ძებნის რეზულტატი:
CIA-ს დირექტორი: დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინაში კიდევ უფრო მეტ ავდიივკას ვნახავთ
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. მისივე შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს. „ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება," - განაცხადა უილიამ ბერნსმა. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ავდიივკიდან უკრაინული ჯარების გაყვანა დაიწყეს. კულება: შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა
აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, ქვეყანა მზარდი მყიფე მსოფლიო წესრიგის წინაშე დგას, რომელიც დაძაბულია დიდი ძალების კონკურენციით, ტრანსნაციონალური გამოწვევებითა და რეგიონული კონფლიქტებით. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ამბიციური ჩინეთი, კონფრონტაციული რუსეთი, ზოგიერთი რეგიონული ძალა, როგორიცაა, ირანი და უფრო ქმედუნარიანი არასახელმწიფო აქტორები, აპროტესტებენ საერთაშორისო სისტემის გრძელვადიან წესებს და მასში აშშ-ის მოწინავეობას. სააგენტოები ყოველწლიურ ანგარიშში - „წლიური საფრთხეების შეფასება“ ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე, საუბარია ისრაელი-ჰამასის ომთან დაკავშირებით უფრო ფართო კონფლიქტის რისკებზე. „ჩინეთი ეკონომიკურ და უსაფრთხოების დახმარებას უწევს რუსეთს, რომელიც უკრაინასთან ომს აწარმოებს, მისი ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერით,“ - აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს ტექნოლოგია, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „ჩინეთი, შესაძლოა, შეეცადოს გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2024 წლის არჩევნებზე გარკვეულ დონეზე იმის გამო, რომ სურს, გვერდი აუაროს ჩინეთის კრიტიკოსებს და აშშ-ის საზოგადოებრივი დაყოფა გაზარდოს,“ - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება და რომ ჩინური საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად სამხედრო მიზნით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, 2022 წლიდან სამჯერ გაიზარდა.
რუსეთი უკრაინის მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დღეს დილით, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით წერდა, რომ დილით ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს, ახლა ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას იყენებენ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძრის ლოკალიზებისთვის.“ მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ამასთან, ედაქალაქის მერ, სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა წუხელ რამენსკის რაიონში უკრაინული დრონი გაანადგურა, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა. მისი ინფორმაციით, თავდასხმას ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია. „საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამენსკის ურბანულ რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, წინასწარი მონაცემებით, ზიანი და მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ," - აცხადებს მოსკოვის მერი. უკრაინული მედია წერს, რომ ორიოლში 12 მარტის ღამეს ნავთობის საცავზე დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
სამაშველო ოპერაციებისთვის საქართველოს ახალი ვერტმფრენი გადაეცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ვერტმფრენი ქართულ მხარეს გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში გადაეცა, რასაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ. თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters" ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება. 2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება,“ აცხადებენ შსს-ში.
ზელენსკი: უნგრეთი ზოგჯერ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპელი ლიდერების 90% ახლა უკრაინის მხარესაა, თუმცა საზოგადოებებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Monde-თან და BFMTV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ევროპა ძალიან ორაზროვანი იყო, მაგრამ შეჭრამ ის უკრაინის გარშემო გააერთიანა და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით შეძლო უკრაინამ რუსეთის შეჩერება. ამავე ინტერვიში ელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად, ზოგჯერ „ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს.“ „ეს საშიშია, პირველ რიგში, თავად უნგრეთისთვის. ამ ქვეყანამ იცის რა არის შემოჭრა, იცის რა შედეგები მოჰყვება ფაშისტურ რეჟიმს და მიკვირს, რომ ბუდაპეშტის გზავნილები რადიკალურია უკრაინასთან დაკავშირებით. ტრამპთან თამაში არაფრის მომცემია. ის დამოუკიდებელი ლიდერია. არავის უყვარს სუსტი მეგობრების ყოლა,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან „დაშოშმინების პოლიტიკის“ წარუმატებლობაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, 2022 წლის 24 თებერვლამდე ევროპამ ბევრი შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მაგალითად, ყველა ცდილობდა „პუტინისთვის ხელის ჩამორთმევას“, რათა ეჩვენებინა, რომ მისი დაშოშმინება შესაძლებელია. „ეს ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა. ყირიმის ოკუპაციისა და დონბასში ომის შემდეგ საკმარისად ძლიერი პოზიცია არ იყო. მსოფლიოს პუტინისთვის მისი ადგილი უნდა მიეჩინა. ევროპასა და შეერთებულ შტატებს უნდა გამოეჩინათ ლიდერობა და მკაცრი სანქციები დაეწესებინათ. იარაღის მიწოდების შენელების გათვალისწინებით, არსებობს მესამე შეცდომის რისკი, რომ მსოფლიოს ყურადღება უკრაინას ზურგს აქცევს," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინა რუსული ტანკერის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინის საზღვაო ძალებმა ტანკერ Mekhanik Pogodin-ის განადგურების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. გავრცელებული ცნობებით, ეს ხომალდი რუსეთის ძალებმა სამეთაურო პუნქტად გადააკეთეს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების Facebook-ზე ვკითხულობთ. „2024 წლის 11 მარტს, უკრაინის საჰაერო ძალების წარმატებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, Kinburn Spit-ის მიდამოში, განადგურდა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი ტანკერი, რომელსაც რუსები იყენებდნენ სამეთაურო პუნქტად. რუსებმა ხომალდზე დაზვერვის სადამკვირვებლო პუნქტი შექმნეს. გემი გამოიყენებოდა ხერსონის რეგიონზე უპილოტო დარტყმების განსახორციელებლად,“ წერია გავრცელებულ პოსტში. მისივე თანახმად, აღნიშნულ გემზე განლაგდა სადაზვერვო და ელექტრონული საომარი საშუალებების სადამკვირვებლო პუნქტი. „გემი პერიოდულად გამოიყენებოდა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე დრონების გასაშვებ პლატფორმად,“ - იტყობინება უკრაინის საზღვაო ძალები. „რუსული ტანკერის განადგურებამ ჩაშალა დამპყრობლების გეგმები,“ განმარტავს უკრაინული მხარე.
სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოება, ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტი გზაა - მედია
სამხრეთის გაზის დერეფანი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის. შესაბამის სტატიას Euronews აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეათე სხდომაზე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე სხდომაზე ამ დერეფნის გაფართოების საკითხი დადგა. „აზერბაიჯანი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი რესურსების მქონე ქვეყანაა, გასულ წელს, ბაქომ გაზის ექსპორტი 9%-ით გაზარდა და მან 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამჟამად ევროპაში მთავარი მყიდველები არიან იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი და, როგორც ჩანს, ეს სია შეიძლება, გაფართოვდეს,“ - ნათქვამია სტატიაში. „ბევრი, ახალი, პარტნიორი ქვეყანაა, რომლებიც მზად არიან, მიიღონ თუნდაც დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წიაღისეული საწვავისგან ვდისტანცირდებით, მაგრამ ამას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება. ახლა ჩვენ გვინდა, დავამყაროთ ასევე მომავალი თანამშრომლობა,“ - განაცხადა კადრი სიმსონმა, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის. „რუსეთს ადრე თითქმის მონოპოლია ჰქონდა“ - აშშ-მ განაცხადა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს
მოლდოვამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამზადებული ღვინო, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა
საერთაშორისო გამოფენაზე ProWein2024, რომელიც 10-12 მარტს გერმანიაში, დიუსელდორფში იმართება, მოლდოველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს პირველი მოლდოვური ღვინო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, ProWein2024 გამოფენაში მოლდოვაში 50-ზე მეტი მარანი მონაწილეობს. დიუსელდორფში, Wine of Moldova-ს სტენდზე, უცხოელი ვიზიტორები შეძლებენ, დააგემოვნონ Chelaris-ის პირველი ორი ღვინო. ეს ღვინოები ჯერ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.
ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან პირველ 2-3 მილიარდ ევროს გადასცემს - FT
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას გადაuრიცხავენ პირველ 2-3 მილიარდი ევროს, რომელიც მიიღეს შემოსავლის სახით რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი აქტივებიდან მიიღეს, წერს Financial Times ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თანხები კიევისთვის უკვე მიმდინარე წლის ივლისში იქნება ხელმისაწვდომი. ევროკომისია შესაბამის წინადადებას ოფიციალურად მომავალ კვირას, ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე წარადგენ, რათა ასოცირების ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა უზრუნველყოს. ევროკომისიის პროექტიდან, რომელიც FT-ისთვის გახდა ცნობილი, ირკვევა, რომ ბრიუსელი მოელის, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული წმინდა მოგების 97%-ს გამოიყენებს. „ეს თანხები ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება კვარტალურად ან წელიწადში ორჯერ და „შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინის ინტერესებისთვის სხვადასხვა შეთანხმების შესაბამისად,“ ნათქვამია დოკუმენტში. მთლიანობაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 190 მილიარდი ევროს მოცულობის რუსული სუვერენული აქტივებია გაყინული Euroclear-ში (ევროპული დეპოზიტარი). „2027 წლისთვის ამ სახსრებიდან მოგებამ შეიძლება, 20 მილიარდ ევროს მიაღწიოს,“ აღნიშნეს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა FT-თან საუბარში.
რომის პაპის კომენტარების შემდეგ, ვატიკანი აცხადებს, რომ პირველ რიგში რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია
უკრაინელების მიერ თეთრი დროშის აღმართვის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პაპ ფრანციკეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნა სურდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება ადამიანის არჩევანი იყო და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვატიკანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს, ხოლო პირველი პირობა აგრესიის დასრულება უნდა იყოს. „უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ბუნებრივი კატასტროფის შედეგი არ ყოფილა, არამედ ადამიანის არჩევანი იყო. იმ ადამიანურ ნებას, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია, ასევე, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას და დიპლომატიურ გადაწყვეტას გზა გაუხსნას,“ - განაცხადა პაროლინმა. რომის პაპის განცხადებების გამო, უკრაინამ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ასახავს ცვალებად საჭიროებებს რეგიონის მასშტაბით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით, 80 მილიონი დოლარს ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შესაბამისი კანონპროექტი კონგრესს უკვე წარედგინა. „მოთხოვნა საქართველოსთვის მხარს დაუჭერს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება დაეხმარება ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევებს, მათ შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიის გამოყენებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის; დაეხმარება გაციფრულებას და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და მედეგობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას, დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთავრობის კეთილსინდისიერებას,“ – წერია ბიუჯეტის პროექტში. ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA) გამოყოფილი 80 მლნ აშშ დოლარი ქვეყნის „დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საზიანო გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განმტკიცებას“ დაეხმარება. დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სახსრები ასევე დაეხმარება სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის დამყარებას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომ წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე და პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2025 წლის მოთხოვნაში შენარჩუნებულია „მხარდაჭერის მაღალი დონე საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ბელორუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა.“ ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოსთვის გამოყოფილია 88 მილიონი დოლარი, რაც 8 მილიონით მეტია 2025 წლისთვის გამოსაყოფ დახმარებაზე. საერთო ჯამში, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში 2023-2025 წლებში გამოყოფილი დახმარების მოცულობა არ შეცვლილა და ის მუდმივად 850,3 მილიონი დოლარია. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება სომხეთისთვის (40-დან 45 მილიონ დოლარამდე); მოლდოვის შემთხვევაში უცვლელია (55 მილიონი); დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში კი, კლებაა (108,1 მილიონიდან 105,6 მილიონამდე). საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა დღეს, 12 მარტს ჰკითხეს, რას შეიძლება, უკავშირდებოდეს მომავალ წელს აშშ-დან დახმარების 8 მილიონი დოლარით შესაძლო შემცირება. „მე ვერ გეტყვით. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ. თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშან წინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი," - აღნიშნა კობახიძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, 2025 წლის ფისკალური წლისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია ჯამში, 58,8 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. რაც შეეხება სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით მიღებულ დაფინანსებას, მისი „პრიორიტეტული მიმღებები არიან ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი და უკრაინა.“ „IMET წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას იმ სამხედრო ალიანსებისა და საერთაშორისო კოალიციების გასაძლიერებლად, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის.“ უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების განმარტებით ბარათში ასევე ხაზგასმულია, რომ პრიორიტეტული მიმღებები არიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. „ვინაიდან რეგიონული ლანდშაფტი სწრაფად იცვლება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უსაფრთხოების სტრატეგიული პრიორიტეტები უცვლელი რჩება: რუსეთის აგრესიასა და გავლენასთან დაპირისპირება მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა მათ დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; მათი თავდაცვის უზრუნველყოფა ნატოსა და სხვა დასავლელ ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესების გზით; თავდაცვის სფეროში მდგრადი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია დოკუმენტში. ბაიდენი კონგრესს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად $1,5 მილიარდს სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განმარტებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრავს „ცვალებად საჭიროებებს რეგიონის მასშტაბით.“ „2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ასახავს შეზღუდულ ხელმისაწვდომ რესურსებსა და ცვალებად საჭიროებებს რეგიონის მასშტაბით," - განუცხადა Europtime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ტრანზიტული ნავთობის მოცულობის ზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აზერბაიჯანში, ბაქოში, ყაზახურმა KazMunayGas JSC (KMG) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტის მოცულობის ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს. KMG-ს ცნობით, ორმხრივ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს KMG-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა. ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ. „დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა.
„ტაძარში 21 კრიტიკული კერაა“ - უცხოელი სპეციალისტების პირველადი დასკვნა გელათზე
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაო იწყება. მას იტალიელი და ინგლისელი სპეციალისტები შეასრულებენ. დღეს სპეციალისტებმა ჟურნალისტებს მოკვლევის პირველადი დასკვნა გააცნეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ნარდი მოზაიკას შეისწავლის. დიაგნოსტიკის შემდეგ დაიწყება მოზაიკის კონსერვაციაც. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხერხდება. მათივე ინფორმაციით, გაგრძელდება გადახურვის სამუშაო და მოეწყობა კიდევ ერთი დროებითი გადახურვა. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული-სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც გელათში ჩატარდება, დეტალური სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დაგეგმილი. „ჩამოსულები არიან ჩვენი ინგლისელი კოლეგები, ასევე მოზაიკის ჯგუფი რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი და არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ერთ წუთში. ამიტომ საჭიროა, სწორად იყოს პროცესი დაგეგმილი. ყველაფერი, რაც აქ ხორციელდება, არის ძალიან დეტალური სამეცნიერო კვლევის შემდეგ დაგეგმილი. ძალიან მალე პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველას გვაწუხებს გელათი და ყველამ ვიცით, რომ არამარტო გადარჩება, არამედ, აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება. ექსპერტებმა განსაზღვრეს ყველა პრობლემური წერტილი და შეძლებისდაგვარად ხდება აღდგენა. შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა, ეს პრობლემები ერთი კვირის და ერთი წლის წინ არ არის დაწყებული, საკმაოდ დიდი ხნის არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ არის ერთიანობა, სამეცნიერო ხედვა, რომელიც გადის დიდ საერთაშორისო ფილტრს,“ – განაცხადა ლორთქიფანიძემ. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ტაძარში 21 კრიტიკული კერაა, რომელზეც სამუშაო ჩატარდება. „დღეს სპეციალისტები იწყებენ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია, რადგან კედელი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ მხატვრობასთან მუშაობა შევძლოთ. დღეს მოხდება მასალების პირველი დატესტვები და სამუშაოს ჩატარება კრიტიკულ კერებზე. 21 ასეთი კერაა ტაძარში,“ – აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია. „ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური მხარეა და ОДКБ ჩვენი ორგანიზაციაა. აქ წარმოიქმნება შეუსაბამობები, თუ სომხეთის სუვერენული ტერიტორია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზია“, მაშინ აჩვენეთ, რა არის თქვენი გაგებით სომხეთის სუვერენული ტერიტორია. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა მათ არ უჩვენებიათ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. დღეს ეს საკითხი „მაგიდაზეა“. თუ ОДКБ ამ კითხვას უპასუხებს და პასუხი ჩვენს იდეებს შეესაბამება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ -ს შორის არსებული საკითხები მოგვარებულია, ყველა შემდგომი შედეგით. თუ არა, მაშინ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, ვერ გეტყვით, როდის,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
ვიდრე უკრაინა უძლებს, საფრანგეთის არმიას შეუძლია, დარჩეს მის ტერიტორიაზე - ზელენსკი
ფრანგი სამხედროები არ დაიღუპებიან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს ერთ-ერთ ქვეყანას, საფრანგეთის არმია შესაძლებელია, შეუერთდეს ბრძოლას მის დასაცავად. ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგულ არხ BFMTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. "ის, რაც მაკრონმა თქვა - „რომ ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ“ - მე ვფიქრობ, რომ ეს პირველ რიგში პუტინს უკავშირდება. ბოლოს და ბოლოს, ვიდრე უკრაინა უძლებს, საფრანგეთის არმიას შეუძლია, დარჩეს საფრანგეთის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ პუტინი მოახერხებს NATO-ს ქვეყანაზე თავდასხმას, NATO-ს ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება, როგორ და რა რაოდენობით უნდა გაგზავნონ თავიანთი ჯარები, ბატალიონები მის ტერიტორიაზე საბრძოლველად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე უპასუხა შეკითხვას ერთგვარი შიშის შესახებ, რომ საფრანგეთი შეიძლება, გახდეს "ომის მხარე", თუ ის თავის სამხედროებს უკრაინაში გაგზავნის. „თქვენი შვილები უკრაინაში არ დაიღუპებიან, მაგრამ თუ რუსეთი შემოიჭრება NATO-ს ქვეყნებში, შეიძლება, თქვენი შვილები ერთ-ერთ ქვეყანაში გაგზავნონ და ეს სხვა საკითხია, ეს იქნება NATO-ს კოლექტიური გადაწყვეტილება. ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენი შვილები ნამდვილად იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico
„სომხეთმა შეგვატყობინა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტში მუშაობა შეწყვიტეს“ - პესკოვი
კრემლმა დაადასტურა სომხეთიდან ზვარტნოციდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ წერილის მიღება. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა შეატყობინა რუსეთის ფედერაციას, რომ ერევნის ზვართნოცის აეროპორტში რუსმა მესაზღვრეებმა მუშაობა შეწყვიტეს. პესკოვის თქმით, რუსულმა მხარემ სომხეთიდან უწყებრივი წერილი მიიღო. „ახლა კონტაქტები მყარდება დეპარტამენტებს შორის. მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ბუნებრივია, კონტაქტები ყველა შესაძლო დონეზე გაგრძელდება,“ - განაცხადა პესკოვმა. სომხეთმა რუსი მესაზღვრეების მიერ ერევნის აეროპორტის დატოვება ოფიციალურად 6 მარტს მოითხოვა. ერევანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთს ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
ქუთაისის აეროპორტი მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადავიდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მცირედან საშუალო ზომის აეროპორტების სიაში გადაინაცვლა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის ზრდის მაჩვენებლით, ქუთაისის აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის რიგით მე-3 ადგილზეა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისში მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 171,8%-ითაა გაზრდილი. „აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს 2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი იმ აეროპორტების გვერდით მოხვდა, რომლებმაც მკვეთრი ზრდა განიცადეს. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91 %-ით გაიზარდა და ევროპის აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა,” – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. უწყების ცნობით 2018 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში 5 მლნ-მდე მგზავრთნაკადის ზრდით ლიდერი იყო, ხოლო 2019 წელს მეორე ადგილზე მოხვდა.
რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი ილ-76 ივანოვოს რეგიონში გეგმიური რეისისთვის აფრენისას ჩამოვარდა. მანამდე ადგილობრივმა მედიამ და ტელეგრამ არხებმა გამოაქვეყნეს სამხედრო თვითმფრინავის ვიდეო, რომლის ძრავას ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ BBC წერს. BBC-ს ვიდეოს ავთენტიკურობა ჯერ არ დაუდასტურებია. „თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნისას გაუჩნდა ცეცხლი,“ წერს რუსული მედია. ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, რომ „თვითმფრინავი ივანოვო-სევერნის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა, თვითმფრინავი დაეცა სოფელ ბოგოროდსკოიეს მახლობლად, ადგილზე ახლა მაშველები მუშაობენ.“
ევროპამ „შუა დერეფნის“ პროექტი უნდა დააჩქაროს - Eureporter
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, აზიის ქვეყნებთან ევროკავშირის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანსპორტო კავშირები შეფერხდა. გარდა ამისა, ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში დიდი გავლენა მოახდინა ევროპიდან იმპორტსა და ევროპაში ექსპორტზე. 2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჰუსიტების თავდასხმების გამო, მსოფლიო ვაჭრობა თითქმის 1,5%-ით დაეცა. გემების ტრანზიტი სუეცის არხის გავლით, 2023 წლის იანვართან შედარებით, 30%-ით შემცირდა. ამას მოჰყვა მსოფლიოში გადაზიდვის ფასების ძლიერი ზრდა. ეკონომისტების შეფასებით, წითელ ზღვაზე მიწოდების ამჟამინდელმა შეფერხებამ უფრო დიდი გავლენა იქონია გადაზიდვებზე, ვიდრე - COVID-19-ის პანდემიამ. ამ შინაარსის სტატიას აზერბაჯანული მედია, ბრიუსელში დავუძნებულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქონლის ფასები სწრაფად იზრდება, ეს საკითხი აქტუალობას იძენს განსაკუთრებით ევროპარლამენტის გადამწყვეტი არჩევნების წინ. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროკავშირისთვის ალტერნატივად მიჩნეულ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს) მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ახალი აბრეშუმის გზის იდეის თანახმად კი, ჩინეთიდან საქონელმა სწრაფად უნდა გაიაროს ყაზახეთიდან კასპიის ზღვის სანაპიროზე, შემდეგ ტვირთი ევროკავშირში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შედის. ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების აზრით, ამ დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა 86%-ით გაიზარდა და მან 2,8 მლნ ტონას მიაღწია 2022 წლის 1,5 მლნ-თან შედარებით, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2021 წლის მხოლოდ 586 000-თან შედარებით. „ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს სჭირდება, რომ სწრაფად და გადამწყვეტად გაზარდოს ინვესტიციები შუა დერეფანში, რა თქმა უნდა, თუ ბრიუსელს სურს, შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიცია ცენტრალურ აზიაში,“ წერს ბრიუსელში დაფუძნებული ონლაინ გამოცემა Eureporter. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ეს აღმასრულებელი შტო გამოვა რეკომენდაციით, წევრმა ქვეყნებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება. „ცხადია, ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მეტი პროგრესია საჭირო," - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. „მაგრამ ეს ქვეყანა აჩვენებს, რომ შეუძლია, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმი და მისი მოქალაქეების მისწრაფება გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი. ამიტომ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ საბჭოს მივმართოთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციით," - დაამატა ფონ დერ ლაიენმა. კომისიის რეკომენდაცია და პროგრესის შესახებ გასული წლის დეკემბერში მიღებული ანგარიში გახდება საფუძველი 21-22 მარტს დანიშნულ სამიტზე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, დაიწყოს თუ არა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკება. ბოსნიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის დეკემბერში მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა მზაობა გამოხატეს სარაევოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, როცა დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო ყველა პირობას შეასრულებს. კომისიას ასევე სთხოვეს, შეედგინა პროგრესის შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც მარტში ამ საკითხს განიხილავენ. ანგარიში 12 მარტს, მოგვიანებით გამოქვეყნდება. ბოსნია ევროკავშირის წევრობის ცხრა კანდიდატ ქვეყანას ( საქართველოსთან, უკრაინასთან, ალბანეთთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სერბიასთან, თურქეთთან ერთად) შორის ერთ-ერთია.