებრივი ქობინის ტარება შეუძლია. ამერიკელი ექსპერტები ყველაზე ეფექტიანს უწოდებენ DF-17 რაკეტას, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა და მას სამიზნეებზე დარტყმა 1600 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. როგორც პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთს სამი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი აქვს, რომლებიც უკრაინაზე დარტყმისთვის უკვე გამოიყენეს. შეერთებული შტატები აძლიერებს ჰიპერბგერითი იარაღის პროგრამას, რომელიც ავითარებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რაკეტებს. თუმცა, როგორც ამერიკელმა წარმომადგენლებმა მოსმენაზე განაცხადეს, ამ სფეროში შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ჩამორჩება. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები არ გეგმავს ჰიპერბგერითი რაკეტების აღჭურვას ბირთვული ქობინით, რადგან მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ამერიკული ბირთვული არსენალი საკმარისია პოტენციური აგრესორის შესაკავებლად.  

ბელგოროში, მათ შორის, უშიშროების სამსახურის შენობაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ერთ-ერთი „უკრაინული“ დრონი შეეჯახა მრავალბინიან სახლს, აფეთქების შედეგად დაზიანებულია ფასადი და სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები. გლადკოვის ცნობითვე, მსხვერპლი არ არის. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ბელგოროდის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ დრონით შეტევა იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაზეც, რომლის ფასადი და ფანჯრები დაზიანებულია. ამ წყაროს თქმით, არავინ დაშავებულა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ გლადკოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პროხოროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშიც, სადაც ორი სახლი და ავტომობილი დაზიანდა. ქალაქ ბელგოროდზე დრონებით შეტევა იყო 12 მარტსაც. დაზიანდა მერიის შენობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს, 13 მარტს, დაახლოებით 09:30 საათისთვის ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ კიდევ 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ვორონეჟის ოლქში - 6. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ღამის განმავლობაში და გამთენიისას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით სხვადასხვა რეგიონში „გაანადგურეს“ 58 „უკრაინული“ დრონი: ბელგოროდში - 11, ბრიანსკში - 8, ვორონეჟში - 29, კურსკში - 8, ლენინგრადის ოლქში - 1 და რიაზანში - 1. თავდაცვის სამინისტროს რუსეთის კიდევ ერთი, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ქალაქ ნოვოშახტინსკთან ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი და შედეგები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. დილით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა რიაზანის ოლქშიც იყო.  

რეფინანსირების განაკვეთი 0,75%-ით მცირდება და 8,25% გახდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაბალი ინფლაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4 პროცენტი) წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. „მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია. ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებაა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასებმა მცირედით მოიკლო. ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პპ-ით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს. თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში,  შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,“ წერს ეროვნული ბანკი გავრცელებულ ინფორმაციაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება. მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში დაბალი ინფლაციითა და სტაბილური ლარის კურსით ახსნა. შემცირებული პროცენტი ავტომატურად აისახება გადასახდელ თანხაში. ბანკში ხელშეკრულების განახლება არ არის საჭირო. ყველა მსესხებლისთვის ინდივიდუალურად შეიცვლება პირობები: ეს დამოკიდებულია დარჩენილ სესხსა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე. უახლესი მონაცემებით, ლარში 183,5 ათასი სესხია გაცემული.  

15 წლის შემდეგ, სერჟანტ როინ შავაძის მკველობისთვის ორ დაკავებულს პატიმრობა მიუსაჯეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რადიო თავისუფლების ცნობით, გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, სხდომას უძღვებოდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია. პატიმრობა მიუსაჯეს: აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს - ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის; ყოფილ სპეცრაზმელ მამუკა ბერიძეს კი, მსჯავრდებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის. მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღქვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. 2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის („სიცოცხლის უფლება“) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.  

ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) წარმატებით ასპარეზობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ქართველ სამხედრო პარასპორტსმენებს სპორტის როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში უკვე აღებული აქვთ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. მათ შორის, ველოსიპედით რბოლაში - ოქროსა და ბრინჯაოს მედლები, პისტოლეტიდან სროლაში ოქროს და ვერცხლის მედლები, ხოლო შაშხანიდან სროლაში - ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. თამაშების გუნდური სახეობებიდან კი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა და ვერცხლის მედალი აიღო. ქართველმა სამხედროებმა ვერცხლის მედალი აიღეს ასევე, 800მ დისტანციაზე გუნდურ მშვილდში. „საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობს. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ⁠ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს. სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.  

სალომე ჯაშს ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდო გადაეცემა

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა. ქართველ კინოდოკუმენტალისტს კინოსა და მედიახელოვნების ჯილდო გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია ბერლინში 18 მარტს გაიმართება. ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად ექვს კატეგორიაში გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის. ეს კატეგორიებია ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედიახელოვნება. ამ დრომდე ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზი ქართველი რეჟისორებიდან აღებული ჰქონდა ოთარ იოსელიანს (1993 წელს). სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, "მოთვინიერება", "დაისის მიზიდულობა", "ბახმარო", "ლიდერი ყოველთვის მართალია." ის არის საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია "დოკას" თავმჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი.  

NATO-მ ალბანეთის მოდერნიზებული ბაზა, ალიანსის საჰაერო ოპერაციების ჰაბად გამოაცხადა

ალბანეთში, ათწლეულების წინანდელი ბაზა NATO-ს მომავალი საჰაერო ოპერაციებისთვის თანამედროვე კერად გადაკეთდა. ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის, კუჩოვში საჰაერო ბაზა 4 მარტს გახსნა. NATO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარე კუჩოვის საჰაერო ბაზა მოემსახურება ალბანეთს და მხარს დაუჭერს ალიანსის ლოგისტიკას, საჰაერო ოპერაციებს, წვრთნებსა და სწავლებებს. NATO-მ ბაზის განახლება დაახლოებით 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. „საჰაერო ბაზა NATO-სთვის მნიშვნელოვანი საჰაერო კერა იქნება. კუჩოვის საჰაერო ბაზის შეცვლა სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ NATO ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში, დასავლეთ ბალკანეთში ყოფნის გაძლიერებას აგრძელებს,“ განაცხადა სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა. ცნობისათვის, ალბანეთში ბაზის მოდერნიზება 2019 წელს დაიწყო. ეს არის NATO-ს უდიდესი პროექტი ალბანეთში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ბაზის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაას ესწრებოდნენ ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი, პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ასამბლეის პრეზიდენტი ლინდიტა ნიკოლა, თავდაცვის მინისტრი ნიკო პელეში და თავდაცვის მეთაური გენერალ-მაიორი არბენ კინჯი. გამომსველელებს შორის ასევე იყვნენ იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო, თურქი გენერალ-ლეიტენანტი გოქსელ კაჰია და სხვა მაღალჩინოსნები. NATO-ს მხრიდან ღონისძიებას შეუერთდნენ კომბინირებული საჰაერო ოპერაციების ცენტრის (Torrejón) მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ხუან პაბლო სანჩეს დე ლარა და NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალური მენეჯერი სტეისი კამინგსი.  

ესტონეთი უკრაინას 120 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმას სთავაზობს

ესტონეთი უკრაინას, რომელსაც რუსეთი მესამე წელია, თავს ესხმის 120 მილიარდი ევროს დაფინანსების გეგმას სთავაზობს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივი მდივნის კუსტი სალმის თქმით, წლიურად, 120 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ცალსახად აჩვენებს, თუ რა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს ომი. მისი ვარაუდით, ამ თანხის ნაწილი შეიძლება, ევროობლიგაციების მეშვეობით დაფინანსდეს , სადაც ევროკომისია ფინანსურ ბაზრებზე თანხების მოზიდვას და ევროკავშირის ქვეყნების გარანტიებს გამოიყენებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ესტონელმა პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მოსაგებად, დასავლელმა მოკავშირეებმა მშპ-ს 0,25% უნდა ჩადონ ქვეყნის სამხედრო დახმარებაში, ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის საფუძველზე. სალმის თქმით, თუკი უკრაინის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ქვეყანა დახარჯავს ამ პროცენტს, ეს წელიწადში კიევისთვის 120 მილიარდ ევროზე მეტით დახმარება იქნება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ხუთი ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ხუთი ბავშვი დააბრუნა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, უკრაინამ მოახერხა ოთხი შვილის დედისა და მოზარდის დაბრუნება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. უკრაინამ საკუთარ ოჯახებს ხუთი ბავშვი 29 თებერვალს დაუბრუნა. უკრაინამ საკუთარ ოჯახებში კიდევ 10 ბავშვი 9 მარტს დააბრუნა. ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხუთი ბავშვი და 18 წლის ობოლი 11 მარტს დააბრუნეს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია. მიმდინარე წლის იანვარში, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინამ სულ 517 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.  

სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინების შეძენა

2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე კვლევის თანახმად, შედარებისთვის, გაყიდული ბინების რაოდენობა 2023 წლის თებერვალში 3 413, 2022 წლის ამავე თვეში კი 3 034 იყო. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში დედაქალაქში გაყიდული ბინებიდან პირველადი გაყიდვები იყო - 1 659, ხოლო მეორადი - 1 785. ცნობისთვის, პირველადი გაყიდვები არის სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება; მეორადი კი - ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება როგორც 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებულ პროექტში (ახალი პროექტი), ასევე ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული ქონება 2013 წლამდე გაცემული ნებართვით აშენებულ პროექტებში (ძველი პროექტი). რაც შეეხება, თბილისის უბნებს, სადაც ბინები ყველაზე ძვირი და იაფია, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, სტატისტიკა ასეთია: მთაწმინდა - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 2 683 აშშ დოლარია; ვაკე - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 2 337 აშშ დოლარია; ჩუღურეთი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 588 აშშ დოლარია; კრწანისი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 482 აშშ დოლარია; საბურთალო - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 450 აშშ დოლარია; დიდუბე - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 222 აშშ დოლარია; ისანი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 203 აშშ დოლარია; ნაძალადევი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 117 აშშ დოლარია; გლდანი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 024 აშშ დოლარია; სამგორი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 989 აშშ დოლარია; დიდი დიღომი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 971 აშშ დოლარია; ვაშლიჯვარი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 955 აშშ დოლარია.

დანია თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით გაზრდის და სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს

დანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯების 6 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს. შეიარაღებული ძალების ზომა 2026 წლიდან ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევით გაიზრდება, რაც ასევე შეესაბამება ქვეყნის გენდერული თანასწორობის ღირებულებებს, ამჟამად, ქალებს არმიაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ. სკანდინავიური ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დონორად იქცა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები რამდენიმე ნაბიჯით გაზარდა. „ახალი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ დანია წელს თავდაცვაზე თავისი მშპ-ს 2.4%-ს დახარჯავს, უკრაინის დახმარების ჩათვლით, ხოლო მომავალი წლიდან 2%-ს - შემოწირულობების გარეშე,“ აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა. 2023 წლის მონაცემებით, ქალების წილი, რომლებიც ნებაყოფლობით მსახურობდნენ არმიაში, 25%-ს შეადგენდა. სამხედრო სამსახურის ვადის 4-დან 11 თვემდე გაზრდა იგეგმება. წვევამდელთა წლიური რაოდენობა 5 ათას კაცამდე გაიზრდება.